რატომ ცხოვრობდა ზაქარია ქუცნაშვილი ზურაბ ადეიშვილთან ერთად და როგორ მოხვდა ის „შავ სიაში“
ზაქარია ქუცნაშვილი: პოზიცია, რომელიც ახლა მიკავია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. თუმცა, მე ვიტყოდი, მთავარი და საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. მე ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში – ბავშვობაში ვიცოდი, რომ უნდა გავმხდარიყავი იურისტი, სტუდენტობისას ვიცოდი, რომ უნდა მესწავლა და მემუშავა, არჩევნებისას ვიცოდი, რომ უნდა გამემარჯვა, პარლამენტში ვიცი, რომ მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობ, ამ პასუხისმგებლობას თავი გავართვა. ვფიქრობ, თუ ადამიანმა, მით უმეტეს მამაკაცმა, იცის, რა უნდა ცხოვრებაში და მიზნისკენ მისასვლელ გზებიდან იოლ გზას არ აირჩევს, აუცილებლად მიიღებს კარგ შედეგს.
– თქვენი „პოლიტიკური ნათლობა” შედგა „სოციალისტურ პარტიაში”. როგორი იყო გზა, რომელიც თქვენ აქამდე გაიარეთ?
– ის გზა, რომელიც გავიარე, მარტივი და იოლი არ ყოფილა. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე ახალგაზრდა სოციალისტთა ორგანიზაცია. იმის მიუხედავად, რომ დედა პარტია აღარ არსებობს მე ძალიან მეამაყება, რომ დღესაც არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია და თუ არ ვცდები, უკვე მეხუთე თავმჯდომარე ჰყავს. რაც შეეხება ჩემს მოხვედრას პოლიტიკაში, 1995 წელს მე ვხელმძღვანელობდი, დღეს ჩემი კოლეგის და მაშინ ჩემი ოჯახის ახლობლის, თამაზ მეჭიაურის საარჩევნო კამპანიას, რომელიც თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მაშინ 23 წლის ვიყავი. მას შემდეგ რაც თამაზი გახდა დეპუტატი, წამიყვანა სპეციალისტად პარლამენტის აპარატში. თამაზი გაწევრიანდა ფრაქცია „სოციალისტებში”, სადაც შემამჩნია ვახტანგ რჩეულიშვილმა და შემომთავაზა ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერობა. ამას მოჰყვა ჩემი მოხვედრა თბილისის საკრებულოში, შემდეგ საქართველოს პარლამენტში. თუმცა, მე ბევრისგან განსხვავებით, თანამდებობრივ მდგომარეობას წარმატებად არ მივიჩნევ. ვფიქრობ, წარმატების საზომი ადამიანთა დამოკიდებულება და თანამოაზრეთა წრეა, რომელიც ან გყავს, ან არ გყავს. თანამდებობის პირის გარშემო წრე იცვლება, მაგრამ ეს ხშირად არა თანამოაზრეთა წრეა, არამედ ესაა წრე მაამებელთა და მედროვეთა. ნებისმიერ ხელისუფლებაში მყოფ პირს უცებ ეხვევა გარს ეს წრე. ამიტომაც, განვასხვავებ მე თანამოაზრეებსა და მაამებლებს, რომელთა გარჩევა აუცილებლობაა. აუცილებლად უნდა იცოდე, ვის უნდა დაეყრდნო, ვისი რჩევა და შენიშვნა გაიზიარო. მე ამას კარგად ვარჩევ.
– ეს ალბათ, გამოცდილებით, თორემ ქართული პოლიტიკის კულისები ისეთი რთულია, გზა თქვენც აგებნეოდათ.
– მე მაქვს პრინციპები, რომლებსაც ვეყრდნობი, რის გამოც გზა არ მებნევა. ეს არის შრომა, წესიერება და პრინციპულობა. მიმაჩნია, რომ თუ ბევრს შრომობ, ცხოვრობ წესიერად, ხარ ერთგული და დაიცავ პრინციპებს, წარმატება გარდაუვალია. მე არასდროს მიღალატია ჩემი პარტნიორისთვის, არასდროს მიშრომია ჩემს პარტნიორზე ნაკლები და არც უწესოდ მოვქცევივარ.
– ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად გთვლიან. ეს მართლაც ასეა?
– სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიღვწი იმისთვის, რომ ეს სტატუსი მქონდეს. ჩემთვის მთავარია, ხალხის დამოკიდებულება და ნდობა, რაც მე მაქვს. ვერ გეტყვით, რატომ იქმნება მსგავსი „მითები”. ჩემთვის გუნდური თამაშია მნიშვნელოვანი, რომლის საფუძველიც არის ღირებულებები, ფორმა კი თანამოაზრეთა წრე, რომელიც ადამიანის გარშემო ქმნის მდგომარეობას, რაც გარედან მაყურებელს აფიქრებინებს, რომ ის გავლენიანია. როდესაც ასეთ ხმებს ვისმენ საკუთარ თავზე, ვშიშობ, არ შევიძინო დამატებითი მტრები. ადამიანთათვის, არ არის მარტივი დაუმსახურებელი კრიტიკა ან დაუმსახურებელი ქება. ჩემთვის ორივე საშიშია. მიმაჩნია, რომ ერთიც და მეორეც აფუჭებს ადამიანს, დაუმსახურებელი კრიტიკა აღიზიანებს, დაუმსახურებელი ქება კი – აფუჭებს და რყვნის. ჩემთვის ქათინაურის თქმა თავისუფლად შეუძლიათ მშობლებს, ვიცი, რომ ის ნაღდია და სუფთა. ასევე, მეგობრებს, რომლებთანაც წლების მეგობრობა მაკავშირებს და ეს ჩემთვის ძალიან ღირებულია. მათგან ყველაზე პირუთვნელად ვიგებ, რას ფიქრობს საზოგადოება ჩემზე, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ საზოგადოების აზრს გავუწიოთ ანგარიში. პოლიტიკოსი, რომელსაც მაპატიეთ და ფეხზე ჰკიდია, რას იტყვიან მასზე, ის ყველაფრის მკადრებელია.
– ოჯახი ასე იოლად გიბედავთ ფრაქციის ხელმძღვანელს ოპოზიციაში ყოფნას?
– ჩვენ ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს. ჩვენთან ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული შენიშვნა, კრიტიკა, შესწორება. მე და ჩემი ძმა ისე გაგვზარდეს, ბავშვობიდან გვეკითხებოდნენ აზრს. ჩვენ ძალიან გვიკვირდა, რატომ გვეკითხებოდა მამა სულელ ბავშვებს, თუნდაც იმას, თუ როგორი სახლი უნდა აგვეშენებინა სოფელში. მერე მივხვდით, რომ მამა ამით გვინვითარებდა გადაწყვეტილების მიღების უნარს ბავშვობიდანვე. მეც იგივეს ვაკეთებ ჩემს შვილებთან. სამწუხაროდ, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვარ ისეთი მშობელი, როგორიც მამაჩემი იყო, რადგან დროის იმ ნაწილს, რომელიც უნდა გავატარო ბავშვებთან, ვკარგავ. ვკარგავ იმ სიამოვნებას, რასაც შვილის ზეიმზე, კონცერტზე დასწრება შეიძლება, განიჭებდეს, თუმცა, როცა ვხედავ, როგორ ცეკვავს ჩემი ბიჭი, როგორ უკრავს ჩემი გოგონა, ეს ის დიდი სიამოვნებაა, რომელიც ყველაზე ბედნიერად გაგრძნობინებს თავს.
– მითებთან დაკავშირებით გკითხავთ, თქვენზე იმასაც ამბობენ, გაძლიერებული დაცვით დადისო.
– ეს ხმებიც გადაჭარბებულია. თქვენ ხომ თავადაც ნახეთ, რომ მხოლოდ ერთი მანქანით მოვედი (იცინის). დაცვა არასდროს მყოლია. შარშან არჩევნების დროს, ჩვენ გვიცავდა მობილური ჯგუფები. თუმცა, მე ამაზეც უარი განვაცხადე და წინასაარჩევნო შეხვედრებზე მარტო დავდიოდი.
– თქვენ მეგობრობდით წინა ხელისუფლების ყველაზე სკანდალურ ჩინოვნიკთან, ზურაბ ადეიშვილთან. თქვენი მეგობრობა დღესაც გრძელდება?
– ჩვენი მეგობრობა დაიწყო უნივერსიტეტში, ჩვენ ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. ჩვენ ვიყავით ახლო მეგობრები, გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. ზურა თბილისში ჩამოსული იყო რაიონიდან, მე ადგილობრივი ვიყავი და მიყვარდა ჩამოსულების ქომაგობა. არ მიჭირდა ჩემი და ჩემი მეგობრების დაცვა. იმ პერიოდში ჩვენ ბევრი რამ გვქონდა საერთო – ჩვენ წიგნიც გვაინტერესებდა და კიდევ სხვა რაღაცეებიც: სტიპენდიის აღებიდან მისი დახარჯვით დამთავრებული. თუ ვერ აიღებ, ვერ დახარჯავ. ჩემი პრინციპი იყო, რომ ყველას აეღო სტიპენდია, განსაკუთრებით ჩამოსულ ბიჭებს, რადგან მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ეს ფული. ზურა კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ის იუსტიციის მინისტრი გახადა. ის აღარ იყო ზურა ადეიშვილი, ამიტომაც ამოიშალა ჩემი მეგობრების სიიდან. ზურამ თხუთმეტამდე ჩვენი თანაკურსელის დაპატიმრება მოახერხა. მოგვიანებით, ჩვენ ასევე ერთად ვსწავლობდით გამოძიების ფედერალური ბიუროს ევროპის აკადემიაში, ბუდაპეშტში.
– იქ თქვენ ერთად ცხოვრობდით?
– კი, ჩვენ ერთ ნომერში ვცხოვრობდით, როგორც ახლო მეგობრები. მაშინ ორივე პარლამენტის წევრები ვიყავით, ზურა სახელისუფლებო გუნდიდან, მე – ოპოზიციიდან. შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა. ძვირფას ადამიანს რომ კარგავ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ, როცა პრინციპულად განსხვავდება თქვენი ღირებულებები, იქ მეგობრობა არ გამოდის. მარტივ მაგალითს გეტყვით, როცა პირველად დეპუტატი გავხდი, მამამ მაჩუქა ფული, რომ ძველი მანქანა გამომეცვალა, მე ეს ფული ჩემს მეგობრებს მივეცი, საადვოკატო ბიურო გააკეთეთ, იხეირეთ და როცა ფული გექნებათ, მერე დამიბრუნეთ-მეთქი. ის ადამიანი ჩემი მეგობარი მეგონა, ის წავიდა და ჩემი მანქანისთვის განკუთვნილი ფული, რომელიც დაუნანებლად მივეცი, თურმე კაზინოში წააგო. ეს იყო იმედგაცრუება, რთულია, როცა შეცდები ადამიანში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთიც ხდება ცხოვრებაში.
– ბოლო წლებში თქვენ ეწეოდით ადვოკატის კერძო პრაქტიკას.
– ეს გაგრძელდა ექვსი წელი. ამ წლებში დიდი გამოცდილება მივიღე. როცა ხარ „შავ სიაში“, არ გეკარება პროკურორი, მოსამართლე გიყურებს, როგორც შავ ჭირს, ძალიან რთულია მუშაობა. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ აკრძალულ პირთა სიაში ვიყავი შეყვანილი, ვისაც სჭირდებოდა კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ისინი მაინც მეძახდნენ ამ დახმარებისთვის.
– ახალმა პოსტმა როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– დამიკარგა თავისუფლება, მეგობრებთან და ოჯახთან ყოფნის შესაძლებლობა. ამ პოზიციამ დამიკარგა შვილებთან ურთიერთობის სიამოვნება, გამხადა ჭორიკნებისა და ავი თვალის სამიზნე. ეს არ არის იოლი. თავისუფლებას მიჩვეულმა ადამიანმა მოზომო თითოეული სიტყვა, ქცევა, კომენტარი, ძნელია. ახლა იმაზეც კი, რასაც ვფიქრობ და მწამს, ვალდებული ვარ, შევიზღუდო გამოხატვაში, რომ არ დავაზიანო საერთო საქმე. თუ ადამიანს არ აქვს შინაგანი კონსტიტუცია და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, შორს ვერ წავა საქმე. ხშირად საკუთარი თავის შებოჭვა დიდი ბრძოლის შედეგად გიხდება, სარკეში რომ ვიხედები, იქაც კი ვებრძვი ჩემს „ორეულს”, იმას, რომელსაც შეზღუდული წესი აყალიბებს.
– ახლა გადმოხვალთ თბილისში და ეს პრობლემებიც მოგვარდება.
– მე ქუთაისში ვცხოვრობ ჩემს კოლეგებთან, ჩვენს მძღოლებთან, „ხაზეიკასთან“ და მის ძაღლთან ერთად. სულ ცხრა სული ვართ ერთ სახლში. ორსართულიანი სახლი გვაქვს ნაქირავები, ყველას საკუთარი საძინებელი გვაქვს, დეპუტატები ვცხოვრობთ მეორე სართულზე, მძღოლები – პირველ სართულზე არიან. ასე ვარღვევთ მათ უფლებებს, დისკრიმინაციაში გვყავს მძღოლები (იცინის). ძალიან მხიარული სახლობანა გვაქვს. ტანსაცმლის საკითხს პირადად ვაგვარებთ. ერთი კვირის სამოსი მიმაქვს ქუთაისში, მაგრამ თუ თბილისში ჩამოსვლა ერთ კვირას გადამიცდა, მეუღლე მაკითხავს ქუთაისში. ყველაზე რთულად კვების საკითხი დგას. საშინელი რეჟიმი გვაქვს, ადრე ყოველ დილით ვცურავდი, ახლა ვერ ვახერხებ. აბონიმენტი ავიღე, მაგრამ სულ ტყუილად გადავყარე ფული. აუზამდე ვერ მივედი, რის გამოც, ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვარჯიშს, სირბილს და „კაჩაობას”, ჩემი გრაფიკის წყალობით, შეველიე.
– კიდევ რას შეელიეთ წარსულიდან?
– ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერი წლები. მე ვალდებული ვიყავი, გადავმდგარიყავი ამ სამსახურიდან, რადგან მისი უწმინდესობის მყარი და სწორი კურსია, რომ სასულიერო საკითხები არ იყოს არეული პოლიტიკურ თემებში. თუ საერო ცხოვრებაში ვიყავი „შავ სიაში”, სასულიერო პირების წრეში ვიყავი „თეთრი სიიის” წევრი, რაც მიბალანსებდა სულიერ დისკომფორტს. მე ვიცოდი, რომ ცუდებს არ მოვწონდი, მაგრამ სამაგიეროდ ახლოს ვიყავი „კარგებთან.” მე მიყვარს, როცა მეფერებიან და ვარ კარგი ადამიანების გარემოცვაში. ეს ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს. მე დღესაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისთანაც მიწევდა ურთიერთობა საპატრიარქოში მუშაობისას და მიმაჩნია, რომ მათ ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.