კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონში ერთად ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები და როგორ გახდა ფოფოდია 126 ბავშვის დედა

თბილისის გარეუბანში, ლოტკინის გორაზე, იქ, სადაც ადრე ცნობილი მუსიკალური სასწავლებელი იყო, დღეს საპატრიარქოს სკოლა-პანსიონია, რომლის შესახებ, ალბათ, ბევრმა არაფერი იცის. აქ, ამ კედლებში  საქართველოს  ღირსეული მომავალი  ეზრდება – სკოლა-პანსიონში სწავლისთვის, პროფესიული განათლების, სხვადასხვა ხელობის დასაუფლებლად ყველა პირობააა შექმნილი. თუმცა, ეს სკოლა ყველა სხვა სკოლისგან განსხვავებულია – ერთ ჭერქვეშ მცხოვრები  ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები, ერთად იწყებენ  ცხოვრების დიდ გზას.

როცა პირველად აქ მოვედი, ისე მენატრებოდა ჩემი სოფელი, ღამეებს ტირილში ვათენებდი, – ასე იწყებს საკუთარ ისტორიას 14 წლის მუსლიმი გოგონა, რომელიც სკოლა-პანსიონში  ქრისტიან თანატოლებთან  ერთად ცხოვრობს. დღეს ეს სამყარო მისთვის ისე პატარა აღარაა, როგორც ორი წლის წინ იყო, როცა აქ პირველად  მოვიდა.  ახლა დამოუკიდებლობასაც შეეჩვია და  უკვე, ღამით, როცა   მისი ქრისტიანი თანატოლი ავადაა,  სიცხესაც უზომავს მას, ექიმის ან ფოფოდიას მოსვლამდე და წამალსაც ასმევს... დღეს უკვე იცის, რომ მთავარი ის ღირებულებებია, რასაც ცხოვრება უწესებს და რაც ყველა რელიგიისთვის ერთია. არც უცხო სიტყვათა ლექსიკონი სჭირდება, არც განსაკუთრებული სწავლებები,  რომ გაიგოს, რას ნიშნავს იყო  ტოლერანტი და პატივი სცე სხვა  რელიგიას,  რადგან  პატარაობიდან ხედავს, როგორ ლოცულობს ღამით მისი თანატოლი...             

მამა მირიანი (წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელი): ჩვენი სკოლა-პანსიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა  2009 წლის ივლისში.  ეს არის პირველი სახელობო და სახელოვნებო  სასწავლებელი  საქართველოში.  ამ სკოლას  ანალოგი არ აქვს, რამეთუ აქ, ერთი ადმინისტრაციის ქვეშ, გაერთიანებულია ოთხი სეგმენტი:  სრული ზოგადსაგანმანათლებლო განათლება, პროფესიული სწავლების ცენტრი (ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სწავლების დარგში კახაბერ ვარდუკაძე). სკოლაში ფუნქციონირებს სახელოვნებო სწავლების ცენტრი, სადაც გაერთიანებულია, როგორც სახვითი ხელოვნების მიმართულება (ფერწერა, ხატწერა), ასევე მუსიკალური მიმართულება, რომელიც აქცენტირებულია ფოლკლორსა და ხალხურ ინსტრუმენტებზე და ასევე, კლასიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. მეოთხე სეგმენტია სადღეღამისო პანსიონი. ჩვენთან სწავლობენ მოსწავლეები საქართველოს სხვადსახვა რეგიონებიდან, შესაბამისად, ისინი აქვე, პანსიონში ცხოვრობენ. სკოლა-პანსიონის  დაფუძნება არ იყო იოლი საქმე.  ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი გადავლახეთ, ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ.  ჩვენ აქ რომ მოვედით, აქაურობა გაპარტახებული და განადგურებული  იყო. ჩვენ საკუთარი ხელით დავიწყეთ ყველაფრის გაკეთება, ჩავატარეთ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.        

– დღეს თქვენს სკოლაში ხუთასზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 126 ბავშვი რეგიონებიდანაა. როგორ ხვდებიან ისინი თქვენს სკოლა-პანსიონში?

– ბავშვს, რომელიც ჩვენთან მოდის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელოვნების ნიჭი.  ჩვენთან სწავლობენ ბავშვები სხვადასხვა რეგიონიდან – საინგილოდან, მაღალმთიანი აჭარიდან.  სამომავლოდ, გადავწყვიტეთ,  მოსწავლეების ჩამოყვანა ფერეიდნიდან, ლაზეთიდან, ტაო-კლარჯეთიდან. 

 ფოფოდია ნანა: ჩვენ  წლების განმავლობაში აჭარაში ვცხოვრობდით. მამა მირიანი  ხულოს რაიონში მსახურობდა 12 წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა  ამავე ტიპის სკოლას.  მას  ძალიან ბევრი ახლობელი ჰყავს  მუსლიმანური სარწმუნოების წარმომადგენლებსა და მოძღვრებს  შორის. ამიტომაც აქვს დიდი ნდობა იმ მოსახლეობაში – მას ანდობენ მრავალშვილიანი ოჯახები საკუთარ შვილებს.   მე თავადაც ხოჯას შვილი გახლავართ, ყოფილი მუსლიმი.

–  მამა მირიან, აქ  სხვადასხვა რელიგიის ბავშვები ცხოვრობენ ერთად. როგორია მათი თანაცხოვრება ერთ ჭერქვეშ?

მამა მირიანი  როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საპატრიარქოსკენ იშვერს ხელს, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს,  მობრძანდნენ ჩვენს სკოლაში და დარწმუნდებიან, როგორ ცხოვრობენ ერთად ეს ბავშვები. როგორ პატრონობს მისი უწმიდესობა მუსლიმან ქართველებს.  აქ  არ ვაკეთებთ აქცენტს რელიგიაზე. ისინი ერთმანეთის რელიგიებს პატივისცემით ეპყრობიან. მათ აერთიანებთ ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარული. რელიგია მათ სიყვარულს ხელს არ უშლის.  

ფოფოდია ნანა: მამა მირიანს იმდენი საორგანიზაციო საქმე აქვს მოსაგვარებელი, თითოეული ბავშვისთვის დრო აღარ რჩება.  ეს მე ჩემს თავზე მაქვს აღებული – ვიცი ყველა ბავშვის ისტორია, მათი ფსიქოლოგია, ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცი, რა უხარიათ, რა სტკივათ, რა სწყონთ. როგორც ყველა  ბავშვი, ესენიც ცელქობენ – როცა რამეს აშავებენ,  ყველაზე დიდი „სასჯელი”  ისაა, რომ ეს მამა მირიანმა გაიგოს, რადგან მის მიმართ დიდი რიდი და პატივისცემა აქვთ. ამ ბავშვებს შორის გამორიცხულია, კამათი მოხდეს  რელიგიურ ნიადაგზე. აქ შეიძლება,  იკამათონ იმის გამო, რომ ერთმანეთის ჩუსტი ჩაიცვეს (იცინის). ერთხელ მამაომ მეთორმეტეკლასელები მცხეთაში წაიყვანა წირვაზე.  ერთი ბიჭი არ გაჰყვათ მათ, ამაზე ძალიან ვინერვიულე, თვითონ კი არც მითხრა მცხეთაში არწასვლის მიზეზი. მერე გავიგე, რომ მეგობარს მისი ფეხსაცმელი ჩაუცვამს, რადგან თავისი სველი ყოფილა, ამის გამო ვერ წასულა მცხეთაში.   

– აქ  მკაცრი წესებიაო, ბავშვებმა გვითხრეს.

–  მოზარდები არიან, წესრიგი ყველგან საჭიროა, მით უფრო ასეთ სკოლა-პანსიონში.  ვერ გავუშვებ გარეთ, თუ არ ვიცი, სად მიდიან. კინოშიც დადიან, თეატრშიც, დაბადების დღეებზეც, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, ვისთან ერთად  არიან, როდის მოვლენ. ცელქობენ, აბა რას იზამენ, მაგრამ  მამაოსთან ამას  ვმალავ.  მარტო იმას ვამბობ, რომ კომპიუტერი გვინდა, კარგი საჭმელი გვინდა, საწოლები გვაქვს დასამატებელი. სკოლაში მუშაობენ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი პედაგოგები, პანსიონის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ვარდუკაძე, როგორც საკუთარ შვილებზე, ისე ზრუნავს ამ ბავშვებზე. მას ძალიან ბევრი საქმე ევალება და ის  ართმევს თავს ყველა იმ ყოფით საკითხს, რაც გვაწუხებს. ახლახან ნისიად წამოიღო საწოლები, გვექნება ფული და გადავიხდით.  ამ ბავშვებს  ბევრი რამ სჭირდებათ. სასწავლო კორპუსი გაკეთებულია, მაგრამ საცხოვრებელ კორპუსში უკეთესი პირობების შექმნა გვინდა.  უფლის და კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს.  ურიის ვალს ავიღებთ, რომ ბავშვებს საჭმელი არ მოვაკლოთ.  რომ არა უწმიდესის უდიდესი დახმარება, ეს სკოლა არც  იარსებებდა. ყველაფერზე მასთან მივდივარ. უწმინდესო, ბავშვებს სუპი აღარ უნდათ, შევჩივლებ ხოლმე. ჰო, კარგად უნდა ვაჭამოთ, მიპასუხებს და  პრობლემის მოგვარებაც ხერხდება. ესენი თავის ნებაზე რომ მიუშვა, ისე უყვართ შემწვარი კარტოფილი, ყოველდღე კარტოფილს შეჭამენ. მაგრამ, ჯერ ერთი, ეს არ შეიძლება, მათი რაციონი ასაკისთვის საჭირო კალორიებით  უნდა იყოს გაჯერებული, მეორეც, ერთ სადილზე ორი ტომარა კარტოფილის დათლა, როგორია? (იცინის).  

გიორგი მახარაძე: მე სოფელ სხალთიდან ვარ. უკვე მესამე წელია, ამ სკოლაში ვსწავლობ, თავიდან ჩემი დეიდაშვილები ჩამოვიდნენ აქ. მერე მითხრეს, კარგი სკოლაა, კარგი სწავლააო და მეც  გადმოვედი და ჩემი ძმაც წამოვიყვანე. სხალთაში დიდი ოჯახი გვაქვს, სამი შვილი ვყავართ მშობლებს. სოფელში, მაინც ყველას უჭირს, არაა დალხენილი ცხოვრება. მე მშობლებს სულ ვეხმარებოდი ყანაში. ახლაც, როცა ჩავდივარ, სოფლის საქმეში მაშინვე ჩავებმები ხოლმე. აქაურობა სულ უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ ფოფოდიამ გამიადვილა შეჩვევა. მამაო მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. თუ ცოტა ვიცელქეთ, ვცდილობთ, მამაომ არ გაიგოს, რომ გული არ ვატკონოთ. 

– ვიცი, რომ შენ მეჩეთში დადიხარ სალოცავად.

– კი, სკოლიდან წაგვიყვანენ ხოლმე. ხანდახან ყურანს აქაც ვკითხულობ. ზოგჯერ ქრისტიანულ ლოცვებსაც ვესწერები. როცა ჩემი მეგობრები ოთახში ლოცვას კითხულობენ, ჩვენ ვჩერდებით – ერთმანეთს ხელს არ ვუშლით, პირიქით,  ძალიან კარგი მეგობრები ვართ.  

პანსიონის ბინადართა შორის ყველაზე პატარები 8-9 წლის ბიჭები არიან... აქ ყველას თავისი ისტორია აქვს,  ზოგს სევდიანიც.  თვალებიც სევდით აქვთ სავსე – თვალები, რომლითაც მშობლებისგან შორს დარჩენილნი, შეჰყურებენ მათთვის ახალ,  უცხო და დიდ   სამყაროს... პატარა დათუნა ზუკას ბავშვურად „უტევს” – აქ რომ მოვიდა, სულ ტიროდა... ზუკა არ „ნებდება”  და  უმტკიცებს,  რომ სულ რაღაც ორჯერ იტირა... აქ მათი მფარველი ფოფოდიაა, თბილი, ხალისიანი. 126 ბავშვის დედობილია და სხვაგვარად ვერც იქნება... ჩვენ იქ ყოფნაში იმ ბავშვებზე ჯავრობს, პლეხანოვზე რომ გაუშვა მეგობრებთან შესახვედრად... დიდები კი არიან, მაგრამ მაინც... თვალი კარისკენ უჭირავს. ვხვდები, ერთი სული აქვს, მარტო დარჩეს და მათი გზა-კვალი გამოიკვლიოს.

უკვე შებინდებული იყო, როცა სკოლა დავტოვეთ...  პანსიონიდან საოცარი სითბო და სიმშვიდე გამოგყვა. აქ  მომავალი თაობის კარგი სამჭედლოა – ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგი ფანდურზე უკრავს, ზოგიც ჭიანურზე... ვიღაც თექაზე მუშაობს, ვიღაც ტანსაცმლის მოდელირებას სწავლობს, ვიღაც მინანქარსა თუ ხეზე კვეთას... მათგან ბევრი კარგი და  წარმატებული ადამიანი დადგება – ეს პატარა ადამიანები  იმდენ სიყვარულს და სიკეთეს უნაწილებენ ერთმანეთს, სხვაგვარად ვერც იქნება...  

 

скачать dle 11.3