კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წესებს არღვევს ბუბა კიკაბიძე ჰაერში და რა ქალაქი ამოშალა მან რუკიდან

ეს წელი ბუბა კიკაბიძისთვის საიუბილეოა – 75 წლისთავი ახლო მეგობრულ წრეში უკვე აღნიშნა. ახლა საიუბილეო საღამოს სამზადისშია, რომელსაც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შესთავაზებს ერთგულ მსმენელს. ამბობს, რომ დაბადების დღეები აღარ უყვარს. ეგ 30 წლის ასაკშია, კარგიო. ასეთი დაბადების დღე ბევრი ახსოვს, მათ შორის ისიც,  როგორ უმასპინძლეს იუბილარს აფრიკაში ეგზოტიკური კალიებით.  

ბუბა კიკაბიძე:  ჩემი საიუბილეო საღამო  დეკემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ, მგონი ცოტა კიდევ გადაიწევა.  ბევრი სტუმარი აპირებს ჩამოსვლას და ამ ყველაფერს ორგანიზება სჭირდება. დაბადების დღე რესტორან „ოდაში” აღვნიშნეთ. ას კაცამდე ვიყავით შეკრებილი. საელჩოების წარმომადგენლებიც იყვნენ. ჩვენები ხომ იყვნენ და იყვნენ. მეც მამღერეს და თვითონაც ბევრი იმღერეს.  ამ ბოლო დროს აღარ მიყვარს დაბადების დღე. ეს კარგია, როცა 30 წლის ხდები,  მერე რაღაცეები ისე აღარ გინდა, როგორც ადრე იყო.  მე თვითონ მხიარული კაცი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, კარგი დაბადების დღე გამოვიდეს. მეგობრებიც „ზრუნავდნენ” ამაზე და ხშირად მიწყობდნენ სიურპრიზებს. ერთხელ კენიაში აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. არ ვიცოდი, მერე გავიგე, რომ თურმე სულ კალიებით ვიქეიფეთ. მასპინძლები სიამოვნებით ჭამდნენ, მე ლამის ცუდად გავხდი.  მოცეკვავეები მოიყვანეს, აფრიკელები. კარგი დრო გავატარეთ. კენია ზღაპრული ქვეყანაა, აფრიკულ პარიზს ეძახიან, ისეთი სასტუმროებია, უკეთესს რას ინატრებ. კარგი, ეგზოტიკური დაბადების დღე გამოვიდა, თან ახალგაზრდა ვიყავი. ახლა საიუბილეო საღამომდე დიდი ტურნე გვაქვს დაგეგმილი – 28 ნოემბერს კიევში მივდივარ (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ნოემბერს – ავტორი), სადაც უკრაინის სახალხო არტისტის წოდება უნდა მომანიჭონ. ასეთი წოდება ბევრი მაქვს. რამდენჯერმე  ვიყავი წარდგენილი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდებაზე, მაგრამ ყოველთვის ამომშალეს, თან ეს ხდებოდა აქ, თბილისში. რუსები მაინც ასე მაცხადებდნენ, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტიო. არ ვარ მე ეგ კაცი-მეთქი, – ვამბობდი.  ყველაზე მაგარი ჯილდო, რაც კი მიმიღია, ამდენ ჯილდოებს შორის, არის  შოთა რუსთაველის პრემია. ეს ქართველისთვის მაინც სხვა ჯილდოა, შოთა რუსთაველია, ჩოყლოყაშვილის პრემია ხომ არ არის.  კიდევ მაქვს ერთი  უნიკალური მედალი – შამილის ოქროს მედალი. ძალიან იშვიათად რომ, ჩეჩნებმა ის ვინმეს მისცენ. შუა კონცერტზე დარბაზში შემოვიდა ვიღაც, ფაფახიანი, მწვანე ლენტებით. ყველა იქით იყურებოდა. მაშინ ომი იყო და ვიფიქრე, „ზახვატი” იწყება-მეთქი. იმ კაცმა გადმომცა  მედალი, რომელსაც აწერია:  კავკასიის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისო. როცა ეს მედალი გადმომცეს,   იმდენად უხერხულად ვიგრძენი თავი,  რომ სიტუაციის განსამუხტად, მედალი კბილით გავსინჯე. „ზოლოტო, ზოლოტო,“ – მომაძახა იმ ფაფახიანმა (იცინის). უკრაინაში მე და დედა ტერეზა დაგვაჯილდოეს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ორდენით. დედამიწაზე სიკეთის დამკვიდრებისთვისო, – აწერია ამ ორდენს.  მაქვს კიდევ ერთი მაგარი  ორდენი,  ავსტრიაშია დაფუძნებული 322 წელს.  წმიდა კონსტანტინე დიდის რაინდის ჯვარია.  პირველად ეს ჯილდო პეტრე პირველს მისცეს. მე ეს ჯილდო მოსკოვში მომცეს. ვინახავ ამ ორდენებს. ოქროს დიდი მოყვარული კაცი არ ვყოფილვარ. ხანდახან კონცერტებზე მომვარდებოდნენ ხოლმე, წაიძრობდნენ ბეჭედს, რომ ეჩუქებინათ. მე არ მიყვარდა სამკაულები, რა კაცის საქმეა ზიზილ-პიპილოები (იცინის). 

ამ ტურნეს  ფარგლებში ბევრი  კონცერტი გვაქვს დაგეგმილი.   კიევიდან მივდივარ მინსკში, იქიდან გერმანისა და ისრაელში. ამერიკაშიც  უნდა წავსულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი.  ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დიალიზზე ვარ დამოკიდებული და ასე  შორს წასვლა შეიძლება, გამიჭირდეს. ალბათ, ყაზახეთი და ყირგიზეთიც დაემატება ტურნეს. საიუბილეო საღამოზე ბევრი სტუმარი ჩამოვა. მსურველები არიან და უარს ხომ ვერ ვიტყვით. ორგანყოფილებიანი კონცერტი გამოვა. ქართული და რუსული საუკეთესო სიმღერები შევა ორივე განყოფილებაში. მე მომივიდა აზრად, რომ კონცერტი ნანუკა ჟორჟოლიანმა წაიყვანოს და ისეთი სცენა გაკეთდეს, თითქოს გადაღება მიდის. ერთი მუსიკათმცოდნე გვეყოლება და ერთი კინომცოდნეც, აქეთ პატარა სცენა გაკეთედება ჩვენთვის. რაღაც-რაღაცეების მოფიქრება კიდევ შეიძლება.

– 75 წლის ასაკში გასტროლებზე აქტიურად სიარული არ გიჭირთ?

–  ძნელია, აბა რა, მაგრამ, რომ გაჩერდე, ავად გახდები. გაჩერება არ შეიძლება. კონცერტებს კი არ გადავაბამთ, „პერერივებით” მივდივართ. რაც მე გასტროლებზე მივლია, ალბათ, ამ მხრივ რეკორდი მაქვს დამყარებული. ანსამბლთან ერთად ხომ ვიარე და მერე მარტოც ბევრი გასტროლი მქონდა, ახლაც სულ  მაქვს დაგეგმილი კონცერტები სხვადასხვა ქვეყანაში. ადრე კარგი იყო გასტროლები, მით უფრო იმ ქალაქებში, სადაც მეგობრები მყავდა. კონცერტებს მოჰყვებოდა ხოლმე კიდევ ერთი, მეგობრული სერია. ჯიბის ატლასები გამოდიოდა, ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი ატლასი ვიპოვე სახლში.  შუა აზიაში არის ქალაქი იოშკაროლა. ეს ქალაქი   წაშლილი მქონდა იმ ატლასიდან.  მერე გამახსენდა, რომ იმ ქალაქში უცნაური მაყურებელი იყო – კონცერტები   მოსწონდათ, მაგრამ ტაშს არ უკრავდნენ.  თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, მერე აგვიხსნეს. მას მერე იმ ქალაქისკენ არ გამიხედავს. კონცერტზე რომ ტაშს არ დაგიკრავენ, იქ რა მინდა. იაპონიას აქვს ასეთი თავისებურება – მაყურებელი სიმღერას უსმენს, მაგრამ  ცეკვაზე რეაქცია არ აქვს.  შეიძლება, თვითონ რომ არ არიან მოცეკვავე ხალხი, ერთი-ორი ხელის გათამაშება იციან მარტო,  სხვის ცეკვასაც ვერ აფასებენ.  ძალიან კარგი მსმენელი  იყო რუსეთში. იქ იცოდნენ კარგად  მოსმენა.

– წლებია, უკვე იქით აღარ მიდიხართ.

–  ექვსი წელია, იქით არ ვყოფილვარ. სულ არის შემოთავაზებები, ყოველდღე რეკავენ. მაინც არ მინდა წასვლა, იმ წუთში რაღაცეებზე ფიქრი მეწყება, თავისით.  როცა რუსულად სიმღერა მომინდება ხოლმე, მივდივარ უკრაინაში, პრიბალტიკაში. მიყვარს რუსეთი, ამ ქვეყანასთან ბევრი რამ მაკავშირებს, მაგრამ  მე რა შუაში ვარ, მაგათი ბრალია, რაც მოხდა. ახლახანს ჟურნალისტების  ორი ჯგუფი იყო ჩამოსული, ჩემზე რეპორტაჟი გააკეთეს.  სასიხარულოა, როცა ახსოვხარ, უყვარხარ. ცუდია, რომ პოლიტიკამ ეს ურთიერთობები გააფუჭა. მე ისე დავიღალე ამ პოლიტიკით, ტელევიზორსაც აღარ ვუყურებ.  ამოვიდა ყელში ყველაფერი, სადაც კი გადართავ, ყველგან ბღავიან და ჩხავიან. ერთმანეთს აგინებენ, ამიტომაც სულ ეს არხი მაქვს ჩართული – ცხოველები და „ნა რიბალკე”, ერთიც მიყვარს და მეორეც. ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობ, სახლში პატარა გოგო გვყავს, შვილიშვილის შვილი, ალექსანდრა ჰქვია. ის გვახარებს და გვახალისებს.  ახლა დეკემბერში ჩემი შვილიც ჩამოვა კანადიდან. როცა ახერხებს, ჩამოდის ხოლმე საახალწლოდ. ახლა რამდენიმე თვე დარჩება აქეთ. კარგი ბიჭია,  15 წელია, კანადაში ცხოვრობს, 46 წლისაა უკვე, კარგიც ქნა რომ წავიდა.   თავის საქმეს აკეთებს.           

 – თქვენ არ  დადიხართ მასთან?

– ერთხელ წავედი,  კანადა ძალიან შორსაა და მიჭირს წასვლა.  თვითმფრინავში სიგარეტს ვერ მოწევ, თუ რუსული ავიაკომპანიით მივდივარ სადმე, „ლიოჩიკები“ მეძახიან და იმათთან ვეწევი. თვითონ მარღვევინებენ წესებს (იცინის) როცა კანადაში ვიყავი, მაშინაც ერთი სული მქონდა, მალე ჩამოვსულიყავი. სად არ  ვყოფილვარ, ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი, მგონი, ყველა დიდ ქვეყანაში, ბრაზილიის გარდა, მაგრამ, სადაც არ უნდა ვიყო, თბილისს არაფერი მირჩევნია. ძნელია, სამშობლოდან შორს ყოფნა. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი – ათ დღეზე მეტხანს თუ მომიწია სადმე ყოფნა, ვეღარ ვძლებ, ლამის გადავირიო. მე ჩემი ქალაქი მიყვარს, ჩემი საქმე. ამ საქმეს ხალხის დიდი სიყვარული ახლავს. არ დაიჯეროთ, ახალგაზრდები რომ გამოდიან და პოზიორობას იწყებენ: აღარ შემიძლია,  დამღალა ამ სიყვარულმა და ყურადღებამო, ამაზე მაგარი არაფერია.

– იმ ნაძვის ხის ამბავი მოგვიყევით, უცნობი ადამიანი რომ გიგზავნიდათ ყოველ ახალ წელს.

– ეს ძველი ამბავია.  ერთ წელიწადს, 30 დეკემბერი იყო, სახლში ხელოვნურ ნაძვის ხეს დგამდნენ ჩვენები და უცებ ვიღაცამ ზარი დარეკა კარზე. ხილიანზე ვცხოვრობდი მაშინ. კარი გავაღე და ვიღაც ბიჭი დგას, ხელში დიდი  ნაძვის ხე უჭირავს. პატარა ბიჭი იყო, ვერც კი მიცნო. ეს ნაძვის ხე გამომატანეს თქვენთანო, – მითხრა. ვინ გამოგატანა-მეთქი ვკითხე და არ ვიციო. გამიხარდა ძალიან, ყველას მოვუყევი. ვფიქრობ, დარეკავს ვიღაცა და მეტყვის, მე გამოგიგზავნეო, კაციშვილი არ რეკავს. მეორე  ახალ წელს, ისევ მოიტანეს. ხუთი წელი მოჰქონდათ. შევეჩვიე, თითქოს ველოდი ხოლმე უცნობს ნაძვის ხით. ერთხელაც მოვიდა ახალი წელი და ნაძვის ხე არ მოიტანეს, მერე შემთხვევით საავადმყოფოში ვნახე ის კაცი... ვეღარ გიგზავნი ნაძვის ხეებსო, დაიჩივლა... აი, ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში, ეს არის ბედნიერება. კაცს უნდა უხაროდეს სიყვარული. ახლა მეზარება, თორემ ადრე სულ დავდიოდი ბაზარში. ცოტა მეტს კი ვიხდიდი ხოლმე, ვიდრე ღირდა, რადგან  ვაჭრობა არ ვიცოდი. როცა ვინმე ცდილობდა, ისე გამოეტანებინა რამე, ოო, არ ვიღებდი. არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები. ტაქსის მძღოლები რომ მომიყვანენ სახლთან და ფულს არ მართმევენ, ძალით ვუდებ. მუშაობს კაცი, როგორ შეიძლება. 

– ტაქსით დადიხართ?

– ხანდახან. მე არასდროს ვყოფილვარ კარგი მძღოლი.  ერთხელ ამოვყირავდი „პრიბალტიკაში“ და იმის მერე მანქანის საჭეს აღარ გავკარებივარ. მაგარი ავარია მომივიდა, თან ზუსტად იმ ჯიხურთან, სადაც „გაის“ კაპიტანი იჯდა. გადაირია ის კაცი, ეგონა, ვუმიზნებდი.  გაჩერებული იყო მანქანები და ბოლოს ვგლიჯე პირდაპირ კუდში. იოლად გადავრჩი. „მვდ-ს“ დაკვეთით ვიღებდით ფილმს რიგაში, პირდაპირ ნომერი მივეცი იმ კაპიტანს, აქ დარეკეთ-მეთქი. მანქანა არ იყო საჩემო საქმე, ჩქარი კაცი ვარ, ფიცხი, საჭესთან სიჩქარე არ ვარგა. ამიტომაც დავყავარ მძღოლს. მანქანა ძალიან დიდხანს არ მყავდა. მერე ვიყიდე „ვოლგა“, მერე კარგი მანქანებიც გამოჩნდა. მანქანა კი არა, 32 წლის ვიყავი, როცა პირველი მაგნიტოფონი ვიყიდე, რომ მუსიკა მომესმინა. უკვე მომღერალი ვიყავი, კაცო და გასტროლებზე თან დავათრევდი იმ მაგნიტოფონს. ეგრე იყო ეს ცხოვრება. ტექნიკაში ისეთი უნიჭო ვარ, უთოს ჩართვაც კი არ მეხერხება – ახლა დაბადების დღეზე ნინო ჩხეიძემ კომპიუტერი მაჩუქა, მაგრამ  დამხმარე მჭირდება, რომ გამოვიყენო.   

 

скачать dle 11.3