როგორ გახდა დალი ანთიძე პირველი ქალი, რომელმაც საქართველოში ეკლესია მოხატა და როგორ შეიყვარეს გერმანელებმა მისი არაჩვეულებრივი ხმა
ის სოცრად ემოციური, თბილი და მგრძნობიარე ქალბატონია, საკუთარ სამშობლოზე, საქართველოზე, პატრიარქზე უსაზღვროდ შეყვარებული. 17 წელია, გერმანიაში ცხოვრობს და ნოსტალგიას გულით, სულით, თვალებით დაატარებს. ეს ქალბატონი დალი ანთიძე-ციმერმანია, რომელმაც „ნიჭიერის“ სცენაზე პუჩინის ოპერიდან ერთ-ერთი ურთულესი არია თავისი ლამაზი და ძლიერი ხმით ისე პროფესიონალურად შეასრულა, რომ ყველას ცრემლი მოჰგვარა და დარბაზი ფეხზე წამოუდგა.
დალი ანთიძე: ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მუსიკა. ჩემი და მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა და, ზოგადად, მთელი ოჯახი მუსიკალური მყავდა. მაგრამ, საბოლოოდ, ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და შემდეგ სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მუსიკალური განათლება არ მქონია, მხოლოდ ჩემით ვსწავლობდი. სახლში სულ ვმღეროდი. ჩემი თანაკლასელი იყო დედა ზოილე, რომელიც საპატრიარქოშია. ჩვენ სკოლაში ერთად ვმღეროდით „შენ ხარ ვენახს“ და ყველას მოსწონდა. გამორჩეულები ვიყავით: მე, დედა ზოილე და ჩემი ტყუპისცალი და. ისიც არ ცხოვრობს საქართველოში, ამერიკაშია. მასთან დაშორება ჩემთვის ძალიან რთული იყო, ისევე, როგორც სამშობლოსთან განშორება. ნოსტალგია ნელ-ნელა უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ, მუსიკამ გადამატანინა ყველაფერი – ეს ჩემი სულისთვის ყველაზე დიდი დახმარება იყო.
– როდის წახვედით საქართველოდან?
– 17 წლის წინ გერმანიაში, ერთ-ერთ ოჯახში მიმიწვიეს გამოფენის მოსაწყობად. ძალიან ბევრი გამოფენა მქონდა სხვადასხვა ქალაქში და დიდი წარმატებით ჩაიარა. მე ვარ პირველი ქალი, რომელმაც საქართველოში ეკლესია მოხატა – 1985 წელს, სანამ გერმანიაში წავიდოდი, ნახშირგორის ღვთისმშობლის ეკლესია მოვხატე. იმ დროს ჯერ კიდევ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის სტუდენტი ვიყავი, პატარა გოგონა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო. მას შემდეგ გერმანიაში ღვთისმშობლის ფრესკა მოვხატე და, როცა ვმარხულობ, სახლში ხატებს ვწერ. ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი გაჩუქებული მაქვს როგორც გერმანიაში, ასევე, საქართველოში. ერთხელ გამოფენა-გაყიდვა მქონდა, სინამდვილეში კი ეს გაჩუქების დღე იყო და არა გამოფენა-გაყიდვის. ჩემი ნამუშევრები სალომე ზურაბიშვილის ქმარმა, კოკი გურჯისტანმა წაიღო ამერიკაში და მის კოლექციაშია. ასევე, გერმანიაში და საფრანგეთში ძალიან ბევრ ოჯახშია ჩემი ნახატები. მე ყოველთვის ჩემი შემოქმედებით ვცოცხლობდი და, შესაბამისად, შეკვეთებსაც ვიღებდი. საფრანგეთში ჩემი სახლის კედელზე კიდია ღვთისმშობლის ფრესკა და უწმიდესის სახე, რომელიც მე დავხატე, ახლაც მასზე ვმუშაობ – ის ჩემთვის დიდი იმედი და სტიმულია. ვაჩვენებ ნახატს და, თუ მოეწონება, აუცილებლად ვაჩუქებ.
– როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?
– მეუღლე ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი, ახლა მყავს ორი შვილი – ქეთევანი და ნიკოლოზი. მეუღლე პროფესიით ინჟინერია და თავისი პატარა საწარმო აქვს – ავტომობილის ნაწილებს აწყობენ. ის ყოველთვის ხელს მიწყობს და ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაში მუდმივად ჩემ გვერდით დგას. თუ რამეს მივაღწიე სიმღერის განხრით, ეს მისი დამსახურებაა. მისი დახმარებით დავდიოდი პროფესორებთან, რომ მესწავლა საოპერო სიმღერა. ბავშვობიდან სიგიჟემდე მიყვარდა სიმღერა, მინდოდა, პიანისტი გამოვსულიყავი. ნოტების გარჩევაც ჩემით ვისწავლე, ოღონდ, ჯერ მხოლოდ მარჯვენა ხელი ვიცი, შოპენის მეორე ეტიუდს ვუკრავ ხოლმე და ეს გერმანელებს ძალიან უკვირთ. ხმა, როგორც მომღერალმა, ბატონ გოჩა ბეჟუაშვილთან „ამოვიდგი“. მისი სახლის კიბეები დღემდე მენატრება; მისი სახლი ჩემთვის პატარა ოპერაა, რადგან იქ მუდმივად დადიოდნენ ოპერის სოლისტები, სტუდენტები. შემდეგ ვენაში გავიარე მასტერკლასები, ახლახან კი ვიყავი ქალბატონ ქრისტა ლუდვიგთან, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავია, ძალიან ბედნიერი ვარ მისი გაცნობით. მან ისიც კი მითხრა, მიკვირს, ოპერაში სოლისტად რომ არ ხარო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ჩვენი უწმიდესი. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ და მაქვს იმის ბედნიერება, რომ მას შევხვდე, ყოველთვის ვმღერი და ის ტაშს მიკრავს. ზოგადად, თუ რამე გამიკეთებია, ეს ჩვენი უწმიდესის დამსახურებაა – როგორც პიროვნება, მან გამზარდა, რადგან, სიონში გავიზარდე. ლესელიძის ქუჩაზე რომ დავდივარ, სიხარულისგან ვკივი და ქუჩას ვეფერები – იქ ჩემი სული და ბავშვობაა დარჩენილი.
– სადმე მღერით?
– გერმანიაში ჯერ ზაარბრიუკენში, შემდეგ შტუტგარდში ვმღეროდი ოპერის გუნდში; სცენაზე სპექტაკლებში ვიყავი გუნდთან ერთად. გარდა ამისა, მაქვს კერძო მიწვევები წვეულებებზე და მიხარია, რომ გერმანელებს უყვართ ჩემი ხმა. მაგრამ, რაც ახლა საქართველოში, „ნიჭიერში“ მოხდა, ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მანამდე გერმანიაში მიმიწვიეს „ნიჭიერში“, 45 ათასი ადამიანიდან ასეულში გავედი და შემდეგ – ნახევარფინალში, მაგრამ, ბოლოს ფინალში არ გამიყვანეს. ძალიან დამწყდა გული, რადგან, უსამართლოდ მოიქცნენ... შემდეგ ჩემმა ტყუპისცალმა მთხოვა, საქართველოში მემღერა და ვერ ვუთხარი უარი. „ნიჭიერის“ ქასთინგები დამთავრებული იყო, მაგრამ, მოულოდნელად, 2 სექტემბერს კიდევ დანიშნეს ერთი ქასთინგი. მორიდებული ადამიანი ვარ და არ მინდოდა ჩემი ნიჭიერებით საქართველოში ვინმე შემეწუხებინა, მაგრამ, რადგან დამ მთხოვა, მეც ჩამოვედი. მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დამავიწყდება გოგონა, რომელიც პირველ ქასთინგზე იყო – სოფო ტოროშელიძე. მან პირველმა მომისმინა და, მომეცა საშუალება, ქართველ ხალხს გავეცანი. სოფოს დიდ მადლობას ვუხდი, ის ჩემს გულშია, რადგან, მან ერთი ხელოვანი გადაარჩინა. გადარჩენა – ეს ნიშნავს იმას, რომ სიმღერა ჩემი სუნთქვაა, მე ამით ვსუნთქავ, სიმღერა ჩემთვის გალობაა.
– ინერვიულეთ, ამდენი წლის მერე ქართველი ხალხის წინაშე რომ მოგიწიათ სიმღერა?
– როდესაც ხმაზე ვარ, ჯანმრთელად სულიერად თუ ფიზიკურად, საერთოდ არ ვღელავ, არ ვკანკალებ. სიმღერა ჩემი სულიერი მდგომარეობაა; პირველობისთვის არ ვმღერი, ეს ჩემი სუნთქვაა. ფილარმონიაში რომ გამოვედი, ცოტას ვღელავდი, რადგან, წინა დღეს ბევრი ვიმღერე და მაღალი ტონები კარგად არ მქონდა. მაგრამ, როცა მუსიკის ხმა ისმის, ხალხს ვხედავ, ჩემთვის სულ სხვა სამყარო იხსნება და მერე უკვე ადვილია სიმღერა. გერმანელები ყოველთვის მანებივრებენ, ჩემი მოსმენისას ცრემლები მოსდით ხოლმე. მაგრამ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ საქართველოში პატარა ბავშვები ადგნენ ფეხზე. მე მთელ საქართველოს ვლოცავ იმ ტაშისთვის, იმ წუთებისთვის, რაც მათ მაჩუქეს და ეს ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.
– თქვენმა შვილებმა იციან ქართული?
– ისინი საქართველოში მართლმადიდებლურად არიან მონათლულები. რა თქმა უნდა, ქართულად საუბრობენ, ქართული სული აქვთ. ქართულად იზრდებიან ჩემი შვილები და ბევრჯერ არიან საქართველოში ნამყოფი. მეუღლე ჯერ არ ყოფილა, მაგრამ, ძალიან აინტერესებს. თუ ფინალში გავალ, ალბათ, ჩამოვლენ. ინგლისის „ნიჭიერიდანაც“ მომივიდა მოწვევა, მაგრამ, არ ვიცი, როგორ მოვახერხებ. საქართველოში ნახევარფინალები მოდის და, თუ ერთმანეთს დაემთხვევა, რა თქმა უნდა, საქართველოში დავრჩები.
– რომელი როლის შესრულებაზე ოცნებობთ?
– ყოველდღე, როცა ლოცვას ვიწყებ, ჩემი უწმიდესის „ავე მარიას“ ვგალობ. ოპერა „ტრავიატადან“ თითქმის მოვამზადე ვიოლეტას პარტია, რომელიც ურთულესია და ყველას უკვირდა, რომ ამას ჩემით ვაკეთებდი, სმენით ვსწავლობდი. ადრე, ბათუმში, ბატონმა დავით მუქერიამ ორკესტრთან ერთად მამღერა ვიოლეტას არია და ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე. მაქვს ოცნება, რომ ვიყო საკონცერტო მომღერალი და ამისთვის ვშრომობ, ძალიან ბევრს ვმღერი. საქართველოდან გერმანიაში გაფრენა ჩემთვის ურთულესია სულიერად – ჩემს მიწას რომ ვშორდები, ამ დროს ძალიან უბედური ვარ. გერმანიაში შვილებს, ოჯახს ვშორდები, საქართველოში კი – მიწას. ერთხელ, თვითმფრინავით გერმანიაში მივფრინავდი და, თან, ვტიროდი, რადგან, საქართველოს ვემშვიდობებოდი. ამ დროს ფარდა გადაიწია და ჩვენი უწმიდესი გამოვიდა ჩვენთან. დაჩოქება მომინდა, მღერა, მაგრამ, ხმას როგორ ამოვიღებდი. იმ წუთებში, როდესაც სულიერად მარტო ვიყავი, ცაში გამოკიდებული, ღმერთმა ოცნება ამისრულა. უწმიდესმა ყველა დაგვლოცა და ეს არასდროს დამავიწყდება. მე ორად გაყოფილი ადამიანი ვარ: სული საქართველოშია, ფიზიკურად კი გერმანიაში ვარ. მაგრამ, სიმღერა მაბედნიერებს, მანუგეშებს. სად იქნება ჩემი დასასრული, ეს უკვე დედა ღვთისმშობლის ნებაა. მინდა, ჩემი ნამღერით სიკეთე მოვუტანო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ჩემს ახლობლებს – ეს არის ჩემი ოცნება.