რატომ ეწყება გათვალულ ადამიანს შიშები და თავის ტკივილები და როდის იწყებს ამოქმედებას მემკვიდრეობითი წყევლა
არსებობს მოსაზრება, რომ მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ და მათი მოჭრა ადამიანისთვის განსაკუთრებულად საშიში და ზიანის მომტანია. ასევე, როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი და მკურნალი ხე ჰყავს და, მასთან ჩახუტებით, ხშირი კონტაქტითა და სიახლოვით, თქვენს ორგანიზმს სიცოცხლითა და ჯანმრთელობით აზღვევთ.
მანანა: ჩვენ, ადამიანები დედამიწაზე იმ მისიით ვართ მოვლენილნი, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ამით ხელი შევუწყოთ ჩვენსავე მომავალს და გარშემო მყოფების ცხოვრებაც სასიკეთოდ შევცვალოთ. ამიტომ, როდესაც ჩემს გამოცდილებასა და ეზოთერიკულ თუ პარაფსიქოლოგიურ ცოდნას სხვებსაც ვუზიარებ, ვხვდები, რომ ამით მათთვის სიკეთე მომაქვს. რაც, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მინდა გითხრათ, რომ ხეებს უდიდესი ენერგეტიკა აქვთ და მათთან კონტაქტი სასიცოცხლო ენერგიით გვავსებს, ორგანიზმს გვიჯანსაღებს, გვარიდებს უარყოფით ენერგიებს და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან ნარგავებს. ამიტომ, აუცილებელია, ის ენერგეტიკა, რომელიც დედამიწის სიღრმიდან ხეებს ფესვებით გადაეცემა, ჩვენც გავიზიაროთ. ამისთვის კი, გირჩევთ, ხშირად გახვიდეთ ბუნებაში, დაჯდეთ ხის ძირში, მოეხვიოთ მრავალწლიან ნარგავებს და ასე შეივსოთ ზამთარში დაქვეითებული სასიცოცხლო ენერგიები. დამერწმუნეთ, ამით თქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარებით და დიდ სარგებელსაც მოუტანთ. ვინც წინაპრების გამოცდილებას იზიარებს, კარგად იცის, რომ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ხის მოჭრა ძალიან საშიშია და ამით საკუთარ ბედს უქმნით საფრთხეს. უძველესი დროიდანაა ცნობილი, რომ ხეებს შეუძლიათ ჯანმრთელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობის საკითხში წარმატების მოტანა; ავადმყოფობისგან დაცვა და განკურნება; გათვალვისა და ჯადოს აცილება და ასე შემდეგ.
– ამბობენ, ადამიანმა სიცოცხლეში ერთი ხე მაინც უნდა დარგოს, რომ ამით დედამიწაზე თავისი მისია შეასრულოს, ეს ყველა ჩვენგანის ვალიაო.
– სწორედაც რომ ასეა. თქვენ წარმოიდგინეთ, წინათ, ბავშვი რომ დაიბადებოდა, მის სახელზე ოჯახის მამაკაცი აუცილებლად რგავდა ხეს და, მიაჩნდათ, რომ სწორედ ის ხე იყო მისი მფარველი, დამცველი და ბოროტი ძალების ამცილებელი. ბავშვი რომ იზრდებოდა, ამ ხესთან უნდა ჰქონოდა ხშირი შეხება და ისიც დაიცავდა მას, ენერგიით აავსებდა. ხოლო, თუ მას ვინმე მოჭრიდა, უბედურება გარდაუვალი იყო. ეს ძველი ტრადიცია გახლავთ, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოს ზოგიერთ სოფელში დღემდეა შემორჩენილი.
– ესე იგი, ადამიანის სახელზე დარგული ხე ამ კონკრეტული ადამიანის დამცველია?
– დიახ, ადამიანის სახელზე დარგული ხის მიზანი და ამოცანაა, დაიცვას კონკრეტული პიროვნება ბოროტი ძალებისგან, გადასცეს მას თავისი ძალის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან. ასევე, ამ ხის ტოტისგან თლიდნენ პატარა ღილს და აკერებდნენ ბავშვის ტანსაცმელს. ითვლებოდა, რომ ეს ღილი მისი ბედნიერების მომტანი თილისმა იყო, ბოროტი ადამიანი მას ვერაფერს დააკლებდა, ბედიც გაუღიმებდა და ცხოვრებაშიც იღბლიანი იქნებოდა. ზოგადად კი, ადამიანები და მათი დაბადების მომენტში მათ სახელზე დარგული ასეთი მფარველი ხეები, ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ბედის უხილავი ძაფებით. ამიტომ, თუ ხე კარგად ხარობს, ადამიანიც ბედნიერია, ხოლო, თუ ნელ-ნელა იწყებს ხმობას, მაშინ, რაღაც საფრთხე უახლოვდება მის სულიერ „ორეულს“. ასევე, ცნობილია ის, რომ მცენარეებს ასტრალური ძალა აქვთ და ეს ადამიანმა უნდა იცოდეს, რათა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.
– კიდევ რა წესები უნდა დავიცვათ, რომ დაცულები ვიყოთ?
– მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა დააკეროთ ტანსაცმელს ღილი, არ ვარგა მაკრატლის ხმარებაც. ასე რომ, ღამის საათებში ფრჩხილების მოჭრას, რაიმეს გაჭრას, შეკერვასა და დაკერებას მოერიდეთ – ამით ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან, რადგან, ესეც უძველესი ეზოთერიკული კანონია და ამასაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. მაგრამ, თუ ბედს ხართ მინდობილი და ამბობთ, რაც მიწერია, არ ამცდებაო, მაშინ, ნუღარც დაიწუწუნებთ, რომ წარუმატებელი და უიღბლო ხართ.
– გამიგია, რომ წინათ ბავშვებს აუცილებლად ხის კოვზით აჭმევდნენ, ქალები კი ოჯახის მამაკაცის ხელით გამოთლილ სამკაულებს ატარებდნენ. ესეც ხის მაგიურ თვისებებს უკავშირდება?
– ეს ცნობილი ფაქტია, რომ ძველად პატარა ბავშვს აუცილებლად ხის კოვზით აჭმევდნენ საჭმელს, რადგან, მიაჩნდათ, რომ ამით მას ჯანმრთელობას უბევებდნენ სამომავლოდ, საკვები პროდუქტიც ადვილად შეითვისებოდა ორგანიზმის მიერ და ალერგიის ან მოწამვლის ალბათობაც გამორიცხული იყო. ასეთ ხის კოვზებს ახალდაბადებულ ბავშვებს ბაბუა უთლიდა და ის მასში მამაკაცურ სიძლიერესა და ხის ენერგეტიკას დებდა. ხის სამკაულების ტარებასაც მსგავსი დატვირთვა აქვს: თუ ხისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებთ, ის თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს და გათვალვისა და ავი მზერის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაგიცავთ. ხის სამკაული ერთ-ერთი უძლიერესი დამცველია გათვალვის საწინააღმდეგოდ. ტყუილად როდი ვახსენე „გათვალვა“ და „ავი მზერა.“ ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება, მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან, ის იმ დონეზე ახდენს მასზე ზემოქმედებასა და მზერით გათვალვას, რომ იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია.
– ანუ, შეიძლება, რომ გათვალვამ ადამიანს უბედურება მოუტანოს?
– რა თქმა უნდა. არსებობს, ასევე, გათვალვებით გამოწვეული სხვა უსიამოვნებებიც, მაგალითად: უბედური შემთხვევა, ნერვული შეტევა, წარუმატებლობა, უიღბლობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სიკვდილის კოდი, რომელიც ყველა ჩვენგანშია ჩადებული, წყევლისა და მზერის მეშვეობით ადვილად და სწრაფად იწყებს მოქმედებას. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა, ანუ, როგორც უბედურების, ისე ბედნიერების მოტანა შეუძლია. ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, დამიჯერეთ, ავი თვალიც არსებობს და წყევლა და გათვალვაც რეალურად შესაძლებელია. სიკვდილის კოდი ადამიანში დაბადების მომენტში იდება და, შესაძლოა, მისი უდროო და უცაბედი სიკვდილი მისი წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვით, წყევლით, ძლიერმოქმედი ჯადოთი ან გათვალვით იყოს გამოწვეული. ამას ზოგი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი „მემკვიდრეობით გადაცემულ წყევლასაც“ უწოდებს და ძალიან საშიშია. წყევლა და გათვალვა კი, ძლიერი პროგრამის წყალობით, მეცხრე თაობამდე გადადის და მუშაობს უარყოფითად. ხოლო, სიკვდილის კოდი, რომელიც ავი მზერისგან კიდევ უფრო აქტიურდება, ადამიანზე მომაკვდინებლად მოქმედებს და ანადგურებს მას როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურადაც. იცით, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გაგთვალეს? გათვალულ ადამიანს ეწყება შიშები, თავის ტკივილები, ხშირი მთქნარება, თავს სუსტად გრძნობს, ბედში კი ძალიან წარუმატებელია. დაკვირვებული ვარ, ხშირად გათვალვის მსხვერპლი, ლამაზი და წარმატებული ადამიანი ხდება. ამიტომ, გირჩევთ, იმ ადამიანთან, ვინც უიღბლო და წარუმატებელია, მოერიდეთ გულის გადაშლას და ხშირ შეხვედრებს, რომ მისგან არ წამოვიდეს შური და არ გახდეთ მისი ავი მზერის უნებლიე მსხვერპლი.