რატომ სთხოვდა ნუცა შანშიაშვილი დედას გათხოვებას და ვის გამო გადაწყვიტა მან საკუთარი თითების დაზღვევა
მომღერალი ნუცა შანშიაშვილი თავის პატარა ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. რაც მის ცხოვრებაში პატარა ნიკოლა გამოჩნდა და დედობის სიხარული იგრძნო, მისი ბედნიერება გაორმაგდა. ბოლო დროს, თბილისში ჭორი გავრცელდა, ნუცას დედა, ქალბატონი მზია მაღლაკელიძე თავისზე ბევრად უმცროს მამაკაცზე გათხოვდაო. მართალია, ნუცას ყოველთვის უნდოდა დედის გათხოვება, მაგრამ, თუ რა რეაქცია ჰქონდა მას ამ ამბის გაგებისას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუცა შანშიაშვილი: ადამიანი ამ სამყაროში იმისთვის მოდის, რომ შეიგრძნოს ბედნიერება, ღვთის ძალა და არსებობა. ადამიანი, ბუნების დამამშვენებელი ელემენტია და თუ ამას ყველა გავითავისებთ, სამყაროში ბედნიერება დაისადგურებს. ჩვენ, იმისთვის დავიბადეთ, რომ შევქმნათ სილამაზე და ვაკეთოთ სიკეთე. ხომ იცით, სამყაროში არაფერი იკარგება და ყველაფერი ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. არ არის აუცილებელი, გრანდიოზული საქმეები აკეთო, უბრალოდ, გაიღიმე და ამით გააბედნიერე გარშემო მყოფები, ესეც საკმარისია. სიყვარული, ყველა ადამიანის მიზანი უნდა გახდეს. რასაკვირველია, ყველას არც მე ვუყვარვარ, მაგრამ ვცდილობ, სულ გავიღიმო და ამით ვაგრძნობინო მათ, რომ მე უფრო ძლიერი ვარ. რთულია, ადამიანი გამოიცნო, მაგრამ მის ღიმილში ყველაფერს ამოიკითხავ. ჩვენ ვიბადებით დედამიწაზე, რომ ვიყოთ ბედნიერები. მე ბედნიერი ვარ და ამისთვის, მადლობა ღმერთს.
– ანუ, ის სიკეთე, რასაც შენ თესავ, ბუმერანგივით უკან გიბრუნდება?
– რასაკვირველია! ამიტომაც ვარ ბედნიერი. თუმცა, არასდროს დამბრუნებია ეს სიკეთე იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ეს გამიკეთებია (იცინის). პარადოქსია არა? მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები ჩემს გვერდით, ვინც ჩემს ბედნიერებას ახალისებენ. ჩემმა ნანატრმა შვილმა ნიკოლამ კი ისეთი ღიმილი და სისუფთავე შემოიტანა სახლში, ვერ გეტყვით. ამის ღიმილი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ღვთაებრივი სამყარო არსებობს და ის ყოველთვის დაგიფასებს სიკეთეს. დილით რომ იღვიძებს ბავშვი და მიღიმის, მიღიმის მთელი სამყარო. რაც არ უნდა მტკიოდეს, მავიწყდება. სხვათა შორის, ამას წინათ ვხუმრობდი, ჩემი თითები უნდა დავაზღვიო-მეთქი და ეგონათ, გავგიჟდი (იცინის).
– თითების დაზღვევა ბავშვთან რა კავშირშია?
– პირდაპირში! საჭმელს ვუკეთებდი და თითი ჩამყვა ბლენდერში. ეტყობა, ცოტათი ნერვი დამიზიანდა. არადა, მე ინსტრუმენტზე ვუკრავ. სულ მალე გასტროლები მაქვს, კონცერტებია დაგეგმილი და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რისი ტოლფასია. მაგრამ, დამიჯერეთ, რომ გავხედე ნიკოლას, ისე ღიღინებდა თავისთვის, სულ დამავიწყდა თითის ტკივილი, კონცერტიც და ყველაფერიც. ახლავე ვცდილობ, ავუხსნა, რომ იცხოვროს სიყვარულით; რომ ოჯახის წევრების და გარშემო მყოფების გარდა, მას სულ თან დაჰყვება თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც ბოროტებისგან იცავს.
– ნუცა, გავრცელდა ხმა, თითქოს დედაშენი, ქალბატონი მზია მაღლაკელიძე გათხოვდა და ბედი დაუკავშირა თავისზე ასაკით ბევრად უმცროს მამაკაცს. ამაზე რას გვეტყვი?
– ეს ამბავი რომ გავიგე, ჯერ გავოგნდი, შოკში ჩავვარდი და მერე, ისეთი სიცილი ამიტყდა, ძლივს მომასულიერეს. მოკლედ, ერთ დღესაც მეზობელმა მომწერა, ჩვენი მზიალო გათხოვდა და თავის სომეხ მძღოლს გაჰყვა, თანაც ასაკით ძალიან ახალგაზრდასო. იმდენი ვიცინე, ვერ გეტყვით. ეგრევე დავურეკე დედას და ვუთხარი, ხომ ხედავ, მარტო ალა პუგაჩოვა კი არ თხოვდება უმცროს კაცზე და ხდება ტყუპების დედა, თურმე საქართველოშიც ასეა-მეთქი (იცინის). დედა 75 წლისაა, საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ გათხოვებას ნამდვილად არ აპირებს. თან, საოცრება ისაა, რომ სომეხი მძღოლი საერთოდ არ ჰყავს.
– აბა, საიდან გავრცელდა ეს ჭორი?
– ვერ გეტყვით. ერთხელ ისიც ხომ მოიგონეს, თითქოს კაცი ვიყავი და ქალად გადავკეთდი პლასტიკური ქირურგის დახმარებით. ეს საიდან მოიგონეს? აბა, მიპასუხეთ. არ დაგიმალავთ, ძალიან გამიხარდებოდა, თუ დედა გათხოვდებოდა და ბედნიერი იქნებოდა – იპოვიდა ისეთივე სიყვარულს, რომელიც მამაჩემთან აკავშირებდა. თუმცა, როგორი სიყვარულიც მამას და დედას ჰქონდათ, იშვიათად იბადება და ის ვეღარ განმეორდება. წარმოიდგინეთ, მამა დედას სხეულს აქანდაკებდა, ხედავდა მასში სილამაზეს, ქალურობას და იმ სიყვარულს, რასაც მის მიმართ გრძნობდა. ამ ქანდაკებებს ხშირად ვაკვირდები და არ მჯერა, რომ ამხელა სიყვარული, სითბო და ვნება იყო ამ ორ ადამიანს შორის. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ წარმოუდგენელია, ასეთ სიყვარულს მეორედ „წამოკრა” ფეხი. თუ ვინმე მეგობარი გამოუჩნდებოდა დედას, ბედნიერი ვიქნებოდი.
– ანუ, 75 წლის ასაკშიც რომ გათხოვდეს, წინააღმდეგი არ ხარ?
– მთავარია, როგორ გამოიყურები და როგორ გრძნობ თავს, თორემ წლებს რა მნიშვნელობა აქვს. ადრე, ხალხს სხვა ფსიქოლოგია ჰქონდა. ანუ, აუცილებლად უნდა დაბერებულიყო ადამიანი. აბა, ამერიკაში ნახეთ, რა ხდება. ამას წინათ, ფლორიდაში ვიყავი სტუმრად. მითხრეს, ახლა ბებია მოვა, 94 წლისააო. ვიფიქრე, გაიღება კარი და „ნასილკით” შემოიტანენ-მეთქი. ვხედავ, იღება კარი, შემოდის გამხდარი, ასაკოვანი ქალი, საკმაოდ კარგად ჩაცმული, მაგარ ფორმაში და ხელში მანქანის გასაღებს ატრიალებს. თვალებს არ დავუჯერე. მერე მითხრეს, ორი წელია, რაც მანქანის მართვა ისწავლაო. ასეთი ადამიანი, არასდროს დაბერდება. ასე რომ, დედას ხშირად ვესაუბრებოდი: შექმენი ოჯახი, იპოვე ადამიანი, რომ მარტო არ იყო-მეთქი, მაგრამ ჯერ არ მიჯერებს (იცინის). ამბობს, რაღა დროს ამ თემაზე ლაპარაკია, სისულელეებს ნუ მეუბნებიო. სხვათა შორის, ახლა გასტროლები მეწყება, ძიძას ვერ ვანდობ ბავშვს და დედა ჩამოვა ჩემთან, ნიკოლას დაიტოვებს. ასე რომ, ლექციები, გადაღებები, შვილი, შვილიშვილი – სად სცალია პირადი ცხოვრებისთვის, ჩვენი გადამკიდე (იცინის).