კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად აგროვებდა ხელმოწერებს რობერტ სტურუა თეატრიდან დოდო ალექსიძის გაშვებაზე და რატომ არ ესალმებოდნენ მსახიობები რეჟისორს

„პატარაობისას სტუმრად წასვლა არ მიყვარდა – უფროსები საუბრობდნენ, მე კი ვიჯექი მარტო და არ ვიცოდი, რა მექნა. ამიტომ, საოჯახო ალბომს მომაჩეჩებდნენ ხოლმე ხელში – ეტყობა, მაშინ ეს მოდაში იყო. ეს ალბომიც, თქვენ რომ ათვალიერებთ, იმ მოსაწყენ ალბომებს მაგონებს, მაგრამ, სიმართლეს ვერ გაექცევი, თუმცა, რაღა არ ხდება ამქვეყნად – იქნებ, ვიღაცამ, თეატრის მოყვარულმა, თვალი გადაავლოს ერთი კაცის ცხოვრებას და მიუტევოს შეცოდებანი მისნი”... 

რა შეიძლება, განსაკუთრებული თქვა რობერტ სტურუაზე – კაცზე რომლის შემოქმედება დიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა, ოღონდ... „ძალიან გთხოვთ, არც ოფიციალურად და არც კერძო საუბრებში, სიტყვა არ დაძრათ ჩემთან „კავკასიურ ცარცის წრეზე,” – ამბობს კოტე ნინიკაშვილის წიგნში რეჟისორი, მაგრამ,  რობერტ სტურუა ცალკე – „კავკასიური ცარცის წრისა” და „რიჩარდ მესამის” გარეშე?! უბრალოდ, ნახეთ და დატკბით ყველაფერ იმით, რასაც ხელოვანი ადამიანები ქმნიან, რაც მაგარია, რაც ემოციებს დიდხანს არ ჩაგიქრობს. ეს დღიურებიც ხომ მათი ცხოვრების ნაწილია, წარმოსახვაში რომ გიდგამს თეატრს.            

„... ერთხელ, ბავშვობაში, მამაჩემს ჩავაცივდი, მითხარი ან შენ რატომ დაგარქვეს ეს სახელი, ან მე რას მერჩოდი-მეთქი. აი, რა მიამბო: მოგეხსენებათ, რომ ბაბუაჩემი, ვანო სტურუა და მისი ძმა – გიორგი, ცნობილი ბოლშევიკები იყვნენ. სხვათა შორის, სტალინი კომუნისტური პარტიის რიგებში ვანო სტურუას რეკომენდაციით მიიღეს (უნდა გამოგიტყდეთ, ბავშობაში ეს საკმაოდ მეამაყებოდა). ვანო სტურუას, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა კომუნისტური იდეების გამარჯვებისა, არ სწამდა ღმერთი და, რა თქმა უნდა, ბავშვების მონათვლის წინააღმდეგი იყო. მამაჩემი 1916 წელს მოევლინა ამქვეყანას. სოფელ ნაბაკევში, როცა ვანო სტურუა რევოლუციონერობისთვის იხდიდა სასჯელს, ბებიამ ვერ გაბედა შვილის მონათვლა და უსახელო ბიჭს ახლობლებმა „კუწია“ შეარქვეს. 4 წლის იყო მამაჩემი, როცა ღამით ციხიდან გამოპარული გიორგი სტურუა ორი დღით ეწვია ოჯახს. კუწიამ შესჩივლა ბიძამისს: გეხვეწები მომნათლე, რამე კარგი სახელი შემირჩიე, ბავშვები დამცინიანო. ბიძამ დილაადრიან პატარა ბიჭი მინდორში გაიყვანა, ფეხზე გახადა, ჰაერში აისროლა და როცა ბავშვი მიწაზე გაიშხლართა, ხელები მისკენ გაიშვირა და ხმამაღლა განაცხადა: „დაიმახსოვრე! დღეიდან შენ რობერტი გქვია!“ როგორც მამაჩემმა მითხრა, იმ პერიოდში გიორგი გატაცებული ყოფილა ცნობილი ინგლისელი ეკონომისტის – ოუენის იდეებით, რომელსაც, ჩვენდა საუბედუროდ, რობერტი რქმევია. მაგრამ, მე რა შუაში ვარ, მე რაღა დავაშავე-მეთქი. მინდა, ჩვენს გვარში ყველა თაობის უფროს ვაჟიშვილს რობერტი ერქვას, ვიდრე რომელიმე მათგანი ისტორიაში არ ამოყოფს თავს. არკვიონ მერე, რომელ რობერტ სტურუაზეა ლაპარაკიო, – ალბათ, იხუმრა მამაჩემმა. გულში გავიფიქრე, მამაჩემს ამ სურვილს ავუსრულებ-მეთქი და, როცა სამშობიაროში დუდანამ ფანჯრიდან ჩემი ბიჭი დამანახვა, თბილად შევაპარე: რა ფერის თვალები აქვს პატარა რობიკოს?  რა ბრძანეთ, რობიკოსო?! – აღშფოთდა დუდანა. კმარა! ბურბონები ხომ არ ხართ, ერთ სახელს რომ ჩააცივდით, ბავშვს გიორგი ჰქვია და ამაზე სტურუებმა ხმა აღარ ამოიღოთო!..    

***

ერთხელ ნასვამი დავბრუნდი შინ. ვცდილობდი, ჩუმად გამეღო კარი, დედა რომ არ გამეღვიძებინა. შევედი სახლში და დედაჩემის პირისპირ აღმოვჩნდი. ვიფიქრე, დავიღუპე, საყვედურებით ამავსებს-მეთქი, მაგრამ, არა, ყურში ჩამჩურჩულა: „ფრთხილად იყავი, მამაშენი ძალიან გაბრაზებულია, სამზარეულოში ზის და გელოდება. რა ჩაიდინე, ბიჭო, ასეთი...“ შევედი სამზარეულოში. დაჯექიო, დავჯექი. დიდი პაუზის შემდეგ დაიწყო: „დღეს რესტორან „თბილისში” რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ერთად ვიქეიფე, დიდებული პურმარილი იყო. ვუსმენდი ჩემს საყვარელ ადამიანებს და მივხვდი – შენ თეატრში პატივს არ გცემენ, ერთი კეთილი სიტყვა არავინ შეგაწია. საშინლად მეწყინა. მითხარი, რა მოხდა, ასეთი რა დააშავე?” 

უცებ დავმშვიდდი და ვეუბნები: რობერტ, შენ მხატვარი ხარ, მე კი – რეჟისორი, მთელი ცხოვრება სილამაზეს ეტრფი: დგახარ მარტოკა სახელოსნოში და შენს ტილოებზე მახინჯები ლამაზები ხდებიან. ლამაზები კი – მზეთუნახავები. ყველას ეყვარები, აბა რა! მე რა ვქნა? გუშინ როლები გავანაწილე და სია გამოაკრეს: 12 გმირი – 12 მსახიობი, თეატრში კი ასამდე მსახიობია. დილით გამარჯობა არავინ მითხრა. ისინი, ვინც გავანაწილე, საერთოდ არ გამოჩენილან, „დაჩაგრულები” რომ არ გაეღიზიანებინათ – ასეთია რეჟისორის ხვედრი. მამაჩემი კარგა ხანს მიყურებდა. მერე, ამოიოხრა, შუბლზე მაკოცა და – აბა, შენ იციო, – მითხრა. 

***

... სტალინის სიკვდილის შემდეგ, როგორც ყველგან, ჩეხოსლოვაკიაშიც თავისუფლების ნიავმა დაბერა. ეს ცხოვრების ყველა სფეროს დაეტყო და, რაღა თქმა უნდა, თეატრსაც. სწორედ ამ პერიოდში, რუსთაველის თეატრის სცენაზე მიხეილ თუმანიშვილმა დადგა ჩეხი დრამატურგის, კოჰოუტის პიესა – „როცა ასეთი სიყვარულია,” რომელსაც გრანდიოზული წარმატება ჰქონდა. აქ გაიბრწყინა ცნობილმა „შვიდკაცამ” და მარჯანიშვილის თეატრიდან ახლად გადმოსულმა სერგო ზაქარიაძემ. იქნებ, ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი – დამედგა „მესამე სურვილი”. ამ სპექტაკლში შესანიშნავი მსახიობები მონაწილეობდნენ... მიუხედავად ამისა, სპექტაკლი საკმაოდ უფერული გამოგვივიდა. სხვათა შორის, აქვე უნდა ვაღიარო, რომ ბატონი მიშა საერთოდ არ დამხმარებია, რამაც ძალიან მატკინა გული. რა მექნა. ეს ჩემი პედაგოგის პრინციპული მოსაზრება გახლავთ – თეატრში, ამ ბობოქარ ოკეანეში, მოწაფემ თავად უნდა უშველოს თავს და ნაპირზე გამოცუროსო. სამაგიეროდ, ბატონმა მიშამ დიდი ნდობა გამომიცხადა, როცა შინ დამიბარა და მითხრა, ახალი თეატრის გახსნას ვაპირებ და უნდა დამეხმაროო. ძალიან გამიხარდა და, თანაც, შემეშინდა. როგორია, „შვიდკაცას” წევრებთან, საქვეყნოდ ცნობილ მსახიობებთან უნდა მემუშავა. პირველი დავალება ასეთი იყო: რეზო თაბუკაშვილს ახალი თეატრის გახსნისთვის მოფიქრებული ჰქონია ორიგინალური პიესა, ოღონდ, ის ქაღალდზე უნდა გადაეტანა და სექტემბერში ბატონი მიშასთვის ჩაებარებინა. მე და ბატონი რეზო ბიჭვინთაში წავედით. სხვათა შორის, მშვენიერი დრო გავატარეთ და პიესა საერთოდ არ გაგვხსენებია. ცოტა წონაშიც მოვიმატეთ – ჩვენს კვებაზე ულამაზესი ქალბატონი მედეა ჯაფარიძე ზრუნავდა. თეატრში რომ დავბრუნდით, საშინელი ალიაქოთი ატყდა – ახალი თეატრის შექმნის იდეა სამუდამოდ დასამარდა. მართლაც, ვინ გაუშვებდა თეატრიდან სახელოვან „შვიდკაცას”, ასეთ საუკეთესო მსახიობებს და, როგორც თეატრში ხდება ხოლმე, გაუშვეს სამხატვრო ხელმძღვანელი, უსაყვარლესი ადამიანი – დოდო ალექსიძე. უნდა გამოვტყდე, ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული (სხვებთან ერთად ხელმოწერებს ვაგროვებდი), დოდო ალექსიძე კი კიევში წავიდა სამუდამოდ. ასე  დასრულდა რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი  ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი.

***

... გავიდა წლები. დავქორწინდი. ზუსტად იმ დღეს ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, გია ყანჩელმაც მოიყვანა ცოლი. საბჭოთა პერიოდში უცხო ქალაქებში სასტუმროს შოვნა ძალიან ჭირდა და ახალდაქორწინებულნი იმ ქალაქს ეწვეოდნენ, სადაც გავლენიანი ნათესავები ჰყავდათ. ჩვენც მივაშურეთ კიევს, სადაც მამიდაჩემი – ელენე სტურუა ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ბორის პონომარენკო, ოპერის დირექტორი გახლდათ. მოკლედ, მშვენიერი სასტუმრო დაგვახვედრეს. მესამე დღეს მამიდაჩემმა დაგვირეკა, ხვალ თეატრში უნდა წავიდეთ დოდო ალექსიძის სპექტაკლის გასინჯვაზეო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე – არავითარ შემთხვევაში, მე ვერ წამოვალ-მეთქი. რატომო? – გაუკვირდა მამიდაჩემს. მერიდება, ათი წელია, არ მინახავს და, თანაც, სამშობლო რომ დატოვა, ამაში ბრალი მეც მიმიძღვის-მეთქი. დამამშვიდა: არ იცი დოდოს ამბავი? ეგ არც ემახსოვრებაო. მოკლედ, შეშინებული კურდღელივით გავყევი ჩემიანებს. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ დროს დოდო ალექსიძე ივან ფრანკოს თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი იყო. შევედით დარბაზში. ჩვენები მეხუთე რიგში დასხდნენ, მე კი სადღაც კუთხეში მივიყუჟე. დამთავრდა სპექტაკლი და, ახლა, მისალოცად წამობრძანდითო – გვთხოვეს. შემცბარი და გაფითრებული, ბატონი დოდოს კაბინეტში კედელს ავეკარი. დაგვინახა თუ არა, ჩვენკენ გამოქანდა, გადაეხვია ჩემიანებს და, მე რომ დამინახა, შეკრთა, ხელები ჩამოუშვა, თვალებში ჩამხედა და მითხრა: არა უშავს, დადგება დრო და, შენც გამოგაპანღურებენ თეატრიდანო. მერე გაიცინა და გულში ჩამიკრა.

***

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თეატრის სიყვარულით გაწამებულნო, ხანდაზმული კოლეგა მუხლმოდრეკილი გევედრებით, თუ გვინდა, ახალგაზრდებად დავრჩეთ, დავივიწყოთ ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები და, უფრო მეტიც – კი არ დავივიწყოთ, შევიძულოთ ჩვენი შედევრები. ნუ დავტკბებით ჩვენი მიღწევებით! რაც არ გამოგვივიდა, რაშიც კრახი განვიცადეთ, სამუდამოდ ჩავიბეჭდოთ ტვინში... ღმერთო ჩემო, რაებს ვბოდავ, მაგრამ, რა ვქნა, ასაკი მაინც თავისას შვრება – სიბერეში ერთობ რომანტიკული გავხდი...“ 

 

скачать dle 11.3