რა გრძნობა ანადგურებს სოფო გელოვანს და როგორ აფხიზლებს მას პატარ-პატარა განსაცდელები
დეკემბერში ლაშა ონიანის დახმარებით, სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი კონცერტებს გამართავენ გერმანიასა და საფრანგეთში და ევროპას კიდევ ერთხელ გააცნობენ ქართულ კულტურას. გარდა ამისა, სოფო ერთი კვირა დარჩება ბერლინში და იქ ერთ ლამაზ სალონურ საღამოს გამართავს.
სოფო გელოვანი: „ევროვიზიის“ შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დავისვენე, თან, ზაფხული მოდიოდა და, მოკლედ, კარგად, მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა. ახლა იგეგმება ძალიან კარგი ტურნე ევროპაში, სახელწოდებით – „საქართველო არის ევროპის ნაწილი“. ამ ყველაფრის რეჟისორი და ორგანიზატორია ლაშა ონიანი, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს. 3 დეკემბერს ლუქსემბურგში გვაქვს კონცერტი, რომელშიც ვმონაწილეობ ნოდიკო ტატიშვილთან და ქართულ ხალხურ ანსამბლთან ერთად. ეს იქნება ძალიან ლამაზი, სანახაობრივი შოუ და, რაც მთავარია, მოხდება ქართული კულტურის წარდგენა ევროპის სხვადასხვა ქალაქში. იქნება ღვინის დაგემოვნება, დაესწრებიან დიპლომატები სხვადასხვა ქვეყნიდან. 5 დეკემბერს პარიზში გვაქვს გრანდიოზული კონცერტი, სადაც მე და ნოდიკო შევასრულებთ სოლო სიმღერებს, თუმცა, მოითხოვეს, რომ „ევროვიზიის“ სიმღერაც ვიმღეროთ. 7 დეკემბერს კი დიუსელდორფში კიდევ ერთი კონცერტი იგეგმება ძალიან დიდ, ცნობილ დარბაზში. ჩვენი აფიშები უკვე გამოკრულია. რაც მთავარია, სამივე კონცერტზე იყიდება ბილეთები. გერმანიაში არ არის ქართული ეკლესია, ამიტომაც, ამ კონცერტიდან შემოსული თანხები მოხმარდება ქართული ეკლესიის მშენებლობას და, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში ვიღებ მონაწილეობას. 8 დეკემბერს მთავრდება ყველაფერი, შემდეგ კი მარტოს მიწევს ბერლინში გადასვლა – მიწვევა მაქვს და უნდა ჩავატარო პატარა საღამო, სადაც შევასრულებ ქართულ და რუსულ რომანსებს – ეს იქნება სალონური საღამო. ერთ ბერძენ პიროვნებას აქვს სალონი, სადაც ატარებს თბილ და ლამაზ საღამოებს. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა და შემომთავაზა, დიუსლედორფიდან ჩავფრინდე ბერლინში. როგორც აღმოჩნდა, ამ ხნის განმავლობაში თვალს მადევნებდა და უნდა, რომ ბერლინში პატარა, თბილი საღამო ჩავატარო. ძალიან მიხარია, რომ ლაშასთან გვიწევს მუშაობა, რადგან, ის და თავისი მეუღლე ქართულ საქმეს აკეთებენ; ცდილობენ, ევროპას აჩვენონ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. დღეს მთლიანად ამ საქმეზე ვართ გადართულები, ვფიქრობთ კოსტიუმებზე.
– შენს საკონცერტო ჩაცმულობას ყოველთვის დადებითი შეფასებები მოჰყვება ხოლმე.
– თუ ტანსაცმელში კომფორტულად, კარგად ვერ გრძნობ თავს, ეს მერე დისკომფორტს შეგიქმნის. ევროტურისთვის ახალ კოსტიუმს მიკერავს ტატიანა მეფარიძე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია და მასთან მუშაობას ისევ ვაგრძელებ. მან დაიჭირა ჩემი სტილი.
– შენი მეუღლე, ალბათ, შეეჩვია შენს ევროპულ გასტროლებს.
– ნოდის ძალიან უხარია, აქტიურად რომ ვმუშაობ. პირიქით, როდესაც ხედავს, რომ რაღაც პერიოდი გაჩერებული ვარ, ამას უფრო მეტად განიცდის. ხშირად ვსაუბრობ ნოდიზე, ის კი სულ მეუბნება, ჩემზე ნაკლებად ილაპარაკეო. მაგრამ, რა ვქნა, მიყვარს ეს თემა და ვერ გავურბივარ. ნოდის რომ არ უყვარდეს ჩემი პროფესია, ფაქტია, ვერაფერს ვიზამდი. რა თქმა უნდა, ნოდისაც უნდა, რომ სულ მის გვერდით ვიყო, მაგრამ, როცა იცის, რომ კარგი საქმე კეთდება, ერთმანეთს გვერდში ვუდგებით.
– შენთვისაც არ იქნება ადვილი ორი კვირით ოჯახის, განსაკუთრებით კი ბავშვის დატოვება.
– რა თქმა უნდა, რთულია, როცა ბავშვს, ოჯახს ტოვებ, მაგრამ, ამ ყველაფერს მათთვის ვაკეთებ და ასეა საჭირო. მახსოვს „ევროვიზიის“ პერიოდი დათამ საკმაოდ რთულად გადაიტანა, ძალიან დავაკელი ყურადღება. მაგრამ, იმის მერე ეს ყველაფერი ავანაზღაურე – ვეცადე, შემევსო დანაკლისი და, ვფიქრობ, შევძელი.
– დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდი და წარმატებულად მუშაობდი როგორც მომღერალი. ახლა, ამ გადასახედიდან, როგორ შეაფასებ ამ პერიოდს?
– ნოსტალგიური მომენტი დღემდე მაქვს და, როგორც ვიცი, რუსეთში წასვლა დღეს უფრო ადვილია. სხვადასხვა კონცერტიდან მქონდა შემოთავაზებები, ხშირად მირეკავენ ორგანიზატორები და მეუბნებიან, ჩამოდიო. როგორც ვიცი, სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა ქართული კონცერტი, ბევრი მაყურებელი იმის გამო მივიდა, რომ, ეგონათ, მეც ვმონაწილეობდი. ბევრმა დამირეკა – რატომ არ იყავი, გელოდებოდითო. მაგრამ, ვერ ჩავედი. რა თქმა უნდა, ნოსტალგია არის და აუცილებლად განვაგრძობ რომანსების შესრულებას.
– დღეს საქართველოში ამ მხრივ თითქმის არაფერი ხდება.
– გეთანხმები, არაფერი აღარ ხდება და, ჯერჯერობით, არაფერზე აღარ არის მოთხოვნა. წელს, 4 დეკემბერს, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაა, წლის სიმღერა უნდა აირჩიონ. ჩვენი, „ევროვიზიის“ სიმღერაც დასახელებულია და, მიხარია, რომ რაღაც ხდება, თუნდაც ის, რომ მომღერლები ერთმანეთს შევხვდებით – ეს ჩვენთვის ერთგვარი სტიმულია. ძალიან მწყდება გული, რომ ბევრი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან. ძალიან კარგად მესმის, როცა ამბობენ, რა დროს სიმღერაა, ამდენი პრობლემაა, გაჭირვებაა, ამდენი რამ ხდება ქვეყანაშიო... მაგრამ, ეს ის სფეროა, გაჭირვებასაც რომ ეხმარება. იმედი მაქვს, მომღერლებს მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ხშირად ჩავატაროთ კონცერტები. რაც მთავარია, მე არ ვჩერდები, ახალ სიმღერებზე ვმუშაობ. არ ვამბობ: რისთვის ჩავწერო, ვინ მოუსმენს-მეთქი, როგორც ამას ბევრი მომღერალი ამბობს. ასე რომ ვუყურო, ისე გავა წლები, რომ ვერაფერს გავაკეთებ. ძალიან მიყვარს სიმღერა, მის გარეშე არ შემიძლია და, ამიტომ, სულ ძიებაში ვარ – ახალ სიმღერებს ვეძებ. ეს მე მჭირდება, ჩემთვის ერთგვარი სულიერი საზრდოა. არასდროს მიფიქრია: რატომ ავირჩიე ეს საქმე, პირიქით, კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით.
– ვინ ხარ პროფესიით?
– დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობები, ესპანური ენის განხრით. მაგრამ, რაც დავამთავრე, იმის მერე ამ სფეროსთან საერთოდ არ მქონია შეხება. რომ ვსწავლობდი, მაშინაც სიმღერით ვიყავი დაკავებული. არ მინდა, ჩემს სპეციალობას გავყვე, რადგან, მერე ვეღარ ვიმღერებ. მირჩევნია, ბევრი დრო მქონდეს და ვმღეროდე, ვიდრე, არ მქონდეს დრო და სიმღერას მოვაკლო რაღაც. ეს არის ის, რისი კეთებაც შემიძლია.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რამაც გარდატეხა მოახდინა შენს კარიერაზე, მომავალზე?
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა მოახდინა ოჯახის შექმნამ. ხშირად ამბობენ: როცა ოჯახს შექმნი, მერე რთულია კარიერის აწყობა, რადგან, სხვა რაღაცეებზე გიწევს ყურადღების მიქცევაო. ჩემს შემთხვევაში კი, პირიქით, ყველაფერი უკეთესეობისკენ წავიდა თუნდაც კარიერის მხრივ. გარშემო ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ისეთი ხალხია ჩემ გვერდით, ყველანი ზრუნავენ იმაზე, რომ ვიდგე სცენაზე, ვიმღერო; მაგრძნობინებენ იმას, რომ მათ ეს სჭირდებათ. ასე რომ, ოჯახმა ძალიან დადებითი კვალი დატოვა როგორც ჩემს პირად ცხოვრებაზე, ასევე კარიერაზე. ასეთი რამ იშვიათია და ამას ძალიან ვაფასებ. რთულია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ, მაინც აკეთებენ და ამისთვის მუდმივად მადლობელი ვარ.
– შენს ცხოვრებაშიც იქნებოდა რთული ეტაპები.
– რა თქმა უნდა, არის რთული ეტაპები, იმედგაცრუებები... გგონია, რომ რაღაც ასე უნდა იყოს, მაგრამ, ასე არ არის. თუმცა, ღმერთს მადლობა, რომ ისეთი მძაფრი რამ არ ყოფილა, რომ ფარ-ხმალი დამეყარა და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდნილიყავი. ვცდილობ, არც ჩავვარდე სასოწარკვეთილებაში, რადგან, ეს გრძნობა მანადგურებს. რაც ხდება ცხოვრებაში, თუნდაც ცუდი, იმიტომ ხდება, რომ შემდეგ მას კარგი მოჰყვეს, ან, დაფიქრდე იმაზე, ეს რატომ მოხდა. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჩემს ცხოვრებაში არის პატარა განსაცდელები, რაც მერე მაფხიზლებს. არ შეიძლება, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ასეთ დროს ბევრი რამ გავიწყდება, ჩარჩოში იკეტები, კარგს იჯერებ და რაღაცეების შეგრძნების უნარს კარგავ. როცა რაღაც ხდება, ზუსტად ვიცი, ეს რატომ მოხდა; თვალწინ მიდგება, გუშინ ასე ვთქვი, ასე გავაკეთე, ასე ვიფიქრე და მერე ვცდილობ, ეს აღარ გავაკეთო, გამოვასწორო. ჩემი ცხოვრება, რა თქმა უნდა, სულ ია-ვარდით არ არის მოფენილი, მაგრამ, ყველაფერი შედარებითია და, მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ კარგად ვხედავ იმას, რაც ჩემ გარშემო ხდება.