სერიული მანიაკები
ამირან ფოფხაძე თმაშეჭაღარავებული, ბრგე აღნაგობის, ტანმაღალი მამაკაცი იყო. ის პოლიციის ქვეგანყოფილებიდან ხუთასიოდე მეტრის მოშორებით ცხოვრობდა.
მასპინძელი სახლის წინ, მცირე ზომის ბაღში დახვდათ ოთარსა და გიორგის. ოთარი მეგობრულად გადაკოცნა, გიორგის გაეცნო. შემდეგ ფანჩატურში მიიპატიჟა სტუმრები და აივანზე გადმომდგარ მეუღლეს გასძახა:
– აბა, შენი იცი ახლა, დიასახლისო. სტუმრებთან არ შემარცხვინო!..
– არა... არა... – შეეწინააღმდეგა გიორგი, – მაგისთვის არ გვცალია. საქმეზე ვართ მოსული. მაგრამ მასპინძელს ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის. ოთარი და გიორგი ძალით შეიყვანა ფანჩატურში, მაგიდასთან დასვა და თავადაც მათ პირისპირ ჩამოჯდა.
გიორგიმ შეფარული ჟესტით ანიშნა ოთარს: რამე მოიფიქრე და დროზე წავიდეთო.
– აბა... ეგეთები არ იყოს! – ამირანმა წყენით შეწკიპა წარბები.
– მართლა არ გვცალია. სერიოზული საქმე გვაქვს შენთან, – ჩაურთო ოთარმა.
– მაგ საქმეებმა თავი რომ მომაბეზრეს, იმიტომაც გავედი პენსიაზე!.. ჰო კარგი, – სწრაფად დაამატა ამირანმა, როგორც კი გიორგის წყენა შეატყო, – რა შეგემთხვათ?.. მხოლოდ ერთი პირობით. ოჯახის დაულოცავად აქედან მაინც არ გაგიშვებთ. შევთანხმდით?
– მოსულა, – უღონოდ ამოიოხრა გიორგიმ.
– მაშინ ყურადღებით გისმენთ, – თქვა ამირანმა.
– საქმე ზღვაზე მომხდარ გაუპატიურებას ეხება... – წამოიწყო ოთარმა.
– ვიცი... ვიცი. მურტალი საქმეა, – თავი დაუქნია ამირანმა, – მე რით შემიძლია შენი დახმარება?
– დანარჩენს ჩემი მეგობარი აგიხსნის, – უპასუხა ოთარმა და გიოს ანიშნა, მიდიო.
ამირანი ყურადღებით ისმენდა ნაამბობს, დროდადრო თავადაც სვამდა კითხვებს. ბოლოს უკმაყოფილად გაიქნია თავი და თქვა:
– არა. ასე არაფერი გამოვა. ძალიან მწირი მონაცემებია. ჯინსები, მაისურები, ბოტასები... მთელი თბილისი ასეა ჩაცმული. დანის ტარებაც ნებისმიერ იდიოტს შეუძლია. ერთადერთი თვალში საცემი ნიშანი ხალია, მაგრამ ადგილობრივებში ასეთი არავინ მეგულება.
– ესე იგი, ვერაფრით დაგვეხმარები, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ოთარმა.
– ძველი დრო აღარ არის. ხალხი ერთ ადგილზე აღარ ცხოვრობს. უბანში უამრავი ბინაა გაქირავებული. ზოგიერთ სახლში რამდენიმე ოჯახიც კი ცხოვრობს. ამ ორომტრიალში ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია. როგორ უნდა მიადევნო თვალი პიროვნებას, რომელიც სამი თვის განმავლობაში ფონიჭალაში ცხოვრობს, შემდეგ სამი თვით ავლაბარში ქირაობს ბინას და კიდევ სამი თვის შემდეგ ვაშლიჯვარში ამოყოფს თავს. თანაც, ამ დროს ის ოფიციალურად ზესტაფონშია რეგისტრირებული. სხვებზე ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ, ის ხალიანი ტიპი დანითა და პლანით რომ არ დაძრწოდეს ქუჩა-ქუჩა და მთელ თავის დროს კონსერვატორიაში ატარებდეს, მაინც მეცოდინებოდა. ერთი რამ უეჭველია. ისინი ან ამუბნელები არ არიან, ან კიდევ არსად არიან რეგისტრირებელები, – უპასუხა ამირანმა, – იმის დიდი ალბათობაც არის, რომ იმ საქმის შემდეგ, საერთოდ მოშორდნენ აქაურობა და სხვაგან დაიდეს ბინა.
– ცუდია. სხვა გზის გამონახვა მოგვიწევს, – თქვა ოთარმა და ადგილიდან წამოიწია.
– რას აკეთებ?! – გაუკვირდა ამირანს, – გადაგდებას მიპირებ?
– გვაპატიე, მაგრამ ქეიფს შესაბამისი ხასიათი სჭირდება. ახლა მაგაზე ფიქრიც კი არ შემიძლია
– დაჯექი... დაჯექი... მე ვთქვი, რომ პირადად არ ვიცნობ ასეთ ტიპს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვასაც არ ეცოდენიბა რამე მის შესახებ!
– ინფორმატორებს გულისხმობ? – ჰკითხა ოთარმა.
– როდის ისწავლი მუშაობას. ინფორმატორი ყოველთვის სანდო არ არის. თანაც, როგორც წესი, მათ ყველაფერი არ იციან. მე უფრო მარტივ და ეფექტურ მეთოდს გასწავლით. ინფორმაციის მისაღებად ყოველთვის მიაკითხეთ უბნის მაღაზიებს, საპარიკმახეროებსა და ტაქსის მძღოლებს. ისინი ყველას იცნობენ, – ურჩია ამირანმა.
– გავითვალისწინებთ, – თავი დაუქნია ოთარმა.
– არა. ამჯერად არაფერი გამოგივათ. შენ ქვეგანყოფილების უფროსი ხარ. გიორგის არავინ იცნობს ამ უბანში. ადამიანები კი, როგორც წესი, თავს იკავებენ სხვის საქმეში ჩარევისგან. ამ საქმეში მე დაგეხმარებით.
– მაშინ ნუღარ გადავდებთ. რამდენი მაღაზია და საპარიკმახერო იქნება უბანში? – გამოცოცხლდა ოთარი.
– არც ისე ბევრი, მაგრამ... – ამირანმა აივანზე გაწყობილ სუფრაზე მიანიშნა ოთარს.
– მოდი, ჯერ საქმეს მივხედოთ, – შესთავაზა მან.
– კარგი. გულს არ დაგწყვეტთ. თანაც, ლამაზი არ იქნება, პოლიციის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა ნასვამმა რომ დაიწყოს მაღაზიებსა და საპარიკმახეროებში ბოდიალი, – ჩაიცინა ამირანმა და წასასვლელად ადგა.
პირველი მაღაზია, რომელშიც ამირანმა სტუმრები მიიყვანა, ლოტკინის სანერგე მეურნეობაში მდებარეობდა. ეს იყო მცირე ზომის შენობა, ვიწრო დახლმაცივრებითა და სურსათ-სანოვაგით გადატვირთული თაროებით. დახლს მიღმა ორმოცდაათიოდე წლის ქალი იდგა.
– გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? – ქალი ღიმილით მიესალმა მაღაზიაში შესულ ამირანს.
– რიგითი პენსიონერივით, – უპასუხა მან.
– ჰო, გავიგე, რომ სამსახურს თავი გაანებეთ. რატომ აჩქარდით?
– დავბერდი, ჩემო ნანა. აღარ შემიძლია. კრიმინალების დევნას, მირჩევნია, შვილიშვილებთან გავატარო დრო.
– მართალია, ეგ ჯობია, – დაეთანხმა ქალი, – რა მოგართვათ?
– შენი დახმარება მჭირდება. ქვემო უბანში ლამარას მაღაზია ხომ იცი?
– რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ქალმა.
– ლამარა ჩემი ახლობელია. ერთ ბიჭს მისი ვალი აქვს, მაგრამ იმალება. ლამარამ ვერაფრით მოძებნა და მე მთხოვა დახმარება, – თქვა ამირანმა, – ხომ არ დამეხმარები მის მოძებნაში?
– ვინაა ის ბიჭი. რა ჰქვია? – დაინტერესდა ქალი.
– სახელი და მისამართი, რომ ვიცოდე, მე თვითო მოვძებნიდი, – გაიცინა ამირანმა, – ლამარასაც არ ახსოვს რა ჰქვია. მხოლოდ ის იცის, რომ სადღაც აქ ცხოვრობს.
– აბა, რა გითხრათ, ბატონო ამირან. ამ უბანში ბევრია ნისიის მოყვარული. რა ვიცი, თქვენ რომელს ეძებთ?
ამირანი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უთხრა:
– ჰო, გამახსენდა. ლამარამ მითხრა, რომ იმ ბიჭს მარჯვენა ყვირიმალზე მოზრდილი ხალი აქვს.
– აა... ეს ლერი უნდა იყოს. ჩემთანაც ხშირად შემოდის, მაგრამ ნისიად არაფერს ვაძლევ. კარგად ვიცნობ ასეთ ლაწირაკებს. ნისიად წაღებენ საქონელს და შემდეგ უგზო-უკვლოდ იკარგებიან. – უპასუხა ქალმა.
– ლერი?.. ვინაა? ადრე არასოდეს შევხვედრივარ. ჩვენი უბნელია?
– არა. მგონი, გალიდან უნდა იყოს. ჭიჭინაძე ხომ იცით?
– რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ამირანმა.
– მისი შვილი უცხოეთში გაემგზავრა. ჭიჭინაძე კი საცხოვრებლად ბაღში მდებარე პატარა სახლში გადაბარგდა და ბინა გააქირავა. ის ბიჭი იქ ცხოვრობს.
– ბოლო ხანებში ხომ არ მოგიკრავს თვალი?
– ადრე სულ ტრიალებდა თავის ამხანაგებთან ერთად. მაგრამ, რამდენიმე დღეა, რაც არ გამოჩენილა.
– მისი ამხანაგები ჩვენი უბნელები არიან? – ჰკითხა ამირანმა.
– არა, – თავი გაიქნია ქალმა, – უსიამოვნო ტიპია. რამდენიმე დღით გადმოსახლებული იყო აქ, როდესაც ჩვენს ბიჭებთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა. მერე დაიწყო საქმეების გარჩევები, ვიღაცების აყვან-ჩამოყვანები. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩვენმა უბნელებმა ცხირ-პირი ამოუნაყეს ლერის. მას შემდეგ აქაურებს ახლო არ ეკარება და ისინიც აღარ აწუხებენ. სადაურები არიან მისი ამხანაგები, არ ვიცი. მაგრამ, მგონია, რომ ისინიც გალიდან უნდა იყვნენ.
– აქ ვისთან ერთად ცხოვრობს?
– ჭიჭინაძეს ბინა მისი ძმის ოჯახმა იქირავა. ის წესიერი ახალგაზრდაა. მუშაობს. ჰყავს ცოლი და ორი შვილი. ლერი კი დროდადრო რჩება მათთან.
– კარგი, ქალბატონო ნანა. მადლობას გიხდი დახმარებისთვის, – უპასუხა ამირანმა და გიორგისა და ოთარს ანიშნა, წავედითო.
ლერი წულაიას უფროსი ძმა, მალხაზი ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში ცხოვრობდა. საბედნიეროდ, ოჯახი ბინაში აღმოჩნდა. კარი ახალგაზრდა ქალმა გააღო.
– გამარჯობა, – მიესალმა ამირანი, – ლერი აქ ცხოვრობს?
ქალმა ყურადღებით შეათვალიერა ამირანი და მისი თანამგზავრები, შემდეგ შებრუნდა და მეუღლეს დაუძახა.
– მალხაზ, მოდი აქ. შენს ძმას კითხულობენ!
ბინის სიღრმიდან ოცდათორმეტი-ოცდაცამეტი წლის, ტანმაღალი მამაკაცი გამოჩნდა. ის ამირანის პირისპირ შედგა და ჰკითხა:
– რა გნებავთ?
– ლერის ნახვა მინდა.
– აქ არ არის, – მოკლედ მოჭრა მამაკაცმა.
– ვიცი. სად შეიძლება მისი ნახვა?
– რისთვის ეძებთ ჩემს ძმას?
– მაღაზიის ვალი აქვს. როდემდე უნდა დაიმალოს?
– მე უკვე გავაფრთხილე ახლო-მახლო მდებარე მაღაზიების გამყიდველები, რომ ლერის ნისიად არაფერი მისცენ და თუ მისცემენ, თავად მოაგვარონ ეს საკითხი. მე დავიღალე მისი ვალების გასტუმრებით!
– მე ვალის გასტუმრებას არ გთხოვთ. უბრალოდ, მითხარით სად არის?
– არ ვიცი. რაც გალიდან თბილისში გადმოსახლადა, ვეღარ ვცნობ. ჩემთან ცხოვრება აღარ მოინდომა. ახალი მეგობრები გაიჩინა და მთელ დროს მათთან ერთად ატარებს, – უპასუხა მალხაზმა.
– ესე იგი არ იცით, სად არის ამჟამად? – ჰკითხა ამირანმა.
– წარმოდგენა არა მაქვს. ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელს. თუ გინდათ, ტელეფონით დავურეკავ, – შესთავაზა მალხაზმა.
– დაურეკე დაეთანხმა, – ამირანი.
მალხაზმა მობილური ტელეფონი ამოიღო და სწრაფად აკრიფა ნომერი. ორიოდ ზუმერის შემდეგ, ყურმილში ჩახლეჩილი ხმა გაისმა.
– გისმენ, მალხაზ.
– სად დაიკარგე? ერთხელ არ უნდა დარეკო ამდენი ხნის განმავლობაში? – უკმაყოფილოდ თქვა მალხაზმა.
– დაკავებული ვიყავი, რამე ხომ არ მოხდა? ბავშვები როგორ არიან?
– კარგად... აქ ვიღაცეებმა მოგაკითხეს.
– ვინ?
– ამბობენ, რომ მაღაზიის ვალი გაქვს. რამდენჯერ გაგაფრთხილე, ასე ნუ იქცევი-მეთქი. შენი გადამკიდე, უბანში ვეღარ გამივლია. ყველა ფულის დაბრუნებას მთხოვს!
– ნუ პანიკობ რა. რა ამბავი ამიტეხე ორმოცი ლარის გულისთვის?! – ბრაზით წამოიძახა ლერიმ.
– მე მაგ ორმოცი ლარისთვის ორი დღე უნდა ვიმუშავო!
– მიეცი მაგათ ტელეფონი!
მალხაზმა მობილური ამირანს გაუწოდა და უთხრა: შენთან სურს ლაპარაკიო.
– ვინ ხარ, ძმაო, რატომ აწუხებ ოჯახს?! რომ ვთქვი გადავიხდი, ესე იგი გადავიხდი! – ტყვიამფრქვევივით მიაყარა ლერიმ.
– როდის?
– როცა მექნება!
– მექნება გრამაფონშია. შენ ჩემი მაღაზია ჰუმანიტარული ორგანიზაცია ხომ არ გგონია.
– ზედმეტს ნუ ბაზრობ, ბიჭო. მანდ არ გამომიყვანო! – მუქარით წამოისროლა ლერიმ
– მითხარი, სად ხარ და მე თვითონ მოგაკითხავ! – უპასუხა ამირანმა.
– მანქანით ხარ?
– ჰო...
– ნახევარ საათში ელდეპოს სახინკლესთან გელოდები. იცოდე, თუ არ მოხვედი, მე ამოვალ ლოტკინზე და შენივე უბანში გაგიიასნებ, ვინ ვინ არის! – მუქარით დაასრულა ლერიმ და მობილური გათიშა.
* * *
აბულაძის მდგომარეობის გასარკვევად, საავადმოფოში მისული მირიანი და ანა უცნაურ სანახაობას გადააწყდნენ. დერეფანში ათამდე ადამიანს მოეყარა თავი. ისინი ჩხუბითა და ლანძღვა-გინებით ცდილობდნენ განყოფილებაში შეღწევას. პოლიციის ორი თანამშრომელი და დაცვის სამსახურის წევრი კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მაგრამ ისინი მაინც ვერ ახერხებდნენ აღელვებული ადამიანების დაშოშმინებას. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა ერთი ახალგაზრდა. ის ორივე ხელით ჩააფრინდა სახელურს და გაშმაგებული ცდილობდა კარის გაღებას.
– რა ხდება აქ? – ლიფტიდან გამოსვლისთანავე იკითხა მირიანმა.
უცხო მამაკაცის გამოჩენამ ოდნავ დაამშვიდა განყოფილების წინ შეგროვილი ადამიანები. ახალგაზრდამ სახელურს ხელი გაუშვა, შემობრუნდა და მირიანს უპასუხა:
– პაციენტის მოსანახულებლად არ გვიშვებენ. ასე გვეუბნებიან: გამომძიებლის ნებართვის გარეშე, ზურას არავის შევახვედრებთო!
– აბულაძეს გულისხმობთ? – ჰკითხა მირიანმა.
– დიახ. ზურა ჩემი ძმაა.
– ეს განკარგულება მე გავეცი და კიდევ გაგიმეორებთ. თქვენი ძმა დაკავებულია და ძიების პროცესში მას ვერ შეხვდებით!
– რას ჰქვია, ვერ შეხვდებით?! რა ბესპრედელია! – უმალ იფეთქა ახალგაზრდამ, – ბიჭმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა და თქვენ დედ-მამას მისი მონახულების უფლებას არ აძლევთ?!
– დამშვიდდით, – განაგრძო მირიანმა, – ყვირილითა და ხმაურით ვერაფერს შეცვლით. მესმის თქვენი, მაგრამ იგივეს თუ განაგრძობთ, ბრძანებას გავცემ, იძულებით გაგიყვანონ აქედან!
– ეს სად ვართ?! – გაოცებულმა განაგრძო ახალგაზრდამ, – უკვე ავარიის გამოც აპატიმრებთ ხალხს?!
– თქვენი ძმა სხვა დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ავარია მაშინ შეემთხვა, როცა ჩვენ გაგვირბოდა.
– სხვა დანაშაულში?! – დაიბნა ახალგაზრდა, – რა დანაშაულში?! ის ხომ მეორე კურსის სტუდენტია!
– არასრულწლოვნის ჯგუფურ გაუპატიურებაში!
– არა!.. – დაიბნა ახალგაზრდა, – ეს შეუძლებელია!
– სამწუხაროდ, ასეა. ახლა კი გთხოვთ, შეწყვიტოთ ხმაური. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ წახვალთ აქედან. პაციენტთან შეხვედრის უფლებას მაინც არ მოგცემთ. და კიდევ ერთი, ახლავე იზრუნეთ ადვოკატის დაქირავებისთვის. თქვენს ძმას მისი დახმარება ნამდვილად დასჭირდება! – თქვა მირიანმა და ანასთან ერთად შევიდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში