კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთი წლის წინ, როდესაც დავით ნარმანია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა, ის დროებითი სამინისტროს დროებითი მინისტრი იყო. მაშინ, ალბათ, თავადაც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ, არათუ მინისტრის პორტფელს დაუტოვებდნენ დაგეგმილზე მეტხანს,

რა რეკორდი დაამყარა დავით  ნარმანიამ და რატომ მუშაობს მისი გული სხვა რიტმში

 

– ბატონო დავით, სრულიად საქართველო ვილნიუსის სამიტსა და თქვენი „მერობის” ამბავზე საუბრობს. ამ ბოლო დროს პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტუალური გახდით. 

–  ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ან ძალიან განსაკუთრებული ემოცია მაქვს, ან ძალიან დავიბოღმე – ეს ნამდვილად არაა ასეა. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება  და, არ ვაპირებ, თავს დავესხა იმ ადამიანებს,  რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ასეც ვიცოდი, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ასეთი რეაქცია ექნებოდათ და, სიმართლე გითხრათ, ამ ხმაურისთვის მზადაც კი  ვიყავი. მე კარგად ვიცნობ თბილისსა და თბილისელებს. არ ვაპირებ, რომ  ანტიპატიით განვეწყო ადამიანთა იმ კატეგორიის  მიმართ, რომლებისთვისაც, როგორც ჩანს, თბილისელობა უფრო დიდი  ფასეულობაა, ვიდრე დედაქალაქში არსებული უამრავი პრობლემის გამკლავება და  მოგვარება.  ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს მუხტი ჩაცხრება, მე საქმით დავამტკიცებ იმას, რის გაკეთებასაც მომავალში ვაპირებ და, ეს ადამიანებიც, ვინც დღეს მაკრიტიკებენ,  შესაძლოა, იქცნენ არა უბრალოდ ჩემს ამომრჩევლებად, რომლებმაც, შესაძლოა, ხმა მომცენ, არამედ, ადამიანებად, რომლებიც ჩემში დაინახავენ საქმის კეთების რეალურ მსურველს და მიემხრობიან საზოგადოების უმეტესობის მოსაზრებას, რომ თბილისი არის არა მხოლოდ თბილისელების, არამედ, საქართველოს დედაქალაქი. თბილისი არასდროს ყოფილა ის ქალაქი, რომელიც ზურგს აქცევდა საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს. 

– როგორ მიგიღოთ სამეგრელოდან ჩამოსული დავით ნარმანია თბილისმა?

–  მიმიღო ისე,  როგორც  თბილისს სჩვევია.  აქ არავინ იდევნებოდა თავისი მრწამსისა და ტერიტორიული წარმომავლობის გამო,  თუმცა, ყოველთვის არსებობდა  გამონაკლისები.  ჩემი სტუდენტობის დროსაც იყო აქტუალური  ცნებები – სოფლელი, „პროვინციალი“ და, უფრო ღრმადაც იყო ეს, ვიდრე ახლაა,  როცა საზოგადოება უფრო გახსნილი და გაზრდილია ამ მხრივ.   როცა პირველად ჩამოვედი თბილისში, სკოლის მოსწავლე ვიყავი. აქ მყავდა ნათესავები,  ვისთანაც პერიოდულად ჩამოვდიოდით ხოლმე სტუმრად. ეს ქალაქი ჩემთვის  მუდმივი საცხოვრებელი  გახდა, როდესაც ვამთავრებდი სკოლას და აბიტურიენტი გავხდი. თუ არ ჩავთვლით სამ-ოთხთვიან პერიოდს, როცა გერმანიაში ვიყავი სტაჟირების პროგრამით, ცხოვრების ნახევარი  თბილისში მაქვს გატარებული. აქ მომიწია სტუდენტობამ, მუშაობამ, ჩემი 34-წლიანი ასაკი შუაზე არის გაყოფილი – 17 წელი ვიცხოვრე თბილისში, 17 წელი კი –  ზუგდიდის  რაიონის სოფელ კოკში, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლითაც ძალიან ვამაყობ. ვამაყობ ოჯახით, მშობლებითა და  ბებია-ბაბუით; ვამაყობ სკოლით, რომელიც დავამთავრე და იმ ადამიანებით, რომელთა შორისაც გავიზარდე და რომელთაგანაც დიდი სითბო მივიღე.   

–  როცა აქ დაინიშნეთ, მაშინდელმა პრემიერმა  დროებითი სამინისტროს დროებით მინისტრად წარგვიდგნა თქვენი თავი. არც ისე დროებითი აღმოჩნდით.  როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა  არჩევანი თქვენზე? მან არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაგასახელათ მერობის კანდიდატად და მანამდე გაახმაურა თქვენი კანდიდატურა, სანამ ჯერ კიდევ კოალიციის ოფიციალური ლიდერი იყო. 

–  ვერ გეტყვით. ეს არის შეკითხვა, რომელიც მე ყველაზე მეტად მეუხერხულა მაშინაც, როცა შემომთავაზა მინისტრის პოსტი და, ახლაც, როცა ბატონმა ბიძინამ გუნდთან ერთად შემომთავაზა, ვყოფილიყავი კოალიციის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე. ეს არის დიდი პატივი და ნდობა. ვფიქრობ, გადამწყვეტი, ალბათ, ის იყო, რომ, ამ ერთი წლის განმავლობაში არ დამიზოგავს თავი, არ ამიღია შვებულება, შაბათი და კვირაც კი ჩვეულებრივი სამუშაო დღეები იყო ჩემთვის, რათა დაგველაგებინა და მოგვეწესრიგებინა ყველა ის თემა, რაც გასაკეთებელი იყო. როცა ეს სამინისტრო დროებით სამართავად ჩამბარდა, როგორც ჩანს, არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება. როცა ჩავატარეთ ჩვენი სამინისტროს პროექტების ინვენტარიზაცია და დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროსთან გადაბარების პროცესი, არსებული რეალობის გაანალიზების შემდეგ, დავრწმუნდით, რომ მისი შეერთებით ეკონომიკის სამინისტროსთან, ძალიან დიდ და მონსტრ უწყებას მივიღებდით ეკონომიკის სამინისტროს სახით, რომელიც მაინც უფრო პოლიტიკის გამტარებელი უწყებაა, ჩვენი სამინისტრო კი – აღმასრულებელი.  ამ თემაზე რამდენჯერმე გვქონდა დისკუსია ბატონ ბიძინასთან და, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს სამინისტრო დარჩენილიყო დამოუკიდებელ  სამინისტროდ, რამაც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალება მოგვცა.  მე არ მქონია ამბიცია და პრეტენზია,  რომ აუცილებლად უნდა  დავრჩენილიყავი მინისტრად. გეგმის მიხედვით, მე უნდა გადავსულიყავი ფინანსთა მინისტრის პირველ  მოადგილედ. მე მაშინაც ვფიქრობდი, რომ მინისტრის მოადგილის პოსტი ჩემთვის  უფრო მიმზიდველი და საინტერესო იქნებოდა, ვიდრე მინისტრობა, რადგან, უწყების  პირველი პირობა  ძალიან დიდი  პასუხისმგებლობაა.  რამდენიმე კოლეგას ვუთხარი კიდეც, რომ, მას შემდეგ, რაც მინისტრი გავხდი,   ჩემი გული სხვა რიტმით მუშაობს – ძალიან   აჩქარდა. 

– ახლა ნახეთ თქვენი გულის აჩქარება, როცა მერობასთან დაკავშირებულ პერიპეტიებში მოყვებით. უკვე დაიწყო საუბრები: თუ მერობა უნდა, მალე გადადგესო; „ლ” გაამაგროსო; თბილისური წესები ისწავლოსო.

– მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა დაიწყო, ეს „აქტუალური” თემა გახდა. მე არ მჩვევია გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად, დაუყოვნებლივ, დაუფიქრებლად. ადვილად არ გამოვდივარ მდგომარეობიდან – ამაში ცდება გიგი უგულავა, მან ვერ ამოიცნო ჩემი ხასიათი და ჩემი სუსტი წერტილი. თუ ვინმეა გადასადგომი, ეს, პირველ ყოვლისა, არის გიგი უგულავა, რადგან, მას აქვს ყველაზე დიდი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალება წინასაარჩევნოდ, თბილისში. მე არ მჩვევია კანონის გვერდის ავლა და კანონის დარღვევა. როცა გიორგი მარგველაშვილის  წინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული და მას რეგიონებში მივყვებოდი, ვწერდი განცხადებას შვებულებასთან დაკავშირებით, თუნდაც ეს გასვლა ერთდღიანი ყოფილიყო.  რაც კი წელს შვებულება ამიღია, ყველა ეს შვებულება   გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად გამოვიყენე. თბილისთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინტერესთა კონფლიქტი, ჩემი საქმიანობა არ მოდის წინააღმდეგობაში საარჩევნო კანონმდებლობასთან. როგორც კი გამოცხადდება არჩევნების თარიღი და ოფიციალურად დავრეგისტრირდები, იმ დღესვე გადავდგები – კანონს არც ამ შემთხვევაში დავარღვევ. 

არ დაგიმალავთ, რომ საფიქრალი მომემატა მას შემდეგ, რაც ეს შემოთავაზება მივიღე. კრიტიკის არ მეშინია, კრიტიკოსები ყველაზე კარგი გზის გამკვალავები არიან ჩემთვის. რაც შეეხება თბილისურ წესებს, თუ ეს წესები იქნება წესიერი წესები, რატომაც არა. მთავარი წესი ისაა, რომ ყველა ადამიანს ესაუბრო იმ ენაზე, რომელზეც ის საუბრობს. მე არ ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერი, მაპატიეთ და, „ბირჟავიკულად”  უნდა საუბრობდეს. მერი ყველას უნდა ხვდებოდეს: კორკოტასაც, მის მეგობრებსაც, არქიტექტორებსაც, სოციალურად დაუცველებსაც. მე მოვუსმენ ყველას. ჩემი მერობის პერიოდში თბილისის მერია იქნება ყველაზე გამჭვირვალე უწყება, ისე როგორც გახდა გამჭვირვალე ეს „ბნელი” სამინისტრო, სადაც ჟურნალისტებს არც კი უშვებდნენ.  რაც შეეხება ჩემს რბილ ლ-ს, რაც არის ეს არის. მე არასდროს მიმუშავია ჩემს ლ-ზე.  დღეს ვფიქრობდი, რომ, შემეძლო, დავმდგარიყავი სარკის წინ და ლ-ს გამოთქმაში მევარჯიშა, ან, მევლო შესაბამის სპეციალისტთან, მაგრამ, არასდროს აზრად არ მომსვლია ეს. ადამიანი უნდა იყო ბუნებრივი – ის, რაც ხარ და ეს არაა მინუსი, პირიქით, იმ ადამიანების სირცხვილი მგონია, ვინც ფიქრობს, რომ ჩემი რბილი „ლ“ ვერ გამაკეთებინებს საქმეს იმაზე კარგად, ვინც უფრო მაგრად წარმოთქვამს ამ ასოს. რაც შეეხება შეკითხვას, მიმიღებს თუ არა თბილისი მერის როლში, მე ვფიქრობ, რომ მიმიღებს. თითოეული ჩვენი თანამოქალაქე დაინახავს იმ საქმეებს, რითაც მე ვაპირებ მოსვლას დედაქალაქის მერად  და არა პოლიტიკური დივიდენდებისთვის. ისიც დაანონსდა, რომ მე ვიქნებოდი მეურნე მერი, რაშიც დიდი გამოცდილება ამ სამინისტრომაც მომცა.

– აქ მეურნე კაცი დადექით? 
– მეურნე ადრეც ვიყავი, მაშინაც, როცა სოფელში ვცხოვრობდი. სასოფლო-სამეურნეო საქმეებით ხშირად  ვიყავი დაკავებული, დაწყებული ფიზიკური მუშაობით, თხილის შეგროვებით და სხვა ნებისმიერი სასოფლო საქმით დამთავრებული. სტუდენტობის დროსაც, ექსკურსიისა თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზება ჩემზე გადადიოდა – ვიცოდი, ვისთვის რა უნდა მიმენდო – არ მეშლება ადამიანების გამოცნობა, ვინ რისი გამკეთებელია. 
– ახლა სოფელ კოკში „დიდი კაცი” იქნებით; გზებიც, ალბათ, განსაკუთრებული ასფალტითაა დაგებული.
– გზები კოკში ჩემამდე იყო გაკეთებული, ჩემმა წინამორბედმა იზრუნა ამაზე და, სხვათა შორის, ძალიან კარგი გზაა. იქ ვიღაცისთვის დიდი კაცი ვარ, ვიღაცისთვის – არა; ვიღაც „მცემს“ პატივს, ვიღაც – არა... განსხვავებული მოსაზრების ხალხი ყველგანაა. 
– როგორი ქონებრივი დეკლარაციით დატოვებთ მინისტრის პოსტს?
– ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ისევ ისე „გამოიყურება”, როგორც გამოიყურებოდა ერთი წლის წინ. თუ არ ჩავთვლით მცირედ გადაადგილებებს, ჯამური ანაზღაურება არ შეცვლილა. თუ ადრე მეტი წყაროდან შემეძლო შემოსავლის მიღება, ახლა მხოლოდ მინისტრის ხელფასი  და უნივერსიტეტის ნახევარი შტატიდან შემოსული თანხა შეადგენს ჩემს შემოსავალს. სოფლის დიდი სახლი და მეურნეობა  ჩვენი დიდი ოჯახის საკუთრებაა და არა ჩემი; ჩემს საკუთრებაში არის თხილის პლანტაცია ნახევარ ჰექტარზე. არ მაქვს აგარაკი, ჩემს საკუთრებაშია თბილისში, სპორტის სასახლესთან მდებარე  137 კვადრატული მეტრი ფართის ბინა, რომელიც შევიძინე მაშინ, როცა დაოჯახება გადავწყვიტე. ეს არაა ჩემი პირველი ბინა – როცა სტუდენტი ვიყავი, ძმასთან ერთად ვცხოვრობდი წერეთლის გამზირზე, ერთოთახიან ბინაში, მერე კი დავიწყე კაპიტალის შეგროვება ახალი სახლის საყიდლად, სადაც დღეს ვცხოვრობ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. წელს მატება გვქონდა – მეორე ბიჭი შეგვეძინა. 
– მოახერხეთ, შვილის დაბადებას რომ დასწრებოდით?
– კი, ვიცოდი, როდის უნდა დაბადებულიყო ბავშვი, ყველა გასვლითი ვიზიტი გადავდე და  მეუღლე მე თვითონ წავიყვანე სამშობიაროში (იცინის). 
 – ახალი სამსახური, ალბათ, არსებითად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
– უფრო მეტად გავმაგრდები თბილისში, რაც ძალიან გაუხარდება ოჯახს – მათ სულ ვენატრები.  წელს იშვიათად ვიყავი სახლში –  60 ათასი კილომეტრი გავიარე მანქანით. რეგიონებში ადრეც ბევრი მივლია, მაგრამ, საკუთარი რეკორდი მოვხსენი (იცინის). ვიცი, რომ ძალიან მომენატრება რეგიონები. ძალიან მიყვარს საქართველოს კუთხეები, ბუნება, ხალხი, სტუმარმასპინძლობა, ადგილობრივი ანეკდოტები, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ძალიან უხვად იყო.  
скачать dle 11.3