ინტიმური საუბრები
კაზინოში სიარულმა ზომბად მაქცია და ცხოვრება დამინგრია
ამ წერილს იმიტომ გწერთ, მინდა, ჩემნაირ ადამიანებს ვუთხრა, რომ ოჯახზე უკეთესი არაფერია ამქვეყნად, მაგრამ, ამას ძალიან გვიან მივხვდი. მე ერთი დაღუპული ადამიანი ვარ. ღმერთმა სასწაული უნდა მოახდინოს, რომ ჩემი მდგომარეობა გამოსწორდეს, რადგან, აზარტული თამაშების გამო ყველა და ყველაფერი დავკარგე. შევეცდები, მაქსიმალურად მოკლედ მოგიყვეთ ჩემი ამბავი.
18 წლის ვიყავი, პირველად რომ შევედი სლოტკლუბში. არც კი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და სხვებს ვუყურებდი. ერთ-ერთ აპარატთან იდგა ოთხი მამაკაცი და დავაკვირდი, რას აკეთებდნენ. ცოტა რაღაცეებში რომ გავერკვიე, მეც ამოვიღე ფული ჯიბიდან და თამაში დავიწყე. პირველ და მეორე ჯერზე მოვიგე, ამან სტიმული მომცა და თამაში განვაგრძე, მაგრამ, მესამე ჯერზე მთელი თანხა წავაგე და ისე გამოვედი იქიდან. თუმცა, მაინც მქონდა მოგების იმედი, ამიტომ, ახლობლისგან საკმაოდ სერიოზული თანხა ვისესხე და ისევ იქ დავბრუნდი, მაგრამ ის ფულიც ბოლო თეთრამდე წავაგე. იმის ნაცვლად, გონზე მოვსულიყავი და მივმხვდარიყავი, რომ ნებისმიერი კაზინო და მსგავსი დაწესებულება ჩემნაირი იდიოტების „გასაფცქვნელად“ და გასაუბედურებლად არის გამოგონილი და თავი დამენებებინა ამ საშინელებისთვის, კიდევ უფრო მეტ მუღამში ჩავვარდი და დავიწყე ნაცნობებისგან სხვადასხვა რაოდენობის თანხების სესხება, რასაც, ცხადია, ვეღარ ვუბრუნებდი, მაგრამ, საკმარისი იყო, თუნდაც 10 ლარი ჩამვარდნოდა ხელში, მაშინვე სლოტ-კლუბში გავრბოდი. იქიდან კი ისევ წაგებული გამოვდიოდი, მაგრამ ეს აღარ მადარდებდა, ისევ ფულის შოვნასა და უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი. მოკლედ, ზომბირებული ვიყავი და მეტზე აღარაფერზე ვფიქრობდი.
19 წლისამ ცოლად შევირთე გოგონა, რომელიც ძალიან მიყვარდა. უბედნიერესები ვიყავით ერთად. ერთი წლის შემდეგ ბიჭი შეგვეძინა და სიხარულისგან დავფრინავდი, მაგრამ, ვერც ამ ბედნიერებამ დამანებებინა თავი თამაშზე. ჩემმა ცოლმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ხანდახან დავდიოდი ტოტალიზატორში და ამაზეც მიბრაზდებოდა. მე კი ათასი ტყუილით ვარწმუნებდი, რომ ეს საშიში არ იყო. მაგრამ, ერთხელაც, ძალიან დიდი თანხა წავაგე და იძულებული გავხდი, ბანკიდან ამეღო სესხი. იმ ფულის ნაწილით კაზინოს ვალი გადავიხადე, დანარჩენი კი ისევ მთლიანად წავაგე და მოკლედ, მაგრად გავები. მერე ოჯახმაც გაიგო ყველაფერი, რასაც საშინელი სკანდალები მოჰყვა, მაგრამ მე უკვე აღარ ვიყავი ნორმალური ადამიანი და ყველა და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, ოღონდ კი ფული მეშოვა (ნებისმიერი საშუალებით) და კაზინოში გავქცეულიყავი. მაგრამ, როცა ჩემი ოჯახის დანგრევის საკითხი რეალურად დაადგა, დავიფიცე, რომ იმ საშინელ დაწესებულებას აღარ გავეკარებოდი. რამდენიმე თვე გავძელი, მაგრამ, შემიძლია, ვთქვა, ისეთივე „ლომკები“ დამეწყო, როგორც ნარკომანს, რომელსაც „წამალი“ უნდა და არ აქვს. ამას კი დიდხანს ვერ გავუძელი და ისევ იქ მივედი, სადაც ჩემი გაუბედურება დაიწყო. ისევ უზარმაზარ ვალებში გადავვარდი, რის გამოც ბინა გავყიდეთ და, პრაქტიკულად, ქუჩაში დავრჩით, რადგან, ვალების გადახდის შემდეგ რა თანხაც დაგვრჩა, იმით პატარა ბინა უნდა გვეყიდა, რომ ჭერი გვქონოდა თავზე, მე კი, იმის იმედით, რომ დიდ ფულს მოვიგდებდი, ისიც მთლიანად წავაგე. ეს კი აღარ მაპატია ცოლმა და გამეყარა, თან, ბავშვსაც აღარ მაჩვენებს. მამაჩემმა ამდენ დარდს ვეღარ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა, დედაჩემს კი ინსულტი დაემართა და ლოგინადაა ჩავარდნილი. ჯერჯერობით თავის დასთან წევს და ის უვლის, მაგრამ, იმასაც თავისი ოჯახი აქვს და როდემდე მიხედავს, არ ვიცი. ცხადია, მე ვერაფრით ვეხმარები. რაც მთავარია, ღამის გასათევიც აღარ მაქვს – სახლში აღარავინ მიშვებს, ყველამ ამომშალა თავისი ცხოვრებიდან და დავრჩი ასე გაუბედურებული. ხან მცივა, ხან მშია, ხან ავად ვარ და პატრონი აღარავინ მყავს, რომ მომხედოს. ბევრია ჩემს დღეში ჩავარდნილი და მათი უმრავლესობა ქურდობასა და ბანდიტობაზეა გადასული, რომ თავი ირჩინონ. მე კი ესეც არ შემიძლია და სად ამომხდება სული, ღმერთმა იცის. ალბათ, რომ მოვკვდები, ჩემი გვამის ამომცნობსაც ვერ იპოვიან და, როგორც უპატრონო მკვდარს, ისე დამმარხავენ. რომც ამომიცნონ, არავის დავენანები, არავის შევეცოდები, ცრემლსაც კი არავინ გადმოაგდებს და ახიც იქნება ჩემზე – ეს ყველაფერი ხომ მე თვითონ „გამოვუწერე“ საკუთარ თავს. მაგრამ, ან ცოლ-შვილს რას ვერჩოდი და ან ჩემს უბედურ მშობლებს, რომ ადამიანური სიკვდილიც არ ეღირსათ?!
მივმართავ ყველას, ვისაც თამაში უყვარს: სათოფეზეც კი არ გაეკაროთ იმ ეშმაკეულ დაწესებულებას, თორემ, ჩემი მდგომარეობაც კი სანატრელი გაგიხდებათ. კიდევ, იმას გეტყვით, რაც შეიძლება, ყველამ არ იცოდეს: კაზინოს „რულეტკაზე“ დაწერილი ციფრების ჯამი 666-ია; იმ კაცმა კი, ვინც ეს გამოიგონა, გაურკვეველი მიზეზების გამო თავი მოიკლა... დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
ირაკლი, 27 წლის.