იცეკვებენ თუ არა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ნანკა კალატოზიშვილი და დემეტრე სხირტლაძე
იყო დემეტრე სხირტლაძის სასცენო პარტნიორი – არც ისე იოლი საქმეა. გადაცემის, შოუს თუ მეგაპროექტების წაყვანის მისეული სტილი აბსოლუტურად თავისუფალია ჩარჩოებისგან, მაგრამ ყოველ ხუთშაბათს ეკრანზე სულ სხვა სურათს, როგორც „ტელევიზიონშჩიკები“ ამბობენ, „კარტინკას“ ვხედავთ. ნანკა კალატოზიშვილი და დუტა ჰარმონიულად არიან ერთმანეთთან შეთამაშებული და, მიუხედავად იმ უამრავი ტექნიკური პრობლემისა, რომლებზეც ქვემოთ საუბრობენ, შოუს ყურება მხოლოდ მათ გამოც კი ღირს. (ფოტოები მოგვაწოდა გიორგი ცაავამ).
– დუტა, მინდა საუბარი დავიწყოთ შენი ახალი ფილმის – „გივის“ პრემიერით, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში.
დუტა: წადით, „გივი“ ნახეთ, „რუსთაველში“ და „ამირანში“ გადის, ძალიან სასაცილო ფილმია და ბევრს იცინებთ. „გივი“ არის ფრანგული ფილმის – „ოსკარის“ მოტივებზე და თამაშობს სრულიად ერი. ნანკაც გვინდოდა, მაგრამ, არ ეცალა, უფრო სწორად, ორსულად იყო, დიდი მუცლით. კი გვინდოდა, ფილმში ორსული რომ ყოფილიყო, მაგრამ, მერე ვითომ იტყუება და, აი, ეს უკვე აღარ გამოვიდოდა.
ნანკა: თეატრში სპექტაკლი გვაქვს ნათამაშები „ოსკარის“ მოტივებზე და ძალიან სასაცილო იყო. დარწმუნებული ვარ, ფილმიც ძალიან მაგარი იქნება, რადგან, ქართული სიტუაციები კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე ფრანგული. ქართული მენტალიტეტია სხვანაირი.
დუტა: ერთადერთი, დედაა ფილმში პროგრესული, იმიტომ რომ, ურჩევნია, შვილს ერთი ჰყავდეს, ვიდრე ათასი (იცინიან). მერე ნაცნობი მამაოც ჰყავს, ბიჭიც მრევლშია და...
ნანკა: ყველაფერს ნუ მოვყვებით, ძალიან სასაცილო ფილმია, მიდით და ნახეთ.
დუტა: მთავარ როლს თამაშობს ზუკა პაპუაშვილი, არაჩვეულებრივად. „დოლჩედ“ ცნობილი გიორგი კალანდარიშვილიც ასევე, ძალიან მაგრად თამაშობს. რუსკა და ნინუცა მაყაშვილები, ნუკი, ნატო ებანოიძე. ნუკი რა მაგარია ხედავ?! როგორც ნანკა უნდა თქვა ერთი, ისე ნუკიც და გასაგებია, ვისზეც ლაპარაკობ.
– დუტა და თანაწამყვანი უცხო ხილია როგორც შენთვის, ისე მაყურებლისთვის, ყოველთვის მარტო იყავი...
– აბა! მჩაგრავენ, არაფრის თქმას არ მაცდიან.
ნანკა: არა, შენ თავს ვფიცავარ, მეგონა, ტექსტი დაგავიწყდა.
დუტა: არა, არ იყო ჯერ მაგის გამოცხადების დრო, თანმიმდევრობაში ასე ვიყავით, უბრალოდ, ვიღადავე, თავი შევაცოდე მაყურებელს (იცინიან). მაგ დღეს აცეტებული ვიყავი. ჩემი ფილმის პრემიერა ჩაიშალა – კომპიუტერს ქულერი დაეწვა, ყველაფერი აფეთქდა. ფილმი შევინარჩუნეთ, მაგრამ, პრემიერა არ შედგა და თავს ვირთობდით.
– გაცილებით სერიოზულები ხართ, ვიდრე მაყურებელი მოელოდა.
– მოიცა, ის სიტყვა უნდა გავიხსენო... აქაურობა ხომ გლამურულია (იცინიან). ჰოდა, გლამურს ცანცარი არ უხდება. დღეს, მართალია, წვერით ვიქნები, მაგრამ, მაინც ვეცდები, „გლამურნად“ გამოვიყურებოდე.
ნანკა: ეკლექტურები ვართ, მაგრამ, აცეტების მომენტები გვაქვს ხოლმე, ყოველთვის ვერ ვიკავებთ თავს. პირველი, რის გამოც ამ შოუს წამყვანობა გამიხარდა, დუტასთან ერთად რომ უნდა ვყოფილიყავი, ეგ იყო. ქასთინგის სცენები რომ გადავიღეთ, იქაც სულ ვამბობდი: რა მაგარია დუტა რომ იქნება, გავერთობით, ვიხალისებთ-მეთქი. მერე უცებ გვითხრეს, რომ ცოტა სერიოზულები იყავითო; მერე გვითხრეს – ახლა ძალიან ცოტას ლაპარაკობთო; მერე – ცოტა იცანცარეთო. მოკლედ, ჩვენი აქტიურობა იმის მიხედვითაა, თუ როგორ მიდის შოუ. თუ ცეკვებით ცეცხლი არ დაინთება, მაშინ, გვთხოვენ, რომ ცოტა გავაქტიურდეთ, ვიხუმროთ. ჟიურიც კი გვთხოვს, ცოტა გვეკამათეთ, გვეჩხუბეთო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეების ადვოკატები ვიყოთ.
– შენც ასევე გაგიხარდა, რომ ნანკასთან ერთად უნდა გემუშავა?
დუტა: ნანკა ურთულესი პარტნიორია. საერთოდ, ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით სცენაზე, მაშინაც ძალიან გაგვიჭირდა და იმის მერე სულ ასე გვიჭირს მუშაობაც და ურთიერთობაც (იცინიან). არა, რეალურად, მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს – ერთმანეთის საუბარი: ისეთი ცუდი აკუსტიკა აქვს ცირკს, საერთოდ არ გვესმის და ერთმანეთს პირში ვუყურებთ, რომ გავიგოთ, როდის დაამთავრა წინადადება.
ნანკა: ჯერ ერთი, ცუდი აკუსტიკაა, „თიბისის“ ოთახში კი ისეთი გნიასი და ხმაურია, რომ, მართლა ინტუიციით უნდა მივხვდე, ლიკა როდის ამთავრებს ლაპარაკს.
დუტა: თუ დაკვირვებიხართ, ოთხნი რომ ვდგავართ, ყველა ერთმანეთს სახეში ვუყურებთ: დაამთავრე? აჰა, ძალიან კარგი (იცინიან). მაგრამ, ისეც ხომ ხდება, რომ რაღაც იმპროვიზაციაა, ტექსტს ასცდი და, კი იცი რომ დაამთავრა, მაგრამ, აი ის აღარ იცი, რა თქვა. ჩარლზ ბრონსონებივით ვართ – პირის მოძრაობით „ვკითხულობთ“ სიტყვებს.
– ნანკას წაქცევის ამბავი მომიყევით. ტელევიზორში ისე დრამატულად არ ჩანდა ყველაფერი, როგორც წეღან აქ ყვებოდნენ.
– მე მოვყვები, რა! პატარა პიედესტალია, რაზეც საქანელა იყო დამაგრებული. სოფიკო იქ გადასარევად იჯდა, დამუღამებული ჰქონდა. არადა, საქანელა ჩვეულებრივად, „კალცოებში“ გაყრილი ფიცარი იყო.
ნანკა: მე „კეკელკამ,“ გადავწყვიტე, აქ მოვკალათდები-მეთქი.
დუტა: მე მივიდოდი, მას გავაქანავებდი და ვიტყოდი – ეს იყო პეტერბურგში-მეთქი და ასე გავიდოდით რეკლამაზე (იცინიან). აი, უნდა მოვყვე, მე რა ხმა გავიგე, რა! პიედესტალზე მიერთებულია კიბე და მთელი კონსტრუქციები: კიბის უკან – ხარაჩოები და ეკრანის უკან – უზარმაზარი შლეიფი, ფარშევანგის კუდივით გადაშლილი. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი და, ფეხსაც რომ დაარტყამ, სასწაული აკუსტიკა აქვს. ნანკა რომ დაეცა, იყო ერთი პატარა „დგუფ“ და უცებ, დაიძრა ტალღა, აზანზარდა და აგუგუნდა ყველაფერი. სასწაული ხმა იყო.
ნანკა: თან, ისე მეცვა, რომ ადგომის შანსი არ მქონდა. ბედნიერად ვიჯექი, სანამ დუტამ არ ამაყენა. ფეხის მოსაჭიდებელიც არაა, ჯერ გამომასრიალეს, მერე ფეხები ოდნავ გადმოვყავი პიედესტალიდან და ისე ავდექი (იცინიან). არ არის ეს კაბები გათვლილი დაცემაზე, დგომაზეა გათვლილი.
დუტა: მერე ველოდებოდი „ფეისბუქზე“ რა კომენტარები იქნებოდა, მაგრამ, ისეთი არაფერი.
ნანკა: აქ ხალხი მაწყნარებდა მერე. ხალხი რა ბოროტია – როგორ იცინოდნენო და გადავირიე – ამაზე როგორ არ უნდა გასცინებოდათ-მეთქი, მე თვითონ ძლივს ვიკავებდი თავს.
დუტა: კომედიის პირველი პრინციპია: მიდის ადამიანი, ფეხი აუცდა, დაეცა და – ყველა იცინის.
– ეს სეზონი ყველაზე მაგარი გამოვიდა. მონაწილეების ასეთი ძლიერი შესრულება, ალბათ, თქვენზეც მოქმედებს.
– რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამაყნი გახლავართ, ბატონო ჩემო.
ნანკა: გოჩა ჩერტკოევი გაგიჟებულია – ამდენი ათიანი ცხოვრებაში არ დამიწერიაო. ისე ვნერვიულობთ და ისე ვგულშემატკივრობთ ყველას, ნოდარის გავარდნაზე ისე დამწყდა გული... არა, საერთოდ ყველას გავარდნაზე.
– თქვენ ვის გულშემატკივრობთ?
დუტა: ყველას წარმატება ძალიან გვიხარია, მაგრამ, ვისაც არ უნდა ეწყინოს, მაინც ვამბობ, რომ გიო ყიფშიძეს. გიო ჩემი ძმაკაცია და ამას ყველგან ვამბობ. მგონია, რომ მას აქვს რაღაც ისეთი, რაც საჭიროა ამ შოუს მოსაგებად.
– თქვენ როდის იცეკვებთ?
– არასოდეს.
– ნანკაზე პირველი სეზონიდან არის მოლოდინი...
ნანკა: ჰოდა, ეს მოლოდინი ისე მაშინებს, რომ, შეიძლება, მართლა საერთოდ არ ვიცეკვო. რატომღაც, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ვცეკვავ. არ ვიცი, ხალხო, ცეკვა, არასდროს მიცეკვია!
დუტა: ასე არ ჯობია, როგორც ჩვენ ვართ? – კვირაში ერთხელ მოვდივართ, სიამოვნებას ვიღებთ ამ ყველაფრით, ხელფასსაც ვიღებთ, კვირიდან კვირამდე არ ვრეპეტიციობთ გულის წასვლამდე და მერე გავარდნაზე არ ვნერვიულობთ. ასე არ ჯობია?!
ნანკა: ცეკვა სიამოვნებისთვის არის კარგი.
დუტა: მე და ნანკა „სარდაფის“ ბანკეტებზე რომ ავიწყვეტდით ხოლმე, ვეღარ ვჩერდებოდით. ჩვენზე მაგრად ცეკვა მგონი არავის უყვარს.
ნანკა: პლუს, არც ვარ ჯერ ისეთ ფორმაში, რომ ვიცეკვო. ასეთი კაბები რომ ჩავიცვა, სასაცილო ვიქნები.
დუტა: მე კიდევ, ეს წელი ჩავაგდე და რაღაცეები ცოტა უხერხულია.
– წინა სეზონებზე წამყვანებიც საკმაოდ ბევრს ცეკვავდნენ...
ნანკა: ჩვენ როგორ გვიდგამენ, იცი შესავალ ცეკვას? რომ მოვალთ, უცებ გვეუბნებიან, დღეს ესა და ეს უნდა იცეკვოთო – გადაწყვიტეს, რომ ორ წუთში ვსწავლობთ ყველაფერს. პირდაპირ ეთერამდე ათი წუთით ადრე გვაძლევენ მონახაზს და, მიდი, იცეკვეთო. როცა უკან ვართ, კიდევ არა უშავს. ერთხელ გაირკვა, რომ ოც კაცთან ერთად, წინა პლანზე, სინქრონში უნდა გვეცეკვა...
– იციან, რომ შეგიძლიათ...
დუტა: ჩვენ ამ პრობლემაზე საუბრით ხაზს ვუსვამთ, თუ როგორი ნიჭიერები ვართ (იცინიან), მაგრამ, ეს ნერვიულობის ფასად გვიჯდება.
– მოკლედ, ახალი წელი ბედნიერი გექნებათ – 31 დეკემბერს, 10 საათზე, იქნება ბევრი ცრემლი და სიხარული..
– და, გიჟებივით გავვარდებით სახლში და, თორმეტამდე თუ მივაღწევთ, კარგია. ნუ, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია უკვე ბოლო ათი წელია. მოკლედ, მე და ნანკას ან შოუ მიგვყავს ახალი წლის დადგომამდე, ან – თვითონ ახალი წელი (იცინიან).
ნანკა: და ახალ წელს ვიღაცეები ერთმანეთს ხოცავენ და ხალხს მე ვგონივარ მთვრალი. ნეტავ, მართლა მთვრალი ვყოფილიყავი იმ დღეს, ვიყინებოდი გაუთბობელ სცენაზე სულიკაშვილის ულამაზეს და უთხელეს კაბაში. თვითონ ყველანი „უშანკებითა“ და კონიაკის ჭიქებით დადიოდნენ.
დუტა: მე, საერთოდ, წლებია, არ ვსვამ. ნანკამაც ფხიზლად უნდა წავიყვანოო და, ასე ვიყინებოდით სცენაზე. რაღაც მოხდა პირდაპირ ჩართვასთან დაკავშირებით და ოპერატორებმა ისეთი ჩხუბი ატეხეს, რომ მე, საერთოდ, ჩავედი.
ნანკა: ჩვენ ვმოძღვრავთ ერთმანეთს – გვიყვარდეს ერთმანეთი-მეთქი და, ეს ყველაფერი, თურმე, პირდაპირ ეთერშია. ჩემმა ძმამაც გადაწვიტა, რომ მთვრალი ვიყავი – ვერ მეტყველებდიო.
– წელსაც იგივე გელით?
დუტა: წელს მოკრძალებული ახალი წელი გვექნება ოჯახებში ყველას (იცინიან). ძალიან კარგია სახლში, კაცო: გოზინაყი გადაიღე, შვილო... ასე ტკბილად დამიბერდით და ყველაფერი.
ნანკა: წელს პირველი ახალი წელი მაქვს შვილთან ერთად და ძალიან მიხარია. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, ისაა, ბათქა-ბუთქი რომ ატყდება გული არ გაუსკდეს. როგორ დავახშო ბავშვის ოთახი, კვერცხის „ლატოკები“ ხომ არ ავაკრა?
დუტა: რა კვერცხის „ლატოკები“, ხომ არ გაგიჟდი! საერთოდ ვერ გაიგებს, დაანებე ბავშვს თავი. ან, თუ გაიღვიძებს, აყურებინე, რაც გარეთ ხდება და მოეწონება. მუსიკა ჩართე თან.
– როგორც ვხვდები, მომავალ წელსაც გიხილავთ ცირკის პარკეტზე, თუ როგორ ეძახიან საცეკვაო მოედანს?
– „ამ ამაღლებულ ფიცარნაგზე“ – როგორც ჩემი ლევან ხურცია იტყოდა.