როგორ იშოვა ნარკომანმა ყაჩაღმა ნარკოტიკისთვის ფული და რატომ დააბა მან მშობლების ახლობელი ქალი საწყობში
წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის ნასამართლევი 28 წლის ზურა კ-ძე, რომელსაც სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გისოსებს მიღმა მეორედ, მძიმე ბრალდებით – ყაჩაღობისთვის მოხვდა. მისი დაკავება სამართალდამცველებმა კინოლოგიური სამსახურის დახმარებით შეძლეს. დაზარალებული ნანული მ-შვილი მისი მშობლების ნაცნობი ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც იმ მარკეტის მეპატრონე გახლდათ, რომელიც შეიარაღებულმა ახალგზარდამ დააყაჩაღა. კრიმინალურ ისტორიას წინ უძღოდა ინციდენტი, რის გამოც ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს შორის კონფლიქტი მოხდა.
ოპერატიული ინფორმაცია სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან, თავად დაზარალებული მოქალაქისგან მიიღეს. მაღაზიიდან, რომელიც მოქალაქე ნანული მ-შვილის კუთვნილება იყო, დამნაშავეს დაახლოებით 120 ლარი, მშრალი საკვები, სიგარეტი და სასმელი გაეტაცებინა. დაზარალებულს სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა – როგორც მან სამართალდამცველებთან განაცხადა, ნიღბიანმა მამაკაცმა ის დანის მუქრით აწამა. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური გამოკვლევა, გამოიძახეს კინოლოგიური სამსახური. ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მაღაზიიდან გატაცებული პროდუქტი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, მოქალაქე მალხაზ ძ-შვილის ეზოში აღმოაჩინეს. ბინის მეპატრონეს აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენაც არ ჰქონდა – არ იცოდა, როგორ გაჩნდა მის ეზოში მდებარე ღია სარდაფში საჭმელ-სასმელი და დანა, რომლითაც დამნაშავემ ყაჩაღობა ჩაიდინა. ძაღლმა დამნაშავის კვალი მოხუცი ქალის სარდაფში დაკარგა, მაგრამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა დამნაშავის ვინაობა – ზურა კ-ძე სამართალდამცველებმა დააკავეს, დაკავების დროს ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, 53 წლის ნანული მ-შვილი ზურა კ-ძეს და მის ოჯახს ახლოს იცნობდა. მას იმ უბანში, სადაც ზურა კ-ძე ცხოვრობდა, სუპერმარკეტი ჰქონდა გახსნილი. თავიდან ნანული ს-შვილი ზურას მშობლებს დაუახლოვდა, მოგვიანებით კი, მათ შვილთანაც ჰქონდა ხშირი ურთიერთობა. მოგვიანებით, დაზარალებულმა სამართალდამცველებთან განაცხადა: „ზურას იმდენად კარგი მშობლები ჰყავს, მათი ხათრით, უფასოდ ხან რას ვატანდი, ხან – რას. ფულს ზოგჯერ თვითონ იხდიდა, ზოგჯერ მშობლები უხდიდნენ. თუმცა, ამის გამო პრობლემები არასდროს გვქონია. ვიცოდი, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო, მაგრამ ძალიან კულტურულად იქცეოდა ჩემთან. ინციდენტამდე სამი დღით ადრე, მაღაზიაში შემოვიდა. გამყიდველმა მითხრა, თქვენთან აქვს საქმეო. ცალკე გამიყვანა და ასი ლარი მთხოვა. არ მქონდა ფული, რომ მიმეცა და უარი ვუთხარი. ამის გამო, მოულოდნელად, ისეთი რამ ჩაიდინა, ყველანი გაოცებულები ვუყურებდით. ჯერ ლანძღვა დამიწყო, მერე ლამის ხელი დამარტყა – ჩემზე საცემად იწევდა. შემთხვევით მაღაზიაში შემოსული მეზობელი ჩაგვიდგა შუაში და იმან გაგვაშველა. ძალიან გავბრაზდი, გადავწყვიტე, მისი მშობლებისთვის მეთქვა, რაც მოხდა, მაგრამ მომდევნო დღეებში მათი ნახვა ვერ მოვახერხე. მეორე დღეს, მაღაზიაში გვიანობამდე შემოვრჩი. გამყიდველი გავუშვი და მის მაგივრად მე ვიყავი. მეუღლემ დამირეკა, მოსვლას ვერ მოვახერხებო და მე თვითონ უნდა დამეკეტა მაღაზია. მოულოდნელად, მაღაზიაში ნიღბიანი ბიჭი შემოვარდა, კარი შიგნიდან გადაკეტა, წამებში მომიახლოვდა, ჯერ ძირს დამაგდო, მერე დანა ამოიღო და ყელზე მომადო. მე ვუთხარი, ნუ მომკლავ, მაღაზიაში სულ რაღაც ასი ლარი მაქვს, აიღე და წაიღე-მეთქი. ას ლარზე მოსულს ვგავარო? – მითხრა, თითქოს ხმა მეცნო, მაგრამ ისე ვნერვიულობდი, ხმას ყურადღებას ვერ მივაქცევდი. ნიღბიანმა საწყობისკენ წამათრია ძირს დაგდებული. საწყობში რკინის საწოლი დგას, იმ საწოლის ფეხზე მიმაბა თოკით, რომელიც, როგორც ჩანს, თან ჰქონდა. საწყობში დაბმულს ცემა დამიწყო და ფულს მთხოვდა. მაღაზიაში მართლაც არ მქონდა მეტი ფული – ჩემს ქმარს გავატანე საღამოს მთელი ნავაჭრი თანხა. არ მიჯერებდა, სეიფი გამიხსენი კედელში რომ გაქვსო, – მეძახდა. მივხვდი, რომ მცდარი ინფორმაცია ჰქონდა. როგორც იქნა, დამანება თავი. მე საწყობში გამოკეტილი დამტოვა და მაღაზიაში გავიდა. ალბათ, ნახევარი საათი ვიყავი საწოლზე დაბმული – ჩემს ბედზე, მაღაზიაში მოხუცი ქალი შემოვიდა, ჩემი ყვირილი გაიგო და მიპოვა. მე მაშინვე პოლიცია გამოვიძახე, მათ კი სასწრაფო დახმარების სამსახური, რადგან შოკისგან გული მქონდა ცუდად. კინოლოგიური სამსახურიც მოიყვანეს, რომლის მეშვეობითაც დამნაშავის კვალს მიაგნეს.”
ზურა კ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. როგორც მან განაცხადა, მხოლოდ მაღაზიის გაძარცვა სურდა და გვიან ღამით, მარკეტშიც ამ მიზნით შევიდა. თუმცა, ის, რომ წინასწარ შეიძინა თოკი და დანით იყო შეიარაღებული, საპირისპიროს ამტკიცებდა. საქმის მასალებით და ბოლოს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, მან ნანული მ-შვილის დაყაჩაღება იმის გამო გადაწყვიტა, რომ მან წინა დღეს ასი ლარი არ მისცა. „ნარკოტიკისთვის ფული მჭირდებოდა, ნანულიმ უარი მითხრა და ლომკაში დამტოვა. მაშინ გადავწყვიტე მასზე შურისძიებაო, – აღიარა ახალგაზრდამ, რომელმაც, როგორც მერე გაირკვა, უბნელი ქალის დაყაჩაღების იდეა ჯერ მეგობარს შესთავაზა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მისგან უარი მიიღო, გადაწყვიტა, თავად განეხორციელებინა საკუთარი გეგმა. „მაღაზიაში თოკი ვიყიდე, დანა სახლიდან წამოვიღე. საღამოს რამდენჯერმე ჩავუსაფრდი ქალს მაღაზიასთან და როგორც კი დავრწმუნდი, რომ მარტო იყო, მაშინ გადავწყვიტე, მისთვის ფულის წართმევა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მაღაზიაში ფული იქნებოდა, მაგრამ სალაროში სულ რაღაც ასი ლარი აღმოჩნდა. ხელს რამდენიმე კოლოფი სიგარეტი, სასმელი და საჭმელი გავაყოლე. ყველაფერი იმ პატარა ზურგჩანთაში ჩავყარე, რომლითაც მაღაზიაში თოკი შევიტანე,“ – განაცხდა სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება საქმეში ძ-შვილების ოჯახის მონაწილეობის ფაქტს, დაკავებულმა აღიარა, რომ მეგობრის ბებიის ბინაში გატაცებული პროდუქტი დილამდე გადამალა და ამაზე სახლის მეპატრონისგან ნებართვა არ აუღია – იმ ეზოში ვარ გაზრდილი, ღია სარდაფი აქვთ, სადაც გვიან აღარავინ შევიდოდა. ეს ადგილი სამალავად გამოვიყენე – განაცხადა ზურა კ-ძემ აღიარებით ჩვენებაში. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ჩადენილი დანაშაულისთვის და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.