რა პირობით გამოუშვა ცოლ-შვილმა შვეიცარიიდან თემო გოგიძე და როგორ აღმოჩნდა ის კომედიურ სერიალში
ცნობილი მსახიობი, გურამ შარაძის სიძე, თემო გოგიძე მცირე ხნის წინ შვეიცარიიდან საქართველოში ჩამოვიდა. ის „ფორმულა კრეატივმა“ მთავარ როლზე მიიწვია ახალ კომედიურ სერიალში „ნათია და ნათია,“ სადაც პარტნიორობას თათული ედიშერაშვილი უწევს. ამბობს, რომ კომედიური სერიალი მისთვის ახალია და ცოტა რთულსა და დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა. თუმცა, ძალიან ბედნიერია იმით, რომ საქართველოში დაბრუნდა.
თემო გოგიძე: „ფორმულა კრეატივი“ აკეთებს ახალ პროექტს – კომედიურ სერიალს „ნათია და ნათია“. სერიალში მთავარ როლზე მიმიწვიეს. დამიკავშირდნენ გიორგი ლიფონავა და მიშა მშვილდაძე, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა. ძალიან მიყვარს ეს კოლექტივი.
– გიორგი ლიფონავასთან მანამდეც ბევრჯერ გიმუშავია, არა?
– ჩვენ ერთად ვმუშაობდით „ქაღალდის ტყვიაში“. დიდი ხანია, ვმეგობრობთ. მიშა მშვილდაძესთან ცოტა მოგვიანებით დავმეგობრდი. მართლა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მათთან თავს და ამ ზაფხულს, მცირე ხნით რომ ვიყავი ჩამოსული თბილისში, „ჩემი ცოლის დაქალებში“ რამდენიმე სერიაში მივიღე მონაწილეობა. ტირანი ქმრის როლს ვთამაშობდი. თუ გახსოვს, „ნაფიც მსაჯულებშიც“ მკვლელის როლს ვასრულებდი. გიორგი ხუმრობდა კიდეც ამაზე. იმდენად რეიტინგულია „ჩემი ცოლის დაქალები“, ჩემი მეგობრის შვილი მეუბნებოდა: რა გინდა, მთელ ქალაქს უნდა შესძულდეო? რას იზამ, როლი როლია.
შემდეგ, უკვე ჟენევაში დაბრუნებას ვაპირებდი და გიორგიმ და მიშამ კომედიურ სერიალში შემომთავაზეს როლი. ამიხსნეს სიუჟეტი და მკითხეს, თუ დავრჩებოდი აქ, იმის გამო, რადგან პროექტი ხანგრძლივიაო. მე და რუსო, უპირველესად, მარიკუნას მოველაპარაკეთ. ავუხსენი, რომ ცოტა ხანს ერთად ვერ ვიქნებოდით. მარიმ იმ პირობით გამომიშვა, თუ მომავალში მისთვისაც მოიძებნება როლი ამ სერიალში (იცინის). ჩართულები არიან ძალიან, უყურებენ. რა თქმა უნდა, განვიცდით, ასე რომ ვართ. რუსო ხუმრობდა, შვეიცარიაში სამსახური ვერ იშოვა და საქართველოში დაბრუნდაო. მე აქ მირჩევნია ყოფნა, მიუხედავად იმ ყველაფერი კარგისა, რაც შვეიცარიის სახელმწიფომ ჩვენთვის გააკეთა. ჩემი კუთხე, ლეჩხუმი ძალიან მენატრება. თბილისის გარეშე უფრო შემიძლია გავძლო, ვიდრე ჩემი მშობლიური კუთხისა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. დღეს იქ მარტო დედა ცხოვრობს. როგორც კი ცოტა დრო გამომიჩნდება, სულ იქით მიმიწევს გული. თვეში 2-3-ჯერ იქ ვარ. ისე არსად არ თენდება, როგორც ჩემს საყვარელ ლეჩხუმში და არსად ისე არ მღერიან, როგორც იქ. ლეჩხუმში არასდროს არაფერი არ იყო, არც შუქი, არც გზა, არც სამუშაო... ახლა ცაგერის დეპუტატმა ავტობანი გააკეთა და 40 წუთში ავდივარ ქუთაისიდან ლეჩხუმში. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ სერგო ხაბულიანს ამისთვის.
– ჰო, მაგრამ, საქარველო რომ ღარიბი ქვეყანაა და მატერიალური საშუალება ბევრად მცირეა?
– მაგას არ აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სლენგზე რომ ვთქვა – „პონტი“. ფული მიზანი კი არაა, საშუალებაა იმის, რომ შემოქმედებითად დავიხარჯო. თან, ასაკიც მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ გადაცემაში ვთქვი, იქ ინტეგრაცია ძალიან ადვილია-მეთქი, მე იქ დამკვიდრება მაინც ვერ შევძელი. ვიყავი მომზადებული იმისთვის, რომ იქ უნდა გამეგრძელებინა საქმიანობა. ვსწავლობდი კიდეც ფრანგულს – რთულია, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ორი კურსი დავამთავრე კიდეც. რადგანაც პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა საქართველოში და თავისუფლების სიო უბერავს, არც დავფიქრებულვარ, ისე გადავწყვიტე, აქ დაბრუნება.
– საიდან უბერავს ეგ სიო, ჩრდილოეთიდან?
– არა, ყველა მხრიდან უბერავს. არაა პოლიტიკა და მიტინგებზე დროშის ფრიალი ჩემი საქმე. უბრალოდ, ჩემი პოზიცია მქონდა და არც დამიმალავს. მიშას და გიორგის იმიტომ ვაფასებ, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მათთვის პირველ ადგილზე ყოველთვის პროფესიონალიზმი დგას. რა მოხდა მერე, მე მომწონს ბიძინა, შენ შეიძლება, სხვა მოგწონდეს. ეს ბუნებრივია.
– რთულია შვეიცარიაში ინტეგრაცია?
– არა. საერთოდ არა. ინტეგრაცია საქართველოშია რთული, თორემ იქ ისეა სისტემა აწყობილი და ისეა ადამიანის უფლებები დაცული, ამაზე არც ფიქრობ. მიუხედავად ცხოვრების ასეთი დონისა, იქ ყოფნა ჩემთვის მაინც რთული აღმოჩნდა, მარიკუნასთვის კი პირიქით – ძალიან კარგად გრძნობს თავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან უყვარს თბილისი და განსაკუთრებით ცაგერი.
– რაღაცეებს არ გასწავლის ხოლმე?
– როცა მარტოები ვართ, ფრანგულში მამეცადინებს. მეგობრების თანდასწრებით მაჩუმებს, მეუბნება, ნუ ლაპარაკობო. ბევრ შეცდომას ვუშვებ, თვითონ კი ძალიან კარგად იცის ფრანგული... ძალიან რთული და სპეციფიკური ენაა. გამიჭირდა სწავლა. ძალიან კარგი გოგოა მარიკუნა, საყვედური არ გვეთქმის – ადვილად აუღო იქაურობას ალღო და კარგად სწავლობს. ფრანგული სწრაფად ისწავლა და ახლა გერმანულსაც ეუფლება. მამისგან განსხვავებით, უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა. მე და რუსო, სანამ მარიკუნა გვეყოლებოდა, სამხრეთ ესპანეთში, მალაგაში ვცხოვრობდით 6 თვე და ძალიან მალე ავუღე ალღო ესპანურ ენას. იმიტომ რომ, გაცილებით ადვილია, ვიდრე ფრანგული.
– ამბობენ, ძალიან ჰგვანან ესპანელები ქართველებსო.
– აუ, ეს რაღაც სიგიჟეა. ძალიან ხმამაღალები და ტემპერამენტიანები არიან. მიდიან ქუჩაში და ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებიან. თუ ვინმე ყურს დაუგდებს, თავისუფლად შეუძლია, გაიგოს ყველაფერი, საიდუმლოც კი (იცინის). ვგიჟდები ესპანელებზე და როგორც ყველას, განსაკუთრებით ბარსელონა მიყვარს. ამ რადიკალურად განსხვავებულ, მშვიდ შვეიცარიაში სიჩუმემ „დამშოკა“. ჟენევა კიდევ ინტერნაციონალური ქალაქია და უფრო იქით, ციურიხისკენ, ბერნისკენ ყინულივით სიჩუმეა. გამიმართლა, რომ ჩემს უბანში ესპანელებიც ცხოვრობენ, იტალიელებიც, პორტუგალიელებიც და ხმაურიც ისმის.
– პოლიტიკურ ბრძოლაში არ ებმები, მაგრამ ცხოვრებაში არ ხარ მებრძოლი და ამბიციური?
– მე ჩემსას ყოველთვის ვაკეთებდი და გავაკეთებ. ზოგადად, მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როლის გულისთვის ყველაფერს არ ვიკადრებ, სახეს არ ჩამოვიხოკავ. თუმცა, ზოგადად, აქტიური ვარ.
– სერიალში ვინ არის შენი გმირი?
– ჩემი გმირი ქართველი კაცია, უყვარს ქეიფი. ლოთი არ არის, ქეიფი უყვარს, უბრალოდ, ჰყავს ანსამბლი – შვიდკაცა „მამაპაპური“. უყვარს ცოლი, ცოლსაც უყვარს... ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გმირს ძალიან ვგავარ. იშვიათად ვსვამ, პრობლემა მაქვს და საერთოდ არ ვიღებ ალკოჰოლს. ძალიან ბევრი როლი მითამაშია: ნარკომანი, პოლიციელი, გიჟი, ექიმი, მაგრამ „პახმელიური მოქეიფე“ ახალი ამპლუაა. რომ არ მოგატყუო, არ ვგიჟდები ეგეთ ხალხზე. ხაში, ლუდი, ხინკალი – ჩემი სტილი არ არის. ერთადერთი, რაც ჩემს გმირში მომწონს, სიმღერაა, თორემ, სმით არ ვსვამ. სიგარეტისთვისაც რომ დამანებებინა თავი, კარგი იქნებოდა.
– კადრს მიღმა რა ხდება?
– აუ, გადასაღებ მოედანზე მაგრად ვხალისობთ და ეგ უფრო მომწონს, ვიდრე გადაღების პროცესი. მიშას და გიორგის არაჩვეულებრივი იუმორი აქვთ. აღმოჩენაა ჩემთვის ბატონი ნუგზარ რუხაძე – ძალიან მაგარი ადამიანია. 70 წლის არის და ჩვენ რომ ვიღლებით, ის კიდევ მაგრად დგას. ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანია. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს სერიალში გოგოლა კალანდაძის შვილს თამაშობს ჩემი მეგობრის, ქეთი ლოლაძის შვილი – კატო გიორგაძე, რომელიც ძალიან ნიჭიერია – არაჩვეულებრივად ხატავს, მღერის, წერს ლექსებს. დარწმუნებული ვარ, მას ძალიან შეიყვარებს ქართველი მაყურებელი. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ სერიალი მალე „ამოიქოქება.“ ესეც ისეთივე რეიტინგული და პოპულარული გახდება, როგორც „ფორმულა კრეატივის“ სხვა პროექტები.