კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ვიცოდეთ ფულის გასესხებისა და სესხებისას და რატომ არის ბანკის მიერ გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხებიც კი უზრუნველყოფილი

ჩვენებური ბანკები კვლავაც უშურველად სთავაზობენ მომხმარებლებს სამომხმარებლო სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. ამით შეგულიანებული მომხმარებელიც თავდავიწყებით ეძალება საბანკო შემოთავაზებებს, თუმცა შესაძლოა, მათმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუკი ისინი არ ფლობენ არანაირ უძრავ და მოძრავ ქონებას, აღმასრულებელი მათ ახლობლებს აიძულებს, საკუთარი ქონებით გაისტუმრონ დავალიანება. რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას როგორც ბანკებისგან, ისე კერძო პირებისგან და როგორ შეიძლება, დაგვაყენოს უსიამოვნო რეალობის წინაშე ოჯახის წევრმა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს საკუთრებაში დროებით მცხოვრებმა პირმა? თემას საიას იურისტი ლალი პეტრიაშვილი განგვიმარტავს.

 

– გამომდინარე იქიდან, რომ არაერთ ჩვენს მოქალაქეს აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები და აღსრულების მოლოდინშია, განვუმარტოთ მკითხველს, როგორ არეგულირებს კანონი აღსრულების პროცესს?

– აღსრულების პროცესს არეგულირებს „საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, მაგრამ ძალიან ბევრი პროცედურა, რომელიც ამ კანონშია მითითებული, არ არის დეტალურად გაწერილი, ამიტომ რეგულირდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით. უმეტესად, მოსახლეობას სააღსრულებო ორგანოებთან ურთიერთობა უწევს, როდესაც საქმე ეხება შეუსრულებელ ვალდებულებებს. მაგალითად, თუ ერთმა ფიზიკურმა პირმა, მოვალემ, მეორე ფიზიკური პირისგან, ანუ კრედიტორისგან ისესხა თანხა, ასეთ შეთანხმებას, როგორც წესი, ებმება ხოლმე იპოთეკის ხელშეკრულებაც. იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და, თუ მოვალემ არ დააბრუნა სესხად მიღებული ფულადი თანხა, კრედიტორი, ანუ გამსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს იძულებითი მექანიზმების გამოყენება მოვალის წინააღმდეგ, ანუ მოითხოვოს ამ ქონების რეალიზაცია ფულის ამოღების მიზნით. ხოლო, თუ გარანტიად წარმოდგენილია მოძრავი ნივთები, ავტომანქანა, ოქროული და ასე შემდეგ, ამას უკვე ეწოდება გირავნობა და მასზე ცოტა სხვა წესები ვრცელდება. მაგრამ როგორც იპოთეკა, ისე გირავნობა, არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები. სააღსრულებო პროცესი მეტწილად ეხება ისეთ დავებს, როდესაც კრედიტორები ითხოვენ იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ნივთების რეალიზაციას აუქციონზე.

– როგორ მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი?

– კრედიტორი მიმართავს აღსრულების ბიუროს, მიაქვს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მას სასამართლომ დაუკმაყოფილა მოთხოვნა მოვალის მიმართ.

– ანუ კრედიტორმა, უპირველესად, უნდა მიმართოს სასამართლოს?

– დიახ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოსთვის მიმართვა არ არის აუცილებელი. უმრავლეს შემთხვევაში კრედიტორს სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიაქვს სააღსრულებო ბიუროში, რომელიც მოვალეს უგზავნის წინადადებას და სთავაზობს, მიცემულ ვადაში შეასრულოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება. თუ მოვალე ამ ვადას უშედეგოდ გაუშვებს, აღმასრულებელი უფლებამოსილია, მოიძიოს მოვალის ქონება. ინფორმაციის მოძიება ხდება, საჯარო რეესტრში, საფინანსო დაწესებულებებში, მაგრამ, თუ მოვალეს იპოთეკაში ქონება აქვს ჩადებული, პირდაპირაა შესაძლებელი ამ ქონების იძულებით აუქციონზე გატანა. ყველაზე პრობლემურია ისეთი სააღსრულებო პროცედურები, როდესაც მოთხოვნები არ არის უზრუნველყოფილი, ანუ, როდესაც მოვალეებს გარანტიები არ აქვთ წარდგენილი კრედიტორებთან, ამიტომ, კრედიტორები რომ არ დაზარალდნენ, სასურველია, ნებისმიერი გარიგება დაიდოს უზრუნველყოფილი მოთხოვნებით. ანუ არ გაასესხონ თანხა, ვიდრე გარანტიას არ ჩადებს მოვალე.

– პრობლემურ სესხებთან მიმართებაში, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი ვალდებულება, როგორ მიმდინარეობს აღსრულების პროცესი?

– ავიღოთ ალიმენტის შემთხვევა: სასამართლო ერთ-ერთ მშობელს აკისრებს სარჩოს გადახდას შვილისთვის, აქ იპოთეკასთან და გირავნობასთან არ გვაქვს საქმე, უბრალოდ ის მშობელი, რომელსაც არ შეუსრულეს სასამართლოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი ხდება, მიმართოს სააღსრულებო ორგანოს აღსრულების პროცესის დასაწყებად იმ მშობლის წინააღმდეგ, რომელსაც დაეკისრა ალიმენტის გადახდა. მაგრამ, თუ ასეთ მშობელს არ აღმოაჩნდა ქონება, აღსრულების პროცესი შესაძლოა, წინ ვერ წავიდეს. რას აკეთებს ამ შემთხვევაში აღმასრულებელი? ის მოიძიებს მოვალე მშობლის ქონების შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრში, საბანკო დაწესებულებებში, მაგრამ, თუ იქაც არ აღმოჩნდა არაფერი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოლო გამოსავალი ასეთია: აღმასრულებელს შეუძლია, დაადგინოს მოვალის საცხოვრებელი ადგილი, მივიდეს მის საცხოვრებელ მისამართზე და აღწეროს და დააყადაღოს ის უძრავი ქონება, რაც იქ აღმოჩნდება, გარდა პირველადი მოხმარების ნივთებისა.

– თუ მოვალის არ არის ქონება?

– შესაძლებელია, აღმოჩნდეს, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება სულაც არ ეკუთვნოდეს მოვალეს და, ვინაიდან ის ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში, დაყადაღებული ქონება იყოს მისი მშობლების.

– თუმცა ალიმენტის შემთხვევაში, ჩემი აზრით, ბებია-ბაბუასაც ეკუთვნის შვილიშვილისთვის სარჩოს გადახდა. სხვა მაგალითი რომ მოვიტანოთ? მიჭირს ალიმენტის შემთხვევაში მოვალე მშობლის თანაგრძნობა. ვთქვათ, ხელწერილის საფუძველზე ფული ვასესხე პირს, რომელსაც არ აქვს უძრავი ქონება და არც საბანკო ანგარიშები?

–  ესეც არაუზრუნველყოფილი სესხია და მის აღსრულებას ისეთივე პრობლემა ექნება, როგორიც ალიმენტის შემთხვევაში. თუ ისეთი პირის ქონება დაყადაღდა აღმასრულებლის მიერ, რომელიც არ არის მოვალის საკუთრება, მაშინ, ვისიც არის ის ქონება, ის იძულებული ხდება, აღძრას სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ, ანუ საკუთარი შვილისა და იმ სუბიექტის წინააღმდეგ, ვინც მის შვილს მოედავა გარკვეული ვალდებულების შესრულებას და მოითხოვოს დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება იმისთვის, რომ სხვა პირის ვალების გამო მისი ქონების აუქციონზე რეალიზაცია არ მოხდეს.

– და კანონი იცავს მას, თუ დაამტკიცა, რომ დაყადაღებული ქონება მისია და არა მოვალის? როგორ ამტკიცებს, რომ ქონება მისია?

– თუ შეძენილია ტექნიკა, როგორც წესი, ჩვენ გვაქვს პასპორტი და შესაბამისი დოკუმენტაცია და მტკიცება ძალიან ადვილია, ისევე, როგორც ავტომანქანის შემთხვევაში, თუ ის სამომხმარებლო სესხითაა შეძენილი, მაგრამ რთულია მტკიცება იმ ნივთებთან მიმართებაში, რომლებიც არ შეგვიძენია ისეთ ადგილას, სადაც კონკრეტულ დოკუმენტს შეგვიდგენდნენ. ვთქვათ, შევიძინეთ ავეჯი ფიზიკური პირისგან ან პიანინო, რომელიც შევიძინეთ 20 თუ 30 წლის წინათ. თუმცა ასეთი ნივთების კუთვნილების ფაქტი შეგვიძლია, დავადასტუროთ მოწმეთა განმარტებით. ანუ შეგვიძლია, სასამართლოში დავაყენოთ შუამდგომლობა კონკრეტული მოწმეების დაბარების შესახებ, რათა მათ თქვან, რომ ეს პიანინო იქამდეც გამაჩნდა, ვიდრე შვილი მეყოლებოდა, ვისი ვალებისთვისაც დამიყადაღეს ეს პიანინო.

– როდესაც არაფერი არ აქვს, არც მოძრავი ქონება გააჩნია, არც უძრავი, არუ მშობლების ბინაში ცხოვრობს და არის ასეთი უქონელი და უთვისტომო, მაშინ რა ხდება?

– სადღაც ხომ ცხოვრობს? სადღაც ხომ არის რეგისტრირებული?! ადრე კანონმდებლობაში იყო შესაძლებლობა, რომ პირი არსად არ ყოფილიყო რეგისტრირებული. ეს პრობლემას ქმნიდა საარჩევნო პროცედურების კუთხითაც –  ხმის მიცემის ადგილის განსაზღვრისას, ამიტომ დღეს ვერავინ აიღებს პირადობის მოწმობას, თუ მას არ აქვს მისამართი. თუმცა უმისამართო მოსახლეობაც არსებობს –  ეს კიდევ სხვა პრობლემაა. დღეს, თუ ვიღაც ცხოვრობს თქვენს სახლში 8-9 თვის განმავლობაში, მას აქვს უფლება, თქვენი თანხმობის გარეშე ჩაეწეროს, ანუ თავისი საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაცია მოახდინოს.

– როგორ?

– მოწმეს მიიყვანს და, თუ მოწმემ არასწორი განმარტება მისცა, მას აქვს პასუხისმგებლობა, ამიტომ არც ერთი მოწმე არ წაჰყვება არავის ისე, თუ, მართლაც, რეალურ ფაქტს არ ადასტურებს. თუ ის ადამიანი თქვენთან აღარ ცხოვრობს რაღაც პერიოდის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ მისი რეგისტრაციის გაუქმება.

– თორემ ქონება დაგიყადაღდება სხვისი ვალების გამო.

– დიახ, ეს საკითხები ერთმანეთთანაა კავშირში. შეიძლება, ასეთი რამეც: თქვენ მოითხოვოთ ამ ადამიანის რეგისტრაციის გაუქმება, როდესაც აღარ იცხოვრებს თქვენთან 8 თვის განმავლობაში, მაგრამ, რადგან ის აღარ ურთიერთობს სახელმწიფო ორგანოსთან, ისე უუქმდება რეგისტრაცია, რომ ახალი მისამართი არ არის რეგრისტრირებული, ამიტომ გვყავს დღეს უმისამართო ადამიანები.

– როგორც ვიცი, ანალოგიური რამ ხდება, თუ მოვალე ცხოვრობს დაგირავებულ ან დაქირავებულ ბინაში.

– თუ მოვალე დაგირავებულ ან დაქირავებულ ბინაში ვცხოვრობ, აღმასრულებელმა შეიძლება, დააყადაღოს იმ ბინაში არსებული უძრავი ნივთები, რომლებიც მოვალეს არ ეკუთვნის.

– ასეთი შემთხვევაც ხომ არის, როდესაც მესაკუთრე დაამტკიცებს, რომ დაყადაღებული ნივთი არის მისი და არა მოვალის საკუთრება?

– ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო საქმე შეუსრულებლად დაუბრუნდება კრედიტორს და მას ვერ დაუბრუნდება თანხა.

– ხომ შეიძლება, მოვალემ შემდეგ დააგროვოს ქონება ან გახსნას ანგარიში ბანკში? კრედიტორი უნდა იყოს ჩასაფრებული?

– ნამდვილად ჩასაფრებული უნდა იყოს, რომ გაიგოთ მისი ქონების შესახებ  ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, თუ როდემდე შეიძლება, მოვთხოვოთ შეუსრულებელი ვალდებულება, თუკი არ გვინაზღაურებს მას მოვალე: მოქმედი სამოქალაქო კოდექსი გვეუბნება, სასამართლო გადაწყვეტილებით რაც მოგეკუთვნათ, იმის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი. 10 წლის შემდგომ ვეღარ მოითხოვთ ვერაფერს. ლაპარაკია იმ ქონებაზე, რაც სასამართლოთი მოგეკუთვნათ. მაგალითად, თუ ჩვენ შორის ჩაიდო მომსახურების ხელშეკრულება და არ შემისრულეთ, თქვენ შეგიძლიათ 3 წლის ვადაში მიმართოთ სასამართლოს და, თუ სასამართლომ დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნა, აღსრულების პროცედურის დაწყებისთვის გაქვთ 10 წელი.

– 10 წლის შემდეგ რატომ არ მაქვს?

– ამიტომ კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას, უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოთხოვნები: გავაფორმოთ იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულება.

– ანუ ჭკუა დავატანოთ, როდესაც ფულს ვასესხებთ. ჩვენ ვისაუბრეთ მხოლოდ ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობაზე.

– ანალოგიურია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობაც. მაგალითად, თუ თქვენ განვადებით გამოიტანთ ნივთს და სესხად მიღებული თანხა უნდა დაფაროთ 2008 წლის 30 იანვარს, ამ ვალდებულებას ამ ვადაში არ შეასრულებთ და სამი წელი ისე გავა, რომ ბანკი სასამართლოში არ დაგიყენებთ მოთხოვნას, თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ ამ ვალდებულების შესრულებაზე.

– არ მგონია, ბანკმა სამ წელს იცადოს.

– არის შემთხვევები, როდესაც გადის ვადა და ჩვენ განვუმარტავთ მოქალაქეებს, რომ აქვთ უფლება, უარი თქვან ასეთი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ თუ ისინი მაინც გამოცხადდებიან სასამართლო სხდომაზე და იტყვიან, რომ თანხმანი არიან, შეასრულონ ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბანკს გაუვიდა სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, სასამართლომ შესაძლოა, მოქალაქეს დააკისროს თანხის გადახდა. სამწლიანი ვადა აითვლება ვალდებულების შესრულების ბოლო დღიდან.

– მიკვირდა, ბანკები ასე მარტივად რატომ იძლევიან სამომხმარებლო სესხებს უზრუნველყოფის გარეშე, კანონის იმ მუხლის იმედი ჰქონიათ, რომელიც მათ რეგისტრაციის ადგილას არსებული უძრავი ქონების დაყადაღების უფლებას აძლევს.

– ნებისმიერი სამოქალაქო ურთიერთობა არის მაღალი რისკის. ბანკიც რისკავს გარკვეულწილად, როდესაც მომხმარებელს აძლევს სამომხმარებლო სესხს უზრუნველყოფის გარეშე. უზრუნველყოფილი სესხებიც კი რისკიანია, იმიტომ რომ შესაძლებელია უზრუნველყოფად ჩადებული უძარვი ქონება განადგურდეს ხანძრის გამო და არ იყოს დაზღვეული ან ღირებულება დაკარგოს იმის გამო, რომ გვერდით არასასურველი მშენებლობა დაიწყოს. წარმოიდგინეთ, როგორი რისკია არაუზრუნველყოფილი სესხები.

– რას ურჩევთ მსესხებლებსა და გამსესხებლებს?

– მხარეებს, როგორც კრედიტორს, ისე მოვალეს, ვურჩევ, ნებისმიერი გარიგების დადების წინ გაიარონ კონსულტაცია იურისტთან, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი საშუალებაა, უფასოდ მიიღონ იურიდიული კონსულტაცია, რომ ვიცოდეთ სამოქალაქო რისკების შესახებ და ამის შემდეგ დავდოთ ხელშეკრულება. მაშინაც კი, როდესაც მხარეებს შორის მაღალია ნდობის ხარისხი, აუცილებელია, რომ მოთხოვნა იყოს უზრუნველყოფილი. და ეს არ არის მხოლოდ კრედიტორის ინტერესი; მოვალეც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დაბევებული ჰქონდეს უზრუნველყოფის ნივთი კრედიტორისთვის, რადგან, რომ ვერ შეძლოს ვალდებულების შესრულება, ზეგ და მაზეგ საერთოდ ვერ აიღებს სესხს, იმიტომ რომ მოვალეთა რეესტრში მოხვდება.

და არის კიდევ ერთი პრობლემური საკითხი: ჩვენი კანონმდებლობით არ იკრძალება ერთი და იმავე ნივთის რამდენჯერმე დატვირთვა იპოთეკით ან გირავნობით და, საბოლოოდ, გამოდის, რომ ნივთი დატვირთულია ვალდებულებით, რომელიც რამდენჯერმე აღემატება კრედიტის თანხას. ამიტომ არ უნდა მიიღოთ უზრუნველყოფად და გარანტიად ის ნივთები, რომლებიც უკვე დატვირთულია იპოთეკით ან გირავნობით.

 

скачать dle 11.3