რის გაკეთება შეუძლიათ აფხაზებს მეგრული სეპარატიზმის გასაღვივებლად და რატომ განიცდიან მეგრელებისა და სვანების დისკრიმინაციას საქართველოში
აფხაზეთის ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან სტანისლავ ლაკობას წასვლის მიზეზად პირველ პირ ანქვაბთან შეუთავსებლობა დასახელდა. ამ შეუთავსებლობის მიზეზი კი გალელი ქართველების პასპორტიზაციაა: რასაც ემხრობა ბ-ნი ანქვაბი, ხოლო ბ-ნი ლაკობა (და არა მხოლოდ ის) წინააღმდეგია. მეტიც, აფხაზეთის ქართველების ფაქტორმა დიდი არეულობა შეიტანა აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში. განიხილება სხვადასხვა ვარიანტი: გალელების აფხაზურ ფესვებთან დაბრუნებით დაწყებული და მათთვის ყველანაირი სამოქალაქო უფლების ჩამორთმევით დამთავრებული. რატომ შეასრულა ბზარის როლი ქართულმა ფაქტორმა და რა საფრთხეს შეიცავს ის რუსეთის მიერ მხოლოდაღიარებული აფხაზეთისთვის? – პასუხების მიღებას ებრაელი პოლიტოლოგისგან, აბრაამ შმულევიჩისგან შევეცდებით.
– რატომ იქცა ასე მტკივნეულ პრობლემად, ლამის შიდა დაპირისპირების კატალიზატორად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების პასპორტიზაცია?
– ეს წინააღმდეგობა ჩადებული იყო აფხაზეთის სახელმწიფოს საფუძველში, ისინი იმთავითვე ეთნიკურ სახელმწიფოს აშენებდნენ, ანუ სახელმწიფოს მხოლოდ აფხაზებისთვის, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ პოლიტიკურ მოდელს. მეჩვენება, რომ ამ თვალსაზრისით, აფხაზური გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნებოდა, რადგან, თუმცა არსებული ლიბერალური მოდელი საკმაოდ კარგია, მაინც აქვს თავისი ნაკლოვენებები. ვფიქრობ, არც ერთ ქვეყანაში არ არის ის მიდგომა, რაც დღეს აფხაზეთშია, რომ მხოლოდ ეთნიკური აფხაზი შეიძლება, იყოს აფხაზეთის ხელმძღვანელი. აფხაზეთში სომხური თემი მსუბუქად, მაგრამ მაინც ჩამოშორებულია ძალაუფლებისგან, რუსების მდგომარეობის შესახებ ცნობილია.
– თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში მცხოვრები სომხები მთლიანად აკონტროლებენ ბიზნესს აფხაზეთის ტერიტორიაზე და, თუ ზოგიერთ წყაროს ვერწმუნებით, აფხაზებს არ უშვებენ ადგილობრივ ბიზნესში.
– სომხები ძალიან კონკურენტუნაირიანი ხალხია, შეკრული თემია და არ მგონია, არსებობდეს აფხაზების რეალური დისკრიმინაცია, ამ კუთხით. სიმართლე გითხრათ, პირადად მე ამაზე არაფერი მსმენია, აფხაზებს დიდად არ უყვართ შრომა, სომხები კი უფრო შრომისმოყვარეები და კონკურენტუნარიანები არიან და ამას ვხედავთ არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მთელ კავკასიასა და მსოფლიოში. ამდენად, აფხაზები მათ ფონზე აგებენ, მაგრამ პოლიტიკური ხელისუფლება მხოლოდ აფხაზური თემისაა და ეს იმთავითვე ასე იყო ჩადებული მათი სახელმწიფოს მშენებლობაში. როდესაც ისინი სრულ იზოლაციაში იყვნენ, ამას დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ საინტერესოა, როგორ აპირებენ მომავალში ცხოვრებას ასეთი მოდელით.
– თუ მათ მიერვე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველზე მეტი სომეხი ცხოვრობს, მაგრამ პრობლემად იქცა სწორედ ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების მინიჭება.
– რამდენიმე წლის წინათ მითხრა ერთ-ერთმა აფხაზმა ბიზნესმენმა, რომ მომავალი ომი იქნება აფხაზებსა და სომხებს შორისო, მაგრამ მოცემულ მომენტში ეს საკითხი აქტუალური არ არის. საქართველო აფხაზეთის მოწინააღმდეგეა, ისინი ქართველებისადმი ემოციურად სხვაგვარად არიან განწყობილნი, სომხებს კი ჯერჯერობით არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მოთხოვნები. ომიდან მოყოლებული საქართველოს მიერ ისინი განიხილებიან, როგორც აფხაზების მოკავშირეები. ის სტატუს-კვო, რაც აფხაზეთში სომხებთან მიმართებაში შეიქმნა, არ ირღვევა არც აფხაზების, არც სომხების მიერ, ამდენად, ქართველების პასპორტიზაცია აფხაზებისთვის გაცილებით აქტუალურია. თუმცა ეს პრობლემა დაიწყო რუსებთან მიმართებაშიც: არ აძლევენ საცხოვრებელს, ეწევიან მათ დისკრიმინაციას, მაგრამ ეს პრობლემა აქტუალური არ ხდება, რადგან რუსეთის ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს.
– როდესაც აფხაზები კატეგორიულ უარს ამბობენ არათუ ქართველი დევნილების დაბრუნებაზე, არამედ გალელი ქართველებისთვისაც კი, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მე პასპორტების მიცემას, ხშირად ვეკითხები, როგორ აპირებენ ასეთ პირობებში გახდნენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი?
– დიახ, არ მესმის, როგორ აპირებენ აფხაზები მომავალში ასეთი მოდელით ცხოვრებას. შთაბეჭდილება მექმნება, რომ აფხაზები ამას ვერ აცნობიერებენ და ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ამას ვუწოდე „ალყაშემორტყმულ სიმაგრეში სირაქლემის სინდრომი“. აფხაზური მასობრივი ცნობიერება, მოაზროვნეობა ადამიანის დონეზეც კი, მიდრეკილია, თვალი დახუჭოს არსებულ პრობლემებზე და, როდესაც ცდილობ, დაელაპარაკო ამ თემაზე, ეს მათში მკვეთრ უარყოფით რეაქციას იწვევს.
– ქართველების პასპორტიზაციის მომხრეა მოქმედი „პრეზიდენტი“ ანქვაბი, რაც იქცა განხეთქილების საბაბად აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში. ანქვაბი რატომ უჭერს მხარს? ცივილიზებულად უდგება ამ საკითხს?
– მე არ ვიცი, რას ფიქრობს ანქვაბი, მაგრამ არსებობს ორი ვარიანტი: მისი მოწინააღმდეგეები ბრალს სდებენ იმაში, რომ გალელი ქართველების ხმებს იყენებს. ამ ბრალს ჯერ კიდევ ბაღაფშის ხელისუფლებასაც უყენებდნენ და მგონია, რომ ეს რეალური ბრალდებაა. ეს მოდელი საქართველოშიც გამოიყენება, როდესაც ნაცუმცირესობები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მას აძლევენ ხმას.
– ეს გავრცელებული მოდელია ყველგან, არა მარტო საქართველოში, ცივილიზებულ სამყაროშიც.
– იგივე ხდება აფხაზეთშიც: აფხაზეთის ქართველები იღებენ რაღაც პრეფერენციებს ხელისუფლებისგან და ამიტომ მათ უჭერენ მხარს. არ ვიცი, რამდენად ესმის ანქვაბს, მაგრამ, თუ აფხაზეთში სურთ თავიანთი სტატუსის ლეგალიზება საერთაშორისო საზოგადოების და არა მხოლოდ პაპუასების თვალში წყნარი ოკეანის აუზიდან, მაშინ უნდა გამოიყენონ ის პოლიტიკური მოდელი, რაც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში. აფხაზეთის ნებისმიერი მცდელობა, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინვე წინა პლანზე წამოსწევს ქართველების დისკრიმინაციის პრობლემას. ჩემი აზრით, ან თვითონ ანქვაბს ან მის თანამოაზრეებს, ლაკობა იქნება ეს თუ ჩირიკბა, ხალხს, რომლებიც ცხოვრობდნენ დასავლეთში, ესმით, რომ მომავალში ეს ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ აფხაზებმა დრო გაუშვეს…
– გულისხმობთ, რომ თავის დროზე უნდა გაეყარათ გალელი ქართველები?
– ეთნიკური წმენდა, რომელიც არ მიდის ბოლომდე, სჯობს, არც დაიწყო. არავინ დაობს გალელი ქართველების ადგილობრივ წარმოშობაზე, მაგრამ აფხაზებს უნდა მოეფიქრებინათ რაღაც მოდელი, რაც ამ ქმედებას გაამართლებდა მსოფლიო თანამეგობრობის თვალში. მათ უნდა შეექმნათ რეალური პოლიტიკური მოდელი, რომელიც იქნებოდა დასავლეთში მოქმედი ლიბერალური მოდელის ალტერნატივა. მაგრამ აფხაზეთის ელიტას არ ჰყოფნის არც სითამამე, არც ინტელექტუალური სიმძლავრე, რომ გადაჭრან ეს საკითხი. ისინი ცხოვრობდნენ ამ არანორმალურ ვითარებაში და არ უფიქრდებოდნენ, რომ ოდესმე ამ საკითხის გადაჭრა მოუწევდათ.
– თქვენ ამბობთ, რომ არავინ დაობს გალელების ძირძველ მკვიდრობაზე აფხაზეთში, თუმცა ძალიან საინტერესო მოსაზრება მოვისმინე ამას წინათ აფხაზებისგან, რომ გალელი ქართველები არიან გააფხაზებული ქართველები და ამიტომ ისინი უნდა დაუბრუნონ აფხაზურ ფესვებს.
– ძალიანაც შესაძლებელია, ისევე, როგორც აფხაზების დიდი ნაწილი არის გააფხაზებული ქართველი. საერთოდ, მოცურავე ეთნიკურობის მოდელი დამახასიათებელია კავკასიისთვის, როდესაც რამდენიმე თაობაში იცვლება ეთნიკური კუთვნილება. მაგრამ ეს მატარებელი წავიდა, თუ ამის გაკეთება უნდოდათ, ადრე უნდა ეფიქრათ და დაეწყოთ 10 წლის წინათ, გამოემუშავებინათ იდეოლოგია, გადაედგათ პროპაგანდისტული ნაბიჯები, დაეწყოთ მათთვის აფხაზური ენის სწავლება. ეს არ გაკეთებულა და არ ვიცი: დღეს როგორ აპირებენ ამის გაკეთებას.
– როგორც მათი საუბრებიდან მივხვდი, უნდა გააუქმონ ქართული სკოლები, აკრძალონ სწავლება ქართულ ენაზე, განსაკუთრებით, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის.
– მაგრამ, თუ აფხაზები ასეთ პოლიტიკას გაატარებენ, ეს იქნება ნაციონალური თვითმკვლელობა, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას. ამას გარდა, როდესაც ეთნოსს უკრძალავ მშობლიური ენის შესწავლას, ეს მათში იწვევს ძლიერ პროტესტს. და, თუ დღეს გალელი ქართველები მეტ-ნაკლებად ლოიალურები არიან აფხაზებისადმი, თუ დაუხურავენ ქართულ სკოლებს და დაიწყებენ მათ დისკრიმინაციას, ეს გამოიწვევს უკურეაქციას. იმის მიუხედავადაც, რომ გაუგებარია, რას წარმოადგენს დღეს ქართული პოლიტიკა, ქართველი საზოგადოება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა აფხაზეთის ლიკვიდაციისკენ.
– მეც ასე ვფიქრობ და ამიტომ წარმატება ვუსურვე. ისინი ჯიუტად იმეორებენ, რომ მეგრელი ქართველი არ არის და რომ მეგრული სეპარატიზმის გაღვივებას შეეცდებიან, ოღონდ ენგურს გამოღმა საქართველოში. სვანების უფლებების შელახვაზეც აკეთებენ აქცენტს.
– მეგრული სეპარატიზმი არ არის ქვაბი, რომელსაც დადგამ ცეცხლზე და გააცხელებ.
– რატომ გადაწყვიტეს, თქვენი აზრით, ამ იდეის გაცოცხლება? რუსეთის იმპერია 200 წელს ცდილობდა, გაეღვივებინა მეგრული და სვანური სეპარატიზმი და არ გამოუვიდათ, თუმცა აი, აფხაზებთან გამოუვიდათ.
– დანამდვილებით ვიცი, რომ რუსეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავდა მეგრული სეპარატიზმის მხარდაჭერას. მათ ჩაატარეს საექსპერტო კვლევები იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა მეგრული ფაქტორის გამოყენება საქართველოს დასაშლელად. იცით, რომ რუსეთში დიდი ხანია, არსებობს საქართველოს დაშლის იდეა. ექსპერტული შეფასებების შემდეგ ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გზა არ არის პერსპექტიული. მეგრული სეპარატიზმის გაღვივება, ალბათ, შესაძლებელია, თუ გონივრულად მიუდგები ამ საკითხს, მაგრამ რთულია.
– მეგრული და სვანური სეპარატიზმის გაღვივების მომხრეებს გარედან, არ ესმით მარტივი რამ, რაც შეუძლებელს ხდის სეპარატიზმს: ისინი ქართველობაზე კი არ ამბობენ უარს, მათი პრეტენზიაა, რომ უპირველესი ქართველები არიან.
– მე ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: მეგრული ნაციონალიზმი გამოიხატება არა თბილისისგან დამოუკიდებლობაში, არამედ თბილისის დაქვემდებარებაში. ასეთია თანამედროვე მეგრელების დიდი ნაწილის განწყობა. ამის შეცვლა შეიძლება, მაგრამ არა ასეთი მეთოდებით.
– აფხაზებს აქვთ ვითომ ბერკეტები?
– მათ არ აქვთ ასეთი ინტელექტუალური ბერკეტები. რა შეეძლოთ, რომ მათ გაეკეთებინათ ამ მიზნის მისაღწევად? მაგალითად, განევითარებინათ მეგრული ენა. საქართველოში დღეს შევიწროებულია მეგრული ენა, მათ არ აქვთ მეგრულად წიგნები, გაზეთები და ასე შემდეგ.
– ეს არ არის შევიწროება, ასე გამოვიდა ისტორიულად. ჩვენმა წინაპრებმა გადაწყვიტეს დიდი ხნის წინათ, რომ ჩვენი სალიტერატურო და ერთიანი ენა იქნებოდა ქართლური დიალექტი და ეს აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობისთვის. ამას დაეთანხმა ყველა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ამას მივყვებით.
– მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობდა რაღაც შინაგანი წნეხი და შესაძლებელია, არსებობდეს მეგრელების რაღაც ნაწილი, რომლებსაც ეს არ მოსწონთ.
– შესაძლოა, მაგრამ ცუდ ტონად ითვლება საქართველოში მეგრული ენის დისკრიმინაციაზე საუბარი.
– ჩვენ ხომ აფხაზებზე ვლაპარაკობთ?!
– მესმის, მაგრამ ამ მასალას ისინიც ხომ წაიკითხავენ და მე ვცდილობ, გავაგებინო მათაც, რომ არ დახარჯონ დრო და ენერგია ფუჭ საქმეზე.
– მათ შეეძლოთ ამ მიმართულების გაღვივება, ისევე, როგორც თბილისში ისწავლება აფხაზური ენა, გამოიცემა აფხაზური ფოლკლორი, აფხაზური სიმღერები და გასაგებია, რომ ამას აქვს პოლიტიკური სარჩული. იმავეს გაკეთება შეუძლიათ აფხაზეთში მეგრულთან მიმართებაში. თბილისში ხომ არ ისწავლება მეგრული?!
– არც მეგრული, არც სვანური და არც ლაზური. აფხაზური ჩვენი მეორე სახელმწიფო ენაა კონსტიტუციით და, ბუნებრივია, უნდა ისწავლებოდეს.
– აფხაზებს შეუძლიათ, გახსნან თავიანთთან მეგრული ენის კათედრა, შეუძლიათ კონტაქტების დამყარება თურქეთში ლაზთა თემთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მათ მოუტანს შედეგს, მაგრამ ცდა შეიძლებოდა.
– და ფიქრობთ, მათ აქვთ სათანადო რესურსი როგორც მატერიალური, ისე ადამიანური? თვითონ აფხაზურ ენაზე რა დონის და მასშტაბის განათლების მიღებაა შესაძლებელი აფხაზეთში?
– ეს უფრო სურვილებზეა დამოკიდებული, რადგან მატერიალური რესურსი ყოველთვის მოიძებნება, ამასთან, მათ ჰყავთ განათლებული ინტელიგენცია. თუმცა გასაოცარია მათი მიდგომა საკუთარი ისტორიისადმი. დღემდე ვერ შეძლეს ჩამოეყალიბებინათ საშუალო განათლების სისტემა აფხაზურ ენაზე. მათ მოუტანდა პოლიტიკურ დივიდენდებს მეგრული სეპარატიზმის გაღვივება, მაგრამ დღეს როგორ გადაწერენ გალელ ქართველებს მეგრელებად?! მეორე მხრივ, თუ გალელ ქართველებს უწოდებენ მეგრელებს, რატომ არ ასწავლიან მეგრულ ენას? მათ სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკის ძირფესვიანად შეცვლა ან მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩება მათი სურვილები, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს გალელ ქართველებსაც და მსოფლიო თანამეგობრობასაც. მოცემულ მომენტში აფხაზების მატარებელი წავიდა: გარდა რაღაც ლოზუნგებისა, ნაკლებ სავარაუდოა, რაღაც ზომები მიიღონ გალის ქართველებთან მიმართებაში. ეს კი საკითხია, რომელიც, ადრე თუ გვიან, ჩამოშლის აფხაზურ სახელმწიფოებრიობას. მე მესმის მათი შეშფოთება: გალელების პასპორტიზაციის შემდეგ დადგება დევნილების დაბრუნების თემა. საერთაშორისო სამართალი არანაირ საფუძველს არ იძლევა საიმისოდ, რომ მათ უარი ეთქვათ დაბრუნებაზე. მით უმეტეს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ქართველებზე, რომლებსაც იქ რუსეთიდან შეუძლიათ ჩასვლა. აფხაზეთს გაუმართლა, რომ არავის მიერ არ არის აღიარებული, რადგან ეს საკითხი მაშინ ევროპული სასამართლოების განხილვის თემა გახდებოდა. თუ აფხაზური სახელმწიფოს ლიკვიდაცია სურს, თბილისს შეუძლია, ხელი შეუწყოს აფხაზეთის აღიარებას, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი: კანონიერი გზით დაბრუნდეს ყველა ქართველი დევნილი. შესაძლოა, ანქვაბს ეს ესმის.