როგორ გალახეს ბაბუამ, შვილმა და შვილიშვილმა კოლა ნადირაძე
არსებობს აზრი, რომ ადამიანის შეძენილი თვისებებია სიძუნწე და გულმავიწყობა.
ფილიპე კოპაძე რომ ძუნწი იყო, მთელმა სოფელმა იცოდა, მისი მეზობელი კოლა ნადირაძე კი გულმავიწყი – ისიც.
მიადგა ერთ ავბედით დღეს კოლა ფილიპეს – თუ ძმა ხარ, 7 ლარი მასესხეო.
– სად მაქვს, თუ გიყვარდე, 7 ლარი... შვიდი ლარი რომ მქონდეს, ცოლს ვითხოვდიო, – იმან.
გაბრაზდა კოლა და რა გაბრაზდა:
– შე ძუნწო, ექვსი ცოლი გამოიცვალე და ყველა შვიდლარიანი იყო, შე მართლა წუწურაქო?! ზამთარში თოვლს არ ასესხებ მეზობელს, შე ძუნწოო! – უკივლა და უკივლა.
– მე ვარ ძუნწიიი?! – გადაირია ფილიპე, გაექანა და ისეთი სთხლიშა ლოყაში საწყალ კოლას, რომ იქვე მოსეირნე დაფეთებული კატა წამში ავარდა ხის კენწეროზე. დარეტიანებული კოლა სახლში იმ განზრახვით წაბარბაცდა, რომ მეორე დღეს უჩივლებდა წუწურაქ და ახლა მოძალადე მეზობელს, მაგრამ, გულმავიწყი იყო-მეთქი, ზემოთ არ გითხარით? გადაავიწყდა და ასე დამთავრდა ეს ამბავი. ოღონდ ის კი ახსოვდა, რომ ფილიპემ რაღაცა აწყენინა და დაემდურა.
ერთ წელიწადში ფილიპემ თქვენი ჭირი წაიღო.
სამი შვილი ჰყავდა... ჩამოცვივდნენ ქალაქიდან და მამა საკადრისად გაისტუმრეს იმ სამყოფელში.
ქელეხზე კოლაც დაპატიჟეს... ან, დაპატიჟება რად უნდოდა, ღობის მეზობელი იყო და ასეთ დროს მდურება რა საკადრისია!
მიაბარეს მიწას უბედური.
უკან მობრუნებულები სახელდახელო, „საცხონებელ“ სუფრას მიუსხდნენ.
თბილისელმა შვილმა, ჯამბულამ, თამადობა კოლას სთხოვა.
ამანაც, ბევრი „თავპაიჯი“ არ გაიღო და საქმეს შეუდგა. შეუდგა და, არცთუ ურიგოდ – გულუხვად აქო მიცვალებული (ასეა წესი!) და თანდათან შევიდა ეშხში...
არა... არ შეგეშინდეთ, სიმღერა არ წამოუწყია, უბრალოდ, შვილი მოიხმო (თბილისელი) და ყურში უჩურჩულა:
– რაია, იცი? ახლა განსაკუთრებული სადღეგრძელო უნდა ვთქვა და ცოტა მოზრდილი სასმისი მომიტანე, იმით ვაპირებო.
შვილი (თბილისელი) უხერხულში ჩავარდა:
– ბატონო კოლა, უხერხულია, აქ მიცვალებულის საპატივცემულო ტრაპეზია და დიდი სასმისი ნამდვილად ზედმეტიაო, – უთხრა.
– რავა შენც მამაშენივით ძუნწი გამოხვედი, შე კაცო! – იწყინა კოლამ და...
– ვინაა ძუნწი, მე?!! – გადაირია თბილისელი ფილიპიჩი, – მე ვარ ძუნწი?! გაუქანა და ისეთი თხლიშა ფანტაზიებში მოცურავე თამადას, რომ საქათმეში მიყუჩებულმა ქათმებმა ერთი ამბავი ატეხეს – არიქა, ომი იწყებაო. ძლივს გააკავეს თბილისელი.
წალასლასდა სახლში ამჯერად შვილის მიერ გალახული მეზობელი. ამას მაინც ვუჩივლებ, რავა წარამარა მირტყამენ მამა და შვილიო, – გადაწყვიტა. მაგრამ მეორე დღეს აღარ ახსოვდა და ასე დამთავრდა ამბის ციკლის ეს მეორე ეპიზოდიც.
ორმოცზე ჩამობრძანდა თავის 16 წლის ბიჭთან ერთად თბილისელი ფილიპიჩი და, დარცხვენილი, თავისი ფეხით მიადგა კოლას.
– რაც იყო, იყო, კოლია ბიძია, ჰმ... ისა... მაპატიე და გვეწვიე ორმოცზე, დაგვაფასეო.
კოლა გულმავიწყი იყო, მაგრამ, უბოროტო და – კარგი, ბიძიკო, კარგი, მოვალო...
– მაშინ, კოლია ბიძია, სანამ სტუმრები მოვლენ, მე და შენ სასაფლაოზე ავიდეთ, მოვასუფთაოთ იქაურობაო, – სთხოვა თბილისელმა და დილაადრიან ვერცხლისფერი „მერსედესით“ ავიდნენ ფილიპეს სასაფლაოზე.
გაზაფხული ძალაში შედიოდა. მეტიჩარა ჩიტები საამურად დასჭიკჭიკებდნენ ნაძვის ხეებით შემოჯარულ სასაფლაოს.
ფილიპიჩი, მისი 16 წლის ანზორა და კოლა მანქანიდან ჩამოქვეითდნენ და სასაფლაოს მიადგნენ.
ერთი ხებალახა მცენარე ამოზრდილიყო საფლავის გვერდზე.
შეაბიჯა ფილიპიჩმა მამის საფლავზე და – ეს რა ამოსულა, კაცო, კაი რამე რო იყოს, ხო არ ამოვიდოდაო, – და, გაგულისებული, ორივე ხელით მოეპაწკურა ამოზრდილ ხებალახს. მოქაჩა – არ მოჰყვება... ისევ მოქაჩა – არა... არ ემორჩილება წყეული მცენარე... მესამედაც ამაოდ მოქაჩა და კოლამ ვეღარ მოითმინა:
– კარგი ახლა, ჩემო ფილიპე, კაი, შე კაცო, გოუშვი ხელი ფესვებს, რა ჯანდაბად გინდა ეს ხებალახი... მარა, რავარი ძუნწიც სიცოცხლეში იყავი, ისეთ დარჩი მკვდარიც... არც ეს გეთმობა და გემეტება, შე ძუნწოო!
– ვინაა ძუნწი, ბაბუაჩემი?! – იბღავლა 16 წლის ანზორიკომ, იქვე წააძრო მოზრდილი სარი და უცხუნა ბეჭებში საწყალ კოლას.
– ვაი დედა! – დაიკლაკნა გამწარებული გულმავიწყი... – ვაიმე, დედა!!! არა, თქვენ უნდა მომკლათ მამიან-შვილიან-შვილიშვილიანად, თქვე უპატრონოებო, თქვე უჯიშოებო?! ეხ, ფილიპე, ფილიპე... შენზეა ნათქვამი, ცოცხალმა მომკლა, მკვდარმა ამომაგდოო... უი... – და დაეშვა თავდაღმართში კვანჭალ-კვანჭალით.
მურმან მერკვილიშვილი