მკვდარს აკიდებული
შენ რომ ჩემთვის თავის დაცვა არ გისწავლებია?!
რაკი წლებია, ისე დავიბედეთ, რომ ISAF-ის მისიაში თავი უნდა გამოვიჩინოთ არა მხოლოდ ავღანეთში მივლენილი სამხედროების რაოდენობით, არამედ – ყველაზე ცხელ წერტილში სამსახურითაც, სავსებით ბუნებრივია, იქიდან არც „ნატოს“ ჯარების გასვლის შემდეგ მოვდივართ.
არ მოვდივართ, რადგან, ავღანელებს სამხედრო საქმე უნდა შევასწავლოთ (ეს ჩვენი კეთილი გული დაგვღუპავს საბოლოოდ). – მაგრამ, როგორც გასულ კვირას შევიტყვეთ, მხოლოდ ამით არ ამოიწურება მარაქაში გარევის ჩვენებური მცდელობა: თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ISAF-ის მისიის ფონდში ერთ-ნახევარ მილიონს გადარიცხავს (ეს რომ ბ-ნ მერაბიშვილს სცოდნოდა, ამ თანხასაც მიათვლიდა იმ კეთილ საქმეებს, რომლებზეც მიგვანიშნა).
ისიც ვიცით, რომ ეს მილიონ-ნახევარი ავღანელი ჯარისკაცების მომზადებას მოხმარდება. ხოლო, რაკი ეს ფინანსური ვალდებულება საქართველოს 2 წლის წინათ აუღია, მთლად მოქმედ მინისტრსაც ვერ მოვთხოვთ მასზე პასუხს და, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ბიუჯეტიანი და თავმოყვარე ქვეყანა მილიონ-ნახევარს მაინცდამაინც არ უნდა მისტიროდეს (მაგრამ, რომ მიმეტირება?!).
იმის გათვალისწინებითაც, რომ მადლი ქენი, ქვაზე დადეო, ინიციატივა არცთუ დასაგმობია, ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ავღანეთში, ანუ ISAF-ის ოპერაციებში ჩვენი სამხედროები გამოცდილებას კოალიციის სამხედრო მიზნების შესრულებაში იღებენ (რაც ნაკლებად გამოადგებათ ჩვენი ნაციონალური ინეტერსების მისაღწევად), ჩვენ რომ გვჭირდება, იმ სამხედრო გამოცდილებას, ნეტავ, ავღანეთში დემოკრატიის დამყარების შემდეგაც არ მიგვაღებინებენ?!