ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, თუ ძაღლი სწორად იკვებება, მაშინ მას აუცილებლად უნდა უბზინავდეს ბეწვი?
პასუხი: ჯანმრთელ და სწორად ნაკვებ ცხოველს ყოველთვის უბზინავს ბეწვი. ცხოველის ბეწვზე ასეთი დაკვირვება და შეფასება შეიძლება მისი ჯანმრთელობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად მივიჩნიოთ. ძაღლის ბეწვის მდგომარეობის შეფასების ნიშნებია: ბზინვა, სიფაფუკე, მოქნილობა და ცხიმოვანი ნადების რაოდენობა. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი კვება ძაღლის ჯანმრთელობის გარანტია, რაც თავისთავად აისახება ბეწვის საფარველზე. საკვებში ცხიმის შემცველობის მინიმიზაცია ერთ-ერთი საშუალებაა გაცხიმოვნების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. მაგრამ, ამგვარი მიდგომა არ იქნება სწორი, რადგან ორგანიზმისათვის აუცილებელია იმ შეუცვლადი ცხიმოვანი მჟავეების მიღება, რისი სინთეზიც ვერ ხდება ძუძუმწოვრების ორგანიზმში. შეუცვლადი ნახევრად ნატურალური ცხიმოვანი მჟავების მიღებისთვის ოპტიმალური ვარიანტია საკვებში ისეთი ცხოველური ცხიმების ჩართვა, როგორიცაა: ფრინველის და თევზის ქონი, ასევე მცენარეული ზეთები.
კითხვა: ცხოველს სტერილიზაციის შემდეგ ხასიათი თუ ეცვლება? ასევე, მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა სტერილიზაცია ძაღლის წონის მატებაზე?
პასუხი: ხვადს სქესობრივი აგზნების დროს, შეიძლება, ჩამოუყალიბდეს განსაკუთრებით ძლიერი აგრესია მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანისა და პატრონის მიმართაც კი. სტერილიზაცია აქვეითებს ხვადის აგრესიას და ცხოველი მართვადი ხდება. კითხვაზე, თუ როგორ იცვლება ცხოველის ხასიათი სტერილიზაციის შემდეგ, შეიძლება, ვუპასუხოთ: თითქმის ყოველთვის აგრესიული ცხოველები უფრო წყნარები და მშვიდები ხდებიან. ცხოველის ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული მის ტემპერამენტზე, იმაზე თუ როგორი იყო ის სტერილიზაციამდე. თუ ცხოველი იყო ძალიან აქტიური და მოძრავი, ის როგორც წესი ისეთივე დარჩება. რაც შეეხება წონას, ზოგიერთი ცხოველი სტერილიზაციის შემდეგ იმატებს სხეულის მასას. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უნდა ჩაითვალოს სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური რაციონით, დაბალანსებული კვებითა და საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება ვაკონტროლოთ ცხოველის სხეულის მასა და შევუნარჩუნოთ ის ნორმაში.
კითხვა: რა შეიძლება, გამოიწვიოს ძაღლის ნაკბენმა?
პასუხი: ძაღლებს შორის კონფლიქტის დროს, ხშირია დაკბენა, რადგან თავდაცვის იარაღი სწორედ კბილებია. დაკბენით ხდება მეტად საშიში და სახიფაო ტრავმების მიყენება, ესაა ნაკბენი ჭრილობები. ძაღლებში ნაკბენი ჭრილობები ძირითადად უფრო ხშირად სახის, ყურების, ყელისა და ფეხების მიდამოში გვხვდება, კატებში კი – თავის, კიდურებისა და განსაკუთრებით, კუდის ძირში. ნაკბენმა ჭრილობებმა შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას და გახდეს სიცოცხლისათვის საშიშიც კი. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, მუცლისა და გულმკერდის ღრუს ორგანოებს, ასევე მსხვილ სისხლძარღვებსა და ნერვებს. ცხოველის ძლიერმა ნაკბენმა შეიძლება, გამოიწვიოს მოწინააღმდეგის შემდეგი სახის დაზიანება: მუცლის ღრუს დაზიანება, ძვლებისა და ხერხემლის მოტეხილობები, ასევე თავის ქალის ძვლების დაზიანება. ცხოველის ნაკბენი შეიძლება, ძალზე საშიში იყოს ადამიანისვისაც. შეიძლება, მოხდეს მეტად საშიში დაავადების გადაცემა, ისეთის, როგორიცაა ცოფი.