კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი პოპულარობა არ სიამოვნებს თორნიკე გოგრიჭიანს და რა სტერეოტიპები დაინგრა მის გარშემო

სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როცა თორნიკე გოგრიჭიანი მეგა-პროექტის „ერთი ერთში“ წამყვანის ამპლუაში დავინახე. მისთვის ეს მიმართულება საინტერესო არასდროს იყო, ამის გამო თქვა უარი პოპულარულ სერიალზე, არ „მეგობრობს“ მედიასთან, თორნიკესთან მისი ფილმების პრემიერების დროსაც კი ჭირდა კომენტარის ჩაწერა. პროექტის სცენაზე კი გამოჩნდა, რომ თორნიკე ძალიან მხიარული, იუმორით სავსე და ლაღი ადამიანია.

 

თორნიკე გოგრიჭიანი: ამ პროექტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს მოსალოდნელიც იყო. კონცეპტუალურად ძალიან საინტერესო, გასართობი და სანახაობრივია და ჩვენც, ვინც ამ პროექტზე ვმუშაობთ, მთელი არხი, მონდომებულია, რომ შოუ სრულყოფილი გამოვიდეს. შედეგიც ადეკვატურია, მაყურებლისგან ძალიან დიდი გამოხმაურება წამოვიდა პირველივე ლაივ-შოუს შემდეგ. 

– შენ აქამდეც მიგყავდა გადაცემა ამ არხზე...

– ეს იყო დოკუმენტური ფილმების სერია – „ლეგენდა“. ფილმები ეხებოდა უცნაურ, პარანორმალურ მოვლენებს, ძველ და გაუხსნელ საქმეებს. საინტერესო გადაცემა იყო. 

ეს იყო ჯაბა მელქაძისა და ლევან დაბრუნდაშვილის იდეა, ისინი იყვნენ გადაცემის ავტორები. ამ გადაცემის ფორმა, ესთეტიკა კი უკვე ჩემთან ერთად შეირჩა, რადგან ამ გადაცემის წამყვანი და სცენარის ერთ-ერთი ავტორიც ვიყავი. 

– სერიალის პერიოდში მქონდა შენთან ინტერვიუ და მახსოვს, სატელევიზიო პოპულარობას გაურბოდი, არ მოგწონდა სახის გაცვეთა და გინდოდა მთელი შენი ენერგია თეატრისთვის მოგეხმარა. რა შეცვალა GDS-მა?

– საქმე ის არ არის, რომ ან არხთან მქონდა პრობლემა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ, ის სერიალი ახალი და საინტერესო იყო. მან თავისი სიტყვა თქვა და მგონი, ძალიან დროულად ვთქვი მასში მონაწილეობაზე უარი. ახლა მსგავს პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ. არა იმიტომ, რომ ცუდია, არამედ – არ მაინტერესებს მსგავსი ესთეტიკის სერიალები. ჩვენ არხზე დეკემებრში იწყება ძალიან მაგარი სერიალი – „პარადოქსი“, უფრო სწორად, მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი, რომლის სერიები, მთელი თავისი ესთეტიკით და შინაარსით, ერთი დასრულებული ფილმია. 

– ამერიკული სერიალის „გეიმ ოფ ტრონის“ მსგავსია?

– მთლად „გეიმ ოფ ტრონს“ ვერ იქნება, მაგრამ რაღაც მსგავსია. „ლეგენდაც“ არ იყო ტიპური გადაცემა. ყველაფერი რაც იმ გადაცემაში ხდებოდა, თვითონაც ძალიან მაინტერესებს.

– ანუ, მონაწილეობ იმაში, რაც გაინტერესებს. მსახიობმა ყველაფერი უნდა გააკეთოს – ამას, როგორც ჩანს, არ ეთანხმები.

– არა, ამ გამონათქვამს არაფრით არ ვეთანხმები. ეს პროექტიც  ახალი და საინტერესოა, მომეწონა.

– შენ და შოუები – მართლა ძალიან გამიკვირდა...

– კი, მართლა ძალიან შორს ვართ მე და შოუები ერთმანეთისგან, მაგრამ ვთქვი თანხმობა და ძალიან კარგად მოვიქეცი, საერთოდ არ ვნანობ. ეს შოუ ამართლებს ჩემს წარმოდგენას და იმედებს. ეს პროექტი ახალ წლამდეა, მერე იქნება ახალი სეზონი, ახალი ადამიანებით.

– ამ პროექტმა შენი ის სტერეოტიპიც დაანგრია, რომ ჩაკეტილი ხარ და არ გიყვარს მედიასთან ურთიერთობა...

– მედიასთან გახსნილი არც ახლა ვარ ბოლომდე, თუმცა ამ ჩაკეტილობამ შესაძლოა გააჩინა რაღაც არასწორი ვარაუდები. რაც ვარ, ეგეთი ვარ, მაგრამ ჩაკეტილი ნამდვილად არ ვარ, არც ადამიანებთან ურთიერთობაში მაქვს პრობლემები და იუმორიც, მგონი, მაქვს (იცინის).

ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, აქტიურად გამოჩნდიო. აქტიურად გამოჩენაში ალბათ ტელევიზია იგულისხმა, თორემ სერიალის შემდეგ ექვს-შვიდ კინოპროექტში მივიღე მონაწილეობა და ეგეც, მგონი, აქტიურობაა, არა?! (იცინის).

– კინოს მაინც არ აქვს ის გამოხმაურება.

– ცუდია, არადა თითქოს ყველა ფილმი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, მათ შორის იუმორისტულიც. ზაზა რუსაძის ფილმი „ბერლინალეზე“ იყო წარდგენილი ოფიციალურ სექციაში, საკონკურსო ჩვენებაში, წარდგენილი იყო საუკეთესო დებიუტზე. ახლა გამოდის ლევან თუთბერიძის ფილმი „ფორ გლორი“, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. უბრალოდ, ბაზრიდან გამომდინარეა, ასეა მთელ მსოფლიოში. ტელევიზია უფრო იოლად გხდის პოპულარულს. რაღაც დოზით აუცილებელია ასეთი პოპულარობა, მსახიობს გჭირდება, რომ შემდეგ, კინოში იქნება ეს თუ თეატრში, მაყურებელი მოვიდეს და გნახოს. 

– შენ გამო იყიდოს ბილეთი.

– ეგ, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან გამიხარდება. მაგრამ, სულ ასეთი კუთხით ცნობადობა მოსაბეზრებელია – არ მაინტერესებს და ამას ვერაფრის გამო ვერ გავაკეთებ. ვცდილობ, ბევრი მიმართულებით მოვსინჯო საკუთარი ძალები – იმაში, რაც ახლოსაა ხელოვნებასთან, შემოქმედებასთან. 

– თეატრში რა ხდება?

– ახალ სპექტაკლში არ ვარ, მაგრამ „მაკბეტით“ ძალიან ბევრ ფესტივალზე ვიყავი და კიდევ ბევრი გასტროლი იგეგმება. დაიდგა რამდენიმე ძალიან კარგი სპექტაკლი: „კარმენი,“ „ზაფხულის ღამის სიზმარი“, მაგრამ ამ სპექტაკლებში არ ვარ. ჩვენი თეატრი ძალიან კარგად მუშაობს. 

– მაგრამ, თეატრმაც დაკარგა რაღაც ფუნქციები და პოპულარობა.

– ალბათ, ოთხმოცდაათიან წლებს გულისხმობ, მაშინ, როცა ქვეყანაში და ქალაქში ერთადერთი გასართობი მხოლოდ თეატრი იყო და ამა თუ იმ ემოციების კათარზისს, ხალხი მხოლოდ თეატრში ახდენდა. დღეს ადამიანებიც უფრო გახსნილები ვართ და ყველაფერია ჩვენ გარშემო – კინო, ტელევიზია, ინტერნეტი... საგრძნობლად აიწია კინოს დონემ, რაც ძალიან მიხარია. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით ხუთი-ექვსი ფილმი ვნახე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფილმია. ასე თუ გაგრძელდება, და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ასე გაგრძელდება, ქართული კინო საინტერესო რაღაცეებს შესთავაზებს მსოფლიო კინოს. „ბერლინალეზე“ ოფიციალურ სექციაში ორი ქართული ფილმი იყო წარდგენილი: ჩვენი და ასევე, ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი ნათელი დღეები“, რომელმაც შემდეგ ძალიან ბევრი ფესტივალი მოიარა და პრიზებიც აიღო, მაშინ ამბობდნენ, რომ საქართველომ უკვე შეძლო, ევროპის ფოკუსირება მოეხდინა ამ ქვეყანაზე და ევროპას ეთქვა ეს არის ქვეყანა, რომელიც კინოს აკეთებს და აქვს დიდი პოტენციალი. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. მგონია, რომ ეს ტენდენცია ძალიან კარგ შედეგებს მოგვიტანს. 

– ერთი პერიოდი შენი პარადი ცხოვრება პრესაში სერიოზული აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. მერე, როცა ყველაფერი მშვიდად გაგრძელდა, პრესაც დამშვიდდა. ახლა უკვე გოგონას მამა ხარ...

–  ჩვენი შვილი ორი წლისაა. უი, ეს აჟიოტაჟი კიდევ არის?! მგონი, აღარ. ახლა ჩართული ვარ შვილის გაზრდაში და მსიამოვნებს მისი მოვლა, მასზე ზრუნვა.

– უკვე შემოსულია კომუნიკაციაში?

– კი, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, უსაყვარლესია. მოკლედ, ძალიან ჰარმონიული სიტუაცია გვაქვს ოჯახში, როგორც მე და ნინოს, ისე ბავშვთან და ყველასთან. 

– ოჯახში ბევრმა მსახიობმა მოიყარა თავი, ნინოს მამიდან დაწყებული, რომელიც მაინც არ ამბობს, რომ მსახიობია...

– რაღა აღარ, ისეთი სახეები აქვს შექმნილი ქართულ კინოში, პროფესიით მსახიობსაც რომ ცოტა ექნება. ჩვენს ოჯახში ხშირად არის საუბარი ხელოვნებაზე, კინოზე, იმაზე, რაც გვაინტერესებს. ნინოც აქტიურად დაბრუნდება კინოში. ეს ორი-სამი წელი, ბავშვის გამო პაუზა ჰქონდა აღებული. პროფესიით მხატვარია, მაგრამ კინოში იმხელა გამოცდილება აქვს დაგროვილი, რა ვიცი. რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს ამ ბოლო დროს. ახლა უკვე ისიც აქტიურად ჩაებმება საქმეში. ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ.

 

скачать dle 11.3