კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის პიროვნებას შეეწირა კინაღამ ედუარდ შევარდნაძის კარიერა

კოტე აფხაზავას სახელი გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე მთელ საბჭოთა კავშირში ქუხდა. ის არა მარტო მის მოსაკლავად მომზადებულ მილიციელებს სცემდა შიშის ზარს, არამედ, კრიმინალური სამყაროს ზოგიერთ ცნობილ წარმომადგენელსაც. მასთან შეხვედრას ბევრი გაურბოდა, მის პიროვნებას ლამის თვით ედუარდ შევარდნაძის კარიერა შეეწირა, რომელიც მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მოსკოვი კატეგორიულად მოითხოვდა კოტე აფხაზავას შეპყრობას, უარეს შემთხვევაში კი – ლიკვიდაციას და მის წინააღმდეგ მთელი საბჭოთა მილიცია იყო მობილიზებული...

ვუნდერკინდი

კოტე სიმონის ძე აფხაზავა, ძველი თბილისელი, ტრადიციული ქართული ოჯახის შვილი იყო და ბავშვობიდანვე მოექცა ყურადღების ცენტრში. ის სამი წლისაც არ იყო, რომ წერა-კითხვა იცოდა და „ვეფხისტყაოსნის“ მრავალ სტროფს ზეპირად კითხულობდა. კოტემ ადრეულ ბავშვობაშივე შეისწავლა ჭადრაკის თამაში და მრავალი ძლიერი მოჭადრაკე ჰყავდა დამარცხებული. მას, ასევე, განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა როგორც მათემატიკაში, ისე სხვა დარგებში და, ამიტომ, 5 წლის ასაკში ვუნდერკინდად აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალ სფეროში შეეძლო დიდი წარმატების მიღწევა, კოტემ ტანვარჯიში აირჩია და 11 წლის ასაკში უკვე სპორტის ოსტატის ნორმატივი შეასრულა, რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო. ჯერ კიდევ სრულიად პატარა ბიჭი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი იყო და მის კარიერას ვერაფერი დაუდგებოდა წინ, რომ არა ბედის ირონია...

1965 წლის ივლისში საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრები სოჭში გადიოდა სატესტო შეკრებას, რომელზეც კოტეც იყო მიწვეულდი და, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მას ნაკრებში დატოვებდნენ. თუმცა, 11 ივლისს, როდესაც მთელი ნაკრები პლაჟზე იმყოფებოდა და მზეზე ირუჯებოდა, კოტემ შენიშნა, რომ ზღვაში ვიღაც იხრჩობოდა. 15 წლის ყმაწვილი დაუფიქრებლად გადაეშვა ტალღებში და ნაპირზე ორმოციოდე წლის მამაკაცი გამოიყვანა. მაგრამ, აღელვებულმა ტალღამ მას მარცხენა წვივში ლოდი მოარტყა, მოსტეხა და უპერსპექტიულესი ქართველი ტანმოვარჯიშის სპორტულ კარიერას სამუდამოდ დაუსვა წერტილი...

კოტე აფხაზავა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში დააწვინეს, მაგრამ, მის მიერ გადარჩენილ მამაკაცს თავისი მხსნელი ერთხელაც არ მოუკითხავს. გადარჩენილი მამაკაცი 40 წლის, მილიციის პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, იური გრიგორიანი იყო. ის საბჭოეთის ერთ-ერთი მმართველის, მიხაილ სუსლოვის ცოლის დის სიძე იყო და სუსლოვი მას კარიერულ წინსვლაში ეხმარებოდა. რომ არა კეთილშობილი ქართველი ყმაწვილის თავგანწირვა, გრიგორიანი დაიხრჩობოდა, კოტე კი ტანვარჯიშის მწვერვალებს დაიპყრობდა და მათი გზები არ გადაიკვეთებოდა. თუმცა, მათი გზები მეორედ გადაიკვეთა და ტრაგედიაც დაიწყო...

ფანტასტიკური გაქცევა

კოტე აფხაზავას თავისზე ხუთი წლით უფროსი და ჰყავდა – ულამაზესი მედეა. ის მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და წითელი დიპლომი აიღო. 1966 წელს, ანუ, კოტეს ტრავმიდან ზუსტად ერთ წელიწადში, მედეა აფხაზავამ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა სტაჟიორად და, ბედის ირონიით, იური გრიგორიანის ხელქვეითი გახდა, რომელსაც მზეთუნახავი ქართველი გოგონა გულში ჩაუვარდა. ერთ მშვენიერ დღეს, პოლკოვნიკმა გრიგორიანმა წვეულება მოაწყო თავის აგარაკზე, რომელსაც მედეაც ესწრებოდა. გრიგორიანმა დრო იხელთა, მედეა რაღაც სპეციფიური ქიმიური პრეპარატით გააბრუა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამ პრეპარატს საბჭოთა მილიციელები პატიმრების ასალაპარაკებლად იყენებდნენ და მისი დანიშნულება პიროვნების ნებისყოფის მოდუნება იყო. გრიგორიანი ორი თვის განმავლობაში სისტემატურად იყენებდა მედეას წინააღმდეგ ამ პრეპარატს და ახალგაზრდა გოგონა დააფეხმძიმა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ მედეამ თავის მოკვლა სცადა, მაგრამ, გადაარჩინეს. თუმცა, მას ნაყოფი მოსწყდა და ეს ამბავი გავრცელდა, რასაც იური გრიგორიანის ცოლმა, იულიამ შეუწყო ხელი: მან საავადმყოფოში სცენები მოუწყო მედეას და, რადგან იმ მომენტში იქ კოტეც იმყოფებოდა, მისთვის ყველაფერი ცნობილი გახდა.

– ამ საქმეს მე მივხედავ, შენ კი არაფერზე იდარდო, დაიკო. ექიმებს დაუჯერე და გამოჯანმრთელდი, – უთხრა 17 წლის კოტემ მედეას, მეორე დღეს კი იური გრიგორიანს სამსახურთან დახვდა და საბჭოთა მილიციის მთავარი შენობის წინ მას მკერდში დანა ჩასცა...

გრიგორიანი უმძიმესად დაიჭრა, თუმცა, სიკვდილს გადაურჩა, კოტე აფხაზავა კი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, რადგან, მას არც კი უცდია გაქცევა.

– სამწუხაროა, რომ ეგ ნაძირალა გადარჩა, – უთხრა გამომძიებელს კოტემ, როდესაც გრიგორიანის გადარჩენის ამბავი შეიტყო.

– შენ კი სიკვდილი გერჩივნა, შენთვისვე  ჯობდა, რომ მომკვდარიყავი, – მიუგო კოტე აფხაზავას გამომძიებელმა და დაამატა, – მე იურას ძმა ვარ, სერგო და შენთვის ახლა იწყება წამება.

მართლაც, იური გრიგორიანის უმცროსმა ძმამ, სერგომ, 17 წლის კოტე აფხაზავა სასტიკად აწამა, გულწასული ბიჭი ნესტიან საკანში დააგდო და საკუთარ კაბინეტში დაბრუნდა.

კოტეს ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა და სულ რაღაც სამ კვირაში ფეხზე დადგა. ის გაასამართლეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავდაპირველად ბუტირკის ციხეში ჩასვეს, სადაც ორი წელი დაყო, შემდეგ ციმბირში, ირკუტსკის მახლობლად, ¹32 შრომა-გასწორების კოლონიაში გადაიყვანეს, ორი წლის მერე კი, ნათესავების უდიდესი ძალისხმევის შედეგად, კავკასიაში გადმოიყვანეს და ქალაქ ერევნის ციხეში გამოამწყვდიეს. იმ დროისთვის კოტე აფხაზავა უკვე 21 წლის იყო, მაგრამ იმდენი ჭირ-ვარამი ჰქონდა გადატანილი, რომ ბევრად დიდი ასაკისას ჰგავდა. სწორედ ერევნის ციხეში შეიტყო კოტემ, რომ მისმა დამ თავი მოიკლა – მედეა საკუთარ თავს ადანაშაულებდა ძმის უბედურებაში და თავი ჩამოიხრჩო...

სიგიჟის ზღვარზე მყოფი კოტე აფხაზავა საშინელი შურისძიების სურვილით იყო შეპყრობილი და უკიდურეს ზომებს მიმართა. 1971 წლის 23 მაისს კოტემ ცუდად ყოფნა გაითამაშა და, როდესაც ბადრაგმა მისი საკანი გააღო, აფხაზავამ ის გათიშა და გასაღებების წყება აართვა. შემდეგ ერევნის ციხის სახურავზე ავიდა, გამოქანდა და თხუთმეტმეტრიანი სიმაღლიდან ჰაერში ოცდაერთი მეტრი იფრინა, ხრეშის გროვაზე დაეშვა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა... ეს იყო ფანტასტიკური გაქცევა – არც მანამდე და არც მერე, ასეთი რამ არავის გაუკეთებია.

კაცი-მოჩვენება

ერევნის ციხიდან კოტე აფხაზავას ფანტასტიკური გაქცევის ამბავი რამდენიმე საათში გახდა ცნობილი ძმები გრიგორიანებისთვის და, როგორც შემდგომ თვითმხილველები ყვებოდნენ, ისინი საშინელმა შიშმა შეიპყრო. იური და სერგო მიხვდნენ, რომ თავზეხელაღებული ქართველის უპირველესი სამიზნეები იყვნენ და იმთავითვე თადარიგი დაიჭირეს. ძმებმა საკუთარი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს და იმდენად შეზღუდეს საკუთარი გადაადგილების არეალი, რომ თითქმის აღარ გამოდიოდნენ სახლიდან და მხოლოდ სამსახურში დადიოდნენ, ისიც, კბილებამდე შეიარაღებული დაცვით. მიუხედავად ამისა, კოტე აფხაზავამ მაინც მოახერხა მათი მოხელთება. 1972 წლის 1 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროში საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომელსაც ორივე ძმა დაესწრო. დილის 7 საათზე ძმებმა სამინისტროს შენობა შეზარხოშებულებმა დატოვეს და სამსახურებრივი „ვოლგით“ სახლისკენ გაემართნენ. თუმცა, მძღოლმა ისინი იქვე გათიშა, ხელბორკილებით ერთმანეთზე გადააბა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა... მძღოლი კოტე აფხაზავა იყო, რომელმაც, წინასწარ შემუშავებული გეგმის მეშვეობით, მაინც მოძებნა ძმები გრიგორიანები, მოიხელთა და საშინლად იძია მათზე შური. მეორე დღეს, 2 იანვარს, იური და სერგო გრიგორიანების მოკვეთილი თავები წითელ მოედანზე იპოვეს. იქვე იდო წერილი, რომელშიც ეწერა: „ამ ნაბიჭვრების ბილწი თავები თქვენთვის, ძაღლებისთვის მომირთმევია, მათი დამპალი სხეულების ნარჩენებით კი მოსკოველი ვირთხები ვახშმობენ“.

რა თქმა უნდა, ეჭვს არ იწვევდა, რომ გრიგორიანები კოტე აფხაზავას დახოცილები იყვნენ. ასეთი საქციელი სისტემის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული იყო და სწორედ ამის გამო მოახდინეს კოტე აფხაზავას წინააღმდეგ საბჭოთა მილიციის საუკეთესო ძალების მობილიზაცია. გარდა ამისა, ცოფებს ყრიდა თვით მიხაილ სუსლოვი, რომელმაც გრიგორიანების დახოცვა პირად შეურაცხყოფად მიიღო. ამიტომ, მან საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივანს, ვასილ მჟავანაძეს დაურეკა და კატეგორიულად მოსთხოვა აფხაზავას კვალზე გასვლა მისი ნათესავების მეშვეობით. მჟავანაძემ კი, თავის მხრივ, მინისტრი შევარდნაძე შეახურა და აფხაზავაზე უპრეცედენტო ნადირობა დაიწყო. მიუხედავად ამისა,  კოტე აფხაზავა მოჩვენებად გადაიქცა და, მიუხედავად იმისა, რომ დროგამოშვებით სხვადასხვა ადგილას ჩნდებოდა, მას ვერ იხელთებდნენ.

1972 წლის 16 მარტს, მილიციის აგენტმა, ვინმე გულივერ კუპატაძემ, ორგანოებს აცნობა, რომ ძებნილი აფხაზავა ქალაქ ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის მუშის, იასონ ხვედელიძის სახლში იმალებოდა. კუპატაძე ხვედელიძის მეზობელი იყო, კოტე მის ოჯახში ნახა და ძებნილი აფხაზავა დააბეზღა. მილიციის რამდენიმე ოპერჯგუფი ძალიან სწრაფად მივიდა ხვედელიძის სახლთან და ალყა შემოარტყა. თუმცა, კოტე მათ იქ არ დახვდათ. გამწარებულმა მილიციელებმა იასონი განყოფილებაში წაიყვანეს და წამებით მოკლეს. ერთი კვირის მერე, გულივერ კუპატაძის მოკვეთილი თავი ზესტაფონის ცენტრში, სარზე ჩამოცმული იპოვეს, რომელსაც გვერდით ბარათი ედო. მასში ეწერა: „ასე დაემართება ყველა ნაბოზარსა და მოღალატეს“.

ამ შემთხვევის შემდეგ, კოტე აფხაზავას ავტორიტეტი ხალხში გაასმაგდა. მილიციელები და მათი აგენტები კი შიშმა შეიპყრო და ყველა ცდილობდა, რომ მას არსად შეხვედროდნენ. კაცი-მოჩვენება თითქმის ერთი წლის განმავლობაში სისხლს უშრობდა მილიციას, ძარცვა-ყაჩაღობითა და ბანდიტობით იყო დაკავებული და ყოველი საქმის მერე შემთხვევის ადგილზე პატარა ბარათს ტოვებდა, რომელშიც მილიციას დასცინოდა...

საუკუნის ძარცვა

მოუხელთებელი კოტე აფხაზავა, რომელმაც თავისი 25 წლის ასაკში დიდი თავსატკივარი გაუჩინა საბჭოთა მილიციას, 1975 წელს მოულოდნელად გაუჩინარდა და აღარსად ჩნდებოდა. ერთნი თვლიდნენ, რომ ის „ფსკერზე დაწვა;“ მეორენი ამბობდნენ, რომ ის მოკლეს, ზოგიერთის აზრით კი მან გაქცევით უშველა თავს, ანუ, უცხოეთში მოახერხა წასვლა. სინამდვილეში კი ყოფილი ვუნდერკინდი თბილისში, ზემო ვერაზე, ვინმე ანა კეცხოველის კერძო სახლში ცხოვრობდა და გრანდიოზული დანაშაულისთვის ემზადებოდა. ანა კეცხოველი 40 წლის ქვრივი ქალი იყო. მას 19 წლის ქალიშვილი, ქეთევანი ჰყავდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო და დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე სწავლობდა. ანას მეუღლე ძველი ქურდი იყო და 1969 წელს მაგადანის ერთ-ერთ კოლონიაში ჭლექით გარდაიცვალა. კოტე კი მის ოჯახში მოსკოველმა ქურდმა, ვიქტორ მინინმა მიიყვანა, რომელსაც აფხაზავა ციმბირის ზონაში დაუახლოვდა.

კრიმინალური მოღვაწეობის მიუხედავად, კოტე აფხაზავა ნამდვილი ინტელექტუალი იყო, თვითგანათლებას ეწეოდა, უამრავ წიგნს კითხულობდა, თან, ანა კეცხოველის დახმარებით, მომავალი საქმისთვის ბანდას აგროვებდა და გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადებოდა. 1976 წლის 20 თებერვალს მოსკოვიდან თბილისში ჩვეულებრივი მატარებელი ჩამოვიდა, რომელსაც, ერთი შეხედვით, ასევე, ჩვეულებრივი საფოსტო ვაგონი ჰქონდა შებმული. სინამდვილეში კი ვაგონი დაჯავშნილი იყო, რადგან, მასში 50 მილიონი მანეთი ეწყო, რომელიც საქართველოსთვის იყო განკუთვნილი და სახელმწიფო ბანკში უნდა წაეღოთ. მსგავსი ტრანსპორტირება ყოველ სამ თვეში ერთხელ ხდებოდა. კოტემ ეს საიდუმლო ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისგან შეიტყო, რომელიც ერევნის ციხეში გაიცნო და ჯერ კიდევ მაშინ განიზრახა ამ საქმეზე წასვლა. მატარებელში ერთი პატარა დაჯავშნილი სეიფიც იდო, რომელშიც 1 000-1 000 ცალი ბრილიანტისა და ლალის თვლები ელაგა და სწორედ ეს სეიფი იყო კოტე აფხაზავასა და მისი ცხრა მეგობრის მიზანი. 

დილის 10 საათსა და 37 წუთზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმავალ ბანკის ფურგონს ჯერ სამხედრო „ურალი“ დაეჯახა და გადააბრუნა, შემდეგ საქმეში ჩაერთნენ შეიარაღებული ბანდიტები, რომლებმაც ისედაც გაბრუებული ექვსი მცველი უმალვე განაიარაღეს, 17 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასი თვლები გაიტაცეს და სამუდამოდ მიიმალნენ... შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას, 50 მილიონი მანეთი ხელუხლებელი დახვდათ, რადგან, ახალდაბეჭდილი კუპიურების წაღებას არანაირი აზრი არ ჰქონდა – მათი ნომრები დაფიქსირებული იყო და ვერსად და ვერასდროს ვერ გამოიყენებდნენ.

ერთი წლის შემდეგ, ანუ, 1977 წელს, დედა-შვილი კეცხოველები ბულგარეთში ტურისტული საგზურით გაემგზავრნენ და გაუჩინარდნენ – სავარაუდოდ, რომელიმე კაპიტალისტურ ქვეყანაში გადავიდნენ და კოტე აფხაზავას შეხვდნენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ოკეანის გაღმა გაემგზავრა და იქ დამკვიდრდა...

 

скачать dle 11.3