რა პერიოდი გაატარა გია ცინაძემ ძილსა და სიყვარულში
გია ცინაძეს ქართულ სატელევიზიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სახე აქვს შექმნილი – პერსონაჟი, რომლის გავლენიდან თავად მსახიობი დიდი ხანია, გამოვიდა, მაგრამ მყუდროს სახელი, ალბათ, კიდევ დიდხანს მასთან ერთად დარჩება. სერიალ „ნათია და ნათიაში“ გიამ მყუდროსგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟი გამოძერწა, როგორც ვიზუალურად, ისე ხასიათით. გიას ახალ სერიალსა და ახალ საქართველოზე (მისი სოციალური აქტიურობიდან გამომდინარე) ვესაუბრეთ.
– დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გამოჩენილხარ, რა იყო ამის მიზეზი?
– ამ დროის განმავლობაში ყოველთვის ვიყავი ჩემს სახლში, ჩემს მეგობრებთან ერთად „ფორმულა კრეატივში“. „ჩვენი ოფისის“ შემდეგ, ჩვენმა გუნდმა დაიწყო „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება, სადაც მე არ ვიყავი დაკავებული. ლიფონავა რომ ჩემი ძმაკაცია, არ ნიშნავს იმას, რომ, რასაც გადაიღებს, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. ვერ დაინახეს ამ სერიალში ჩემი თავი და არ დამაკავეს. ჩვენი სამეგობრო პირიქით, ქართული მენტალიტეტის ასეთ ცუდ გამოვლინებებს, ზოგადად, ქვეყანაში ვებრძვით და მით უმეტეს – სამეგობროში. რა თქმა უნდა, თუ რომელიმეს გაგვიჭირდა, ერთმანეთს შიმშილით არ დავხოცავთ, მაგრამ ის, რომ მეგობრები ვართ, ყველგან ვთამაშობდე – სასაცილოა. მათ ამ სერიალში სხვა ადამიანები დაინახეს და ახლა რაღაც ეტაპის შემდეგ, ჩათვალეს, რომ ამ კონკრეტულ როლზე მე ვარ საჭირო.
– ესე იგი, მთელი ამ დროის განმავლობაში მათთან მუშაობდი.
– კი და ბევრ პროექტზე ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის საქართველოს სარეკლამო კლიპებზე, რომელიც სხვადასხვა არხზე ტრიალებდა. ამის შემდეგ პატარა პაუზა ავიღე – მეძინა, მთაში ვიყავი, მიყვარდა. სიყვარულით ვიყავი დაკავებული. მიყვარდა სამშობლო, ადამიანები, მეგობრები... ახლა კი, ისევ მოვიდა დაბრუნების დრო. ზოგადად, ამხელა პაუზა არ გამომივიდოდა, ყველაფერზე რომ ვთანხმდებოდე. შეიძლება, ეს ჩემი მინუსია და მსახიობი რომ ხარ, ყველაფერი უნდა ითამაშო. მაგრამ, მგონი, უფრო საბედნიეროდ, ვიდრე სამწუხაროდ, ვერ ვქენი ისე, რომ თვალი დამეხუჭა რაღაცეებზე და მხოლოდ იქ ვარ, სადაც მომწონს.
– საინტერესოა, რომ გაჩნდა მოთხოვნილება, იგივე ჯგუფს, იგივე არხზე კიდევ ახალი სერიალის კეთება დაეწყო.
– კარგია, რომ ეს მოხდა. ათი იდეა რომ გაჩნდეს, ათივეს განხორციელებას შევძლებთ. „ფორმულა კრეატივს“ გამოცდილება აქვს. ძალიან ნიჭიერები არიან და მათ სურვილზე, რომ ახალი იდეა განეხორციელებინათ, არხმა უარი არ უთხრა. „რუსთავი 2“ ენდობა მათ. „ნათია და ნათია“ სიტუაციური კომედიაა, სხვა ტიპის სერიალია, სადაც ცხოვრებისეული ამბები უფრო კომიკურად და სასაცილოდ არის გადმოცემული. „ჩემი ცოლის დაქალები“ რევოლუციურ სერიალად იქცა, რომელიც აუცილებლად დარჩება ლეგენდად, რადგან პირველია, რომელმაც ასეთი საყოველთაო აღიარება მოიპოვა – უყურებს ყველანაირი ასაკისა და გემოვნების ადამიანი. ეს არის სერიალი, რომელიც რეალურად გვანახვებს, რა ხდება ქვეყანაში – ქეთი დევდარიანი გენიალური სცენარით და ყველა იმ ნიჭიერი ადამიანით, რომელიც მასზე მუშაობს.
– შენს გმირზე მოგვიყევი, თუ გრძნობ, რომ ხალხი ისევ მყუდროს, ისევ იმ მოსულელო ტიპს ელოდებოდა შენგან, რომელიც „სიმართლეებს“ ლაპარაკობს?
– მყუდრო ძალიან უყვართ. დღემდე მომდის წერილები: აუ, კიდევ გააკეთეთო. მაგრამ, რაღაც მთავრდება და ახალი იწყება. ეს ჩემთვისაც საინტერესოა. აქაც მაინც სიტკომია და შეიძლება, რაღაც საერთო დეტალები ნახოთ. მაგრამ, მთლიანად სხვანაირი ტიპია, მათ შორის, ვიზუალურადაც.
– მოგწონს შენი თავი ქოჩრიანი ბიჭის როლში?
– (იცინის) კი, ქოჩორი „გამისწორდა“, მაგრამ აი, გაპარსული, ძალიან მეუცნაურება ჩემი თავი. ბავშვობის მერე გაპარსული არ ვყოფილვარ და ცოტა მეუცხოება. რაც შეეხება თვითონ ტიპაჟს, ასეთი კაცები ბევრია ზოგადად და არა მხოლოდ საქართველოში. მას ახალი მოყვანილი ჰყავს ცოლი და საერთოდ, არაფრის აზრზე არ არის. შეიძლება, ძალიან არც უნდოდა ცოლის მოყვანა, მაგრამ აი, „დრო მოვიდა“ და „შვილიშვილი მინდა“ – ამ ფაქტორებმაც იმუშავა. ეს ხაზგასმით არსად ჩანს, მაგრამ მაინც იგრძნობა. გამოუცდელია ამ ურთიერთობებში და თავისი ძმა, თან ვითომ ასწავლის, თან ატყუებს, თანაც თავის სასარგებლოდ იყენებს. სამსახურშიც ისეთი, ამბიციური ბიჭია, ზოგჯერ ყვირის რაღაცეებს, ხან უჯერებენ, ხან – არა.
– გოგოების შემთხვევაში საზოგადოების წნეხი ძალიან დიდია – როდის გათხოვდები? ვაიმე ვერ თხოვდები?! ორსულად არ ხარ? მეორეს როდის აჩენ? მოკლედ, ეს წრე არ მთავრდება და ქალისგან სულ რაღაცას ითხოვენ. კაცების შემთხვევაში თუ არის ეს ასე?
– ჩემთვის ძალიან უცხოა, რასაც ახლა მეუბნები. ეგ თუ ეგრე ხდებოდა, მართლა არ მეგონა, გულწრფელად გამიკვირდა. ბავშვობიდან ისეთ გარემოში მიწევს ყოფნა და ალბათ, შენ რაც მოგწონს, მეგობრებიც ისეთივე გყავს. საქართველოში თუ ისევ იყო ასეთი რეალობა, ნამდვილად არ მეგონა. მსგავს ამბებს რომ ვიგებ, ვიშოკები, მით უმეტეს, ბიჭებზე, ყოვლად დაუჯერებელია. ბაბუაჩების ასაკის ადამიანებიც კი არ მეკითხებიან მსგავს რაღაცეებს. თუ ვინმეს წამოსცდება და იტყვის, შაყირის ობიექტი ხდება.
– არ მოგივიდა ესე იგი ცოლის მოყვანის დრო?
– ჯერ, ალბათ, არა, რადგან არ მომიყვანია. საერთოდ, სულ მიყვარს. შენ ძალიან კარგად იცი, რომ სიყვარულის გარეშე არ შემიძლია...
– მაგრამ, მეჩვენება, რომ მეორე ადამიანისგან ძალიან ბევრს ითხოვ.
– არა, საერთოდ არაფერს. უბრალოდ, მინდა, ისეთივე პასუხისმგებლობით იყოს სავსე, როგორც მე ვარ და იყოს ჩვეულებრივი, წესიერი ადამიანი. მიყვარს ჩვეულებრივი ადამიანები. ქართველებს ეს უცნაურობაც გვახასიათებს, ვიღაც რომ კარგია, არაჩვეულებრივს ვეძახით. არადა, ყველა უნდა ვიყოთ კარგი და ჩვეულებრივი და ვინც ცუდია, ის უნდა იყოს არაჩვეულებრივი. ტვინი ცოტა უცნაურად გვაქვს მოწყობილი და ეს ტრაგედიაა ჩემთვის.
– ძალიან აქტიური ხარ სოციალურ ქსელებში და სუფთა ქართულ მომენტებს დაუზარლად ებრძვი. ხარ ასევე პოლიტიკურად ძალიან აქტიურიც.
– კი და მიუხედავად იმისა, ამის გამო უამრავი ადამიანი მაკრიტიკებს, ვამბობ ყოველთვის იმას, რაც მგონია, რომ სწორია და არ ვხდები მედროვე. ერთი მიზეზი, რის გამოც ძველი მთავრობა მომწონდა, ის იყო, რომ ქართულ სიმახინჯეებს ებრძოდნენ – არა ტრადიციებს ზოგადად, არამედ იმას, რაც ჩვენს განვითარებას, დასავლურ მსოფლმხედველობას და ღირებულებებთან იდენტობას ხელს უშლიდა. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთიც კი დასავლეთისკენ იყურება, ჩვენ რატომ უნდა ვიყურებოდეთ იქით, საიდანაც არაფერი ჩანს, ანუ რუსეთისკენ. მაინც მეჩვენება, რომ ხალხი რუსეთისკენ იყურება და ეს ძალიან არ მომწონს. ქართველებს უნდათ, რომ სახლში იყვნენ კარგად – სახლებიც დალაგებულები გვაქვს, მაგრამ სადარბაზოებში საშინელებები ხდება, ნაგავი ყრია და ფსლის სუნია. ქვეყანა უნდა ვაქციოთ სახლად და არა სახლის ინტერესები განვაზოგადოთ ქვეყანაზე. ძალიან მარტივი მაგალითი მომყავს, მაგრამ ეს ბევრ რამეს ეხება. ეს არ ნიშნავს ტრადიციებზე უარის თქმას, უბრალოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენს შვილებს თანამედროვე აზროვნება ჰქონდეთ.
– შენი სიყვარულის ამბები როგორ არის?
– დიდი ბიჭი ვარ უკვე, მეზარება სიყვარული ჯერ. არა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად მიყვარს, ადამიანები, ბავშვები, გოგოები, მეგობრები. სიყვარულის ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ აი ერთის გარშემო რომ ხარ და მორჩა - ასე არ ვარ, არ მინდა, რომ ვიყო. საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა და ეს არც მაწუხებს. თან, ისეთი სიყვარული ვიცი, იქ გადავარდნა ჯერ არ მინდა. ახლა სხვა რაღაცეებზე ვარ მოტივირებული.
– ახლა როგორ რეჟიმში ხართ?
– ძალიან დატვირთული არ ვარ. კულტურულად არის აწყობილი ყველაფერი, ღამის თენებების დრო დამთავრდა. კარგი ჯგუფი შეიკრა, ვარსკვლავური ქასთია ამ სერიალში. მგონი, კარგი გამოდის, პირველ სერიას მეორე ჯობდა, მეორეს მესამე და ეს კარგია. ძალიან განვითარდება ეს სერიალი და ყველა ისიამოვნებს, ვინც უყურებს.