კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სკანდალური ნახატი აჩუქა მამუკა გიორგაძემ ბიძინა ივანიშვილს და როგორ შეირთო მან ცოლად ჯონ ტრავოლტას პირადი ინსტრუქტორი

ცნობილი მხატვარი – მამუკა გიორგაძე დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი არაჩვეულებრივად საინტერესო ნამუშევრები ჰოლივუდის არაერთი ცნობილი პერსონის სახლს ამშვენებს. მამუკამ ამერიკაში სახელი გაითქვა და ის ხუმრობით „ლამაზი უკანალების” მხატვრადაც მონათლეს. 

მამუკა გიორგაძე: მოდი, თავიდან მივყვეთ, იმ პერიოდიდან, როცა ამერიკაში წავედი, თუმცა, სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, ზუსტად რომელი წელი იყო. დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია. ზურაბ წერეთელმა მაშინ გახსნა იქ მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვისა და პლასტიკის ფაკულტეტი. ჩვენ ვიყავით პირველი გამოშვება, რომელმაც დაიწყო მონუმენტური ხელოვნების შემოტანა. მაშინ ის პერიოდი იყო, როცა აკადემია მართლა აკადემიობდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაგრამ, ვიდრე აკადემიაში ჩავაბარებდი, სერიოზული სკოლა გავიარე მხატვარ თამაზ ხუციშვილთან. 

მე რომ აკადემია დავამთავრე, მაშინ საქართველოში ძალიან ცუდი დრო იყო. ისე მოხდა, რომ უცხოეთში წავედი... სასაცილო ამბავია, ჩვენს ოჯახს ემიგრანტების ოჯახს ეძახდნენ. ცხონებული ბაბუაჩემი ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს და მერე გერმანიიდან ვენესუელაში წავიდა და კარაკასში დასახლდა. მეც ემიგრანტი გავხდი და ჩემი შვილებიც – ბარბარა უკვე ცხოვრობს საფრანგეთში, ლიზი აბარებს გაისად და მიდის პარიზში. რატომღაც, ჩვენს ოჯახს ასეთი დაღი დაესვა (იცინის).

– პირველად ჩემი გამოფენა გავაკეთე ლენინგრადში. კომუნისტური წყობის პერიოდში ძალიან ძნელი იყო უცხოელებთან ურთიერთობის დაჭერა. სულ მახსენდება თაზო ხუციშვილის სიტყვები, ერთხელ ამერიკელები ჩამოსულან, რესტორანში ისხდნენ და ბატონ თაზოს მიკი მაუსი დაუხატავს. ამის გამო „სუკმა“ დაიბარა, როგორ თუ ამერიკული მულტფილმის პერსონაჟი დახატეო (იცინის). მერე რომ დაიბარეს „სუკში“, მედალი ჩამოჰკიდეს გულზე – ამერიკელებისთვის უთქვამს, მუშა ვარო და დაუწყია ლაპარაკი შექსპირზე, გოეთეზე... იმათაც არ დაიზარეს და „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოჭიმეს სტატია: „თურმე საბჭოთა კავშირში ისეთი განათლებული მუშები ცხოვრობენ, ბალეტი და შექსპირი იციანო (იცინის). ზუსტად მაშინ, მახსოვს, ჩემთანაც მოვიდნენ უცხოელები და „სუკის“ აგენტი მითვალთვალებდა. სახელიც მახსოვს, ლარბი ერქვა, ქართველი იყო – დადიოდა და ყველაფერს ამოწმებდა. უცხოელი ცოლ-ქმარი მომიახლოვდა და რაღაც მკითხა, მაშინ არ ვიცოდი ინგლისური და ჩემი პეტერბურგელი მეგობარი გოგო უთარგმნიდა. ისეთი რაღაცები ვუთხარი, გავაგიჟე ხალხი.

ჩემი ცხოვრება სულ სიურპრიზებით იყო სავსე. ჩემს ქვეცნობიერში ყოველთვის იყო უცხოეთის გზა – სულ მინდოდა წასვლა. ცხონებულ გურამ შარაძემ ჩამოაყალიბა დიასპორა და უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, სულ ვხვდებოდით ხოლმე. 

– ამერიკაში როგორ წახვედით?

– მამაჩემი იყო მძიმედ ავად. ჩემი მშობლები მოზარდმაყურებელთა თეატრის არაჩვეულებრივად კარგი მსახიობები იყვნენ – ტარიელ გიორგაძე და ნათელა პაატაშვილი. მამა გარდაიცვალა, სამწუხაროდ. სახლში სულ თეატრალური, არტისტული გარემო იყო და მინდოდა, ვყოფილიყავი მსახიობი, მაგრამ გავხდი მხატვარი. ომის პერიოდში მამა მძიმედ ავად გახდა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წავედი. კი დავდიოდით აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სოციალისტური ბანაკის ქვეყნები იყო. მე კიდევ მაინტერესებდა, დასავლეთში რა ხდებოდა. დიდი თანხა გვჭირდებოდა მამას გადასარჩენად. გიგა ლორთქიფანიძე დაგვეხმარა მაშინ და თანხის ნაწილს თავი მოვუყარეთ, მაგრამ მთლიანად მაინც ვერ გადავიხადე და ამერიკაში წავედი სამუშაოდ. მძიმე ფიზიკურ სამუშაოებსაც ვასრულებდი... ჩემმა ყოფილმა ქვისლმა, ეთერ ჭკადუას ძმამ, გოჩამ დამირეკა ამერიკიდან. ჩემს პირველ მეუღლეს, თამუნა მოსაშვილს გაცილებული ვარ, ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, მოდელიორია. მოკლედ, დამირეკა და მითხრა, ამერიკაში ხომ არ ჩამოხვიდოდიო. ასე წავედი ამერიკაში. მაშინ ამერიკაში გოჩას უკვე ჰქონდა წარმატებები – უმაგრესი, ექსკლუზიური ჰაშიშის მოსაწევი ჩიბუხი გააკეთა, მსოფლიოში ანალოგი რომ არ აქვს. მოკლედ, მთხოვა, ადვოკატ ფილიპ ფიშმანთან რაღაც საქმეზე წამომყევი და მერე ბარში გავიაროთო. მე არც ვსვამდი, არც ვეწეოდი, სპორტული მეჭირა. მაგრამ, დავთანხმდი გაყოლაზე. მივედით უზარმაზარ ოფისში. გამოშტერებულივით ვიყურებოდი აქეთ-იქით. უზარმაზარ შენობებს რომ ვხედავდი, ჩემი თავი დეგენერატი მეგონა (იცინის). თან ინგლისური არ ვიცოდი. მოკლედ, სანამ გოჩა საქმეზე ლაპარაკობდა, ამოვიღე საკვოიაჟიდან ფანქრები, ფურცლები და მდივანი გოგოს ხატვა დავიწყე (იცინის). მაგარი „ბაბნიკი” ვიყავი, ლამაზ გოგოს რომ დავინახავდი, შანსი არ იყო, ხელიდან გამეშვა. მაგან მასწავლა ინგლისური, ენა რომ არ ვიცოდი, ხელებით და ფეხებით ვაგებინებდი. მოკლედ, დავხატე ეს ლამაზი გოგო, ძალიან ჩაჯდა ხასიათში. მივუტანე და დავუდე. გამოშტერდა გოგო, იფიქრა, ვერ არის თავის ჭკუაზეო. აიღო ფურცელი და გაიქცა. მეც შემეშინდა და გარეთ გავიქეცი. ვგდგავარ და გამოვიდა ვიღაც სოლიდურად ჩაცმული კაცი. მელაპარაკება და არაფერი მესმის. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს კაცი კოლექციონერი იყო – ფიშმანი და ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევარი. იყიდა ჩემი რამდენიმე ნახატი და მინესოტას ებრაელობაშიც მაგრად გამაპიარა (იცინის). 

მერე ლოს-ანჯელესში გაიხსნა ქართული რესტორანი – „ფიროსმანი”. მთხოვეს, იქნება მოხატოთო, ორი შეკვეთა მივიღე ერთდროულად. მაგრამ, მანამდე ფიზიკურად უმძიმეს სამუშაოებს ვასრულებდი, ერთგან ისეთი აუტანელი სამსახური იყო, ცხიმიან ხორცის მანქანებს ვწმენდდი. ოთხი საათი მეკავა გაუხსნელად ეს „კერხერის” საწმენდი აპარატი და ისეთი სპაზმი მქონდა, თითებს ვეღარ ვგრძნობდი. თბილ წყალში ვდებდი ხოლმე, რომ მეხატა. ფიშმანმა შემომთავაზა, ლეგალურად დარჩენაში დაგეხმარებიო... ამ რესტორანზე მუშაობისას გავიცანი ჩემი ყოფილი მეორე მეუღლე, ლათინოამერიკელი არსი გარსია – ამერიკული ავიაკომპანიის, „ნორთვესტ აირლაინზის” კაპიტანი, ჯონ ტრავოლტას პირადი პილოტი-ინსტრუქტორი და ასევე, სტინგის პირადი მძღოლი. მიმინოსავით დიდ ავიაციაში გადავიდა (იცინის). მოკლედ, აღმოჩნდა რომ ერთნაირი ბებიები გვყავდა. დავადეთ თავი და გავსკდით ტირილით (იცინის). 

– თქვენი სამხრეთული ხასიათები როგორ ეწყობოდა ერთმანეთს?

– ისინიც ჩვენნაირები არიან, ქართველებს ჰგვანან და მაგარი ხმალაობა გვქონდა, ქართულ-პუერტორიკოული. პირველად სახელს მიმალავდა, მერე გამომიტყდა, იზაურა მქვიაო. მოვკვდი სიცილით, მაშინ ჩვენთან გადიოდა სერიალი „მონა იზაურა”. დედაჩემს დავურეკე და ვეუბნები, შენ რომ მანდ იზაურას უყურებ, მე იზაურა მოვიყვანე ცოლად-მეთქი (იცინის). 

– გამოფენები გქონდათ, როგორც ვიცი, იქ.

– კი, ძალიან ბევრი გამოფენა მქონდა, მოვხვდი ჩიკაგოს არტფესტივალზე. სხვათა შორის, ჟაკ შირაკს აქვს ჩემი ნახატები კოლექციაში. ჩემი, როგორც მხატვრის ნამუშევრების გაყიდვა დაიწყო ტრავოლტას წვეულების შემდეგ. ტრავოლტამ ახალი თვითმფრინავი იყიდა. ცნობილია, რომ ძალიან უყვარს და საჩვენებელი შოუ მოაწყო. მთელი ჰოლივუდის წითელი ხალიჩა იქ იყო მოსული. იქ გავიცანი ბარბრა სტრეიზანდი, ტინა ტერნერი... ჩემი ცოლი სულ ყურადღების ცენტრში იყო, იმიტომ რომ ის ასრულებდა მანევრებს. ჯონ ტრავოლტას ფანტასტიკური მეუღლე ჰყავს, სწორედ მან დამპატიჟა წვეულებაზე. მე იმწუთას მივხვდი, რომ ამას „ამერიკული ოცნება” ერქვა. ბიჭი კონკიასავით მომივიდა – კარგად გავთხოვდი (იცინის). მე ვცხოვრობდი ჰერმოსა ბიჩზე და ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ვხვდებოდი ქუჩაში – დასტინ ჰოფმანს, ალ პაჩინოს... შევხვდი კევინ კოსტნერს, რომელიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. დააინტერესა ჩემმა ექსპოზიციამ ბევერლი ჰილზსში. ვერ ვიცანი, უბრალოდ ჩაცმული იყო, კეპით. დასტინ ჰოფმანი გაჩეჩილი და უზარმაზარი ფოხანით სავაჭრო ცენტრში ვნახე. მოტრიალდა და მეკითხება: რუსი ხარო? არა, ქართველი ვარ-მეთქი. რასელ ქროუ ისეთი გატიალებული მთვრალი იყო, ქუჩაში წაიქცა და მე ვეხმარებოდი ადგომაში. იმხელაა, ძლივს ავწიე. 

ჰოლივუდელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის კავკასია და საქართველო. საკმაოდ ნაკითხი ხალხია. მაგრამ ყველაზე უფრო ახლო ურთიერთობა მაინც ჯენეთ და მაიკლ ჯექსონებთან მქონდა. სხვათა შორის, მაიკლის ექიმი ახლა იხდის სასჯელს. საწყალი მაიკლი გაანადგურეს. არავითარი პედოფილი და საბავშვო პორნოგრაფია, ყველაფერი ტყუილი იყო. ჯენეთი ხშირად მიყვებოდა ხოლმე, უსასტიკესი მამა ჰყავდათ, ბავშვებს სცემდა და ვირივით ამუშავებდა. მაიკლს ბავშვობა დააკლდა და ამიტომ ურთიერთობდა ხშირად ბავშვებთან. სხვათა შორის, მეც ბევრჯერ მიტირია იმის გამო, რომ ჩემი შვილების სითბო და სიყვარული მაკლდა. ორი მეგობარი მყავდა ამერიკელი. ჩავიცვამდით კლოუნის ფორმას და მივდიოდით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან, ბავშვთა სახლებში, ხან ხატვას ვასწავლიდი, ხან ფეხბურთს ვეთამაშებოდი...

– ჯექსონებზე მოგვიყევით?

– ჯენეთი ძალიან ხშირად სუქდებოდა. დეპრესიის სინდრომი ჰქონდა და მაცივარში ცხოვრობდა, ფაქტობრივად. უსუქდებოდა მერე უკანალი და იყო ერთ ამბავში, თუმცა მალევე იკლებდა. ეგეთი პლასტიკური სხეული ცხოვრებაში არ მინახავს. ისეთი ფორმები აქვს, გაგიჟდები! მოდიოდა და ტიროდა: შეხედე, მამუკა, რას ვგავარ, ნეხვს დავემსგავსეო. ამ დროს ქანდაკებასავით იყო. ზანგებს განსაკუთრებული აღნაგობა აქვთ, ხშირად ვხატავდი და „ლამაზი უკანალების მხატვარი” შემარქვეს (იცინის). 

სხვათა შორის, მაიკლმა ჩემი დაუმთავრებელი ნამუშევარი შეიძინა. რომ შეხედა, ისე მოეწონა, მთხოვა, არ დაასრულოო. მაიკლი და ჯენეთი რამდენჯერ ჩემი სახლიდან გამიპარებია, რომ პაპარაცებს არ დაენახათ. ხან თავზე მოიხვევდნენ რამეს, სათვალე, პარიკი... მაგრამ მაიკლს ისეთი „საფირმო” სიარულის მანერა ჰქონდა, მაინც ცნობდნენ (იცინის). ჯენეთი ერთხელ ჩემი ღობიდან გადავახტუნე, სახლის უკანა კარი ჩაეკეტა. ღობე კი მაღალი აღმოჩნდა და ხელი მოიტეხა საწყალმა. 

– წავიკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილს ნახატი აჩუქეთ. 

– მადლიერების ნიშნად ვაჩუქე. შეიძლება, ეს ნახატი იმდენი არ ღირს, რა სიკეთეც მან მამაჩემსა და დედაჩემს გაუკეთა, მაგრამ ვეცადე, რამით გადამეხადა მადლობა. იმედი მაქვს, ეს ნახატი კარგ მდგომარეობაშია მის ბიზნესცენტრში. არადა, არც გამიფრთხილებია, პირდაპირ მივადექი ორმეტრიანი ნახატით, დაცვა გიჟივით მიყურებდა, ვინაა ეს კაციო (იცინის). ოჯახი ჰქვია ამ სურათს და ქალი აზის ზევიდან კაცს. ამას ვჩუქნი კონსერვატორ ბიძინა ივანიშვილს, წარმოიდგინე (იცინის). გარდა ამისა, ჩვენ ჭორვილაში რაღაც ფილმს ვიღებდით და მისი დედის სახლში ვიყავი, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრები ვნახე. ეს კაცი ხელოვნების დიდი დამფასებელია. ეგრე ბენდუქიძეცაა მილიონერი, მაგრამ არასოდეს მსმენია, ბენდუქიძე ვინმეს დახმარებოდა. გიორგი მარგველაშვილსაც კარგად ვიცნობ ბავშვობიდან. არაჩვეულებრივი ადამიანია და ხელოვნება ძალიან უყვარს. უამრავი ნიჭიერი მხატვარია და ყველა ქართველ ბიზნესმენს ვთხოვ, დაეხმარონ და ნუ მოკვდება ეს ხალხი შიმშილით ფიროსმანივით. 

– ცოლი არ გასწავლიდათ თვითმფრინავის მართვას?

– მაგის სწავლა ძალიან ძნელია, 10 წელი მაინც უნდა. გგონია, რა უნდა თვითმფრინავის ტარებას – ამას დააჭერ, იმას დააჭერ... არაა ეგრე. რომ დავჯექი კაბინაში, იმდენი ნათურა აინთო, პროჟექტორები მეგონა. ჩემი ცოლი ხელს მიწევდა. წარმოიდგინე, არადა ფიზიკურად მასზე ძლიერი ვარ. იმდენად დიდი ძალა სჭირდება თვითმფრინავის მართვას. ჩემი ცოლი 16 წლის ასაკში სამხედრო პილოტი იყო და ამერიკის სამხედრო ავიაციაში მსახურობდა.

– შაკირას ნათესავი იყო?

– შაკირას დეიდაშვილია, მაგრამ ხშირად ვერ ვხედავდით, ძალიან მოძრავია. ხან სად იყო, ხან სად. გარეგნობითაც წააგვანან ერთმანეთს.

– ქართულ-ჩინური რესტორანი უნდა მოგეხატათ, მგონი?

– ქართველ-კორეელი იყო მეპატრონე. უფრო სწორად – მეგრელ-კორეელი, ნახევრად მეგრელი, ნახევრად კორეელი (იცინის). კორეული სახე ჰქონდა და მეგრული აქცენტით ლაპარაკობდა, ძალიან სასაცილო იყო. სოსო ერქვა, მგონი. 

скачать dle 11.3