როდის უნდება კივილი გიორგი სუხიტაშვილს და ვინ ცდილობს მისი დალაგებული ცხოვრების არევას
გიორგი სუხიტაშვილის კარიერა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ის ჯგუფ „ვივოში“ მღეროდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ კი, გიორგიმ სოლო კარიერა გააგრძელა და საკმაოდ წარმატებულადაც, რადგან მისი მოსმენა ნებისმიერი ასაკის მსმენელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სამწუხაროდ, ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, დღეს ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს.
გიორგი სუხიტაშვილი: ახლა მიდის მოლაპარაკება ჩემს საკმაოდ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მინდა, თებერვალში განხორციელდეს. როგორც ადრე ვთქვი, საქართველოდან წასვლას ვაპირებ და მინდა, ისე წავიდე, ქართულმა საზოგადოებამ არ თქვას: აქ ვერაფერი გააკეთა და წავიდაო. ამიტომაც, მინდა იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაშია, მაქსიმუმი გავაკეთო და შემდეგ წავიდე. როგორც იცი, ჩემი საქველმოქმედო ორგანიზაცია მაქვს, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ქველმოქმედებას ეწევა. საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებ, მაგრამ, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მინდა, გადავიღო პირველი მუსიკალური რგოლი, ოღონდ სოციალურ თემაზე, მაგრამ ის აუცილებლად იქნება პოზიტიური. სიმღერა უკვე მაქვს, ტექსტიც და მუსიკაც ზაზა წურწუმიას ეკუთვნის, რომელიც უნიჭიერესი ადამიანია. ჩვენ ჯგუფს – „ვივოს“ ეს სიმღერა ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდა და ცოტა ხნის წინ, ტექსტს რომ დავაკვირდი, მივხვდი, არ მინახავს ისეთი სიმღერა, რომელიც ამ ტექსტივით პოზიტიურად აშუქებდეს ყველა სოციალურ პრობლემას. ახლა მოლაპარაკება მიდის როგორც ერთ-ერთ სამინისტროსთან, ასევე ბიზნესსექტორთან. რისკი იმიტომ არის, რომ არ ვიცი, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. არ მინდა ვინმემ თქვას, პოპულისტურიაო. მე ამ თემაზე მუშაობა ახლა არ დამიწყია, ჩემი საქმეების მინიმუმ 40 პროცენტი, სწორედ სოციალურ საკითხებსა და ქველმოქმედებას ეხება. ამიტომაც ჩავთვალე, რომ დრო მოვიდა, სხვა კუთხით ვთქვა ჩემი სათქმელი. მას ცნობილი და ნიჭიერი ადამიანი გადაიღებს. ჩვენ კი ვიტყვით, ყველას გავაგებინებთ: ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ჩვენ შორის ბარიერები არ არსებობს.
– ჯგუფი „ვივო“ ახსენე. როგორ შეაფასებდი შენს მაშინდელ საქმიანობას?
– 2003 წელს შევიკრიბეთ და იმის მერე დაახლოებით 5 წელი 24 საათის განმავლობაში ერთად ვიყავით. შემდეგ დათუნა მგელაძე ავარიაში მოჰყვა და დავიშალეთ. თუმცა, მაინც ერთად ვართ. უბრალოდ, ახლა დათუნა მოსკოვშია, გოგა მესხი პროექტებში დაბორიალობს, მიშა შარაშენიძე კი სტუდიაში მუშაობს. ჩვენგან ცოტა ადრე წავიდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენი ოჯახის წევრი იყო. როცა არანჟირება გვჭირდებოდა თუ სხვა რამ, ყოველთვის გვეხმარებოდა. ძალიან გემოვნებიანი ბიჭია და კარგად იცის თავისი საქმე. იმ დროს რამდენიმე ჯგუფი იყო, ყველას თავისი პროდიუსერი ჰყავდა. ჩვენ კი გვქონდა ყულაბა – სამლიტრიანი შავად შეღებილი ქილა, რომელშიც ფულს ვყრიდით. მიშასთან იყო ჩვენი დისლოკაციის ადგილი, ანუ ბაზა გვქონდა. იქ იყო ინსტრუმენტი, კომპიუტერი და იქ ვაკეთებდით ძირითადად ყველაფერს.
– როდის ტეხდით ყულაბას?
– ყულაბა მაშინ ტყდებოდა, როდესაც ჩაწერის დრო მოდიოდა. ჩვენი ხელმძღვანელი იყო ზაზა წურწუმია, მის გარეშე დღეს თითქმის არც ერთ პროექტში არ კეთდება ბექ-ვოკალი. ზაზა არის ჩვენი დედა, მამა, ყველაფერი. როცა შევიკრიბეთ, მაშინ ჩვენ შორის ფინანსებზე საუბარი არც ყოფილა. ზაზა სანზონაში ცხოვრობდა და ერთი პერიოდი ბინის „ქირაობამანია“ სჭირდა, ოღონდ სანზონის მასშტაბით და ჩვენც თან დავყვებოდით. როგორც კი თეატრალურში ლექციები დამთავრდებოდა, მაშინვე ზაზასთან მივდიოდით. ის გვაჭმევდა, გვასმევდა, გვაცმევდა, გამოგკვებავდა, გვამეცადინებდა, თუ ფული არ გვქონდა, იმასაც მოგვცემდა და გამოგვიშვებდა.
– მხოლოდ მუსიკით იყავით დაკავებული?
– კონფლიქტებიც გვქონდა გარე სამყაროსთან, ვიღაცეებთან, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. გვქონდა ბევრი დაპირება, მოსმენები, მაგრამ ყველაფერი დაპირებად დარჩა. ალბომიც გავაკეთეთ და ახლაც მინდა, მადლობა ვუთხრა „სანო სტუდიას“, დენის ფულსაც კი არ გვახდევინებდნენ. თუ ვინმემ სტუდიის მხრიდან გვერდში დგომა იგრძნო, ეს ჩვენ ვიყავით. ძირითადი პრობლემა ის, იყო რომ რადიოში თუ მიიტანდი სიმღერას, ფულს გთხოვდნენ. დღესაც არიან ამ რადიოებში ის გოგონები და ბიჭები, რომლებიც მაშინ ფულს გვთხოვდნენ. ახლა ყველა ცალ-ცალკე რაღაცეებს ვაკეთებთ და როგორც აღმოჩნდა, არ ვართ უნიჭოები. მაგრამ, იმ დროს ფონს გასვლა ძალიან რთული იყო.
– მახსოვს, იმ დროს შენი ძმაც მღეროდა ჯგუფ „სფინქსში“. ამან შენზეც მოახდინა გარკვეული გავლენა?
– პრინციპში, ცოტა ხანი იყო მისი ჯგუფი და მერე დაიშალა. ისე, ჩემი ძმა ამ კუთხით ძალიან უტვინო კაცია. აბსოლუტური სმენა აქვს და ხმის ძალიან კარგი ტემბრი. მან, ოდესმე ხმა რომ ამოიღოს და იმღეროს სწორად შერჩეული რეპერტუარი, მიმაჩნია, რომ დიდ რამეს მოახდენს. ჩემი დაც მღერის, მაგრამ ორ უნივერსიტეტში სწავლობს და მისი კარგად მესმის. ორივეგან საოცარი გრაფიკი აქვს, მაგრამ, მაინც ბედნიერი სახით დადის. მამაჩემი ტყავის ტექნოლოგია და ვერც ერთხელ ვერ ამირჩია ნორმალური ფეხსაცმელი.
– და სამივე დედმამიშვილმა რატომ ჩააბარეთ თეატრალურში?
– ჩემი ძმა, ზოგადად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა სწავლასთან დაკავშირებით. ჩააბარა სამედიცინო უნივერსიტეტში, 4 წელი პატიოსნად ისწავლა, ერთი წელი, მგონი, ჩარჩა – ბოჰემური ცხოვრება ჰქონდა და ავიწყდებოდა, რომ უნდა ესწავლა. რაც მთავარია, აქვს მედძმის დიპლომი, ანუ, რაღაც რომ მოხდეს, მისი იმედი გვაქვს. თუმცა, შეიძლება, ვენა ყურზე მოგიძებნოს. შემდეგ ერთი წელი საესტრადო სასწავლებელში ჩააბარა, იქ დადიოდა. მერე, უცებ გავიგეთ, რომ იქ არ სწავლობს და აღმოჩნდა, რომ „გეპეიშია,“ შემდეგ თეატრალურში და ასე შემდეგ. მე ამ კუთხით უფრო მოწესრიგებული ვარ, თუმცა ბოჰემასაც თავისი ადგილი უკავია. ანუ, ბოჰემა მაქვს გრაფიკით. ძალიან პედანტი ვარ – დალაგებულის, დაწყობილის მოყვარული. თუმცა, ზოგჯერ მაქვს პერიოდები, როცა ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევ, მბეზრდება და გადავდივარ ცოტა არეულ და არაპროგნოზირებად ცხოვრებაზე.
– არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ სხვის ცხოვრებაში აქტიურად ჩარევა და თუნდაც რაღაცეების არევა.
– ასეთ ადამიანებს ძირითადად მივუთითებ ხოლმე. რაღა შორს წავიდე – ჩემი ძმაა ასეთი. ერთმანეთისგან ამ საკითხში განვსხვავდებით, დანარჩენში თითქმის ვგავართ და მიყვარს მასთან ერთად რაღაცეების კეთება. მე არ ვეწევი, მაგრამ, რაც ჩემი ძმა არსებობს, არსებობს სიგარეტი და ჩემს კომპიუტერთან მისი სიგარეტის ფერფლი, რაზეც კივილი მინდება ხოლმე. სახლში დაახლოებით 60 კლავიატურა აქვს, აქედან 59 ჩემი მიცემულია, რადგან მასთან რომ მივდივარ, მის კლავიატურაზე რაღაცეები არ მუშაობს, ამოაბრუნებ და შეიძლება იქ სასარგებლო წიაღისეული აღმოაჩინო.
– ცოლის მიმართაც ძალიან მომთხოვნი იქნები – ეს აქ რატომ დევს, ეს რატომ არ არის წესრიგში და ასე შემდეგ?
– ამის გამო ფეხებით არ დავკიდებ. ჭურჭელს მეც სიამოვნებით ვრეცხავ. ამდენი ხანი მარტო ვცხოვრობ და მიჩვეული ვარ უკვე. არ ვიქნები ისეთი მომთხოვნი: ეს აქ უნდა იდოს, ეს – იქ, მე ვარ დომინანტი და ასე შემდეგ. ზოგადად დემოკრატი ვარ, მიუხედავად ჭორებისა – რთული, ქართული ხასიათი აქვსო. თუ რთულ ხასიათში იგულისხმება პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომელიც ითხოვს საქმეში ბოლომდე დახარჯვას, მაშინ ვარ რთული. თუ რაღაცას ვაკეთებ და ჩემი თანაგუნდელი იმის მეასედს არ აკეთებს, შეიძლება, იმან ჩემი მოთხოვნების არშესრულება იმით „გააპრავოს“, რომ მე რთული ვარ. ადამიანი თუ მატყუებს, პასუხს მოვთხოვ და არ „გავუტარებ“ – ესეც სირთულეა? რა თქმა უნდა, მე ასე არ ვფიქრობ. როცა მე რამეს ვიღებ საკუთარ თავზე, იმას ვაკეთებ კიდეც და შესაბამისად, სხვასაც ვთხოვ იგივეს. ზოგადად, რაც გამოვიარე, ბევრ რაღაცაში ლიდერის თვისებები გამოვამჟღავნე, ბევრ რამეს ვიღებდი საკუთარ თავზე, შესაბამისად, იმ ადამიანისთვის, ვინც არ არის ლიდერი, შეიძლება, მე ამის გამო რთული გამოვჩნდე. ადამიანს არ შევარჩენ უსამართლობას, თუნდაც ქუჩაში. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ. თუ ადამიანი ჩემთან ერთად ცხოვრობს და მას მოსწონს ისეთი რაღაცეების კეთება, რაც ჩემს პრინციპებს ძალიან არ ეწინააღმდეგება, სიამოვნებით მივიღებ. ადამიანი შენ გვერდით რომ ცხოვრობს და მას რაღაცის კეთება სიამოვნებას ანიჭებს, პირიქით, ბოლომდე უნდა შეუწყო ხელი. ნებისმიერი ურთიერთობა დათმობასა და მოთმინებაზეა დამოკიდებული.