„გოდოს მოლოდინში“
ანუ, მიჩოჩებულები
გასულ კვირას ლატვიის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა: არც ომი წაუგიათ, არც ბუნებრივ კატაკლიზმებს დახვედრიან მოუმზადებლად, უბრალოდ, რიგაში სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა, რამაც ლატვიის 52 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკის ბევრი არ უფიქრია, პოსტს უმალ საკუთარი ნებით გამოემშვიდობა, რადგან, ამ ტრაგედიაში საკუთარი პასუხისმგებლობაც დაინახა. მას, ბუნებრივია, მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრებიც მიჰყვნენ და, რაც მთავარია, ლატვიურ დემოკრატიას ამ გადადგომის გამო თმაც არ შერხევია (არათუ არ ჩამოშლილა).
იმის გათვალისწინებით, რომ ყველას ჩვენი გაგვჭირვებია, მართალია, საქართველოში აშშ-ის ერთ დროს ელჩად მყოფმა ბ-ნმა მაილსმა სულ ახლახან გაგვიმხილა, რომ, ფრიად გაოცებულია, რატომ არ გადადგა მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ, თავად აწ უკვე პირველ ოპოზიციურ ძალად გადანათლული „ნაცმოძრაობა“ ამ ვარიანტს არც მაშინ განიხილავდა და, ბუნებრივია, ახლა – მით უფრო – აღარ განიხილავს.
მეტიც, ჩვენი მთავარსარდალი გულს გვიმშვიდებდა, რომ, ოდენ ქვების გროვა და ათიოდე სოფელი დავკარგეთ, ხოლო, მისი თანამებრძოლები კი გვარწმუნებდნენ, რომ არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, როგორც 2008 წლის 26 აგვისტოს (რფ-ის მიერ მისი აღიარების შემდეგ) მიუჩოჩდა.
იმას აღარ შეგახსენებთ, რომ გენშტაბის იმჟამინდელ უფროს ბ-ნ გოგავას (სამხედრო მოქმედებებზე უშუალო პასუხიმგებელ პირს) სამუშაო ადგილი შეუცვალეს და საზღვრები ჩააბარეს. მანაც ჩაიბარა და ერთი უხერხულად არ შეშმუშნილა, ტერიტორიის შენარჩუნებას ვინ ჩივის, დაღუპული სამხედროების ცხედრების გამოტანაც რომ ვერ მოახერხა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით კი, რაც უნდა გაგვახაროს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებამ – ბრმისთვისაც ნათელია, რატომ გახდა ლატვია „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი, ხოლო ჩვენ კი, აგერ უკვე ათეული წელია – ღია კართან გვაყურყუტებენ!