კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიცნო მირანდა მირიანაშვილმა ლარს ფონ ტრიერი და სად დაესწრო მისი „ნიმფომანიაკის“ დახურულ ჩვენებას

მსოფლიო ლარს ფონ ტრიერის ახალი შედევრის, „ნიმფომანიაკის“ პრემიერის მოლოდინშია. ფილმის პრესისთვის ჩვენება რეჟისორის თანდასწრებით, 4 დეკემბერს კოპენჰაგენში შედგა. ერთადერთი ქართველი, რომლის სახელი და გვარიც გენიალურმა ფონ ტრიერმა იცის, არა იოსებ ჯუღაშვილი, როგორც მეგონა, არამედ მირანდა მირიანაშვილია – მომღერალი და ქველმოქმედი, რომელთანაც ჩვენ ინტერვიუებს წარსულშიც გთავაზობდით. მირანდა ფილმის პირველ ჩვენებას, რეჟისორის მიწვევით დაესწრო და შთაბეჭდილებებსაც აუცილებლად გაგვიზიარებს. 

 

– მირანდა, ძალიან ცოტამ თუ იცის საქართველოში, რომ მომღერალი და საოცარი ხმის პატრონი ხარ. ვიცი, რომ წელს „გრემის“ დაჯილდოებაზე სტუმრის სტატუსით მიგიწვიეს. როდის იქნება ისე, რომ „გრემიზე“ წარგადგენენ?

– არასდროს ცხოვრებაში, მაშინაც კი, როცა არაფრის საშუალება არ მქონდა, არ მიცხოვრია შოუ-ბიზნესის კანონებით.. რატომ, არ ვარ შოუ-ბიზნესში?! არა იმიტომ, რომ ქედმაღალი ვარ და ვინმეს ზემოდან ვუყურებ, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვექვემდებარები კანონებს, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნის შოუ-ბიზნესის პრინციპები მოითხოვს. მადლობა ღმერთს, გამოიძებნა ფორმა, სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობ – ვმღერი, რაც მინდა, სადაც მინდა და როგორც მინდა. არავიზე არ ვარ დამოკიდებული. ძირითადად, ვმღერი საქველმოქმედო საღამოებზე, დაჯილდოებებზე, კამერულ კონცერტებზე... ამ ბოლო დროს ეკონომიკური ფორუმის დახურვაზე ნატალია ვოდიონოვამ გააკეთა ღონისძიება, იქ მქონდა კონცერტი. ამ ფორუმს უამრავი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ახლა ისინი მწერენ, აქ ჩამოდი, იქ ჩამოდიო. (იცინის) ახლა დავოსში აწყობენ სალონური ტიპის საღამოს ნატაშა და იან იანოვსკი და იქ უნდა ვიმღერო. ამერიკაში მქონდა ძალიან კარგი ორი საღამო. თუ აკომპანიატორებთან ერთად ვარ, მათ დამკვეთი უხდის ჰონორარს, ხოლო ჩემი ჰონორარით, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას ვეხმარები და ამიტომ პირდაპირ მათ ურიცხავენ. ვეხმარები – „აჩუქე სიცოცხლეს“, „ჰოსპისს“. 

– „ჰოსპისი“ რა ტიპის ორგანიზაციაა?

– „ჰოსპისი“ აერთიანებს საავადმოფოებს სადაც მძიმე, ძირითადად, კიბოთი დაავადებული ადამიანები, თავიანთ უკანასკნელ დღეებს ატარებენ. ამ საავადმყოფოებში კონცერტები მაქვს ხოლმე მომაკვდავი ადამიანებისთვის. ლოგინებით გამოჰყავთ პაციენტები. თავიდან ძალიან მიჭირდა სიმღერა. მერე, როცა საკუთარი თვალით დავინახე, რა შედეგები მოიტანა, როგორი თერაპიული საშუალებაა მათთვის მუსიკა, ვერ ვიჯერებდი. ვერა მილიონშიკოვამ, მოსკოვის „ჰოსპისის“ დამაარსებელმა, რომელიც თავად გარდაიცვალა კიბოთი ორი წლის წინ, პირველი კონცერტის შემდეგ მითხრა: ვინ აღარ მოსულა მათთან, როსტროპოვიჩი, ბაშმეტი, მაგრამ ისეთი რეაქცია არ ჰქონიათ, როგორიც შენს მოსმენაზეო. ის მაინც მძიმე, კლასიკური მუსიკაა, მე კი ვუმღერი რომანსებს, ესპანურ, ფრანგულ, ქართულ, სიმღერებს და პირველივე შესრულების შემდეგ მათ გამომეტყველება ეცვლებათ და სიცოცხლე უბრუნდებათ ჩამქრალ თვალებში. ამ რეაქციას რომ ვხედავ, ვხვდები, იქ ტყუილად არ მივდივარ. მერე უკვე საჩუქრების მიტანა დავიწყე, ლატარიას ვათამაშებთ მომვლელ პერსონალს შორის. მიმქონდა ასევე, ფეხსაცმელები, პარფიუმერია, უამრავი საჩუქარი, რომელსაც ამა თუ იმ კონცერტის შემდეგ ვიღებ. მერე თვითონ პაციენტებმაც გამოთქვეს ლატარიის თამაშის სურვილი. მათ ზუსტად ისეთივე სურვილები და სიხარული აქვთ, როგორც ჩვენ, ყველას. არ შეიძლება, არ აღფრთოვანდე მათი მომვლელებით. ისინი სულ სხვანაირად აზროვნებენ – რომ ნახოთ, როგორ აჭმევენ, აბანავებენ, როგორი სითბოთი, სიყვარულით... ასეთი საჭირო და საოცარი ორგანიზაციაა ეს „ჰოსპისი“. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, საქართველოშიც გაიხსნება მსგავსი საავადმყოფო.

– მირანდა, გალერეა აღარ გაქვს, მაგრამ როგორც სოციალური ქსელებიდან ვხვდები, დღემდე ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გაქვს თანამედროვე ხელოვნების მეტრებთან. ამ ბოლო დროს შენი ფოტო ვნახე ჯეფ კუნსის ქანდაკებით ხელში.

– ერთხელ რომ ჩაებმები ამ ფერხულში და შესაბამის წრეში აღმოჩნდები, მერე უკვე ყველაფერი თავისთავად ხდება. კლუბივით არის, სამუზეუმო და „არტ-ფეარების“ სათავეში მყოფი ხალხის ბირთვი საკმაოდ პატარაა. ამ ადამიანების უმრავლესობასთან ვმეგობრობ და უამრავი მიწვევა მაქვს გახსნებზე, ვახშამზე... ახლა მაგალითად, „მაიამი არტ-ბაზარს“ ვტოვებ, რადგან კოპენჰაგენში ლარს ფონ ტრიერის ფილმის პრემიერაზე წასვლა ვარჩიე, რომლის შემდეგაც, ძალიან ვიწრო წრეში, ლარსთან ვახშამზე ვარ მიწვეული. თავადაც ხშირად ვარ ამა თუ იმ გამოფენის და არტ-ღონისძიების ორგანიზატორი. მაგალითად, ახლახან, მოსკოვში, ,,მომაში“, ილია კაბაკოვის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ვახშამი გავმართე და „ტეიტის“ დელეგაციას მე ვუმასპინძლე. კომუნიკაცია სულ არის და ყველგან მპატიჟებენ. უბრალოდ, ყველგან წასვლას ვერ ვახერხებ. საერთოდ, ვცდილობ, არაფერში ჩავება საფუძვლიანად, რადგან თავისუფალი ადამიანი ვარ და ბორკილებს ვერ ვიტან – როცა მინდა და სადაც მინდა, იქ უნდა ვიყო. რაც შეეხება ჯეფ კუნსს, დონ პირინიონის დაკვეთით, მან შექმნა ქანდაკება. ამ შამპანურის სახლის მეპატრონე – ჟოელ ჰენესი და მისი ცოლი ჩემი მეგობრები არიან. ვერ გეტყვი, რომ კუნსი ჩემი საყვარელი მხატვარია, მაგრამ ის მართლა დიდი შემოქმედია. რამდენიმე მასშტაბური გამოფენის შემდეგ, მათ შორის ერთ-ერთი ვერსალში გაიმართა, სადაც სწორედ ლუცია ჰენესიმ წამიყვანა და მხოლოდ მისი ქანდაკებები იყო გამოფენილი, სრულფასოვნად აღვიქვი კუნსის სიდიადე. გალერეა არ მქონდა იმ პერიოდში მისი დიდი  ქანდაკებაც გავყიდე. 

– ლარს ფონ ტრიერზე მინდა, ვისაუბროთ. მთელი მსოფლიოს კინომოყვარულებს გულისცემა აქვთ მომატებული მისი „ნიმფომანიაკის“ მოლოდინში. ვიცი, რომ მას იცნობ და პრემიერაზე ხარ მიწვეული. მომიყევი, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორი ადამიანია, მანიაკია? 

– (იცინის) არ არის მანიაკი, არაჩვეულებრივად თბილი, რბილი და მშვიდი ადამიანია. არაფერი ავადმყოფური, რაც სხვა გენიოსებს ახასიათებთ, მისთვის არ შემიმჩნევია. არანაირი გადახრა, ანომალია არ ახასიათებს. ერთხელ ექვსი საათი გავატარეთ ერთად ვიწრო წრეში. ერთმანეთს პირველად კოპენჰაგენში შევხვდით, ვახშამზე დაგვპატიჟა, ჩვენი ძალიან ახლო მეგობრის შუამდგომლობით. მერიონი მრავალი წელია, რაც მისი პროდიუსერია. ყველა მსხვილ ფილმზე ერთად იმუშავეს და ის ჩვენი ახლო მეგობარია. მერიონმა შარშან „ნიმფომანიაკის“ გადაღებაზე, კიოლნში დაგვპატიჟა. ვერ წავედით. მერე დაგვპატიჟეს მეორედ და ისევ ვერ წავედით. მერიონმა მითხრა, იმდენი ვესაუბრე თქვენზე, ვახშამზე გეპატიჟებათ, 2 და 10 დეკემბერს აქვს თავისუფალი დღეებიო. არადა, ისეთი საგიჟეთი მქონდა იმ პერიოდში... აი, ახლაც რომ მითხრა, ობამა ვახშამზე გელოდებაო, იქ ვერ წავალ, ასე ვიყავი მაშინაც (იცინის). დავსხედით მე და ჩემი ქმარი და ვთქვით, უნდა წავიდეთ! კიდევ ერთხელ ეს კაცი აღარ დაგვპატიჟებს-მეთქი. თვითონ ლარსმაც შეხვედრის დროს მორიდებულად გვითხრა, ცოცხალი რუსი არ მინახავსო. საოცრად თავმდაბალი და ჩუმი ადამიანია. პარკინსონის დაავადება აქვს და ამის გამო ძალიან ჩაკეტილად ცხოვრობს. სხვისი თანდასწრებით სადილობა მისთვის განსაკუთრებით არაკომფორტულია. ცოცხალ რუსზე ვუპასუხე: არც მე ვარ რუსი და არც ჩემი ქმარი, ასე რომ ჩვენით რუსებზე წარმოდგენას ვერაფრით შეიქმნით-მეთქი (იცინის). ქართველებზე ხომ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. მისი ერთადერთი კუმირი ანდრეი ტარკოვსკია, მაგრამ ქართული არაფერი იცის. დავუსახელე ყველა – ოთარ იოსელიანიც არ იცით-მეთქი და არაო. წარმოდგენა არ ჰქონდა არავისზე. ერთადერთი ქართველი, ვისი სახელი და გვარიც დღესდღეობით იცის, ვარ მე (იცინის). ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ. ძალიან კარგი ცოლი ჰყავს, რომელთანაც მრავალი წელია, ცხოვრობს და ფუნდამენტური, მყარი ოჯახი აქვთ. ახალგაზრდობაში ჰყავდა პირველი ცოლი, რომელთანაც ტყუპი ბიჭები ჰყავს. მეორე ცოლთან, ბრედასთან, ალბათ, უკვე ოცი წელია, არის. ჯანმრთელი, კარგი, ხალისიანი ქალია – ეტყობათ, რომ ასეთივე ოჯახი აქვთ. რაღაც შიშები კი აქვს, მაგალითად არ დაფრინავს. ჩემი მეგობრები ივანოვოში ტარკოვსკის ფესტივალს აწყობენ და დავურეკე, იქნებ ჩამოხვიდე, შენი ტრეილერით ჩამოდი ან მანქანას გამოგიგზავნი-მეთქი. კანის კინოფესტივალზეც თავისი მანქანით ჩამოდის ხოლმე. 

– კანში დიდი გაუგებრობა გამოიწვია ორი წლის წინ.

– იქ ვიყავი, როდესაც ჟურნალისტების თანდასწრებით ებრაელებზე უხეშად იხუმრა და მეტიც, ეს ხუმრობა რამდენჯერმე გაიმეორა. დიდ ახსნას არ დავიწყებ, თუ რატომ და როგორ თქვა ეს. მაგრამ, ეს ადამიანი ებრაულ წიაღში, ებრაულ ოჯახში, ამ გარემოშია გაზრდილი და მისთვის ებრაულ ტრადიციებზე ან საზოგადოებაზე ხუმრობა, ჩვეულებრივი მომენტია. როგორც ჩვენ, ქართველები, ბევრს და ხანდახან სასტიკად ვხუმრობთ ჩვენ ნაკლოვანებებზე, მაგრამ თუ სხვა ეროვნების ადამიანი იტყვის იგივეს, მზად ვართ, გავკიცხოთ, იგივე მოხდა აქაც. ებრაელები ძალიან ბევრს ხუმრობენ საკუთარ თავზე, მაგრამ მას, როგორც უცხოს, ამჯერად არ აპატიეს. თუმცა, ლარსი, თავისი არსით ებრაელია – დაიბადა და გაიზარდა ებრაულ ოჯახში, დადიოდა ებრაულ სკოლაში... მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ერთი წინადადება მილიარდჯერ დაატრიალა და შედეგად მიიღო ის, რომ ჟურნალისტების დანახვა აღარ უნდა. ბევრ მეგობარს უნდოდა ჩემთან ერთად წამოსვლა და ვის წაყვანასაც ვახერხებ, ეს ქსენია სოკოლოვაა. 

– ფილმზე რა იცი?

– ლარსს გათვალისწინებული ჰქონდა, რომ ფილმი შვიდსაათიანი ყოფილიყო, მაგრამ მერე ხუთ საათამდე შეამცირეს. უფრო მეტად შემცირებაზე უარი თქვა. 

– ძალიან რთული იქნება ხუთსაათიანი ფილმის ყურება.

– არ იქნება იოლი ხუთსაათიანი ფილმის ყურება, გეთანხმები. კოპენჰაგენში 4 დეკემბერს შედგება პირველი ჩვენება პრესისთვის და ამ მას დავესწრები (ინტერვიუ ჩაწერილია 28 ნოემბერს – ავტორი). როგორც მერიონი ამბობს, მსგავსი აქამდე არაფერი გადაღებულა და ეს არის რადიკალურად ახალი სიტყვა კინოში. საერთოდ, ლარსის ყველა ფილმი შოკისმომგვრელია, ეს არ არის მხოლოდ კინო. ვუთხარი კიდეც, რომ „მელანქოლია“ მისი ერთადერთი ფილმია, რომელიც მეორედ ვნახე. სხვა ფილმებს ვერასდროს შევხედავ მეორედ-მეთქი. მისი ფილმები ღრმა ჭრილობებს გაყენებს სულში. „მელანქოლია“ ერთადერთი ფილმია, რომელიც შედარებით მსუბუქად გკაწრავს. რაც შეეხება „ნიმფომანიაკს“ აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. როგორც მერიონი ამბობს, მსგავსი რამ კინემატოგრაფიის ისტორიას არ ახსოვსო და ვნახოთ... 

– როდის შეძლებს ჩვეულებრივი მაყურებელი მის ნახვას?

– 24 დეკემბერს შედგება პრემიერა კოპენჰაგენში და შემდეგ უკვე გაზაფხულიდან დაიწყება ჩვენებები მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ და ვკითხე ლარსს, რას ფიქრობ, შემდეგი პროექტი რა უნდა იყოს, რამე მონახაზი გაქვს-მეთქი? ის მოწამლულია დოსტოევსკითა და პრუსტით და მიპასუხა: დილემის წინაშე ვარ, არ ვიცი, რომელი თემა ავიღო, თუმცა ორივე ძალიან ახლოს არის ჩემთანო. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ „კარამაზოვებზე“ და მგონი, დოსტოევსკისკენ წამოვიყვანე. თან, მერე მეკითხებოდა, როგორ შეიძლება, რომ პეტერბურგში ფრენის გარეშე ჩამოვიდე, წყლით და მანქანითო. მგონი, მისი შემდეგი პროექტი დოსტოევსკის შეეხება. დაველოდოთ.

скачать dle 11.3