სტალინის რომელი რეფორმის გატარება დაავალა ჰიტლერმა გებელსს გერმანიაში
სახელმწიფო შეკვეთა
(1928 წელი)
სტალინი ძლიერი, მონოლითური, დიადი სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედად იდეოლოგიას მიიჩნევდა. „კომუნისტური იდეოლოგია, – ამბობდა ბელადი, – მხოლოდ მაშინ მოიტანს სასურველ ეფექტს, როდესაც ის ჯერ თითოეული საბჭოელის, ხოლო შემდგომ თითოეული „დედამიწელის“ გონებაში ღრმად ჩაჯდება... პრესა იდეოლოგიის გავრცელების ყველაზე ეფექტური საშუალებაა (რადიოქსელი იმ პერიოდში იწყებდა განვითარებას, ხოლო ტელევიზია ჯერ არ იყო) და მის ფურცლებზე სიბინძურის მარცვალიც კი არ უნდა მოხვდეს“, – იმეორებდა ბელადი და იქვე დასძენდა: „ჩვენ უნდა გავამკაცროთ კომუნისტური ცენზურა საბჭოთა პრესაზე და ყოველი წინადადება, თითოეული სიტყვა აწონილ-დაწონილად, ათასჯერ გაანალიზებულად, მხოლოდ ღრმად გააზრების შემდეგ უნდა მოხვდეს საბჭოთა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. დიადი რევოლუციის პირველი თერთმეტი წლის განმავლობაში (1917-1927) საბჭოთა პრესა იმდენად თავაშვებული იყო, რომ მის ფურცლებზე ლამის ყოველ ნაძირალას, კალმოსანსა თუ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეს შეეძლო მოხვედრა. ზემოაღნიშნულ პერიოდში გამოდიოდა ათეულ ათასობით ბეჭდვითი ორგანო და მათ ფურცლებზე მილიარდობით საეჭვო ღირებულების, მავნე, ანტისაბჭოთა, ოპოზიციური პუბლიკაციები იბეჭდებოდა. ამ თერთმეტწლიან ბაკქანალიას სტალინმა ერთი ხელის მოსმით დაუსვა წერტილი, როდესაც 1928 წლის 4 თებერვლის დადგენილებით, პოლიტბიუროს სპეციალური კანონი მიაღებინა კომუნისტური ცენზურის შესახებ, რის შედეგადაც, სპეციალური კომისიები განიხილავდნენ თითოეული გამოცემის მიზანშეწონილობას და მხოლოდ მათი გადაწყვეტილების საფუძველზე იყო დამოკიდებული ამა თუ იმ გამოცემის ბედი. ამ კომისიების გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელი გახლდათ და პოლიტბიუროს მიერ მათ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდათ მინიჭებული. ამ კომისიებმა (ძველი სახელწოდებით „ბსსკ“ – ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომისია) სულ რაღაც 8 თვე იმუშავეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულათასობით საეჭვო, მავნე ჟურნალ-გაზეთების ლიკვიდაცია მოახდინეს.
მოგვიანებით, „ბსსკ“ „მთავლიტად“ გადაკეთდა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ცენზორის ფუნქციები და წარმატებით ართმევდა თავს ამ საქმეს. ამგვარად, „ბსსკ-ს“ რვათვიანი მუშაობის შედეგად დარჩა მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ჟურნალ-გაზეთი და მსგავსი ტიპის რეგიონული გამოცემები. ამ ბეჭდვით ორგანოებში, რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკავა გაზეთ „პრავდას“, რომელიც დაარსების დღიდან კომუნისტების მთავარ ტრიბუნად ითვლებოდა. „პრავდა“ ილიჩის პირმშოა და ჩვენ ის მრავალ ქარიშხალსა და დავიდარაბაში გამოვატარეთ. დევნა, ჩხრეკვები, უფულობა – ჩვენი მოძრაობის მუდმივი თანამგზავრი იყო, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, „პრავდა“ ყოველთვის ჩვენი ბრძოლის ავანგარდში იდგა“, – მოუთხრობდა სტალინი „პრავდის“ კოლექტივს ამ გაზეთის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე და განაგრძობდა: „თქვენ, ჩვენი უპირველესი გაზეთის თითოეული თანამშრომელი, დაწყებული მთავარი რედაქტორიდან, უბრალო სტამბის მუშით დამთავრებული, ჩვენი პარტიის იდეოლოგიური სანიტრები ხართ და ეს ფუნქცია დიადი ოქტომბრის უდიდესმა მონაპოვარმა, სოციალისტურმა რევოლუციამ დაგაკისრათ. თქვენ სახელმწიფოს შეკვეთას ასრულებთ, რომელსაც ხალხი გაძლევთ და აქედან გამომდინარე, თქვენ ხართ ჭეშმარიტად სახალხო გაზეთის შემქმნელები, შემოქმედები. „პრავდის“ ფურცლებზე დაწერილი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს და ამ სიმართლემ ჩვენს დიად აღმშენებლობას უნდა შეუწყოს ხელი“. სტალინს მშვენივრად ესმოდა იდეოლოგიის წარმმართველი როლი სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ისიც კარგად იცოდა, რომ პრესა იყო ის უპირველესი იარაღი, რომელსაც ეს იდეოლოგია ყოველდღიურად უნდა გაეტანა ფართო მასებში. სხვადასხვა დროს „პრავდას“ სხვადასხვა რედაქტორი ჰყავდა და თვით ლენინიდან დაწყებული, მას მრავალი გამოჩენილი ბოლშევიკი, მათ შორის სტალინიც, ედგა სათავეში. ლენინი ამბობდა: „პრავდის“ სკოლა ყველა მარქსისტს, სოციალ-დემოკრატსა და, რა თქმა უნდა, ბოლშევიკს აქვს გამოვლილი. მის ფურცლებზე იბადებოდა ის ჭეშმარიტი, რევოლუციურ-დემოკრატიული აზრი, იდეა, რომელმაც რუსეთი უდიდეს ქარცეცხლში გამოატარა. ამ გაზეთის ფურცლები, დაარსების დღიდან 1927 წლის ბოლომდე, თითქმის ყველა ოპოზიციონერისთვის იყო ხელმისაწვდომი და, ფაქტობრივად, არანაირი შეზღუდვები არ ვრცელდებოდა. 1928 წლიდან კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და „პრავდა“ მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო ორგანოდ გადაიქცა. უპირველესად, სტალინმა გაზეთის მმართველი სტრუქტურა შეცვალა და „პრავდის“ ერთპიროვნული მთავარი რედაქტორის თანამდებობა რედკოლეგიის თავმჯდომარის პოსტით ჩაანაცვლა, ხოლო რედკოლეგიას, ფაქტობრივად, თავად ჩაუდგა სათავეში. თუმცა, ეს ფორმალურად არსად არ იყო დაფიქსირებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტროცკი ზინოვიევს ეუბნებოდა: „მან (სტალინმა) უკანასკნელი სასიცოცხლო არტერია გადაგვიჭრა პრესასთან დაკავშირებული დადგენილების შედეგად და ფართო მასებში ჩვენი სიტყვის გატანის საშუალება მოგვისპო“. ფაქტობრივად, სტალინის ამ აქციამ დააჩქარა ტროცკისტული ოპოზიციის ლიკვიდაცია და მშორომელ საბჭოთა ადამიანს სწორი იდეოლოგიური ჰორიზონტი დაანახვა. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა დაზვერვამ დამარცხებული ფაშისტების საიდუმლო არქივები ჩაიგდო ხელში, მათი დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე სწავლობდა გერმანიის დაზვერვა სტალინის პროპაგანდისტულ მეთოდებს და სწორედ ჰიტლერმა გამოიყენა მრავალი რამ ამ გამოცდილებიდან. 1935 წლის მაისში გამართულ ერთ-ერთ საიდუმლო სხდომაზე ჰიტლერი პირდაპირ მიუთითებდა პროპაგანდის მინისტრს, იოზეფ გებელსს: „წითლებმა ჯერ კიდევ ოციანი წლების მიწურულს განახორციელეს იდეოლოგიური რეფორმა და ამის პირველი საფეხური პრესის ცენტრალიზებული, ერთიანი მმართველობისა და ცენზურის დაწესება იყო“. შემდეგ, ჰიტლერმა პირდაპირ მიუთითა გებელსს „პრავდის“ რეფორმის მსგავსი აქციის განხორციელებაზე და ფაშისტურ გაზეთ „ფოლკიშერ ბეობახტერშიც“ იგივე რეორგანიზაცია განახორციელა, როგორიც „პრავდაში“ სტალინმა. პოლიტბიუროს ერთ-ერთ საგანგებო, იდეოლოგიურ სხდომაზე სტალინი აღნიშნავდა: „ორასმილიონიან სახელმწიფოში, სადაც მხოლოდ ოცდახუთმა პროცენტმა იცის წერა-კითხვა, „პრავდამ“ საგანმანათლებლო ფუნქციებიც უნდა შეითავსოს და ერთგვარ ანბანადაც კი უნდა გადაიქცეს მუშებისა და გლეხებისთვის“. სწორედ სტალინის უშულო ინიციატივით შეიქმნა გაზეთ „პრავდაში“ რუბრიკა „დავძლიოთ უწიგნურობა“, რომლის საშუალებითაც მილიონობით მშრომელი სამუშაო ადგილიდან მოუწყვეტლად ეუფლებოდა წერა-კითხვას. მთელი კავშირის მასშტაბით შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, პრავდის კურსები, რომლის პრინციპიც ძალზე მარტივი იყო, ანუ მწიგნობარი ადამიანები გაზეთის მეშვეობით წერა-კითხვას ასწავლიდნენ თავიანთ უწიგნურ თანამშრომლებს. ამ აქციით ორმაგი ეფექტი მიიღებოდა, ანუ ანა-ბანასთან ერთად ადამიანი იდეოლოგიის ძირითად თეზისებსაც ეუფლებოდა, რაც მის სოციალურ-პოლიტიკურ ადაპტაციას დიდად უწყობდა ხელს. 30-იანი წლების შუაში, გაზეთ „პრავდას“ სახალხო განათლების კომისარიატის დიდი ოქროს მედალი გადაეცა მასობრივი განათლების სფეროში გაწეული დიდი ღვაწლისთვის. ჯილდო პირადად სტალინმა საზეიმო ვითარებაში გადასცა „პრავდის“ კოლექტივს და თავის სიტყვაში აღნიშნა: „თქვენი გაზეთის, – მან პაუზა გააკეთა, დარბაზს თვალი გადაავლო და განაგრძო, – ჩვენი, საყოველთაო – სახალხო გაზეთის სახელწოდება სრულად ამართლებს მის შინაარს და მისი ყოველდღიური ფურცლებიდან გადმოდენილი მართალი სიტყვა, ერთი მხრივ, გულში ლახვარს სცემს ჩვენს საერთო მტრებს და მათ ბოროტ ზრახვებს ამხელს, ხოლო მეორე მხრივ, უდიდეს ხალისსა და ენერგიას ანიჭებს თითოეულ პატიოსან საბჭოთა მოქალაქეს. მადლობა თქვენ, ამ უდიდესი დამსახურებისთვის. თქვენ ბრწყინვალედ ასრულებთ სახელმწიფო შეკვეთას, რომელიც საბჭოთა ხალხისგან მომდინარეობს. საინტერესო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 1928 წელს ამ იდეოლოგიური რეფორმის პირველ ეტაპზე „პრავდის“ ტირაჟი 20-ჯერ გაიზარდა და 2 მილიონი გახდა, ანუ ყოველდღიურად, ყოველ მეასე საბჭოთა მოქალაქეს საშუალება ჰქონდა, „პრავდა“ ეყიდა, ხოლო წაკითხვით კი მას სამჯერ მეტი ადამიანი კითხულობდა. გარდა ამისა, „პრავდის“ მეშვეობით იმ პირველ წელს მილიონ-ნახევარმა ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა. ამგვარად, 1928 წელი „პრავდის“ ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა, ხოლო ამ გამოცემის როლმა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში ერთი-ორად იმატა.