ჯაყო გაკომუნისტებულა
შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩვენი ხელი მოაკლდათ, იქნებ, ჩვენი გულის სითბოც, ან, სულაც, თვალების ცეცხლი, ამ ჩვენი „იუჟნაია ოსეტიად“ გადანათლული ცხინვალის რეგიონის მხოლოდაღიარებული „პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი, ყურებს რომ არ დაუჯერებ, ისეთ განცხადებას აკეთებს განცხადებაზე.
მაგალითად, 30 ნოემბერს, რაკი „იუჟნაია ოსეტიაში“ „იუჟნაია ოსეტიას რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის“ X ყრილობა ჩატარდა, მასზე, ბუნებრივია, პირველკაციც გამოვიდა და ჩვენს სეპარატისტულ სამწყსოს შემდეგი აუწყა: „კომუნისტურ პარტიას თამამად შეიძლება, ვუწოდოთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა „იუჟნაია ოსეტიაში“, რომელსაც აქვს სერიოზული იდეოლოგიური და საკადრო პოტენციალი (ლენინი)“
თუ მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორ ბ-ნ მალაშენკოს დავესესხებით, მოცემულ მომენტში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა მოსკოვის ერთი მცირე ქუჩის მოსახლეობას უტოლდება (და მე ეს სულაც არ მიხარია), შესაბამისად, გაკომუნისტებული ჯაყოების, მაინცდამაინც, მძლავრ და წამლეკავ ტალღასაც არ უნდა ველოდოთ. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ფანჯრებში XXI საუკუნეა, ხალხი მარსზე დასასახლებლად ემზადება, ამ ჩვენს თიბილოვს კი კომუნისტური პარტიის მიერ დაფრთიანებული კადრების იმედი აქვს „იუჟნაია ოსეტიას“ გაბრწყინებული მომავლის შესაქმნელად, დროა, ყოველმხრივ აღჭურვილი ფსიქიატრიული კლინიკის ასაგებად დავფაცურდეთ.