კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მისია შეასრულა ირან-ოსმალეთ-საქართველოს ცხოვრებაში ქართველმა დიპლომატმა ქალმა გულჩარამ

ქართლის მეფე სიმონ პირველმა საკმაოდ რთული გზა განვლო. ჯერ იყო და ირანის ტყვეობაში გალია წლები, საბოლოოდ კი, სიცოცსლე ოსმალთა ტყვეობაში დაასრულა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, მისი გამოხსნა სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. სიმონ მეფის ტვეობიდან გამოხსნითა და ირან-ოსმალეთის დაზავების საკითხით, აქტიურად იყო დაკავებული ქართველი დიპლომატი ქალი გულჩარა. სწორედ ამ ქალბატონისა და მისი საქმიანობის შესახებ ვისაუბრებთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ სვანიძის მასალებზე დაყრდნობით.

ირანსა და ოსმალეთს შორის ომში საქართველო ირანის მოკავშირე გახლდათ. ოსმალებთან შეიარაღებული ბრძოლის გარდა, სიმონ პირველი დიპლომატიური საშუალებებითაც ცდილობდა დამპყრობლების საქართველოდან განდევნას. მოგეხსენებათ, 1590 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. პარალელურად, შაჰ-აბასი შეუდგა ახალი ომისთვის მზადებას. ქართველებს ორივენი ერთნაირად სძულდათ, მაგრამ ახლა ქვეყანას საფრთხე უშუალოდ ოსმალეთიდან ემუქრებოდა და ისინი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ირანს დაუკავშირდნენ. 

შაჰ-აბასმა, კახთა მეფე ალექსანდრემ და ქართლის მეფე სიმონმა კავშირი შეკრეს და გეგმის განსახორციელებლად გარკვეული ნაბიჯიც გადადგეს. სიმონმა ოსმალეთთან ომი განაახლა, ხოლო ალექსანდრემ ხარკის გადახდა შეუწყვიტა. თავის მხრივ შაჰმაც ოზბეგები დაამარცხა და თავრიზის მახლობლად თავისი ძალების თვალიერება მოაწყო. მომდევნო წელს სიმონ პირველმა, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, გაათავისუფლა ქალაქი გორი. გორის ციხის აღება საფრთხეს უქმნიდა ჩვენში ოსმალთა ბატონობას. შესაძლებელი იყო, რომ სიმონის მაგალითისთვის ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც მიებაძათ.

ამიტომ ოსმალეთის სულთანმა სიმონ მეფის წინააღმდეგ გამოაგზავნა თავრიზისა და განჯის ბეგლარბეგი ჯაფარ-ფაშა. მტრის სიმრავლისა და ადგილობრივი ფეოდალების ღალატის გამო, ქართველები დამარცხდნენ, სიმონი კი ტყვედ ჩაუვარდათ ოსმალებს. სომეხი ისტორიკოსი არაქელ თავრიზელი წერს: როდესაც სულთანმა სიმონ მეფის დატყვევების ამბავი შეიტყო, ბრძანა მთელი იმპერიის ქალაქებში ქუჩები მოერთოთ და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ეუქმათ  და ემხიარულათო. ქართველი მეფე სტამბულში ჩაიყვანეს და იედიკულეს ციხეში გამოკეტეს.

რა თქმა უნდა, ქართველები შეეცადნენ, მეფის გამოხსნას. ამასთან დაკავშირებით შაჰ-აბასის ისტორიკოსი გვიამბობს, რომ ოსმალების მიერ სიმონ მეფის დატყვევების შემდეგ, სტამბულში გააგზავნეს ქართველი ქალი სახელად გულჩარა, რომელიც შაჰის კარზე იმყოფებოდა და ოჯახის (დინასტიის) ნათესავი იყო. როდესაც სიმონ მეფის ირანის ტყვეობისაგან გათავისუფლება მოხდა, გულჩარაც საქართველოში დაბრუნებულა სიმონ მეფესთან ერთად. იმის შემდეგ, რაც ქართლის მეფე ოსმალების ტყვეობაში აღმოჩნდა, ზემოხსენებული ქალბატონი სტამბულში გაგზავნეს, რათა მას მომსახურება და ზრუნვა აღმოეჩინა. გულჩარა დაუახლოვდა სულთან მეჰმედის პატივცემულ დედას და მოხერხებული ქცევითა და წესიერი სამსახურით მისი ნდობა მოიპოვა.

იმის შესახებ, იყოს თუ არა ის ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი სხვადასხვაგვარ ცნობებს ვხვდებით. შაჰ-აბასის კარზე მყოფი პორტუგალიელი ელჩის – ანტონიო გოვეას მიხედვით, სტამბულში ჩავიდა ქართველი ქალი გულჩარა და სულთნის დედის ნდობა დაიმსახურა. ეს ადამიანი გულჩარას შეცდომით სიმონ მეფის მეუღლედ მიიჩნევს. ქართული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ სიმონს ცოლად ჰყავდა ლევან-კახთა მეფის ქალიშვილი ნესტან-დარეჯანი. ისტორიკოსი ბ. გიორგაძე ეყრდნობა გოვეას ამ ცნობას და გამოთქვამს აზრს, რომ გულჩარა სიმონ მეფის ხარჭა იყო. ვ. გაბაშვილის აზრით, გულჩარა სიმონის მახლობელი ქართველი მანდილოსანი უნდა ყოფილიყო. 

ისტორიკოს მიხეილ სვანიძის აზრით, გულჩარა სიმონ მეფის შვილიშვილი უნდა ყოფილიყო. 

1603 წელს 22 დეკემბერს გარდაიცვალა სულთანი მეჰმედ მესამე და ტახტზე ავიდა 14 წლის აჰმად პირველი. ამ დროს მთელ სახელმწიფო საქმეებს სულთნის დედა განაგებდა. ამ პერიოდში სასახლის კარზე დაწინაურდა გურჯი მეჰმედ-ფაშა. სწორედ მას უნდა გაეწია გარკვეული დახმარება სტამბულში ჩასულ ქართველებისთვის საკუთარი მიზნის განსახორცილებლად. შედეგად, გულჩარა დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა.

ირანთან ომში ოსმალეთი მარცხდებოდა. ამავე დროს ის ევროპაში ავსტრიის იმპერიას ეომებოდა. ოსმალეთში გლეხთა აჯანყებები გრძელდებოდა. ნათელი იყო, რომ ოსმალეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა ირანთან დაზავების შედეგად.  საფიქრებელია, რომ გულჩარამ აცნობა სულთნის დედას, რომ სიმონ მეფე შაჰ-აბასის სიმამრი იყო და შაჰი მას პატივს სცემდა, ანგარიშს უწევდა. შაჰ-აბასის კარზე დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ზეინაბ ბეგუმი, შაჰის მამიდა, რომელთანაც აგრეთვე, კარგი ურთიერთობა აკავშირებდა სიმონ პირველს, ჯერ კიდევ ირანში ყოფნისას. ყოველივე ამან შთაბეჭდილება მოახდინა სულთნის დედაზე და მას სურვილი გაუჩნდა, სიმონ მეფე ირანთან დაზავების საქმეში გამოეყენებინა. 

სულთნის დედამ გულჩარა და სიმონ პირველი მართლაც გაგზავნა ზეინაბ ბეგუმთან და თან წერილი გაატანა. ის სთხოვდა შაჰ-აბასის მამიდას, ზეგავლენა მოეხდინა ძმისშვილზე და უარი ეთქმევინებინა ოსმალეთთან ომზე. ერთი სიტყვით, სიმონ მეფეს შაჰისთვის ოსმალეთთან ზავის დადება უნდა ეთხოვა და ამ რთულ საქმეში მას გულჩარა უნდა დახმარებოდა. ერთი კვირის გამგზავრებულებიც არ იყვნენ, როცა სულთანმა გადაწყვეტილება შეცვალა, სიმონ მეფე უკან დააბრუნებინა და მხოლოდ გულჩარას დაეველა ასე საპასუხისმგებლო მისიის შესრულება. 

თუ რატომ შეცვალა სულთანმა გადაწყვეტილება, ამის შესახებ ვკითხულობთ: გოვეას აზრით, სულთნის ამ საქციელის მიზეზი არა მარტო შიში იყო, რომ სიმონი უკან აღარ დაბრუნდებოდა, არამედ ისიც, რომ ის შაჰს გააცნობდა თურქეთის იმპერიის ნამდვილ მდგომარეობას, იმ უმწეობას, რაც სუფევდა კონსტანტინოპოლში. 

ოსმალეთის დიდმა ვეზირმა გულჩარას თან გააყოლა თურქი ჩაუში მურად აღა. შაჰ-აბასი ამ დროს ზეინაბ ბეგუმთან სევანის ტბის მახლობლად იმყოფებოდა. დიდი პატივით მიიღეს გულჩარა, რომელმაც მათ სულთნის დედისა და სიმონ მეფის წერილები გადასცა.

შაჰი ოსმალეთს ზავზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ ეს უკანასკნელი „დაუბრუნებდა ყველა იმ მიწას, რომელიც ფეხქვეშ გათელა ისმაილის ცხენმა”, ანუ ზავის დადების პირობად მოითხოვდა 1555 წლის ირან-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულების აღდგენას. ამაზე ოსმალეთმა ასეთი პასუხი გასცა: „ისმაილის ცხენი ბევრს დარბოდა, რადგან ცუდად ჰქონდა ლაგამი ამოდებული. ამიტომ, ფეხვეშ გათელა ბევრი მიწა, რომელიც არასოდეს ეკუთვნოდა არც შაჰ-აბასს და არც მის წინაპრებს”.

შაჰ-აბასი დათმობაზე არ მიდიოდა. მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ არც შეწყვეტილა. გულჩარა რამდენჯერმე გაემგზავრა შაჰთან მოსალაპარაკებლად. 

საფიქრებელია, რომ ქართველი დიპლომატი ქალი გულჩარა, რომელიც სიმონ მეფის დავალებით ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადებისათვის იღვწოდა, შეეცდებოდა, საზავო მოლაპარაკებებისას, საქართველოს ინტერესების დაცვასაც. ამიტომ ალბათ, ყიზილბაშთაგან თბილისის გათავისუფლებაში ღვაწლი მიუძღოდა სიმონ მეფეს და მისი მითითებით მოქმედ გულჩარასაც. 

იმ დროს, მეტად უჩვეულო იყო ქალისთვის ესოდენ საპატიო საქმის დავალება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არცთუ ისეთი ხალისით ჩადიოდნენ იმდროინდელ ოსმალეთში, რადგან თურქები ხშირად არღვევდნენ  საერთაშორისო ნორმებს – უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს ციხეებში ამწყვდევდნენ და სიკვდილითაც კი სჯიდნენ, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება გულჩარას როლი საქართველო-ოსმალეთ-ირანის რთული პოლიტიკური ურთიერთობის მოწესრიგებაში.

1612 წელს 20 ნოემბერს მართლაც დაიდო სტამბულში ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი.  ჰამერი „ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში” აღნიშნავს: „ქართველმა ქალმა შეათანხმა ზავი ოსმალეთსა და ირანს შორის”. 

მართალია, ამ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს შესახებ, მაგრამ 1612 წლის ზავით, ძირითადად, აღნიშნულ იქნა 1555 წლის ზავის პირობები, რომლის მიხედვითაც საქართველო ოსმალეთსა და ირანს შორის ორად იყო გაყოფილი. ქართლ-კახეთი ირანს რჩებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხე – ოსმალეთს. საყურადღებოა, რომ ზავის დადების დროისთვის, ირანის გარნიზონი ქართლ-კახეთის ციხეებში აღარ იმყოფებოდა, რამეთუ ყიზილბაშთა ჯარები ქართლ-კახეთის ციხეებიდან გაიყვანეს სიმონ მეფის „კეთილმოსურნეობით”, რაც საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო. 

ამ ზავის დადების შედეგად ქართლ-კახეთის სამეფოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

ცხადია, ზავის დადების შემდეგ გულჩარა სულთანს სთხოვდა, სიმონ მეფის ტყვეობიდან გათავისუფლებას, როგორც ამას სულთანი ჰპირდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დროს სიმონ მეფე ცოცხალი აღარ იყო. ის 1611 წელს გარდაიცვალა იედიკულეს ციხეში. გულჩარა სთხოვდა სულთანს ნებართვას, რომ სიმონის ნეშტი სამშობლოში ჩამოესვენებინათ. ზავის დადების შემდეგ 1614 წელს საქართველოში ჩამოასვენეს სიმონ მეფის ნეშტი და მცხეთაში, სვეტიცხოველში მეფეთა საძვალეში დაასაფლავეს. ამაში გარკვეული ამაგი გულჩარას მიუძღვის. 

 

скачать dle 11.3