რის ამოჩემება იცის გიორგი მახარაშვილმა და რის „გაიასნებას“ სთხოვდა მას მაია დარსმელიძე
მომღერალი გიორგი მახარაშვილი მაყურებელს ჯერ კიდევ „ჯეოსტარიდან“ ახსოვს, როდესაც 16 წლის მაღალმა, გამხდარმა, გაბურძგნილმა, ძალიან საყვარელმა ბიჭმა ერთდროულად ყველა ასაკის მაყურებელი მოხიბლა. ახლა გიორგი 21 წლის არის – კიდევ უფრო მეტად გაზრდილი და, როგორც თავად ამბობს, დადინჯებული. ის ცოტა ხნის წინ, გარკვეული პაუზის შემდეგ, მაყურებლის წინაშე უკვე „ახალი ხმის“ ბრმა ქასთინგზე წარდგა და თავისი ლამაზი ხმით კიდევ ერთხელ შეძლო როგორც მწვრთნელების, ისე მაყურებლის მოხიბვლა.
გიორგი მახარაშვილი: ასე თუ ისე, ვმღეროდი, თუმცა, სხვა რაღაცეებზე უფრო ვიყავი გადართული. ვერც იმას ვიტყვი, რომ სწავლით ვიკლავდი თავს, თუმცა, ახლა მეოთხე კურსზე ვარ არქიტექტურულ ფაკულტეტზე და ჩვეულებრივად ვსწავლობ. ერთი პერიოდი ხატვასაც შევეშვი, ფოტოგრაფიასაც. ალბათ, თბილისში ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ გამოვჩენილიყავი, მემღერა. ძირითადად, მეგობრებზე და გოგონებზე ვიყავი გადართული, არც მემღერებოდა. არა, როგორ არ მემღერებოდა, ყოველდღე ვმღეროდი, უბრალოდ, სახალხოდ აღარ ვმღეროდი. ამოჩემება ვიცი ხოლმე: როცა რაღაცას ამოვიჩემებ, სხვა, ანუ, მეორე რამეს აღარ ვაქცევ ყურადღებას.
– გოგონების ამოჩემებაც იცი?
– ამოჩემება არა, უფრო გადართვა ვიცი. ერთ ადამიანზე თუ გადავერთე, მერე მასზე უაზროდ ვარ გადართული, ისევე, როგორც ნებისმიერ რაღაცაზე. ამ დროს აღარ მადარდებს, სად წავალ, რას შევჭამ; სამაგიეროდ, ერთი სული მაქვს, გავიღვიძო, გავიქცე, მერე კი იმიტომ დავიძინო, რომ ისევ გავიღვიძო და იქ გავიქცე.
– გოგონებთან მიდგომის ხერხები შეგეცვალა?
– გოგონების მიმართ მიდგომის ხერხებიც შემეცვალა. ადრე რაზეც ბევრს ვფიქრობდი, გავაკეთო თუ არა-მეთქი, ახლა პირდაპირი გავხდი, მაგრამ, გემოვნება არ შემცვლია – ოდრი ჰეპბერნი მომწონდა და ახლაც მომწონს. ყოველთვის შავგვრემანი გოგონები მომწონდა და ახლაც ასეთები მომწონს, უბრალოდ, გემოვნება უფრო მეტად დამეხვეწა. ადრე მრცხვენოდა – ვიღაცას როგორ ვუმღერებდი, მაგრამ, ახლა ყველგან გიტარით დავდივარ. საბარგულში მიდევს და, სადმე რომ მივდივარ, ან თან შემაქვს, ან, ველოდები მითხრან: გიტარა ხომ არ გაქვს? აა, მაქვს, – და მერე ვიწყებ სიმღერას.
– მათთვის სპეციალური რეპერტუარიც ხომ არ გაქვს?
– არა, რაც გამიხარდება, იმას ვმღერი. თუ მეტყვიან, შენი ნამღერი ეს სიმღერა მიყვარსო, ვუმღერებ – არ არის პრობლემა.
– ახლა გადაწყვიტე, რომ „ახალი ხმით“ შეახსენო ხალხს თავი?
– შარშანაც მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობა, მაგრამ, არ გავედი. წელს, მახსოვს, ზესტაფონში მივდიოდით კონცერტზე და „მარშრუტკაში“ ვიღაცამ თქვა, „ახალი ხმის“ რეგისტრაცია დღეს მთავრდებაო. „მარშრუტკიდან“ დავრეგისტრირდი. შემდეგ დამირეკეს და გავედი, იმედია, გავაგრძელებ და გავაგრძელებ.
– ამდენწლიანი პაუზის შემდეგ სულ სხვა გიორგი მახარაშვილი წარდგა მაყურებლის წინაშე – გაზრდილი როგორც ფიზიკურად, ასევე, როგორც მომღერალი.
– მიუხედავად იმისა, რომ არსად მივლია, პედაგოგი არ მყოლია, მეც ვფიქრობ, რომ გავიზარდე. „ჯეოსტარის“ ვიდეოებს არ ვუყურებ, თუმცა, შეიძლება, იმ დროს სწორად ვმღეროდი, დეტონაციები არ მქონდა, მაგრამ ხმა მქონდა სხვანაირი. ახლა უფრო დამჯდარი ხმა მაქვს და, როცა ახლა ვმღერი, თვითონაც მსიამოვნებს მოსმენა. მაგრამ, ასე თუ გავაგრძელე ხმის დაბოხება, ერთ ათ წელიწადში, შეიძლება, ვიგუგუნო. სულ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ „ვოისის“ პირველი ტური ძალიან მომწონს: არ იციან, ვინ დგას, მერე უცებ გიტრიალდებიან და იქვე იგებ, ვის მოეწონე და ვის – არა. იმის მუღამი მქონდა, რომ მწვრთნელები შემომეტრიალებინა, თუმცა, ეს სიმღერაშიც გიშლის ხელს – რომ მღერი და გიტრიალდებიან, გიხარია და, ამ გახარების მომენტში, შეიძლება, რაღაც „გაგივარდეს“. სიმღერის პირველი ნახევარი ოქტავით ქვემოთ ვიმღერე, ამიტომ, იმედი მქონდა, ეს მოეწონებოდათ და, მერე, ზევით რომ ავიდოდი, მერე ეს გააკვირვებდათ.
– მაია დარსმელიძემ გითხრა: ჩემთან წამოსვლას ზუსტად იმის გამო გთავაზობ, რის გამოც ჩვენ ერთ-ერთ პროექტში უთანხმოება გვქონდა, არ გეთანხმებოდი და ახლა ეს ყველაფერი „გავაიასნოთო“. რას გულისხმობდა?
– იყო ასეთი პროექტი – „მე მიყვარს საქართველო“, სადაც ჩემი დაწერილი სიმღერა ვიმღერეთ მე, სალომე ქათამაძემ და დათო ლონდარიძემ. ზუსტად არც მახსოვს, მაშინ რა მოხდა და ახლა არც აქვს ამას მნიშვნელობა, მე და მაია უკვე დავძმაკაცდით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამას მაყურებელი ნახავს მომავალში.
– შენი აზრით, ეს პროექტი რაში დაგეხმარება?
– როდესაც „ჯეოსტარში“ გამოვედი, მაშინ 16 წლის ვიყავი, კარგი იყო ის, რაც მაშინ გავაკეთე და ბევრ რამეშიც დამეხმარა. რაც შეეხება „ვოისს,“ აქ დიდ გამოცდილებას მივიღებ. რეპეტიციებზე დიდ გამოცდილებას ვიღებ, რადგან, სულ ბენდთან ერთად ვრეპეტიციობ და შენიშვნებს პირდაპირ გეუბნებიან. არ მინდა, რომ გავჩერდე, მინდა, უფრო წინ წავიდე. უცხოეთში მინდა წასვლა. ადრეც ვაპირებდი, მაგრამ, ვერაფერი გავაკეთე. ჯერ სასწავლებლად მინდოდა წასვლა ჩემი პროფესიით, მაგრამ, ვერ წავედი, შემდეგ – სიმღერის კუთხით, მაგრამ, ხან ფული არ მეყო, ხან იქაური ენა არ ვიცოდი, სადაც უნდა წავსულიყავი და, საბოლოოდ, დავანებე თავი. იმედია, ახლა წავალ სადმე.
– რატომ აღარ ხატავ? მახსოვს, წლების წინ შენს გამოფენაზე ვიყავი და ძალიან მომეწონა შენი ნახატები.
– იმ გამოფენის შემდეგ კიდევ ვხატავდი, მაგრამ, დაახლოებით წელიწად-ნახევარია, არ დამიხატავს და, სიმართლე გითხრა, ძალიან მწყდება გული. ფუნჯებსაც ვყიდულობ, ვყიდულობ და სახლში ვაწყობ. იცი, რამდენი რამ მაქვს სახლში? – პიკასოს შეშურდებოდა. ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მრჩება, მაგრამ, ჩემი სამეგობრო ისეა მოწყობილი, თუ გვაქვს თავისუფალი დრო, ესე იგი, ერთად ვართ და, შესაბამისად, თავისუფალი დროც აღარ გვაქვს. სახლში იმ დროს მივდივართ, როცა უნდა გაითიშო, დაიძინო. ვიღვიძებ და მერე ისევ ერთად ვართ. ჩემს მეგობრებთან ერთად რომ დავჯდე და დავხატო, საშინელება მოხდება.
– აღარც ფოტოებს იღებ, არადა, სახლში მშვენიერი ფოტოსტუდია გაქვს.
– მაქვს, მაგრამ, ფოტოაპარატი გამიფუჭდა. სხვა აპარატურა დგას, მაგრამ, აღარ ვიყენებ. ძირითადად, ნატურმორტებს ვიღებდი და სარეკლამო ფოტოგრაფიაში ვმუშაობდი. ფეშენ-ვიქებზეც დავდიოდი, იქ ხან რაღაცის, ხან კიდევ, ვიღაცის გამო ვიღებდი ფოტოებს, ბოლოს თავი დავანებე.
– რით განსხვავდება 16 წლის ჯეოსტარელი გიორგი, 21 წლის გიორგისგან?
– მაშინდელ კი არა, შარშანდელ რაღაცეებს რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, მაშინ ამას როგორ ვაკეთებდი და ახლა როგორ ვაკეთებ. გავიზარდე აშკარად. ახლაც ვარ ფეთქებადი ხასიათის, მაგრამ, უფრო მეტის მოთმენა შემიძლია. რაც ვიზრდები, უფრო მეტად ვდინჯდები, თუმცა, დედაჩემი მეუბნება: შენ რა დაგადინჯებსო. ერთია, მანქანით სწრაფად სიარულს ვერ გადავეჩვიე. კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ, მხოლოდ ახლო მეგობრები მისხდებიან, სხვები არა; ან, ერთხელ ვინც ჩამიჯდება, მეორედ აღარ რისკავს. სიჩქარე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ბოლოს ისეთი რამ დგვემართა, იმის მერე მეგობრებს აღარ გაგვივლია ჩქარა.
– ძალიან რთულ პერიოდში მოგიწია ამ პროექტში მონაწილეობა. „ბრმა ქასთინგზე“ ყველასთვის საყვარელი ტყუპები, შენი მეგობრები, ირაკლი და და ლაშა ღუღუნიშვილები შენ გვერდით იყვნენ, მაგრამ, სწორედ იმ დღეს, როდესაც ეს ჩანაწერი ეთერში გავიდა, ირაკლი დაკრძალეთ – ეს ენით აუწერელი ტრაგედიაა და ირაკლის ოჯახს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ.
– რაღაც პერიოდში ვაპირებდი პროექტიდან წამოსვლას, მაგრამ, ყველამ მითხრა, არ გამოხვიდეო. ძალიან ცუდია, რომ, იმას, რაც ერთად დავიწყეთ, ვეღარ ვაგრძელებთ... ალბათ, მერე და მერე, სხვა ტურებში უფრო მეტად გამიჭირდება. ამ პროექტში ჩემი ყველა გამოსვლა სწორედ ირაკლის ეძღვნება...