რატომ არ უნდა ფიქრობდეს ქრისტიანი მუდმივად მომავალზე და რა ცოდვებს იწვევს ადამიანის მიერ წარსულზე ჩაციკვლა
ქრისტიანების დიდმა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დადის ეკლესიაში, ლოცულობს, ეზიარება, მაინც არ იცის იმ რამდენიმე არასწორი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ისინი ხშირად ვარდებიან. შესაბამისად, არც ის იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. რა არის ეს რამდენიმე მდგომარეობა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ერთ-ერთი არასწორი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ხშირად ვარდება, არის წარსულზე ჩაციკვლა, რაც განსაკუთრებულად გვეხება ქართველებს: „რა მაგარი მეფე იყო დავითი, თამარი, რა კარგად ვცხოვრობდით ადრე, ყველგან რა მაგრები ვიყავით ქართველები...“ ისეთი მაგრები რომ ვყოფილიყავით, როგორც ქართველების უმეტესობას ჰგონია, დღეს ასეთ საწყალ მდგომარეობაში აღარ აღმოვჩნდებოდით. შეიძლება, რამდენიმე საუკუნე გამოვარჩიოთ ისტორიიდან, როდესაც ჩვენთან მართლაც იყო ოქროს ხანა, თუმცა, ხშირად ვიჩენდით უგუნურებას, ბევრი შეცდომა დაუშვა ჩვენმა წინაპარმა. გვყავდა ბევრი წმიდანი, მაგრამ, რამდენი სირცხვილია აღწერილი ჩვენს ისტორიაში, ეს, ალბათ, კარგად იცით. მსოფლიოს ჩემპიონი თუ მუდმივად იკვეხნის იმას, რომ მსოფლიოს ჩემპიონია და არ ემზადება ოლიმპიური ჩემპიონობისთვის, იმასაც დაკარგავს, რაც მანამდე ჰქონდა. ამიტომ, თუ ვიძახებთ იმას, რომ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში მაგრები ვიყავით და, ახლა, როდესაც უკვე თითქმის ათი საუკუნე გავიდა, სულს ვღაფავთ, მგონი, სატრაბახო არაფერი გვაქვს. ამიტომ, უნდა მივხვდეთ, რით იყო თამარის სამეფო ძლიერი – მაშინ მოზარდებიც კი აღმსარებლები, მაზიარებლები, ეკლესიურები იყვნენ. თუმცა, მისი ძე ლაშა-გიორგი, რომელიც კარგი მხედართმთავარი იყო, მრუშობის ცოდვაში ჩავარდა, მას მიჰბაძა მისმა ამალამ, მთელმა ერმა და, რა შედეგიც მივიღეთ, ეს ყველამ ვიცით. როცა ხელისუფლების სათავეში მდგარი მრუშობის ან სხვა რომელიმე მძიმე ცოდვაშია, მერე ამას იმეორებენ მის ქვემოთ მდგომი ადამიანები, ეს კი ხდებოდა როგორც ადრე, ასევე დღესაც – ერშიც და ეკლესიაშიც. მაგალითად, როდესაც გაიგებენ, რომ ეპისკოპოსი ან მღვდელი მრუშობს, მერე მისი მრევლიც მრუშობს. ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში. ასე რომ, ჩაციკლულები კი არ უნდა ვიყოთ წარსულზე, არამედ, რა ხინჯიც გვქონდა, ის უნდა გამოვასწოროთ. რაც მთავარია, ზნეობა უნდა ამაღლდეს ჩვენში – ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედნიერება პირდაპირპროპორციულია ჩვენს ზნეობასთან. წარსულით კი არ უნდა ვიამაყოთ, კარგად უნდა გადავხედოთ აწმყოს და, მერე მივხვდებით, როგორი იქნება მომავალი.
– რა არის შემდეგი არასწორი მდგომარეობა, რომელშიც ხშირად ვვარდებით თანამედროვე ადამიანები?
– კიდევ ერთი მდგომარეობაა, ვთქვათ „არ შემიძლია“ და, ამგვარად, საკუთარი თავი განვაწყოთ წარუმატებლობისთვის. მაგალითად, შემოგთავაზეს თანამდებობა, ან, რაღაც საქმე, ან მოძღვარმა დაგვავალა რაღაცის გაკეთება, მაგრამ, ჩვენ ვამბობთ: „არ შემიძლია, აქ ვერ წავალ, ვერ ვილოცებ...“ თუმცა, ამის თქმა ქართველებს იშვიათად გვახასიათებს, რადგან, უმეტესობა პირიქით ამბობს: „მე მინდა პრეზიდენტი ვიყო, სტიქაროსანი, თანამდებობის პირი,“ მაგრამ, ბევრი აცხადებს: „მე ეს არ შემიძლია“ – ანუ, წინასწარ იჭრიან გზას და ეს უფრო ურწმუნო ადამიანის მდგომარეობაა, რომელმაც არ იცის, რომ ღმერთი დაეხმარება, შეეწევა. ზოგჯერ მიკითხავს მამაკაცისთვის: „შვილო, რატომ არ მოგყავს ცოლი?“ ის კი მპასუხობს: „არ შემიძლია. მეც მშიერი ვარ და მას რა ვაჭამო?“ ახალგაზრდა ადამიანო, თუ მშიერი ხარ და ამიტომ არ მოგყავს ცოლი, მაშინ, ცოტა მიდექ-მოდექი, გააქტიურდი, სხვა შემთხვევაში, შენც ხომ მშიერი მოკვდები და, რა შუაშია აქ ცოლის მოყვანა?! ასეთ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა: წლები მოემატათ და, რას აპირებენ, რას ფიქრობენ – არავინ იცის. ასე ხომ საბოლოოდ გადავგვარდებით, ქართველი გოგონები კი უცხოელ მამაკაცებზე გათხოვდებიან და მათ ჯიშს გაამრავლებენ. რისი გეშინიათ, ადამიანებო? თუ ღმერთი გწამთ, არ იქნებით მშიერი, ჭერიც გექნებათ, საჭმელიც. უბრალოდ, ჩვენ იოლი ცხოვრება გვინდა, ეს კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს.
– როგორია მომდევნო მდგომარეობა?
– ეს არის საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვისგან თავის შეკავება. თუმცა, ეს ქართველებს დიდად არ გვჩვევია – მაშინვე გვიყვარს საკუთარი აზრის სხვისთვის თავს მოხვევა, გრძნობების გამოხატვა, განსაკუთრებით – სუფრაზე, ერთმანეთის ჩახუტება, სიყვარულის ახსნა. არადა, ვინ გიყვარს, რა გიყვარს... საბოლოოდ ხომ ყველაფერი ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდება, ჭორაობით და ზურგს უკან განკითხვით?! რაც შეეხება ამ მდგომარეობას, ეს ნიშნავს იმას, რომ, უნდა გამოთქვათ საკუთარი აზრი, თავი არ უნდა შეიკავოთ ამისგან, მაგრამ, რა აზრსაც გამოთქვამთ, ის უნდა გააკეთოთ და არა სხვა რამ. ანუ, ის თქვი, რასაც გულში ფიქრობ და რის გაკეთებასაც აპირებ. თუმცა, დღეს, სხვებივით, ბევრი მოძღვარიც ხშირად ეუბნება მრევლს: „თქვენი ჭირიმე, რა ლამაზები, რა კარგები ხართ, თქვენნაირი მრევლი არავის ჰყავს“... და ასე შემდეგ, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ პირმოთნეობაა. შემდეგ ეს მრევლი მოძღვარს უბრუნებს: „რა კარგი ხართ, მამაო, თქვენზე განათლებული მოძღვარი არ არსებობს...“ – ეს ფარისევლობაა. ამიტომ, ჯობია, ვთქვათ ის, რაც სწორი და მართებულია, ამბიონიდან იქნება ეს თუ სხვაგან. როცა ერთმანეთს შეხვდებით, მაშინაც პირდაპირ უთხარით: „როგორი ზარმაცი ხარ, წინა კვირას რატომ არ იყავი ეკლესიაში; ან – რატომ არ მუშაობ კარგად, რატომ იქცევი არასწორად,“ და არა ის, რომ: „ვიცი შე, საბრალოვ, რატომ ვერ მოხვედი, რატომ არ აკეთებ ამას,“ – მერე შემობრუნდები და ზურგსუკან სულ სხვა რამეს ამბობ მასზე. როცა ადამიანს სიმართლეს ეუბნები, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მისთვის ცუდი გინდა, არამედ, უნდა აუხსნა, რომ, თუ ასე გააგრძელებ, შეიძლება, ჯერ ეკლესიის მრევლი აღარ იყო, ხვალ სამსახური დაკარგო, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდე; ასე თუ განაგრძობ, ასე თუ იცხოვრებ, შეიძლება, ოჯახიც ვერ შექმნა. შეიძლება, ეს უთხრა იმ გოგონას ან ბიჭს, რომელიც არასწორად ცხოვრობს, ოღონდ, ეს პირში უნდა უთხრა და არა ზურგს უკან – ეს იქნება თქვენი მხრიდან ჭეშმარტი ქრისტიანული დამოკიდებულება. შემდეგი მდგომარეობაა მომავალზე ფიქრი. ადამიანს ამ დროს არც წარსული ახსოვს და არც აწმყო, წამოგორებულია და მხოლოდ მომავალზე ფიქრობს. სახარება გვასწავლის: „იფიქრე დღევანდელ დღეზე, რამეთუ, არ იცი, ხვალინდელი დღე რას მოგიტანს.“ შენ თუ მხოლოდ მომავალზე ფიქრობ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა, რადგან, თუ დღეს არ დათესე, ხვალ ვერაფერს მოიმკი. დღეს თუ არ თოხნი, არ ბარავ, ხვალ რა მოსავალი უნდა მიიღო?! რა იცი, რომ დღევანდელი დღე დაგიღამდება, ან, გაგითენდება დღევანდელი ღამე?! ამიტომაც გითხრათ სახარებამ: „ხვალინდელმა დღემ იფიქროს თავის თავზე, დღევანდელს საფიქრალი საკმარისად აქვს.“ ჯერ ხომ არ დაღამებულა, ხომ არ იცით, რა მოხდება? ამიტომ, ცუდზეც უნდა იფიქროთ და კარგზეც და არა მხოლოდ იმაზე, რომ, „ხვალ ცოლს მოვიყვან, ხვალ წავალ ეკლესიაში, ხვალ ვიშრომებ, ხვალ ამას გავაკეთებ...“ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ, ბევრს დილა არც კი უთენდება. ამიტომ, იცხოვრეთ დღევანდელი დღით, თუმცა, ხვლინდელის იმედი არასდროს დაკარგოთ.
– არსებობს კიდევ სხვა მდგომარეობა?
– არის კიდევ ერთი მდგომარეობა – ისეთი დაპირებების გაცემა, რომელთა გაკეთებასაც ვერ შეძლებ. არ შეიძლება, ვინმეს პირობა მისცე, რამეს დაჰპირდე და მერე ვეღარ ან აღარ შეასრულო. დილის ლოცვებში ხომ კითხულობთ: „ყოველივე სიტყვის მიცემისგან უღონო ვარ,“ რადგან, დღეს ფიქრობ ერთს, ხვალ კიდევ – მეორეს და ასე შემდეგ. ამიტომ, ნუ შეჰპირდებით ნურც ღმერთს, ნურც მოძღვარს, ნურც შვილებს ნურაფერს; ნუ მოატყუებთ მათ, რომ რაღაცას უყიდით, რაღაცას გაუკეთებთ. დაჰპირდებით, არ შეუსრულებთ და – შემდეგში ეს ბავშვები სიცრუეში იზრდებიან და სიცრუის მქადაგებლები ხდებიან. „მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“ – აი, რას ითხოვს ღმერთი თქვენგან. როცა რაღაც გაქვთ, უნდა თქვათ: „ღმერთმა მომცა და ღმერთი მომცემს იმის საშუალებას, რომ გავცე“. ზოგჯერ, როდესაც მრევლი ხედავს, როგორ ყელმოღერებით დგანან ეკლესიაში ის ადამიანები – ბიზნესმენები, ბანკირები, რომლებმაც სხვას სახლი წაართვეს, ქონება დაუყადაღეს და ეს ფაქტი ბევრ ადამიანს აბრკოლებს, უჩნდებათ კითხვა: „რატომ?“ იმიტომ, რომ მათ რაღაც ააშენეს, შესწირეს ეკლესიას, მამაოს და, ამიტომაც, მოძღვარს ის დიდი შემომწირველი, მეცენატი ჰგონია. არადა, ასე არა არის. იცოდეთ, რომ, თუ რამე თანხა გაქვთ, რამე წყალობა, ეს ღმერთის დამსახურებაა, მან მოგცათ. ამიტომ, კეთილი ინებეთ, ეკლესიასაც შესწირეთ, ახლობლებსაც, გაჭირვებულსაც და გექნებათ საუნჯე ცათა შინა.