რატომ მოსწონს ლევან დოინჯაშვილს სასიკვდილო ნომრების შესრულება და რა ულტიმატუმებს უყენებენ მას გოგონები
„ნიჭიერის“ სცენაზე ლევან დოინჯაშვილის გამოსვლისას, პირადად მე, ძალიან ვინერვიულე – არც თუ ისე კარგი და მშვიდი სანახავია, როგორ ყლაპავს ადამიანი ხანჯლებს. თუმცა, ეს საქმე ლევანის ჰობიცაა და პროფესიაც და იმდენად უყვარს, მისთვის თავის დანებებას არასდროს აპირებს.
ლევან დოინჯაშვილი: 24 წლის ვარ, ვცხოვრობ ახმეტის რაიონში, სოფელ მატანში. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი. სიცელქის გამო ბევრჯერ გადავეყარე ხიფათს. სულ გარეთ მინდოდა ყოფნა. ჩემები ვერ მიჭერდნენ, ვცელქობდი. ერთხელ მშენებლობაზე ავედი, ასე, 8-9 წლის ვიქნებოდი, დაინგრა და შიგ მოვყევი. მეზობლებმა დამინახეს, მაშინვე დაუძახეს ჩემებს: ჩქარა გამოდითო. ამომიყვანეს, მხოლოდ წარბი მქონდა გატეხილი, გადავრჩი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ფეხბურთზე დავიწყე სიარული. 5 წელი ვიარე, მაგრამ მერე მასწავლებელმა თავი დაგვანება. ძალიან კარგად ვთამაშობდი, ბევრი სიგელიც მაქვს, მინდოდა ფეხბურთელობა და გული დამწყდა, რომ ვერ განვაგრძე. მერე კარატეზე დავდიოდი 5 წელი, მქონდა გარკვეული მიღწევები. მაგრამ, მამა გარდაიცვალა, ფული იყო გადასახდელი და დედაჩემს არ ჰქონდა იმის საშუალება, გადაეხადა.
– და-ძმა გყავს?
– კი, უფროსი ძმა მყავს და უმცროსი – და. ორივენი დაოჯახებულებია, მხოლოდ მე ვარ დასაოჯახებელი. მამა რომ გარდაიცვალა, მერე მუშაობა დავიწყე – ფიზიკურად ვმუშაობდი. შემდეგ თბილისში წამოვედი და აქაც ფიზიკურად მიწევდა მუშაობა. პარალელურად, ვვარჯიშობდი, ახლაც ყოველდღე ვვარჯიშობ. სახლში მაქვს ყველაფერი: შტანგა, ჰანტელები... ერთი პერიოდი დღე და ღამე ქუჩაში ვიყავი ძმაკაცებთან – ჩხუბი, დავიდარაბა, ყველაფერი ხდებოდა. მერე ნელ-ნელა შევეშვი. სხვებმაც მითხრეს: დაანებე ქუჩურ ცხოვრებას თავიო და მეც დავანებე. მერე, როგორც ვთქვი, თბილისში წამოვედი. საერთოდ, ძალიან „ჟილკიანი“ ვარ. რომ ვიტყვი, რაღაც უნდა გავაკეთო, იმას აუცილებლად ვაკეთებ, უკან არაფერზე ვიხევ და ეს თვისება ბევრ რამეში მეხმარება.
– როდის და რატომ დაიწყე ხმლების გადაყლაპვლა?
– ეს რომ პირველად გავაკეთე, 15 წლის ვიყავი. სახლში პატარა შამფური მქონდა და გადავწყვიტე, ჩამეყლაპა. მანამდე ეს არსად მქონდა ნანახი. უბრალოდ, მინდოდა, გამეკეთებინა და რაღაცისთვის მიმეღწია. თავიდან არავის არაფერს ვეუბნებოდი.
– პირველივე ცდაზე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა?
– კი, არაფერი მომსვლია. ბოდიში და პირღებინებაც არ დამმართნია. გამიხარდა, ვიფიქრე: ვაა, გამომივიდა-მეთქი. ჩემები რომ მოვიდნენ, სახლში შეამჩნიეს ჩემი სიხარული და მკითხეს: რა ხდება, რამე ხომ არ გააფუჭეო. ამის მერე ჩუმად ვცდილობდი გადაყლაპვას. ერთ დღესაც ჩემმა ძმამ დამინახა: ასეთ რამეს რატომ აკეთებო. ამიტომ, ცოტა ხანი თავი დავანებე. შემდეგ ახლობელმა თბილისში წამომიყვანა სამუშაოდ, ცირკში მიმიყვანა. რამაზ გარშაულაშვილის ასისტენტი ვიყავი. ის რომ გამოდიოდა სცენაზე, მე უნდა გამეტანა რეკვიზიტები, ყველაფერი. ერთ დღესაც, კულისებში რომ შევედი, ხანჯლები ვნახე და გადავწყვიტე, მეცადა, ანუ, გადამეყლაპა: გინდა მოვკვდე, გინდა გადავრჩე-მეთქი. სამივე გადავყლაპე, ერთი სწორი იყო, მეორე – მოგრეხილი და მესამე – დაკლაკნილი. რამაზმა მომისწრო: რას აკეთებო. ვცადე-მეთქი. კარგი, ამის შემდეგ შენც გახვალ სცენაზეო და ასე დავიწყე მუშაობა. წარმოდგენის დროს ცეცხლებს ვუშვებდი პირიდან, ხანჯლებს ვყლაპავდი, მინის ნამსხვრევებზე, დანებზე, ლურსმნებზე ვწვებოდი. ხელით ვაძლევ ხანჯალს მიმართულებას, ვგრძნობ, როგორ და საით უნდა მივმართო. ვიღაცამ რომ სცადოს, შეიძლება, სადმე გაიყაროს. სიმართლე რომ გითხრა, მეც არ ვიყავი აზრზე სად ჩადიოდა ხანჯლები – ეს პირველად საკუთარი თვალით „ნიჭიერში“ ვნახე – რენტდგენის აპარატზე. არადა, წელიწად-ნახევარია ამას ვაკეთებ. რომ ვუყურებდი, გადავირიე.
– არ შეგეშინდა?
– რომ ვყლაპავ მეშინია. მაგრამ, რომ დავამთავრებ და სუფთა ამოდის, მერე ამოვისუნთქებ ხოლმე. უბრალოდ, უკვე შეგუებული ვარ და არ მინდა, თავი დავანებო. თან, დიდი ადრენალინია, ჩემი ჰობია და მინდა, დიდხანს ვაკეთო ეს საქმე.
– ექიმთან არ დადიხარ შემოწმებაზე?
– კვირაში ერთხელ მაინც დავდიოდი ექიმთან შემოწმებაზე, რომ რამე არ გამპარვოდა – რომელიმე ორგანო არ დამეზიანებინა. ხანჯალი რომ ვერ მიდის, ზოგი ძალით აწვება ამ დროს, შეიძლება, რაღაც დაიზიანოს. თან, იმ ადგილას ისეთი ორგანოებია, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგამდე მიხვიდე. თუმცა, დღემდე არაფერი დამმართნია და ღმერთს ვთხოვ, არც მერე შემემთხვეს.
– დაგრეხილი ხანჯლის გადაყლაპვა განსაკუთრებულად რთული არ არის?
– პრობლემა არ არის. თუმცა, რთული კია და მეც ვერ ვხვდები, როგორ ვაკეთებ ამას, მაგრამ, გამომდის. თან, ხანჯლები საკმაოდ გრძელია, ზუსტად არც ვიცი, რა ზომაა. სამივე მე გავაკეთებინე, ხელოსანს შევუკვეთე. მინდა, მეოთხეც დავამატო – ოღონდ სულ განსხვავებული. თითოეულს თავისი ქარქაში აქვს და ყოველდღე ვწმენდ, რომ არ დაიმტვეროს.
– რატომ გადაწყვიტე, რენტგენის აპარატის გამოყენება – ხალხს, რომ ეჭვი რამეში არ შეპარვოდა?
– კი. მე ვინც წამიყვანა, იმ ბიჭმა, ლაშამ, რომელიც „რუსთავი 2-ში“ მუშაობს, მითხრა: რენტდგენის აპარატს მოვიტანთ, ხალხმა ნახოს, რომ არ იკეცება და სინამდვილე ვაჩვენოთო. სასწრაფოც კი მოიყვანეს, მაგრამ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
– შენი ოჯახის წევრები შეეგუვნენ ამ ამბავს?
– დედაჩემმა არ იცოდა, ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს. „ნიჭიერში“ ნახა პირველად, ტირილით დამირეკა: რას აკეთებ, რატომ იკლავ თავსო. მაგრამ, რომ ვუთხარი, ნუ გეშინია, მე ვიცი საკუთარი თავის ამბავი-მეთქი, დამშვიდდა.
– ლურსმნებზე, დანებზე, დამსხვრეულ შუშაზე დაწოლაც ძალიან რთული და მტკივნეულია.
– საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, განსაკუთრებით კი – ლურსმნებზე დაწოლა. ახლაც ვერ ვეგუები, ძალიან მტკივნეულია. დაახლოებით წელიწად-ნახევარი დამჭირდა იმისთვის, რომ მოვმზადებულიყავი. თავიდან ბოლომდე შემესწავლა, ყოველდღე ვვარჯიშობდი, დღეს არ ვაცდენდი. სულ ფორმაში უნდა იყო. წელიც ბევრჯერ გამჭრია, მაგრამ სერიოზული ტრავმა არ მიმიღია.
– რატომ გადაწყვიტე „ნიჭიერში“ მონაწილეობა?
– თავიდან თვითონ დამირეკეს, მითხრეს: გავიგეთ, ასეთ რაღაცეებს აკეთებ და იქნებ გადაგიღოთო. გადამიღეს: ცეცხლები გამოვუშვი და ხანჯლები გადავყლაპე. მერე წამოვედი და ასე დამთავრდა ყველაფერი. შემდეგ, დრო რომ გავიდა, დამირეკეს: „ნიჭიერში“ ხომ არ მიიღებ მონაწილეობასო. დავფიქრდები-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ, არ ველოდებოდი, თუ მეორე ტურში გადავიდოდი. პირიქით, მეგონა, რომ უარს მეტყოდნენ. მაგრამ, მაინც წავედი ამხელა რისკზე და ახლა უკვე დიდი სურვილი მაქვს, ფინალში მოვხვდე. ამისთვის ვიბრძოლებ კიდეც.
– რას შემოგვთავაზებ მეორე ტურში – ისიც სასიკვდილო ნომერი იქნება?
– უფრო რთულ და საინტერესო ნომერს შევთავაზებ მაყურებელს, კარგი ნომერი იქნება. მინდა გამარჯვება, მაგრამ, მგონია, რომ ვერ გავიმარჯვებ. რადგან ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, მათ ვერ გავუწევ კონკურენციას. თუმცა, ბოლომდე ვიბრძოლებ.
– რამე შემოთავაზება ხომ არ მიიღე?
– ამჟამად არ ვმუშაობ, სოფელში ვცხოვრობ, ჩემთვის. სურვილი მაქვს, გამოჩნდეს რამე და დავიწყო მუშაობა. შეიძლება, ვინმემ დამირეკოს და წამიყვანოს უცხოეთში სამუშაოდ, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი უარს.
– არ აშინებს გოგონებს შენი ჰობი?
– ბევრს ძალიან ეშინია, და ამის გამო, ურთიერთობაზე უარიც უთქვამთ: თუ ამას გაჰყვები, მაშინ, ჩვენგან შორს იყავი, თავს იკლავო. მე კი ვეუბნები: მე ამას არ შევეშვები, რადგან, ამ ყველაფრისთვის ბევრი ვიწვალე-მეთქი. ბევრს, პირიქით, მოსწონს, უხარია... მე არ ვარ ისეთი ტიპი, ამით ვინმეს თავი მოვაწონო, უბრალოდ, ზოგს მოსწონს, ზოგს – არა.