რატომ ვართ წელს იმაზე მშივრები, ვიდრე ვიყავით შარშან და როგორ მოირგეს ახლებმა ძველების მიერ დანიშნული ხელფასები
მართალია, 2013 წელი ჯერ არ დამთავრებულა და არც ხელისუფლება გამომტყდარა, მაგრამ ფაქტია, რომ ბიუჯეტს მთლად ბოლომდე შესრულება არ უწერია. ვერც შესრულდებოდა, რადგან არც ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი მაჩვენებელი ემთხვევა რეალურს და არც ინფლაციის. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ამ ხელისუფლებას არ შეუდგენია და მხოლოდ ძველების მიერ წარმოდგენილი ვარიანტის კორექტირების საშუალება ჰქონდა, შეუსრულებლობას მეტ-ნაკლებად საპატიო მიზეზი აქვს, რაც, ბუნებრივია, ვერ გავრცელდება 2014 წლის ბიუჯეტზე, რომლის პროექტიც უკვე მზადაა და ის 9 მილიარდზე ოდნავ მეტი ლარითაა განსაზღვრული. რა პრიორიტეტები აქვს მომავალი წლის ბიუჯეტს და უნდა ველოდოთ თუ არა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას 2014-ში მაინც, – თემას ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს.
– სამომავლოდ ქვეყნისთვის ჯობია, რომ არჩევნები ოქტომბერში არ ჩატარდეს: როდესაც თქვენ ოქტომბერში არჩევნებს ატარებთ და ახალი მთავრობა მოდის, კონსტიტუციურად კი ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში შესვლის ვადა პირველი ოქტომბერია, თქვენ ან უნდა დაარღვიოთ კონსტიტუცია, ან აუცილებლად ის ბიუჯეტი უნდა შეიტანოთ, რაც დაგახვედრეს. არადა, ბიუჯეტი არ არის ეკლექტურად აღებული ციფრი, ის უნდა ეყრდნობოდეს რეალურ გათვლებს.
– და უკავშირდება ეკონომიკურ პოლიტიკას, რის გამოც გადაირჩიეს წინა ხელისუფლება და აირჩიეს ახალი, თუმცა ახალს ძველის ეკონომიკური პოლიტიკის გატარება უწევს, ამტკიცებს რა ბიუჯეტის ძველ პროექტს.
– ბიუჯეტი თვითონ არის ეკონომიკური პოლიტიკა: ბიუჯეტი არის ყველაზე დიდი კანონი, რომელსაც იღებს ქვეყანა. ბიუჯეტის მიხედვით განისაზღვრება, ვინ მემარჯვენეა და ვინ – მემარცხენე და მათი ხმებიც ბიუჯეტიდან მოდის. ამდენად, მთავრობამ მიიღო ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც დაახვედრეს, რაც ითვალისწინებდა ბიუჯეტის 6-პროცენტიან ზრდას, უბრალოდ მექანიკურად, საარჩევნო დანაპირებიდან გამომდინარე, შეცვალეს აქცენტები და გააღრმავეს სოციალური ფაქტორები. ამის შედეგად მივიღეთ გაზრდილი პენსია და ხელფასები.
– და საყოველთაო დაზღვევა.
– ანუ ბიუჯეტის სოციალური სიმძიმე გაიზარდა. თუმცა ჯობდა, რომ ნაწილ-ნაწილ გაეკეთებინათ: ნაწილი 2013-ში და ნაწილი – 2014-ში, უფრო ევოლუციური გადასვლა იქნებოდა სოციალური სფეროს მხარდაჭერისკენ.
– და ოპონენტებსაც მოუსპობდნენ არგუმენტს, რომ პენსია არ იზრდება 2014 წელს.
– რა თქმა უნდა. ამის გამო მოხდა ის, რომ სოციალურ სიმძიმეს გადაყოლილმა ბიუჯეტმა ვერ დააფინანსა გადასახადის გადამხდელი დარგები, ეკონომიკას მხარი ვერ დაუჭირა და, შესაბამისად, ბიუჯეტში დააკლდათ თანხები.
– ანუ მაინც დააკლდა ჩვენს ბიუჯეტს და ვერ შესრულდა?
– რა თქმა უნდა, საკასო შემოსავალი დააკლდა. მეორე მიზეზი ის იყო, რომ, როდესაც 2013 წლის ბიუჯეტი 8 მილიარდ 800 მილიონამდე იგეგმებოდა, გათვლილი იყო 3-პროცენტიან ინფლაციაზე. 2012 წლიდან კი ჩვენ, ფაქტობრივად, დეფლაციაზე გადავედით, რაც მიანიშნებს ბიზნესსა და წარმოებაში სტაგნაციაზე და, ბუნებრივია, ამან ვერ მოიტანა დაგეგმილი 400 მილიონი შემოსავალი. ასევე, 2013 წლის ბიუჯეტი 6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, რასაც უნდა მოეტანა შემოსავალი, მაგრამ ზრდა იყო 2,5 პროცენტი და ამიტომ ნაკლები თანხა შევიდა ბიუჯეტში. მეორე რიგის პრობლემები გამოიწვია ინვენტარიზაციის არჩატარებამ, როდესაც მილიარდ 200 მილიონი გაქვს დაუბრუნებელი დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, უნდა იცოდე, რომ მისი გასტუმრება დააკლდება ეკონომიკას. პრობლემების მესამე ნაწილი უკავშირდება ახალ ვალდებულებებს: იწყება საგარეო ვალის მომსახურების პერიოდი. გახსოვთ, რომ 2005 წელს გადაგვივადეს ვალი და ახლა ვიწყებთ ამ გადავადებული ვალის მომსახურებას, რისთვისაც 2014 წლის ბიუჯეტში 350 მილიონი ლარი ჩაიდო. შემდეგი პრობლემა იყო ორხელისუფლებიანობა, ერთ აღმასრულებელ ვერტიკალში ორი სხვადასხვა ფრთა, რამაც გამოიწვია ინვესტორების დაფრთხობა.
– და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან შემოსული ინვესტიციების ნახევარზე მეტი ოფშორებიდანაა.
– ეს ცალკე დიდი თემაა: ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდიოდა ჰოლანდიიდან, ლიხტენშტეინიდან, ანუ ოფშორებიდან და თქვენ ნახეთ, რომ აღარ წამოვიდა ის ფული და ჩვენ ისიც ვიცით, რომ ოფშორებიდან ბრუნდებოდა აქედან გატანილი ფული.
– და ისიც ვიცით, რომ ამ თანხას, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლება აკონტროლებდა.
– 2012 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკის აქტიურობის მაჩვენებელი უარყოფითი გვაქვს. იმპორტის მაჩვენებელიც შემცირდა, სამაგიეროდ, დადებითი მომენტი იყო ექსპორტის გაზრდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეტი რომ ყოფილიყო პირდაპირი ინვესტიციების მოდინება, რა თქმა უნდა, ეკონომიკა გაქაჩავდა და ზრდა იქნებოდა. 2014 წლის პირველი ორი კვარტალიც რთული იქნება, იმიტომ რომ ვალდებულებებია გასასტუმრებელი და ინვენტარიზაციაც დასამთავრებელი, ამდენად, 2014 წლის მეორე ნახევრიდან გვეწყება ეკონომიკის ნელ-ნელა ზრდის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი ანალიზით, 2014 წელს ეკონომიკის ზრდა 4 პროცენტზე მეტი არ იქნება, აქ ერთი ფაქტორიცაა: ეკონომიკის აქტიურობა შემცირდა იმიტომ, რომ ბაზარი დაიხურა, უმუშევრობა გაიზარდა. ბანკებში გაჩნდა საბრუნავი სახსრების დეფიციტი. თუმცა 4,5 მილიარდი დოლარია გაჩერებული ბანკებში და სულ უფრო და უფრო იკლებს ბიზნესის დაფინანსება და მატულობს იპოთეკით გაცემული კრედიტების დინამიკა. მეტსაც გეტყვით, ბიზნესიდან წარდგენილი პროექტების 90 პროცენტი დაფინანსებულია ბანკების მიერ. ანუ პროექტები არ არის. იმ საარსებო საშუალებებს, რაც გააჩნია 700 000-მდე კონტრაქტით დასაქმებულს, ხარჯავენ ბანკების ვალების გადასახდელად. ბუნებრივია, ეს საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. მთელი ფული, რასაც იღებენ, ხმარდება ბანკის პროცენტების გასტუმრებას. ამან გამოიწვია ბაზრის, გადახდისუნარიანობის შემცირება.
– მომავალი წლის ბიუჯეტი რეალისტურია, შესრულდება?
– მომავალი წელი დამოკიდებული იქნება იმ რეფორმებზე, რაც ეკონომიკაში უნდა განხორციელდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავალ წელს არის თანადაფინანსების 6-მილიარდიანი ფონდის ამუშავება, საპარტნიორო ფონდების მიერ პროექტების დაფინანსებისა და აგროპროექტების გააქტიურება. ამაზეა მთელი მომავლის იმედი დამოკიდებული, რამაც უნდა შეამციროს სოციალური ხარჯების გავლენა ეკონომიკის შემცირებაზე. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტიც სოციალურია.
– ისევ რომ არ დაემთხვეს ერთმანეთს ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის დაგეგმილი და რეალური მაჩვენებლები?
– ნახეთ, როგორი შიდა მაჩვენებლები აქვს ბიუჯეტს: 2012 წელს საშემოსავლო გადასახადი მილიარდ 636 მილიონი ლარი იყო, 2013-ში – მილიარდ 800 მილიონი, 2014 წელსაც იგივე მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ 2014 წელს არ მოიმატებს დასაქმებულთა რაოდენობა. მაგალითად, დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შემოსავალი 2012 წელს 3 მილიარდამდე იყო ჩადებული, 2013 წელს – 3 მილიარდ 400 მილიონი, 2014-ში კი 3 მილიარდ 280 მილიონი უნდა იყოს. ანუ კლებაა დამატებული ღირებულების გადასახადიდან შემოსავლის, რაც ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის შემცირების მოლოდინს მომავალ წელს. ამ ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით ბიუჯეტი არ იზრდება.
– აბა, როგორ აპირებენ იმ 9 მილიარდის მობილიზებას?
– ეს დამოკიდებულია არა მარტო საგადასახადო შემოსავლებზე, არამედ, გრანტებზე, სესხებზე და სხვა ტიპის შემოსავლებზე. აქციზი მატულობს და ასე შემდეგ.
– მწეველების ფილტვების ხარჯზე, ანუ სიგარეტის გაძვირებით აპირებენ ბიუჯეტის შევსებას?
– შემოსავალი მატულობს მთლიანად აქციზისგან, ანუ 2014 წელს დამაიმედებელი პროგნოზები არ არის.
– თანაინვესტირების ფონდის ამუშავებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობა გათვლილია 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლებში?
– არა, ეს ჯერჯერობით არაპროგნოზირებადია და ამას ბიუჯეტის მაჩვენებელში ვერ ჩადებდნენ. ჯერ არც ერთი პროექტი არ ათვისებულა, თან, საწარმოს ამუშავებას დრო სჭირდება, რაც მყისიერად ვერ მოხდება, ეს პროცესია.
– სოციალური სოლიდარობა დამახასიათებელია დასავლური საზოგადოებისთვის, თუმცა სრულიად უცხო ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის. ჩვენ ვიცით, „ნაციონალების“ მიერ დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის რეალური სურათი – ზედა ეშელონმა გაიზარდა ხელფასები და მომსახურების ხარჯები. ახლებიც ძველების მიერ გაკვალულ გზას დაადგნენ და უფრო ენერგიულად გააგრძელეს. არ შეიძლებოდა, რაღაც სიმბოლური თანხა დაეკლოთ საკუთარი ჯიბეებისთვის?
– ჩევნ არ გვილაპარაკია იმაზე, თუ რა ნაბისჯები უნდა გადაიდგას, რომ შექმნილ ვითარებას ეშველოს. ჩემი მხრიდან პირველი რეკომენდაციაა და ეს არის კლასიკური რეკომენდაცია, მმართველობითი ხარჯების შემცირება. მომავალ წელს მოგვიწევს მმათველობითი ხარჯების 10-პროცენტიანი შემცირება.
– დევს ეს ბიუჯეტის პროექტში?
– არ მგონია.
– თანხაში რამდენი იქნება?
– არ მინდა, შემეშალოს, მაგრამ რამდენიმე ათეულ მილიონზეა ლაპარაკი. შეიძლება, წავიდეთ ამ მსხვერპლზე და რაღაც დოზით შევამციროთ თავდაცვის ხარჯები. იმისთვის, რომ რეალურ შედეგს მივაღწიოთ 2015-2016 წლებში, ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. ნახევარი ამათგანი პრემიერის მოხსენებაში იყო და ალბათ, მალე გვეცოდინება, რა პერიოდის განმავლობაში რას და როგორ ვაკეთებთ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აქვს რკინიგზის დეპარტამენტის უფროსს 30 000-ლარიანი ხელფასი.
– მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს?
– ბევრი სხვა ორგანოს ხელმძღვანელის ხელფასიც, რომლებიც სცილდება პრეზიდენტის ხელფასსაც კი.
– ახლა ეს საკითხი მოაგვარეს: აწი პრეზიდენტს 9 000 ლარი ექნება ხელფასი, თუმცა აქამდე, მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელფასი, 50 000 ლარი, თვით მისი თანაშემწის ხელფასსაც კი აღემატებოდა. სოციალურ ტვირთს სადამდე აწევს ბიუჯეტი?
– წელს გაართმევს ვალდებულებებს თავს, მომავალ წელსაც. მთავარია, ჩვენ წინ წავიდეთ, იმიტომ რომ ეს მატებაც არაფერი არ არის, თან, 2014-ში არ იზრდება პენსიები და შემწეობები, არც ხელფასები.
– მათ რაღა უნდა გაეზარდოთ, ისედაც მეშინია, არ შემოასკდეთ ჯიბეები.
– ლაპარაკია მცირეშემოსავლიანთა ხელფასის გაზრდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და, ასევე, უნდა გაიზარდოს პენსიებიც, რომ ბაზარი თავის ნიშნულს დაუბრუნდეს. იმავდროულად, ეკონომიკის მხარდაჭერაც აუცილებელია და იმაზეა დამოკიდებული ჩვენი მთავრობის მომავალი, როგორ გაართმევენ თავს აი, ამ გამოწვევებს.
– მიხარია, რომ ზემოთ მყოფებმა იგრძნეს თავიანთ თავზე ხელისუფლების შეცვლა, უფრო ქვემოთ მყოფნი როდის იგრძნობენ?
– ჯერ პროექტების დონეზეა თანაინვესტირების ფონდის მუშაობა, ვთქვათ, გაიხსნა დაფინანსება, მაგრამ ის ხომ უნდა ამუშავდეს?! წელიწად-ნახევარი, ორი წელიწადი არის ძალიან ოპტიმალური დრო. ინვესტიციის შემოდინება მაშინვე მოახდენდა ზეგავლენას, მაგრამ მთლიანად რომ ვიგრძნოთ, მინიმუმ, ორი წელი უნდა. არ მინახავს საწარმო, რომელსაც ორ თვეში მოაქვს მოგება.
– ის ფაქტი, რომ 150 ლარამდე გაიზარდა პენსია, ანუ ბრუნვაში უფრო მეტი ფულია, საყოველთაო დაზღვევითაც ისარგებლა ბევრმა, ახდენს ეს რაღაცნაირად გავლენას ლარის კურსზე?
– ლარის კურსი სტაბილურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მასზე ახდენს გავლენას, ეკონომიკა რომ არ იზრდება და საკასო შემოსავლები აკლდება ბიუჯეტს. ლარის სიმყარეს განსაზღვრავს საგადასახადო შემოსავლები, მაგრამ ეროვნული ბანკი ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომ ეს კურსზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს.
– მაგრამ ლარის კურსი მაინც გაიქცასავით?
– ეს სეზონურიც არის. რაც გინდა, ღარიბი იყოს ქვეყანა, დეკემბრის ვაჭრობა ყველაზე დიდი მაჩვენებლებით არის ცნობილი. მაგრამ, თუ გაგრძელდება ეკონომიკის ასეთი შენელება, ეს ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე, თუმცა იმედია, რომ დაიძვრება ეკონომიკა.
– თავის გაზრდამდე არსებულ ნიშნულამდე ლარის კურსის დაბრუნებას როდის ელით?
– იანვარში დოლარზე მოთხოვნა მცირეა და იმედია, რომ იანვრისთვის დაუბრუნდება. ასევე, ველოდებით იმპორტის ზრდას.
– იმპორტის შემცირება რამ გამოიწვია?
– მომხმარებლის შემცირებამ. მაგალითად, ხორბლის იმპორტი შემცირდა იმიტომ, რომ ფქვილის გაიზარდა, მაგრამ მთლიანობაში იმპორტი მაინც მოხმარების შემცირების გამო შემცირდა.
– ანუ წელს უფრო მშივრები ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით?
– ასე გამოდის. ფული არ არის, იმიტომ რომ ბანკში მიდის სესხების დასაფარავად.
– მესმის, რომ მოტივაცია და ცხოვრების დონეები განსხვავებულია, მაგრამ ამერიკელებიც მთელ ცხოვრებას ბანკის ვალების გასტუმრებას ახმარენ. კარგია, რაღაცით მაინც რომ დავმსგავსებივართ.
– ამერიკის და საქართველოს შედარება არ გამოვა, იქ სხვა ეკონომიკაა… ამან ამერიკას დაამჩნია კვალი, ამიტომაც უზარმაზრი ფული ჩაღვარეს ეკონომიკაში.. ჩვენ კი დღეს ვართ რთულ გარდამავალ ეტაპზე.