სიახლეები
ტაისონმა მოკბეჩილი ყური დააბრუნა
ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა, არანაკლებ ლეგენდარულ მოკრივეს, ევანდერ ჰოლიფილდს, მოკბეჩილი ყური დაუბრუნა. ისტორიული მომენტი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკული კომპანიის რეკლამის ფარგლებში დაფიქსირდა. სარეკლამო რგოლის სიუჟეტის მიხედვით, ტაისონი ევანდერთან მივიდა სტუმრად და სასაჩუქრე ყუთში ჩადებული ყური აჩუქა, სიტყვებით: „ძალიან ვწუხვარ, ევანდერ, ეს თქვენი ყურია, მე მას ფორმალდეგიდში ვინახავდი”. შეგახსენებთ, რომ ყურის მოკბეჩის ინციდენტი 1997 წლის 28 ივნისს მოხდა, როცა ტაისონი და ჰოლიფილდი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს. მესამე რაუნდში ტაისონმა ჰოლიფილდს ყური მოაკბიჩა, რის გამოც მატჩში შეჩერდა, ხოლო სკანდალური მოკრივე გარკვეული ხნით მოიკვეთა კრივიდან. რამდენიმე თვის წინ ლარი კინგის შოუში ევანდერმა აპატია ტაისონს ჩადენილი საქციელი და ეს ფაქტი სარეკლამო ინდუსტრიას არ გამოეპარა.
რაფაელ ნადალი –
„ესტუდიანტესის” ქომაგი
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი მამაკაცებს შორის, ესპანელი რაფაელ ნადალი, წარმოშობით კუნძულ მალიორკიდან არის და ცნობილია, რომ იგი მშობლიური კლუბის „მალიორკას” ქომაგია. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ნადალი არგენტინულ საფეხბურთო კლუბ „ესტუდიანტესის” ქომაგთა წევრი გახდა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ნადალის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და, ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი „ესტუდიანტესის” ქომაგი თავისი მეგობრის, ასევე ჩოგბურთელი ხუან მონაკოს „დახმარებით” გახდა, რომელიც ბავშვობიდან ქომაგობს კლუბს ლა-პლატიდან.
უსაინ ბოლტის სიყვარულის ისტორია
იამაიკელი სპრინტერი, მსოფლიოს რვაგზის და ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი უსაინ ბოლტი პოპ-ვარსკვლავ რიჰანას სიყვარულში გამოუტყდა. „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ბოლტმა ასეთი შინაარსის განცხადება განათავსა: „მას შემდეგ, რაც რიჰანას ცეკვისა და სიმღერის ვიდეორგოლი ვნახე, დავრწმუნდი, რომ მიყვარს მთელი არსებით”. რეკორდსმენის შემდგომი „ტვიტი” უფრო გულახდილი გამოვიდა: „რიჰანა მიყვარს. გთხოვ, დამირეკე” – სთხოვს ვარსკვლავს უსაინ ბოლტი, ჟურნალისტები კი იმის გარკვევას ცდილობენ, გულწრფელია თუ არა ექსტრავაგანტური ქცევებით განთქმული სპორტსმენი.