იზოლაციის ხიბლი
ანუ, დაგვიანებული არითმეტიკა
კარგა ხანია, ვიცით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ნაცმოძრაობის“ გენმდვივნის სასამართლო პროცესები ქუთაისში იმართება, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრალდებულის აღშფოთებას იწვევდა და იწვევს, მოტივით – ვიღლებიო.
თუმცა, სულ ახლახან (შესაძლოა, იმიტომ რომ განმარტოება ადამიანს უხდება – აბა, მაშინ რატომ ჩაჯდებოდა დიოგენე საკუთარი ნებით კასრში?!) ბ-ნმა მერაბიშვილმა სრულიად სხვა ჭრილში დაგვანახვა პრობლემის არსი (პათოსით: ჯანდაბას, ჩემი დაღლილობაო).
კერძოდ, თეთრ-თეთრ დაითვალა ხარჯი, რასაც ხელსიუფლება სასამართლო პროცესის თბილისში ჩატარებით დაზოგავდა. მოვიხმობ ციტატას: „საკმაოდ დაფასებული ესკორტით მოვდივარ და, საბადრაგო მანქანის გარდა, 4 „პიკაპი“ მომყვება. მხოლოდ ჩემი ჩამოსვლა 5 000 ლარი უჯდება სახელმწიფოს და ამაში არ შედის პროკურორების მივლინებისა და მოწმეების ტრანსპორტირების ხარჯები.“
შესაბამისად, იქვე გაანგარიშებაც შემოგვთავაზა: „5 000 ლარი ეს არის 60-70 პენსიონრის პენსია და 100-ზე მეტი სოციალურად დაუცველ პირზე დახმარების ხარჯები.“ შესაბამისად, დაასკვნა: რომ ამ ფულით ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. –
ლოგიკა, უდავოდ, დამაჯერებელია და ბიუჯეტისთვისაც მეტად ამაგდარი, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამაზე მეტს ხარჯავს ბიუჯეტი პარლამენტართა ქუთაისში მოძრაობაზე და იმ პარლამენტის თბილისში დაბრუნებას, მათ შორის, ბ-ნი მერაბიშვილიც ეწინააღმდეგება, ზედაც, იმ პარლამენტის აშენებისთვის მიფშვნილ რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს დავუმატებთ (შადრევნებში, ბრჭყვიალა ხიდებსა და სხვა ამგვარობებში გადაყრილ ფულზე აღარ შევჩერდები, მასაჟისტების ჩათვლით), ამოცანა გვეკითხება (ბ-ნ მერაბიშვილს დავესესხები): ამ ფულით რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლებოდა?! –