კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყო მოულოდნელი ნიკა ლაზარიაშვილისთვის და რა სტიმულს აძლევს მას ქეთა თოფურია

პროექტი: „ახალი ხმა“; მონაწილე: ნიკა ლაზარიაშვილი; ასაკი: 24 წელი; მწვრთნელი: სტეფანე მღებრიშვილი; სტატუსი: ნიჭიერი მომღერალი, საოცრად მუსიკალური, არაჩვეულებრივი ხმის ტემბრით, შესრულების განსხვავებული, საინტერესო მანერით – მისი ნამღერის თუნდაც რამდენჯერმე მოსმენა მუდმივად კარგ ხასიათზე გაყენებს და სიამოვნებას განიჭებს. ალბათ, სწორედ ამ თვისებებისა და კიდევ ბევრი პლუსის გამო, ნიკა სცენის მიღმაც ძალიან პოზიტიური ადამიანია, ბევრი დადებითი ენერგიით, ის სტეფანეს მთავარი „კოზირი“ გახდა – მისით გეგმავს შოუს მოგებას, რაც, წესით, ნამდვილად არ არის რეალობისგან შორს. ასე რომ, ვისაც ნიკას ფინალში გასვლა და მისი მიერ შოუს მოგება გსურთ, დაუმესიჯეთ ნომერზე: 0-903-200-211.

 

ნიკა ლაზარიაშვილი: სტომატოლოგიური მაქვს დამთავრებული, თუმცა, ეს უკვე წარსულს ჩავაბარეთ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საკუთარ თავში არ ხარ გარკვეული: არც მუსიკისკენ ვიყავი, არც აქეთ. მაგრამ, მერე გადავწყვიტე, მუსიკალური კარიერა გამეგრძელებინა. 12 წლის ასაკში ქალბატონ მაია მიქაბერიძესთან მივედი ფოლკლორულ ანსამბლ „საგალობელში“.  სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა სიმღერა შევისწვლე, ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი, გვქონდა კონცერტები, ჩაწერები, მაგრამ, შემდეგ გარკვეული პაუზა ავიღე – რაღაც ჩავარდნა მოხდა ამ კუთხით, სხვა რაღაცეებმა უფრო დამაინტერესა. 20-21 წლის ასაკში გადავწყვიტე, დავბრუნებოდი სიმღერას და სერიოზულად გამეგრძელებინა ამ კუთხით ჩემი კარიერა. მივედი ქალბატონ მზია მაცაბერიძესთან, რომელიც შესანიშნავი პედაგოგია. დავიწყე მასთან მომზადება, საესტრადო განხრით წავედი და, დღეს რაც ვიცი, რაც შემიძლია, ქალბატონი მზიას დამსახურებაა, რომელიც სულ მეუბნებოდა: ოთახში როდემდე უნდა იმღერო, რაღაცეები სცადეო. წინა „ვოისზეც“ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ, მზად არ ვიყავი და ვუთხარი, შემდეგზე გავალ-მეთქი. 

– „ბრმა ქასთინგზე,“ სანამ სცენაზე გახვიდოდი, თქვი, რომ სტეფანესთან გინდოდა მოხვედრა. იმ  მომენტში სტეფანეს თავის გუნდში მხოლოდ ერთი ადგილი ჰქონდა დარჩენილი და სწორედ შენ შეავსე. 

– თავიდანვე სტეფანესთან მინდოდა წასვლა, რადგან, ვიცი, რომ ძალიან კარგ მუსიკას აკეთებს. შეიძლება, დათომ მოიგო ეს შოუ რამდენჯერმე, მაგრამ, მერჩივნა, სტეფანესთან წავსულიყავი და ერთად კარგი მუსიკა გაგვეკეთებინა. პროექტშიც უკვე ბევრი რამ ვისწავლე, ჩემთვის სცენაზე სიმღერაც პირველია, თუ არ ჩავთვლით იმ მომენტს, როდესაც 30 კაცი ვმღეროდით ფოლკლორს. ეს ჩემთვის პირველი კონკურსია და ძალიან კმაყოფილი ვარ სტეფანეთი, რადგან, მასთან მუშაობა საოცრებაა. 

– ანუ, რა პლუსები აქვს სტეფანეს გუნდში ყოფნას, მასთან მუშაობას? 

– ძალიან დიდი, სიტყვებით ვერ აგიხსნით, ეს თავად უნდა გამოსცადოთ და მიხვდებით, თავისი საქმის როგორი პროფესიონალია. რაც მთავარია, ძალიან მეგობრული და კომფორტული ადამიანია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვანაირად ვერ იქნები კარგად, ბოლომდე უნდა გაიხსნა. 

– სცენაზე არასდროს მიმღერიაო, თქვი, მაგრამ, „ბრმა ქასთინგზე“ ისე იმღერე, ამას ვერავინ იფიქრებდა. ძალიან ლამაზი ხმა გაქვს და საოცრად თავისუფალი ხარ სცენაზე. 

– ყველანაირად ვეცადე. საკუთარ თავს სულ ვეუბნებოდი: შენ ასე უნდა გახვიდე სცენაზე, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, ყველაფერი ისე უნდა გამოვიდეს, როგორც საჭიროა-მეთქი. ვფიქრობ: ისე გამოვიდა ყველაფერი, როგორც მინდოდა და როგორც ჩვენ გვინდა; ანუ, როგორც სტეფანეს უნდა, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, რადგან, მას ძალიან ვენდობი. ნებისმიერ გამოსვლას აქვს ღელვა, რინგზეც სერიოზული მოწინააღმდეგე მყავდა, მაგრამ, სტეფანემ სწორი არჩევანი გააკეთა. 

– ყველა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თანახმა არიან, შენ მოიგო „ახალი ხმა“.

– თავიდან ცოტა გამიკვირდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის, თუმცა, რას იზამ, უნდა შეეჩვიო ყველაფერს. ვფიქრობდი გამარჯვებაზე, მაგრამ, სტეფანეს დამსახურებით, ახლა უფრო გამიმაყარდა იმედები, უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია და ამას ვაჩვენებთ „ლაივებზე“. 

– უკვე ძალიან დამაინტერესა იმან, თუ რას ვნახავთ სამშაბათის „ლაივზე“.

– ყველაფერი იქნება გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს მანამდე იყო. 

– ექსპერიმენტებიც გიყვარს?

– დიახ და, არა მხოლოდ მე, ყველას უყვარს. 

– არა მგონია, ყველას უყვარდეს.

– მე სტეფანე ვიგულისხმე, ორივეს გვიყვარს ექსპერიმენტები. არა მხოლოდ სიმღერაში, ზოგადად სხვა რაღაცეებშიც მიყვარს ექსპერიმენტები. მაგალითად, არ მიყვარს ცხოვრების დაგეგმვა. რა თქმა უნდა, არის რაღაცეები, რაც აუცილებლად უნდა დაგეგმო, მაგრამ, რაც შეგიძლია, რომ არ დაგეგმო, იმას ჩვეულებრივ უნდა შეხვდე და სპონტანურად გააკეთო. თუ გადაწყვეტილება სპონტანური იქნება და, თან, თუ ფიქრსაც მოასწრებ, მაშინ უკეთესი გამოვა. ვახერხებ ხოლმე გადაწყვეტილების ასე მიღებას.

– როგორც ვიცი, სპორტითაც ხარ დაკავებული. 

– ახლაც ვვარჯიშობ. ადრე ფეხბურთზე დავდიოდი და სიმღერას და ფეხბურთს ვუთავსებდი ერთმანეთს. შვიდი წელი ვიარე, მაგრამ, 14 წლის ასაკში მივხვდი, რომ საქართველოში ამ კუთხით დიდი პერსპექტივა არ არის, ამიტომ‚ თავი დავანებე. ცურვაზეც დავდიოდი, ოღონდ, მოყვარულის დონეზე. 

– დედმამიშვილი გყავს? 

– ძმა მყავს, თავისი ჯგუფი ჰყავს – „ნაპირი“. ერთად დავიწყეთ სიმღერა. ყველაზე კარგად მასთან ერთად ვერთობი. ჩემი გართობაა სიმღერა, ვარჯიში, ფეხბურთი, წიგნის კითხვა, მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც ჩემი ძმაა – ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი. ბევრ რამეში ვუგებთ ერთმანეთს. 

– ალბათ‚ ბავშვობაში ძალიან ჩხუბობდით. 

– ერთმანეთს ვხოცავდით, ხშირი კონფლიქტი გვქონდა. მაგრამ, მერე ჩემი დეიდაშვილები ხუმრობდნენ: ნიკა და გიგა დაძმობილდნენო. ანუ, ხომ ძმებად დავიბადეთ, მაგრამ, სულ ომი გვქონდა, ბოლოს კი ერთმანეთი „ვიპოვეთ“ და თავიდან შეგვიყვარდა. ახლა აღარ ვჩხუბობთ. 

– ასე მგონია‚ ძალიან აქტიური, მოუსვენარი ბავშვი იქნებოდი. 

– ჩემი გაჩერება ძნელი იყო. თან ცოტა „კლიაუზნიკი“ ვიყავი, ცოტა „პეწენიკაც“. ახლაც ასეთი ვარ. რომ ვიცი‚ ეს აქ დავდე და მერე აღარ მხვდება ადგილზე, ამაზე ვბრაზდები. ფიცხი ხასიათი არ მაქვს, ძნელია ჩემი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ: ცხვარი ცხვარია, მაგრამ, თუ გაცხარდა ცხარიაო. 

– ხიფათიანიც იქნებოდი – ისეთი მოუსვენარი ხარ, ახლაც ვერ ისვენებ. 

– კი, ვიყავი. ერთხელ კატას გავეკიდე ხეზე, მომიტყდა ტოტი, ჩამოვვარდი, დავეცი და ხელი მოვიტეხე, არადა‚ ფეხბურთში ფინალი მქონდა და მეკარე ვიყავი. 

– ახლა მითხარი, როგორი გოგონები მოგწონს.

– ჩემთვის მისაღები, ანუ აქტიური გოგონები... ქერაა, შავგრემანი – ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავისი აქტიურობით უნდა მომაწონოს თავი, პასიური ადამიანები არ მიყვარს, თუმცა, ყველაფერი ზრდილობის ფარგლებში უნდა იყოს. ზრდილობაც კარგად მესმის და უზრდელობაც. უნდა შევხედო, როგორ მივყვებით, როგორ განვითარდება ურთიერთობა. ცოტა გიჟიც უნდა იყოს და უნდა მომყვეს. თუმცა, თუ ადამიანთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ანუ, პირველივე შემხვედრ და ახალგაცნობილ ადამიანთან სიგიჟეებს არ გავაკეთებ. 

– ქართველი მომღერლებიდან, საპირისპირო სქესს ვგულისხმობ, ყველაზე მეტად ვინ მოგწონს? 

– ფიზიკურად ძალიან მომწონს ქეთა თოფურია, „ა-სტუდიოს“ სიმღერებსაც ვუსმენ.

– როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ქეთა გაიცანი. სად შეხვდი? 

– ქეთა სტეფანეს მეგობარია და, ცოტა ხნის წინ, როდესაც თბილისში იყო, სტეფანესთან სახლში გავიცანი. მეგობრული ფოტოებიც გადავიღეთ. ჩემი ნამღერიც მოსმენილი ჰქონდა. მითხრა: ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ასე განაგრძეო. ძალიან დიდი პლუსია, როდესაც ასეთი ადამიანი დადებითად გაფასებს – ეს უფრო მეტად გეხმარება მომავალი გეგმების განხორციელებაში, სტიმულს გაძლევს. ძალიან თავისუფალი, პოზიტიური ადამიანია, ჩემთვის მისაღები და, ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვაფასებ. 

– ვფიქრობ, მაყურებელმა აუცილებლად უნდა დაგიმესიჯოს. 

– ამ პროექტში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ შევიძინე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მაგრამ, ყველაზე მაგარი ადამიანი, ვინც ამ შოუში გავიცანი, სტეფანე მღებრიშვილია. არ ვნანობ, რომ ამ პროექტში მოვხვდი, მაგრამ, ახლა ბევრი რამ მაყურებელზეც არის დამოკიდებული. ამიტომ, ვისაც მოგწონთ ან მოგეწონებათ ჩემი ნამღერი, დამირეკეთ ან დამიმესიჯეთ ნომერზე: 0-903-200-211.

скачать dle 11.3