„როკ-ენ-როლის მეფე” – ელვის პრესლი: ფაქტები ვარსკვლავის ცხოვრებიდან
ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღუარებადი მომღერალი იყო, „როკ-ენ-როლის მეფე” – როგორც მას უწოდებენ თაყვანისმცემლები. ელვის პრესლი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.
* ელვის აარონ პრესლი დაიბადა მისისიპიში, ტიუპელოში. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა. ალკოჰოლიკი მამა ხშირად იცვლიდა სამუშაო ადგილებს, სანამ ჩეკების გაყალბებისთვის ციხეში არ აღმოჩნდა. დედა ხისტი ხასიათის ქალი იყო, რომელიც ელვისის სულიერ აღზრდაზე ზრუნავდა და რეგულარულად დაჰყავდა ის ეკლესიაში. ცნობილია, რომ სკოლაში ელვისს გოგონები სიღარიბის გამო იწუნებდნენ.
* 11 წლის ასაკში ელვისს პირველი გიტარა აჩუქეს, თუმცა, მას ველოსიპედი უფრო უნდოდა და გიტარას ხელს არ ჰკიდებდა, სანამ სიმღერის მასწავლებელმა არ უთხრა, უნიჭო ხარო. ელვისმა გიტარაზე დაკვრის შესწავლით გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ მასწავლებელი ცდება. მუსიკალური განათლება ელვისს არ მიუღია, ის თვითნასწავლი მუსიკოსი იყო. 21 წლის ასაკში ელვისი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა.
* ელვის პრესლის კონცერტი 1973 წელს, ჰავაის კუნძულებზე, ჰონოლულუში მსოფლიოში პირველი კონცერტი იყო, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდა თანამგზავრის საშუალებით მსოფლიოს 40 ქვეყანაში.
* სკოლის დამთავრების შემდეგ ელვის პრესლი ცოტა ხანს სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა.
* ელვის პრესლი ნატურალური ქერაა; შავად თმის შეღებვა მან თავისი კერპის, დინ მარტინის მიბაძვის გამო დაიწყო.
* ელვის პრესლი ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობდა, იგი ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანოს საპატიო ოფიცერი გახლდათ.
* ჟურნალ „ფორბსის” ვერსიით, ელვის პრესლი ყველაზე მდიდარი მომღერალია გარდაცვლილ ვარსკვლავთა შორის.
* როდესაც ელვის პრესლის გარდაცვალება გაცხადდა, მისმა თაყვანისმცემლებმა არ დაიჯერეს და რამდენიმე მათგანმა ვარსკვლავის საფლავიც კი გათხარა, რომ დარწმუნებულიყო მომხდარში.
* ელვის პრესლი გატაცებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით, მათ შორის – კარატეთი. პრესლი შავი ქამრის მფლობელი გახლდათ.
* პრესლის უყვარდა მეგობრებისთვის საჩუქრების გაკეთება: იგი მათთვის იძენდა სახლებს და უფინანსებდა საქორწილო ხარჯებს. მან აუსრულა დედას ოცნება და ვარდისფერი „კადილაკი“ აჩუქა.
* ელვის პრესლი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი იყო გულის უკმარისობა, არაოფიციალურად კი – ნარკოტიკული საშუალებებისა და ანტიდეპრესანტების ზედმეტი დოზის მიღება.