რა სიურპრიზი მოუწყო ლილიკო ნემსაძეს შვილმა, ანი ბახტაძემ
„ახალი ხმის” ახალ სეზონზე ძალიან საინტერესი გოგონა, 16 წლის ანი ბახტაძე გამოჩნდა, რომელიც კონკურსანტებს შორის უმცროსია. ანი ცნობილი კომპოზიტორის ლილიკო ნემსაძის ქალიშვილია. პირველ ტურში მან ქრისტინა აგილერას რეპერტუარიდან What A girl wants შეასრულა. ანის, რომელიც მაინცდამაინც არ იყო საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და გასვლის წინ საკმაოდ ბევრიც ინერვიულა, ჟიურის ოთხივე წევრი შემოუტრიალდა. პატარა მომღერალმა სტეფანეს გუნდი აირჩია. მისთვის პირველივე წარმატება „ბრმა ქასთინგზე“ სტიმულია იმისა, რომ შემდეგ ტურში კიდევ უფრო კარგად წარდგეს ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. ახლა ის მთელი შემართებით მუშაობს ახალ სიმღერაზე, რომელიც მას სტეფანემ შეურჩია. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებთ ახალბედა მომღერალს.
– ანი, მოგინდა და უცებ მიიღე კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება თუ ბევრს ფიქრობდი, დედას, მეგობრებს ეკითხებოდი რჩევას, როგორ მოქცეულიყავი?
– ზოგადად, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაგრამ, ცუდი ის არის, რომ აზრს ძალიან ხშირად ვიცვლი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ერთი, ჩამოყალიბებული აზრი არასდროს გამაჩნია და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ძალიან ბევრი ვიფიქრე, გავსულიყავი თუ არა, რადგან, კონკურსში ყველაზე პატარა ვარ და მართლა არანაირი გამოცდილება არ მაქვს, რასაც ვერ ვიტყვი კონკურსანტების უმრავლესობაზე. დედა მეუბნება, რას გადიოდი, ძალიან პატარა ხარ და ამდენ ნერვიულობად არ ღირს, ჯერ ყველაფერი წინ გაქვსო. ნელ-ნელა ვხვდები, რომ ლილიკო მართალია, მაგრამ, გასულ წელს ისე მომეწონა პროექტის ფორმატი, უფრო სწორად „ბრმა ქასთინგის“ ტური და იმდენად მაინტერესებდა, რა შეგრძნებაა, როცა მწვრთვნელი შენ გირჩევს, ანუ, შენკენ ტრიალდება, მხოლოდ ეს ტური რომ ყოფილიყო, ამისთვის გამოვიდოდი.
– რა ხდებოდა შენ შიგნით, როგორი იყო ემოციები გასვლის წინ? ალბათ, ბევრს ნერვიულობდი.
– ეს იყო ყველაზე საშინელი შეგრძნება, ყველაფერი იმდენად რთული აღმოჩნდა. კიდევ კარგი, ვერავინ მხედავდა, როგორ ვნერვიულობდი კულისებში, მაგრამ, ჩემი ბრალია, ნაადრევად გავედი.
– თუმცა, ეს იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი, რასაც, შენი თანატოლებიდან, ალბათ, ყველა ვერ გადადგამდა. ლილიკომ იცოდა თუ, გინდოდა სიურპრიზი გაგეკეთებინა?
– სხვათა შორის, დედა არ იყო საქმის კურსში, არც „ბრმა ქასთინგზე“ ყოფილა. „ესემესით“ შევატყობინე, რომ „ახალი ხმის” კონკურსზე გავედი და ჟიურის ოთხივე წევრი მომიტრიალდა. როდესაც ეს ყველაფერი ტელევიზიით გავიდა, ძალიან მოვეწონე და გაუხარდა. რა თქმა უნდა, იყო პატარა შენიშვნებიც, მაგრამ, უმნიშვნელო.
– სიმღერის გარდა, კიდევ არის რამე, რაც ასე მოგწონს და ფიქრობ, რომ გაჰყვე?
– სულ ვიცოდი, რომ მუსიკისკენ წავიდოდი, სხვანაირად არც გამოვა, მაგრამ, ნამდვილად არ მეგონა, სცენაზე დგომა ასეთი მაგარი თუ იყო, ძლივს ჩამომიყვანეს. სწორედ ეს არის ის, რაც არანორმალურად მიზიდავს. მინდა სულ სცენაზე ვიყო და ვიმღერო.
– ზოგისთვის სიმღერა ჰობია, შენ როგორც ჩანს, სერიოზულად მოგაჯადოვა სცენამ.
– რა თქმა უნდა. ეს ისე მომწონს, მარტო ჰობი რომ იყოს, არ მეყოფა.
– ლილიკო ურთიერთობაში თბილი, დამყოლი, რბილი ჩანს და, მგონია, რომ შვილთან უფრო განსაკუთრებულად ამჟღავნებს ამ თვისებებს – ალბათ, ძალიან განებივრებს.
– ძალიან საყვარელი და კეთილია. რა თქმა უნდა, არის ისეთი რაღაცეები, რასაც მიშლის, მაგრამ, ძალიან უმნიშვნელო რამეებია. უცხოებისგან როცა მესმის, თუ როგორ უყვართ მისი სიმღერები და თვითონ ლილიკოს როგორ აფასებენ, ძალიან მიხარია. მოკლედ, მაგარი გოგო მყავს.
– სიმღერამ ისე გაგიტაცა, ალბათ, სწავლაზე ვეღარც ფიქრობ.
– ჩვეულებრივი მოსწავლე ვარ, ვსწავლობ ფრანგულ კოლეჯში და ვგიჟდები უცხო ენებზე. მინდა ყველა ენა ვიცოდე.
– მხიარული, ენერგიული გოგო ჩანხარ. ეს ყველაფერი – სიმღერა, ენები – მართლაც მოგიხდება.
– მგონი, ზედმეტად მხიარული და ენერგიული ვარ, მაგრამ, რა ვქნა, მიყვარს, როცა ვინმეს ვაცინებ, ვამხიარულებ და კარგ ხასიათზე ვაყენებ. ყველა მეუბნება – რამხელა პოზიტივი მოდის შენგან, ძალიან მაგარიაო.
– ლილიკოს ძალიან კარგი სიმღერები აქვს, ყველას მოწონს. შენ რომელი გიყვარს მისი სიმღერებიდან?
– იმდენად ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი, მგონი, ზოგი არც მომისმენია. ძალიან მომწონს ჩემი ფავორიტი ლელა წურწუმიას „ჩუმად ნათქვამი”, ყოველდღე ვუსმენ და, ყველამ იცის, რომ ვგიჟდები, ისე მინდა ამ სიმღერის შესრულება თუნდაც ერთხელ, რომელიმე კონცერტზე, მაგრამ, ამის შანსი არ მომცემია. ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს.
– დედამ თუ დაგიწერა რამე?
– სხვათა შორის, „ვოისის“ პრომოშიც ვთხოვე, დაეწერა, მაგრამ, სად არის, აბა?!. ჯერ არ ჩანს. დაველოდები, ალბათ დამიწერს, თუმცა, ლილიკოს სიმღერების სტილი, რომელიც უფრო ლირიკულია, ამ პროექტში არ გამომადგება. – თუ ემთხვევა თქვენი გემოვნება სიმღერაში და, ზოგადად, ყველაფერში?
– გააჩნია. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ერთ აზრზე ვართ. არა აქვს მნიშვნელობა, ეხება ეს სიმღერას, ჩაცმას თუ სხვა რამეს. არის ისეთი რაღაცეებიც, რაც ორივეს მოგვწონს ან არ მოგვწონს