რა კავშირი აქვს ლაფანყურის ოპერაციას სირიაში მიმდინარე საომარ პროცესებთან და როგორ გახდა საქართველოს მოქალაქე სირიელ ამბოხებულთა ემირი
უკვე დაზუსტებით გაირკვა, რომ სირიაში ამბოხებულთა მხარეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც იბრძვის, თანაც, მაღალ სამეთაურო დონეზე. როგორ მოხვდნენ ისინი არეულ სირიაში, რა მიზანს ემსახურება მათი ბრძოლა და რამ გადააწყვეტინათ, უცხო ქვეყნისთვის სამხედრო სამსახურის გაწევა? – ამ შეკითხვებზე პასუხების მიღებას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარისგან, ზაალ კასრელიშვილისგან, შევეცდებით.
– როგორ აღმოჩნდა ქართული ფაქტორი, საქართველოს მოქალაქეების სახით, სირიაში?
– ერთ შესწორებას შევიტან თქვენს კითხვაში: ჩვენ ამის შესახებ ადრეც ვიცოდით და განცხადებაც გავაკეთეთ, რასაც დავარქვით პრევენციული განცხადება. მაშინ არ გვითქვამს, კონკრეტულად რამდენი ადამიანია იქ და არ დაგვისახალებია მათი ვინაობა, მაგრამ ვთქვით, რომ 2010 წლის გაზაფხულიდან 2012 წლის აგვისტომდე, ლაფანყურის მოვლენებამდე, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საქართველოს გავლით მიაშურა სირიას.
– საქართველოს გავლით საქართველოს მოქალაქეები მოხვდნენ სირიაში თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა ისარგებლეს საქართველოს ტერიტორიით?
– საქართველოს მოქალაქეებიც და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც საქართველოს გავლით მოხვდნენ სირიაში, ისევე, როგორც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები თურქეთის გავლით მოხვდნენ სირიაში და, შესაბამისად, აზერაბაიჯანის გავლით მოხვდნენ სირიაში. ისინი ჭურვებით და ავტომატებით ხელში კი არ გადაადგილდებოდნენ, არამედ, იყვნენ კარგად ჩაცმული, სუფთად დავარცხნილი ადამიანები, რომლებიც საქმიანი იერით მოძრაობდნენ ამ სამი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასე რომ, ამაში არაფერი უჩვეულო არ არის.
– ერთია, მოხვდე სირიაში და მეორე, როგორ პოზიციაზე მოხვდები. მხოლოდ ერთის გვარი დასახელდა, ბათაშვილის, ამიტომ მეც გავიმეორებ. საქართველოს მოქალაქეები იქ არიან საველე მეთაურები, ესე იგი, დიდი ხანია, რაც იქ იმყოფებიან?
– მებრძოლმა შეიძლება, ორი წარმატებული ბრძოლა ჩაატაროს და ის მეთაურად აირჩიონ. ასე რომ, კავშირი არ არის ყოფნის ხანგრძლივობასა და პოსტს შორის. თუმცა ვიცი, რომ მათ ამოძრავებდათ რელიგიური მოტივები. მეამბოხეების მხარეს საბრძოლველად ყველა ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბაშარ ალ ასადს აშკარად მიაწოდა იარაღი და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რის გამოც ბაშარ ალ ასადის ოპოზიციაში მყოფმა მუსლიმანმა მებრძოლებმა, უფრო სწორად, მათმა ლიდერებმა, მსოფლიო მუსლიმანებს სთხოვეს დახმარება და სირიაში დაიძრა უამრავი მებრძოლი, რომელთა მოტივაცია იყო მუსლიმანი ძმების დახმარება. რა თქმა უნდა, სხვა მოტივებიც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. უფრო ზუსტად, არ გვაინტერესებს და ამიტომ არ ვიცით. ამ ადამიანების მოტივაცია არის ისლამური ჯიჰადი პრორუსული ორიენტაციის ტირანის წინააღმდეგ, რომელიც არაისლამური წესებით ცხოვრობს სირიაში. თქვენ მიერ დასახელებულის გარდა, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც არიან და რამდენიმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
– რომელ წლებში?
– ზუსტი წლები არ ვიცი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში იყვნენ ოფიციალური სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. ასე რომ, მათ სამხედრო ცოდნა და გამოცდილებაც ჰქონდათ, რადგან თავდაცვის სამინისტროში, როგორც მინიმუმ, ზოგი ოფიცერი იყო და ზოგი – სერჟანტი. სირიის ოპოზიციისთვის კი საუკეთესო კადრებია პროფესიონალი სამხედროები, რომლებსაც აქვთ რელიგიური მოტივაცია.
– რელიგიური მოტივაცია ნიშნავს, რომ ისინი, მართალია, საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ ეთნიკური ქართველები არ არიან თუ მუსლიმანი ქართველები არიან?
– არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ეთნიკური წარმომავლობის არიან, მთავარია, აქვთ მოტივაცია: ერთი – ეხმარებიან მუსლიმან ძმებს, მეორე – ალბათ, იღებენ საერთაშორისო მასშტაბის დარიგებებსა და დახმარებებს, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ იბრძოლონ. ბათაშვილის რა მოგახსენოთ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოში ბევრი კარგი მებრძოლია, რომლებიც დიდი სიამოვნებით წავიდოდნენ ნებისმიერ ბრძოლაში საკონტრაქტო პირობებზე.
– დაქირავებულები გახდებოდნენ?
– დიახ და ასეთს მხოლოდ ერთსა და ორს არ ვიცნობ. პირადად მე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მომმართა, რომ, თუკი ვაპირებდი ორგანიზაციაში გასამხედროებული სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ისინი დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ანაზღაურების სანაცვლოდ. ჩვენ უარი ვუთხარით, რადგან ჩვენი ორგანიზაცია არის საერო ცნობიერების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და არანაირ სამხედრო მოქმედებებთან არ გვაქვს შეხება.
– საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება სირიაში საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის ფაქტით?
– რამდენიმე ჟურნალისტს რუსეთის ფედერაციაში და რამდენადაც ვიცი, თურქეთშიც, უნდოდათ, საქართველოს ტერიტორია, პანკისის ხეობა, გაეიგივებინათ ალ-ქაიდასთან, ტერორისტების მოსამზადებელ ბაზასთან და, შესაბამისად, ეს რეალობა გაეიგივებინათ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან. ეს არ არის კარგი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის და ვინც ამას გააკეთებს, ამით, უპირველესად, წინა ხელსიუფლებას დააყენებს დარტყმის ქვეშ და კიდევ უფრო განამტკიცებს ეჭვებს, რომ წინა ხელისუფლება ფულის გამო ყველაფერს კადრულობდა, იმიტომ რომ, ეს ყველაფერი ხდებოდა 2010-1012 წლებში. უფრო სწორად, დაიწყო 2010 წელს და დამთავრდა 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის ოპერაციით.
– მოარული ხმებით, ლაფანყურის ოპერაცია კავშირში იყო სწორედ სირიასთან და არა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ ქმედებებთან...
– ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ჩვენ ყველაფერი ვთქვით, მაგრამ ლაფანყურში განადგურებული მებრძოლები, უპირველესად, კავშირში იყვნენ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან და სპეცსამსახურებთან. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისა და სპეცსამსახურის დახმარების გარეშე, ისინი არათუ ვერ გადაადგილდებოდნენ, საერთოდაც ვერ მოხვდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად, სირია არის შედეგი, მიზეზები უნდა ვეძებოთ საქართველოს წინა ხელისუფლებაში. მეორე საკითხია, რა მიზნით ამოძრავებდა ჩვენი წინა ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე მებრძოლებს.
– რა მიზნით?
– ვერ გეტყვით, მეც ეს მაინტერესებს. ერთი ვიცით, რომ სირიის ოპოზიცია ამაში დიდ ფულს იხდიდა; მეორე, ვიცით, რომ ეს იყო რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესი და, მესამე – ალბათ, კერძო ინტერესიც იყო. ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იდეის გამო არაფერს გააკეთებდნენ – ყველაფერში სარგებელს ეძებდნენ.
– დავახასიათოთ, რა დონის მებრძოლები არიან სირიაში მეომარი საქართველოს მოქალაქეები.
– კარგი ძალიან.
– მე ერთი წუთით არ ვაკნინებ ჩვენს სამხედროებს, მაგრამ ჩვენ მიერ გადატანილი ომების შედეგები და ჩვენი ქვეყნის რუკა, არცთუ დადებითად მოქმედებს ჩვენი სამხედრო პოტენციალის იმიჯზე. იმის თქმა მინდოდა, სხვის ბრძოლებში მაინც მოვიოხოთ გული.
– სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი მამაკაცები ასეთ კითხვებს არ სვამენ, ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ: სირიის ომამდე, გასული საუკუნის 90-ან წლებში ცნობილი ომი იყო ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის ომი. პირველ ომს უფრო კავკასიური ომის ხასიათი ჰქონდა, ვიდრე მეორეს, იმიტომ რომ, რუსეთის სპეცსამსახურების ძალისხმევით, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომს უფრო რელიგიური მოტივაცია მიეცა. პირველ ომში ჩეჩნეთის მხარეს ჩრდილოკავკასიელებთან ერთად სამი ქართველი ომობდა: მეთაურები იყვნენ, მეტიც, ერთ-ერთი სარდალიც კი იყო. ამ სამმა ქართველმა ისე იომა, რომ დღემდე ჩრდილო კავკასიაში ბავშვებს მათ მაგალითებზე ზრდიან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ უსახელო გმირებს არ აფასებენ, თორემ იქ ყველას კარგად ახსოვს ისინი. სხვათა შორის, ჩრდილო კავკასიაშიც ძალიან გვიან გაიგეს, რომ ისინი ეთნიკური ქართველები იყვნენ, რადგან მალავდნენ თავიანთ წარმომავლობას, მაგრამ არც ვაჟკაცობა იმალება და არც გმირობა. ასე რომ, ეს ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებიც სირიაში იბრძვიან, სახელოვანი ხალხია და სასახელოდ იბრძვიან, მაღალი ტიტულებიც აქვთ და ავტორიტეტიც. შემთხვევით მოვკარი ყური, სისასტიკით გამოირჩევიანო, რაც ტყუილია. კარგი მეომარია და ჭორებიც იმიტომ დაუყარეს. მე თავს უფლებას ვერ მივცემ, იმ გვარის გარდა, რომელიც თქვენ დაასახელეთ, სხვაც დავასახელო, მაგრამ გეტყვით, რომ კიდევ საქართველოს ორი მოქალაქეა საველე მეთაური სირიაში.
– მაპატიეთ ჩემი გაუთვითცნობიერებლობა საველე ბრძოლებში, მაგრამ რა სამხედრო ჩინს შეესაბამება საველე მეთაური და სხვა რანგის მეთაურები?
– ჩვენ გვასწავლეს საბჭოური დაყოფა, თუმცა კავკასიურ ომებში ასე არ ყოფილა: არის ჯგუფის ხელმძღვანელი, ტერიტორიის კოორდინატორი, სექტორის ხელმძღვანელი და შემდეგ – საველე მეთაური. საველე მეთაურს ექვემდებარება რამდენიმე სექტორის ხელმძღვანელი – უფრო ბატალიონის მეთაურს ჰგავს მისი წოდება. შემდეგ მოდის ემირი, რომელიც არის რეგიონის მეთაური და ბოლოს შეიხი, რომელსაც 1 000-დან 3 000 კაცამდე ექვემდებარება. შეიხი არის გენერლის კატეგორია, ემირი – პოლკოვნიკის, საველე მეთაური – მაიორის, სექტორის ხელმძღვანელი – კაპიტნის და ჯგუფის ხელმძღვანელი – ლეიტენანტის. ჩვენი მოქალაქეებიდან თქვენ მიერ დასახელებული არის ემირი, დანარჩენი ორი კი – საველე მეთაურები. ემირს, თუ არ ვცდები, 1 000 კაცამდე ექვემდებარება. მათ ლანძღვა-გინება და ჯიჯგნა კი არ უნდა დავუწყოთ, არამედ, უნდა ჩამოვიყვანოთ, მოვეფეროთ და ინსტრუქტორებად გავუშვათ ქართულ ჯარში, რომ ჩვენს ახალბედებს რეალური ბრძოლების წარმოება ასწავლონ. თორემ, ტრენაჟორებზე ნასწავლი ომებით, რაც მოვიგეთ, ვნახეთ. ამიტომ არანაირი დანაშაული არ არის, რომ ისინი უცხო ქვეყანაში იბრძვიან, მათ წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის დევნა არ უნდა გავრცელდეს და ისინი პროფესიით უნდა დავასაქმოთ.
90-ანი წლებიდან ვამბობ, რომ საქართველოში უნდა იყოს სამთო-ქვეითი ნაწილები, რომლებიც პარტიზანულ ომებზე იქნებიან ორიენტირებული და სწორედ ასეთი საველე მეთაურები გვიჭრდება ოფიცრების აღსაზრდელად. კავკასიის პირობებში მაინცდამაინც შორს ვერ წახვალ მძიმე ტექნიკით.
– ვერც ავიაციით.
– თუკი ჯავშანსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები გაქვს, არც ავიაცია გჭირდება და არც მძიმე ტექნიკა, ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის ომმა დაგვარწმუნა ამაში. სარდლები რომ არ გაქცეულიყვნენ, იმ პირობებშიც კი, როდესაც ჩვენებს არ ჰქონდათ აირ და ჯავშანსაწინააღმდეგო ტექნიკა, ჩვენს საველე მეთაურებს რომ ათეულებად დაეყოთ ჩვენი მებრძოლები და გაშლილიყვნენ, ღამ-ღამობით ისეთ პარტიზანულ ომს ჩაატარებდნენ, დაბადების დღეს დაიწყევლიდა ნებისმიერი არმია.
– აქვე უნდა ვთქვა, სულ ახლახან თავიდან გავეცანი 2008 წლის ომის შესახებ რუსულ პრესაში დაბეჭდილ ინფორმაციებს და მინდა, ვთქვა, სანამ ავიაციის ფაქტორი ჩაერთვებოდა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიბეცე იყო ამის გაუთვალისწინებლობა, კარგად დაუცხიათ მოწინააღმდეგისთვის.
– პირველი იყო მთავარსარდლის სილაჩრე, როდესაც მან უკანდახევის ბრძანება გასცა; მეორე – საშუალო რგოლის სარდლების შეცდომა, როდესაც მათ არ იზრუნეს ორგანიზებულ უკანდახევაზე და მესამე – საველე მეთაურების სილაჩრე, რომლებსაც სრული უფლება ჰქონდათ, ეთქვათ, ჩემს სამშობლოში მტრის წინაშე უკან არ დავიხევ და ჩემი ქვედანაყოფი გადამყავს პატრიზანული ბრძოლის რეჟიმზეო. ათეულებად დაყოფდნენ ქვედანაყოფებს და გაიშლებოდნენ. კავშირი ექნებოდათ ერთმანეთთან, სექტორებს დაიკავებდნენ და თავბედს აწყევლინებდნენ ყოველ ღამე მოწინააღმდეგეს. მე თუ ვინმე მკითხავს, მთავარსარდალს უნდა ჰქონოდა გეგმა „ბ“, პირველი სამი დღის შეტევის შემდეგ პარტიზანული ომის დაწყების შესახებ. რა ჯანდაბად უნდოდათ ფრონტალური ომი და ცხინვალში შევარდნა?! რუსეთის სტეპია, რომ რამდენიმე ასეული ტანკის კოლონამ მარშით გაიროს?! მთელი ხეობა სულ 24 კილომეტრია სიგრძეში და 12 – სიგანეში?!
– და აი, ეს ვერ დავიცავით, სამწუხაროდ.
– საქართველოში კარგად იმუშავეს ქვეითებმა და არტილერიამ, დანარჩენებთან ყველასთან პრეტენზია გვაქვს ჩვენც და ისტორიასაც. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, შემეხსენებინა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში სამი გმირი მამლუქი ქართველი იბრძოდა, რომლებზეც დღემდე ლეგენდები დადის ჩრდილოეთ კავკასიაში. ასევე, არ უნდა დაიწყოს ცუდი ტენდენცია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რადგან სირიაში იბრძვიან, ცუდები არიან და უნდა განვსაჯოთ. არ უნდა განვსაჯოთ და არც ცუდები არიან: შეექმნა სახელმწიფოს უკეთესი პირობები ასეთი მეომრებისთვის და ჩვენს არმიაში გვეყოლებოდნენ ისინი. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ჯარისკაცებს მაინც არ მიატოვებდნენ და არ გამოიქცეოდნენ 2008 წლის ომის დროს.