ქურდული ცხოვრება
– კაროჩე, ძმაო, თუ თანახმა იქნები, მაშინ, ოდესაში მოგვიწევს გამგზავრება და იქ ჩალიჩი, – ვუთხარი ბერძენას, მან კი ღიმილით მომიგო:
– სადაც გინდა, იქ ვიჩალიჩოთ, ოღონდ, გველები და მსგავსი შხამიანი საზიზღრობები არ დამანახვო.
– არა, ის კაცი უბრალო გამყიდველია და ქვეწარმავლებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა, ნაკოლშჩიკი მიმტკიცებდა, რომ ძალიან დიდი მაყუთი და ძვირფასეულობა აქვს, თანაც ეს ყველაფერი სახლში უდეს და მხოლოდ პოვნა უნდაო.
– ნაკოლი ზონიდან წამოიღე?
– კი.
– დარწმუნებული ხარ, რომ ნაკოლშჩიკი არ ცდება?
– მე მგონი, არ ცდება.
– მაშინ, თანახმა ვარ, მეტი რა გზა მაქვს? სროკიდან ახალი გამოსულები ვართ და მაყუთი გვჭირდება. როდის მივემგზავრებით?
– ზეგ.
ოდესაში მატარებლით ჩავედით და ერთ ქალთან დავბინავდით, რომელიც თავისი სილამაზითა და მოხერხებულობით იყო გამორჩეული და მასთან დიდი ხნის ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა, კისერზე ჩამომეკიდა და მითხრა:
– კობრა, ძვირფასო, როგორ მომენატრე, რატომ არ მწერდი ზონიდან?
– კლარაჩკა, ჩემო მშვენიერო, რომელი მწერალი მე ვარ, რომ ვწერო? – მივუგე ქალს და ვკითხე, – მარტო ხარ თუ ვინმე გყავს?
– მარტო ვარ, შემოდით.
– ეს ბერძენაა, – გავაცანი კლარას ბერძენა და ბინაში შევედით.
– დიდი ხნით გვეწვიეთ ოდესაში თუ გავლით ხართ?
– გავლით არ ვართ, გარკვეული დროით დავრჩებით, თუ, რა თქმა უნდა, არ გაგვყრი.
– გაგყრით? არა გრცხვენია, კობრა? ძლივს მეღირსა შენი ნახვა და სადმე გაგიშვებთ?
– ჰოდა, ძალიან კარგი. ცოტა გვაჭამე, თორემ გული წაგვივა, – ვუთხარი კლარას, ასმანეთიანი გავუწოდე და დავამატე: – იქნებ რამე სასმელიც გაჩითო.
– ფული შეინახე, კობრა. სასმელების მეტი რა მაქვს, ისურვე და ნებისმიერ სასმელს დაგიდგამ. ოდესაში ჯერ არ დავიწყებიათ ძვირფასი სტუმრების პატივისცემა, – მითხრა კლარამ, რომელიც მხოლოდ იმით გამოირჩეოდა ტრადიციული ოდესელი „ბლატნოებისგან,“ რომ მშვენიერი ქალი იყო. სხვა დანარჩენი კი – ლაპარაკი, მანერები და განუმეორებელი შარმი – ოდესელის ჰქონდა.
– შენ სულ არ იცვლები, კლარაჩკა, – ვუთხარი ჩვენს დიასახლისს.
– არც შენ, ჩემო ძვირფასო. ისევ ისეთი ხარ, როგორიც მრავალი წლის წინ. გახსოვს, როგორ ვგრიალებდით დერებასოვკაზე?
დერებასოვკა ოდესის ცენტრალური ქუჩაა, სადაც ცნობილი ლუდხანა მდებარეობს და სადაც მთელი ოდესის შავი სამყარო იკრიბებოდა. სწორედ ამ დაწესებულებას გულისხმობდა კლარა და მივუგე:
– ამას რა დამავიწყებს, მაგრამ, ნუ გეშინია, კიდევ მოვასწრებთ გრიალს. ამჟამად კი საგრიალოდ არ ჩამოვსულვართ.
– ხომ მშვიდობაა, კობრა?
– მშვიდობა რომ არ იყოს, შენთან მოვიდოდით? პატარა საქმე გვაქვს და საიმედო ბაითი გვჭირდება.
– გასაგებია, – გამიღიმა კლარამ და დაამატა: ახლავე გასადილებთ.
როგორც უკვე ვთქვი, კლარა საიმედო ქალი იყო. მასთან დასამალი არაფერი მქონდა და, ცოტა რომ დავნაყრდით, ვუთხარი:
– თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენი დახმარება გვჭირდება.
– ყოველთვის მზად ვარ. თქვი.
– კლარაჩკა, ერთი კაცი უნდა მოგვაძებნინო ოდესაში. შეძლებ?
კლარას გაეცინა და მითხრა:
– თუ გინდა, ნემსს გაპოვნინებ თივის ზვინში, შენ მხოლოდ სახელი მითხარი.
– გრიგორი ბობენკო. მაღაზიის უბრალო გამყიდველია. იცნობ ასეთს?
კლარამ მხიარულად გადაიკისკისა და მითხრა:
– სწორედ ათიანში მოარტყით, ჩემთან რომ მოხვედით.
– ათიანში?
– რა თქმა უნდა, – მითხრა კლარამ და ხელი მარჯვენა კედლისკენ გაიშვირა, – გრიშა აი, იქ ცხოვრობს, ჩემი კარის მეზობელია.
მე და ბერძენამ ერთმანეთს გადავხედეთ. კლარა კი კედელში ჩამონტაჟებულ წიგნების კარადასთან მივიდა, გამოაღო და გვითხრა:
– თქვენ, რა თქმა უნდა, გრიშას დასაბომბად ხართ ჩამოსულები, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ მის ბაითში მანეთიანსაც კი ვერ იპოვით. ის ძალიან მდიდარია, თუმცა, სახლში არაფერს ინახავს, მთელი ქონება მე მომაბარა.
– შენთან? – ვკითხე კლარას. მან კარადის კედელში ჩამონტაჟებული სეიფი დაგვანახვა და თქვა:
– აი, აქ. ყველაფერი საიმედოდაა დამალული და ეს არცაა გასაკვირი, რადგან, გრიშა ცხონებული მამიდაჩემის ქმარია...
– სიურპრიზიც ასეთი უნდა, – ვთქვი მე. ბერძენამ კი დაამატა:
– მისამართი შეგვეშალა. სულ ტყუილად ჩამოვსულვართ და ცარიელებს მოგვიწევს უკან გამგზავრება.
– სულაც არა, – თავი გააქნია კლარამ, – მე მაქვს ერთი მაგარი ნაკოლი და იქ არანაკლებ კუშს აიღებთ, თანაც, პირადად მოგეხმარებით. დიდი ხანია, ეს საქმე ჩავიფიქრე, საიმედო ხალხს ვეძებდი და თქვენი თავი განგებამ გამომიგზავნა.
– არც ესაა ცუდი. აბა, გვითხარი, – ვუთხარი კლარას.
– მოკლედ, ასე. ლუნაჩარსკის ქუჩაზე ერთი ოქრომჭედელი ცხოვრობს, ადრე მეარშიყებოდა. რამდენიჯერმე სახლშიც კი დამპატიჟა, მაგრამ, ლოგინში ვერ შემიტყუა. ბოლოს ხელი დავუქნიე და აღარ შევხვედრივარ. აი, იმისი ბაითის დაბომბვას გთავაზობთ და, შემიძლია, ზუსტად აგიწეროთ მისი ხუთოთახიანი ბინის განლაგება.
– მასაც რომ მეზობელთან, ან, სულაც, მიწაში ჰქონდეს დამალული ქონება? – ვკითხე კლარას.
– გამორიცხულია. ის ისეთი ჟმოტია, რომ მეზობელს და მიწას კაპიკსაც არ ანდობს, ნაღდად სახლში ინახავს ყველაფერს. უბრალოდ, კარგი მოძებნაა საჭირო და ამას შენზე უკეთ ვინ გააკეთებს?
– სახლიდან ხშირად გადის?
– თითქმის არასდროს.
– ეს უკვე პრობლემაა. მის გამოსატყუებლად რამე ეშმაკობა უნდა მოვიფიქროთ.
– არც ესაა შეუძლებელი. მე ვიცი, როგორ უნდა გამოვიტყუოთ სახლიდან.
– როგორ?
– ჩემი მეშვეობით.
– კონკრეტულად?
– ეს ჟმოტი სუპერ-ოქრომჭედელია და უამრავი კლიენტი ჰყავს, რომლებსაც ტელეფონით უკავშირდება და შეხვედრაზე უთანხმდება; ტელეფონითვე, უკავშირდებიან მას კლიენტები. ერთი სიტყვით, ტელეფონი მისთვის სასიცოცხლო რამაა. ამიტომ, მას ჩვენ ეს საშუალება უნდა მოვუსპოთ – სატელეფონო ხაზი უნდა გადავუჭრათ, რომლის მავთულებიც მის სადარბაზოში გადის.
– მერე, ეს რას მოგვცემს? – ვკითხე კლარას.
– იმას, რომ ის ან პირდაპირ „ატეესში“ წავა ხელოსნის გამოსაძახებლად, ან, უახლოესი ქუჩის ტელეფონით ისარგებლებს, რომელიც მისი სახლიდან ექვსას მეტრში მდებარეობს.
– და, რა მერე? – ვერ მივხვდი მე, კლარამ კი ღიმილით მითხრა:
– მერე ის, რომ მე მას „შემთხვევით“ ვხვდები ან ქუჩის ტელეფონთან, ან „ატეესში“ – გააჩნია, სად წავა, დანარჩენი კი ტექნიკის საქმეა. ის რომ დამინახავს, ურთიერთობის აღდგენას შემომთავაზებს და, ატვეჩაი ვარ, რომ მინიმუმ ორი საათით მაინც გავაჩერებ. ამასობაში კი თქვენ მის ბაითს გაასუფთავებთ. გეყოფათ ეს დრო?
– ვფიქრობ, რომ გვეყოფა. მაქსიმალურად სწრაფად ვიჩალიჩებთ, ვუთხარი მე და იქვე ვკითხე: – დავუშვათ, ის არც „ატეესში“ წავიდა და არც ქუჩის ტელეფონით ისარგებლა. რომ ადგეს და მეზობლების ტელეფონიდან დარეკოს „ატეესში“, მაშინ ხომ მთელი გეგმა ჩაგვეშლება?
– არ ჩაგვეშლება.
– როგორ?
– როგორ და, მთელ იმ სახლში მხოლოდ მას და მისი კარის მეზობელს აქვთ ტელეფონები, მეზობელთან კი ის ჟმოტი მტრულ დამოკიდებულებაშია. ამიტომ, აუცილებლად გამოვა სახლიდან.
– დარწმუნებული ხარ, რომ შენით ის კვლავ დაინტერესდება?
– მილიონი პროცენტით, – თავდაჯერებულად მითხრა კლარამ და დაამატა: ორი წელია, მითვლის, ერთი წუთით მაინც შემხვდი და დამელაპარაკეო და, რომ მნახავს, ორ საათს არ გამიჩერდება? მეტხანსაც გავაჩერებ, მაგრამ, ისეთი შებერტყილია, შეიძლება, მიხვდეს, მეც რომ საქმეში ვარ... მოკლედ, ორ საათში უნდა ჩაეტიოთ.
ბერძენამ, რომელიც მანამდე უხმოდ გვისმენდა, კლარას უთხრა:
– ვითომ, გამოვა ეს საქმე?
– თუ ორ საათში ჩაეტევით, აუცილებლად გამოვა.
– მაშინ, ვიჩალიჩოთ, – თქვა ბერძენამ და მკითხა: რას იტყვი, კობრა, ვიჩალიჩოთ?
– აუცილებლად, – ვთქვი მე და ღიმილით დავამატე: როგორც ფრანგები იტყვიან: „ეძიეთ ქალი“.
– ოპერაცია „შერ შე ლა პა“, – ღიმილით თქვა კლარამ, – ოდესელები კი ვამბობთ: ფრაერი დააბი, გააბრუე და გააშიმხონე.
კლარას გეგმამ აწყობილი საათივით იმუშავა. ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის, ოქრომჭედლის სატელეფონო ხაზთან ერთად, უახლოესი ქუჩის ტელეფონიც დავაზიანეთ. თუმცა, ობიექტი პირდაპირ „ატეესში“ გაემართა, სადაც მას „შემთხვევით“ შეეფეთა კლარა. ძველი სიყვარულის დანახვაზე ჟმოტმა ოქრომჭედელმა მას ლაპარაკი გაუბა და ეხვეწებოდა, ვიმეგობროთო. სანამ „ატეესის“ შენობაში ოქრომჭედელი ხვეწნა-მუდარით იყო დაკავებული, მე და ბერძენამ მისი ბაითი პირწმინდად გავასუფთავეთ და კლარას სახლში უკვე დიდი კუშით დავბრუნდით. მალე კლარაჩკაც მოვიდა და გვკითხა:
– რა ქენით, მოაყომარეთ?
– გენიოსი ხარ, ჩემო გოგონა, – ვუთხარი კლარაჩკას, – იმდენი ოქრო წამოვიღეთ, რომ ლენინის ძეგლი ჩამოისხმება და ცოტა კიდევ დარჩება ბიუსტისთვის. ახლა კი სასწრაფოდ ლენინგრადში უნდა დავგაზოთ, კეშასთან, რომ ტავარი დავუგდოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
– აი, თქვენი ბილეთები, – კლარამ მატარებლის ორი ბილეთი მომცა, – ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ და, როგორც შევთანხმდით, ორ კვირაში იალტაში ვიკრიბებით.
მე და ბერძენა კლარას გამოვემშვიდობეთ, ბერძენამ კი შეახსენა:
– კლარაჩკა, ძვირფასო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ქსენია უნდა ჩამოიყვანო თან?
– რაზეა ბაზარი, ყველაფერი რიგზე იქნება. ქსიუშა ზეგ ჩამოდის ბულგარეთიდან და ორ კვირაში იალტაში მოგგვრით.
ქსიუშა კლარას სტიუარდესა დაქალი იყო და, მართლაც, ორი კვირის მერე ჩვენი ოთხეული იალტაში გრიალებდა. ქსენიამ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა ოქრომჭედლის ბაითის დაბომბვის შესახებ, მაგრამ, ჩვენ რომ ქურდები ვიყავით, არ დაგვიმალავს და არც მას ჰქონია რაიმე საწინააღმდეგო. კლარაჩკას ორი წლის შემდეგ ისევ შევხვდი, მაგრამ, უკვე მოსკოვში და მან მითხრა:
– ქსიუშა ხომ გახსოვს?
– ბერძენას ნაშა?
– ჰო.
– მერე?
– მერე ის, რომ მან საქმრო ამახია, – გადაიკისკისა კლარამ. მე ვერაფერს მივხვდი და ვკითხე:
– ვინ საქმრო, კლარაჩკა?
– ვინ და, ოქრომჭედელი. ერთხელ ერთად გვნახა, დაევასა, შეაბა და ცოლად გაჰყვა.
– რას მელაპარაკები? – გამეცინა მე და ვკითხე, – მერე ბედნიერები არიან?
– სავსებით. ქსიუშა იმ ჟმოტის მაყუთს მაგრად მოაჯდა და იმ ლოხს ცხენივით აჭენებს.
– რაც რამ ჰქონდა, მე და ბერძენამ გავიტანეთ, ნუთუ რამე დაგვრჩა?
– არა, მაგრამ, ის ჟმოტი მაგარი ჩალიჩაა და მალე ისევ გამდიდრდა.
– გამდიდრდა და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს.
– ვის, იმ ლოხს თუ ქსიუშას?
– ორივეს, ჩემო გოგონა, ორივეს. ჟმოტიც ხომ ადამიანია და ბედნიერება არც მას აწყენს.
მოსკოვში მე და კლარამ სულ რაღაც ხუთი დღე დავყავით ერთად და შემდეგ სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს. რვა თვის შემდეგ კი შემთხვევით შევიტყვე, რომ კლარას გრიშას ქონების დიდი ნაწილი წაუღია და ვიღაც გემის კაპიტნის მეშვეობით ისრაელში გაპარულა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან კლარაჩკა ძალიან მოხერხებული, კარგი ცხოვრების მოყვარული ქალი იყო და, ის უფრო გამიკვირდებოდა, ასე რომ არ მოქცეულიყო. „გადაგდებული“ გრიშას ქონებით კი, კლარაჩკამ ისრაელში სარფიანი ბიზნესი ააწყო, თან, იქაური პარლამენტის წევრზე გათხოვდა და, ალბათ, დღემდე უზრუნველად ცხოვრობს. ბოლო სროკზე ყოფნისას არაერთხელ გავიხსენე ლამაზი, მხიარული და ძალიან მოხერხებული ებრაელი ოდესელი კლარა, რომელსაც თავდავიწყებით ვუყვარდი და ჩემი გულისთვის ბევრ რამეს დათმობდა. ის არც მალავდა ამას და არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, მოდი, ერთად გავიქცეთ საზღვარგარეთო, რაზეც ვპასუხობდი:
– რას ამბობ, ჩემო გოგონა, მე ქურდი ვარ და აქედან გაქცევა ქურდობაზე უარის თქმა იქნება, მე კი ქურდად უნდა მოვკვდე-მეთქი.
მორიგი ასეთი პასუხის მერე კლარამ სიყვარულით შემომანათა თავისი მწვანე თვალები და მითხრა:
– დაიმახსოვრე, კობრა, დრო მოვა და ქურდები ისევე მოედებიან მსოფლიოს, როგორც ახლა საბჭოეთს არიან მოდებულები.
მე არ მესიამოვნა კლარას სიტყვები, თუმცა, არ გავუბრაზდი და მშვიდად ვუპასუხე:
– არა მგონია, მაგრამ, ვინც აქედან წავა, ის ქურდი აღარ იქნება.
კლარა არ შემომდავებია, თუმცა, მისი სიტყვები, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, მილიონი პროცენტით გამართლდა: საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, რომ ქურდების მასობრივი მიგრაცია დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში. იქ უმეტესმა მათგანმა თავ-თავიანთი კლანები ჩამოაყალიბა და, მართალია, ქურდის სახელი არ დაუთმიათ, მაგრამ, გამაფიოზდნენ და ისეთ საქმეებში ჩაყვეს ცხვირი, რისი უფლებაც მათ, ჩვენი კანონებით, არ ჰქონდათ.
სიტყვამ მოიტანა და, უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამ, რაც დღევანდელ ქურდულ სამყაროში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო და კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ, არცთუ ისე ცოტა ქურდს ჭეშმარიტი ქურდული სახე დაკარგული აქვს. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მათ შორის – ქურდიც, თუმცა, შეცდომაცაა და შეცდომაც... როდესაც ქურდი ბიზნესითაა დაკავებული, პარალელურად კი საკუთარ თავს ქურდს უწოდებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და პატიოსანი ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რადგან, ქურდი მხოლოდ და მხოლოდ ქურდი უნდა იყოს. ვასია ბრილიანტი და მისი კალიბრის ქურდები ცოცხლები რომ იყვნენ, მრავალ დღევანდელ ეგრეთ წოდებული ქურდს, უბრალოდ, მაგარ სილას შემოჰკრავდნენ, გვირგვინს აჰყრიდნენ და ახლოსაც კი არ გააკარებდნენ იმ საქმეს, რასაც ქურდული ცხოვრება ეწოდება. როგორც ადრე ვთქვი‚ ვასია ბრილიანტს მილიონიანი ქურდული სალარო ებარა და „ჯიბეზე“ დადიოდა“, რომ შავი პური ეყიდა, „პრიმა“ მოეწია და სამმანეთიანი არაყი დაელია. თავისი ძმებისა და, უბრალოდ, გაჭირვებული, პატიოსანი ადამიანებისთვის კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ძმებისავე თანხმობით, ფულის გაცემა არ ენანებოდა. ახლა კი რა ხდება? ზოგიერთი ჩვენი ძმა მილიონებს ატრიალებს, ხიზილალას კოვზებით მიირთმევს, ოქრო-ბრილიანტებშია ჩასმული, საკუთარი იახტით დადის, გარყვნილ ორგიებს მართავს და, უბრალო გაჭირვებულებზე რომ არაფერი ვთქვა, თავისი ჭლექიანი კოლეგისთვის ასი დოლარის გაგზავნა ენანება, რომ სული მოათქმევინოს და წამებული და ტანჯული ცხოვრება შეუმსუბუქოს რუსეთის რომელიმე ციხესა თუ ზონაში. ჩემი ღრმა რწმენით, უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ დიდი ქურდული სხოდკა ჩატარდეს, სადაც ამ პრობლემებზე ვიმსჯელებთ, მოსათხოვს მოვთხოვთ, დასასჯელს კი დავსჯით. დროა, ბოლო მოეღოს იმ ბესპრეძელს, რომელმაც უკვე კარგა ხანია, ჩვენს რიგებში შემოაღწია და სრულ გადაგვარებას გვიქადის. მაშინ, როდესაც პატიოსან ქურდს სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ პასპორტის აღებაც არ უნდოდა, რადგან უდიდეს გრეხად მიაჩნდა, თუმცა, ეს ჩვენი კანონებით არ იკრძალებოდა, დღესდღეობით ზოგიერთ ქურდს დიპლომატიური პასპორტებითა და სხვადასხვა წონიანი ქსივებით აქვს ამოვსებული ჯიბეები, რათა თავი საიმედოდ დაცულად იგრძნოს.
– ქურდის უსაფრთხოება მისი პატიოსნებაა, – უყვარდა თქმა ვასილი ბაბუშკინს, – პატიოსნება ჩვენი ერთადერთი ბაგაჟია, რომელსაც ვერც ბადრაგი და ვერც „ძაღლი“ ვერ ჩამოგართმევს და, ყოველთვის და ყველგან გაიტან, თუკი ის გაგაჩნია.
ეს სიტყვები ვასია ბრილიანტმა მაშინ თქვა, როცა მის როსტოვულ ხატაში ვესტუმრეთ მე და ბერძენა, სადაც ყბედალოც იმყოფებოდა და სუფრასთან ვისხედით. ყბედალომ კი, რომელიც მხიარულ გუნებაზე იყო და შიგადაშიგ ხუმრობდა კიდეც, ბრილიანტს უთხრა:
– ძია ვასია, ეგ კი გასაგებია, მაგრამ, მე მგონი, კიდევ რაღაც უნდა გვქონდეს.
– რა რაღაც? – ვერ მიხვდა ბრილიანტი, – მითხარი, რას გულისხმობ.
– შენ რომ ამბობ, ერთადერთი პატიოსნებაო... ხომ შეიძლება, რომ ის დაკარგო და, ზაპასში კიდევ რაღაც, თუნდაც მცირედი, ხომ უნდა გქონდეს?
ძია ვასიამ ხუმრობის ყადრიც კარგად იცოდა და არც თავად უჩიოდა იუმორს, თუმცა, მყარი პრინციპები ჰქონდა და ყბედალოს მშვიდად, მაგრამ, ძალიან მშრალად და მკაფიოდ უთხრა:
– პატოიოსნება ერთადერთია, რისი დაკარგვაც არ შეიძლება და მას ვერაფრით შეცვლი. პატიოსნების დაკარგვა თავის დაკარგვაზე უარესია. თავი რომ დაკარგო, მოკვდები და სულ ესაა, ხოლო, პატიოსნება რომ დაკარგო, სულსაც დაკარგავ და სულდაკარგულობა ყველაზე ცუდი რამაა, რაც კი შეიძლება, შეემთხვეს ადამიანს. ფიზიკური სიკვდილი – ფიზიკური სიკვდილია, რომლის მერეც კაცს კეთილი სახელი რჩება; სულიერი სიკვდილი კი შეჩვენება და ჯოჯოხეთია, ჯოჯოხეთი კი ისედაც არ გვაკლია ქურდებს ამ ცოდვილ მიწაზე და ჩვენს სულს მაინც დავუტოვოთ იმის შანსი, რომ ჯოჯოხეთიდან ამოვიდეს და ზეციურ სასუფეველს შეუერთდეს.
ვასია ბრილიანტს, მთელი მისი უბრალოების მიუხედავად, ზოგჯერ ძალიან ფილოსოფიურად და სიღრმისეულად შეეძლო ამა თუ იმ საკითხის ახსნა და ამაში ბადალი არ ჰყავდა. სხვა საქმე იყო, გაუგებდნენ თუ არა მას თანამოსაუბრენი, თუმცა, შეპასუხებას ვერავინ ახერხებდა და ბრილიანტი ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა ნებისმიერ დიალოგში. დარწმუნებული ვარ, ძია ვასიას რომ სხვა პროფესია აერჩია, ის იქაც მწვერვალებს მიაღწევდა და მისი მრავალმხრივი ნიჭის ფართომასშტაბიანი რეალიზაცია მოხდებოდა. ის კი ჯიბგირი გახდა. მართალია, ქურდული სამყაროს უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, მაგრამ, მისი ნიჭი და გაქანება ბევრად დიდ მასშტაბებს იმსახურებდა.
ვასია ბრილიანტს თავისი ბავშვობის გახსენება მაინცდამაინც არ უყვარდა. ეს მე კარგად ვიცოდი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა, ზედმეტი შეკითხვებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი. ერთხელ კი, როდესაც მასთან პირისპირ დავრჩი, გავუღიმე და ვუთხარი:
– ძია ვასია, შენნაირი განათლებული და ნიჭიერი ადამიანი არც ისე ბევრი მინახავს – მათ ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც მეყოფა. ამიტომ, ერთი რამ უნდა გკითხო და ნუ მიწყენ.
– აბა, თქვი, – სმენად იქცა ბრილიანტი.
– ძია ვასია, ჯიბგირობის გზას როგორ დაადექი?
– ანუ, შენ გაინტერესებს, პროფესორი რატომ არ გამოვედი?
– თუნდაც.
ძია ვასიამ ჭიქაში არაყი ჩამოასხა, ასწია, მომიჭახუნა და, სანამ გადაკრავდა, თქვა:
– ამ ჭიქით ჩვენს ბავშვობას გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – ვთქვი მეც და დავლიე.
– როგორც ეგზიუპერი ამბობს: „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“, მათ შორის – მეც და, არ ვიცი, პროფესორი გავხდებოდი, ინჟინერი, მეცნიერი თუ სპორტის ოსტატი, მაგრამ, ჩემს ჯიბგირობას ჩემს ადრეულ ბავშვობაში ჩაეყარა საფუძველი და, არა იმიტომ, რომ ჯიბის ქურდობა მიზიდავდა ან ვინმემ დამაძალა, არამედ, ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.
– თუ გინდა, ნუ მეტყვი, – ვუთხარი ძია ვასიას, რადგან შევატყვე, რომ მისი ბავშვობის მოგონებამ მას რაღაც დიდი ტკივილი გაახსენა, მან კი სევდიანი ღიმილით მითხრა:
– რადგან დავიწყე, ბარემ ბოლომდე გეტყვი. მომისმინე და არ შემაწყვეტინო, – ბრილიანტმა „პრიმას“ მოუკიდა და განაგრძო, – ათი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უმცროსი და, ვარვარა, ციებით გახდა ავად. ექიმმა მას ქინაქინა გამოუწერა. წამალი არ იშოვებოდა და მხოლოდ სპეკულანტებში უნდა გეყიდა. ისინი კი სისხლის ფასს ადებდნენ. მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. დედაჩემი ლუკმაპურის ფულს ძლივს შოულობდა და, დამხმარე კი არა, კეთილი სიტყვის მთქმელიც არავინ გვყავდა, რომ ვენუგეშებინეთ მაინც. დედაჩემი ფულზე დარბოდა, მაგრამ, ვერ იშოვა. ვარვარას ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა და ჩემ თვალწინ ღაფავდა სულს. მაშინ მე ერთ სპეკულანტთან მივედი და დაჩოქილმა ვთხოვე, რომ წამალი ნისიად მოეცა და, შევპირდი, აუცილებლად გადავუხდიდი.
– ასი ოქროც ხომ არ გაჩუქო? – ირონიულად მითხრა იმ ბარიგამ. მე ბავშვი ვიყავი და მიამიტურად მივუგე:
– არა, ძია, ასი ოქრო არ მინდა, მხოლოდ ქინაქინა გამატანე და ფულს აუცილებლად გადაგიხდი.
იმ ნაძირალამ კი კოპები შეკრა და მითხრა:
– ასი მანეთი მომიტანე და წაიღე. ახლა კი აქედან დამეკარგე, თორემ, ცხვირ-პირს ამოგინაყავო.
მე იქაურობას გავეცალე და ხან ვისთან მივედი დახმარების სათხოვნელად, ხან – ვისთან, მაგრამ, ყველამ უარით გამომისტუმრა. სამდღიანი უნაყოფო ხეტიალის მერე, როდესაც ვარვარას მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, გადავწყვიტე, ფული მომეპარა და, მართლაც, ტრამვაიში ერთ კაცს ჯიბიდან საფულე ამოვუღე. მან შემამჩნია და აყვირდა, თუმცა, მე გაქცევა მოვასწარი – ტრამვაიდან გადავხტი და მოვკურცხლე. მოფარებულ ადგილზე რომ მივედი, საფულე გავხსენი და იქიდან ექვსასი მანეთი ამოვიღე. ხუთასი შევინახე, სასწრაფოდ ბარიგასთან მივედი, ასი მანეთი ჩავუთვალე და ქინაქინა გამოვართვი, თუმცა, სახლში რომ მივედი, ჩემი ორი წლის ვარვარა გარდაცვლილი დამხვდა. მეორე დღეს დედაჩემმაც დალია სული და სულ მარტო დავრჩი. ჩემები, როგორც უპატრონოები, ისე უნდოდათ ჩაეყარათ მიწაში, მაგრამ, მე გადანახული ხუთასი მანეთი გადავუხადე და წესიერად დავამარხვინე. შემდეგ ქუჩის ბიჭებს შევეკედლე და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა სწავლა-განათლების მიღება, ქურდობას მივყავი ხელი.
– მაპატიე, ძია ვასია, რომ მძიმე წარსული გაგახსენე და გული გაგიბზარე, – ვუთხარი ბრილიანტს, მან კი მიპასუხა:
– ეეჰ, ჩემო ძმაო, გული დიდი ხანია, გაბზარული მაქვს, მაგრამ, ჯერ ბოლომდე არ მომიყოლია და მომისმინე.
– ბოდიში, ძია ვასია.
– ჰოდა, ორი თვე იყო გასული ჩემების გარდაცვალებიდან, როდესაც დავფიქრდი და დავასკვენი, რომ ჩემი უბედურების მთავარი მიზეზი ის ბარიგა იყო, ვინც წამალი არ მომცა. ამიტომ, მისი მოკვლა გადავწყვიტე. ერთ მშვენიერ დღეს, ერთ საყასბოსთან უზარმაზარი ყამა მოვიპარე და ბარიგას სახლისკენ გავემართე. ჩავუსაფრდი და, საღამოს, სახლში რომ ბრუნდებოდა, მის შესახვედრად კიბეებზე დავეშვი, ყამა ვიშიშვლე და მთელი ძალით ვაძგერე მკერდში.
– დაბრიდე ის ბოზი? – წამოვიყვირე მე, ბრილიანტმა კი თავი გააქნია:
– არა, გადარჩა. თუმცა, დაინვალიდდა და, როგორც მერე შევიტყვე, ორი წლის შემდეგ საშინელ წამებაში ამოხდა სული. მაშინ ათი წლის ვიყავი. მართალია, კაცის მკვლელი არ გავხდი, მაგრამ, ჯიბგირობაზე ხელი არ ამიღია და ასე მოვდივარ დღემდე.
ვასია ბრილიანტის ისტორიამ სულით ხორცამდე შემძრა და იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. დილამდე გონებაში ვატრიალებდი მის მონაყოლს და თვალწინ მედგა ის საზარელი კადრი, თუ როგორ უპობს მკერდს ათი წლის ბავშვი საზიზღარ ბარიგას უზარმაზარი ყამით... ბრილიანტის ბავშვობის ეს საშინელი ეპიზოდი, ჩემი აზრით, თავისი დრამატიზმით შექსპირის არც ერთ ტრაგედიას არ ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება და, იმ დღიდან ძია ვასიას მიმართ პატივისცემა გამიასკეცდა. ბევრი ადამიანი, ბრილიანტის ადგილას, უკიდურესად გაბოროტდებოდა და ცხოვრებისეულ მიზნად ადამიანებზე შურისძიებას დაისახავდა, იარაღად კი სისასტიკესა და დესპოტიზმს აირჩევდა. ძია ვასიამ კი, მართალია, კრიმინალის, მაგრამ, სულ სხვა გზაზე დადგომა ისურვა და მას არასდროს ამოძრავებდა სიძულვილი და სისასტიკე, პრიორიტეტს ყოველთვის პატიოსნებას ანიჭებდა და, მზად იყო, გაჭირვებულისთვის ხელი გაეწოდებინა. ამ ყველაფერს კი ის ხალასი გულითა და გენიალური უბრალოებით ახორციელებდა, სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა და, სჯეროდა, რომ სიკეთე აუცილებლად გამოიღებდა კეთილ ნაყოფს.
არ მინდა, ჩემი სიტყვები ისე იყოს გაგებული, რომ ძია ვასია მეორე ლოყას შეუშვერდა, თუკი მას სილას გააწნავდნენ – ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ, არ დადიოდა ამქვეყნად ადამიანი, რომელიც სილის გასაწნავად აღმართავდა მასზე ხელს და, ვინც ამას განიზრახავდა, სასტიკადაც დაისჯებოდა.
ასევე, გასაოცარი ისტორიაა ვასია ბრილიანტის ქურდად კურთხევის ისტორიაც, რომელიც უკვე ნეპმანელი თაობის ქურდებისგან პირადად მსმენოდა და ის მთელმა ქურდულმა სამყარომ ზეპირად იცოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში