ვინ არის ქართველი, რომელმაც დევიდ დათუნას ნახატები რამდენიმე მილიონ დოლარად შეიძინა
ინვესტიციების განხორციელება ხელოვნების ნიმუშებში თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან კაპიტალდაბანდებად იქცა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და მდიდარი მილიარდერები არაერთ მილიონ დოლარს ხარჯავენ ხელოვნების ნიმუშების შეძენაზე გამოფენებსა და აუქციონებზე, იქნება ეს შუა საუკუნეების მხატვრობა თუ თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობა. ცნობილი ფაქტია, რომ ხელოვნების ნიმუშებში ინვესტიციის ჩადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გატაცებაა და მის კოლექციაში ეგონ შილეს, დემიენ ჰერსტის, ჯეფ კუნსის, პაბლო პიკასოსა და სხვათა ძვირად ღირებული ტილოები და ქანდაკებები ინახება.
ხელოვნების ნიმუშებში განხორციელებული ინვესტიციის მომგებიან ბიზნესად ქცევის შესახებ ბოლო დროს ყურადღებას ამახვილებს ნიუ-იორკში მცხოვრები, წარმოშობით თბილისელი მხატვარი-კონცეპტუალისტი დევიდ დათუნა, რომლის შესახებ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთხელ დაწერილა. დათუნას მიერ ექსკლუზიურად ჩვენი ჟურნალისთვის მიცემული კომენტარიდან ცნობილი გახდა, რომ ივლისის დასაწყისში, ჰემპტონში, ნიუ-იორკის შტატში, გალერისტების მიერ ორგანიზებული დიდი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაზე არაერთი ცნობილი თანამედროვე მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის თავიდანვე მიიქცია ყურადღება დევიდ დათუნას ნამუშევრებმა. მისი ნახატები არაერთი ცნობილი კოლექციონერის პირად კოლექციებში ინახება, მათ შორის, ნიუ-იორკის სოლომონ გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის პირად კოლექციაში – ნამუშევრები მან სწორედ ჰემპტონის გამოფენაზე შეიძინა. ასევე, ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ, დევიდ დათუნას პროფესიული რჩევით, მავანმა ქართველმა კოლექციონერმაც შეიძინა რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებული ნახატების კოლექცია, დაახლოებით 30-მდე ნამუშევარი და მათ შორისა დევიდ დათუნას რამდენიმე ნახატი. თანხის და მყიდველის ვინაობის დასახელებისგან, ინკოგნიტო მყიდველის თხოვნით, მხატვარმა-კონცეპტუალისტმა თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ დიდი ხანია, მეგობრობს როგორც ქართველ, ისე სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ხელოვნების მოყვარულებთან და ისინი მისი რჩევით ანახლებენ თავიანთ კოლექციებს. დათუნას, როგორც თანამედროვე ხელოვნების ახალი თაობის წარმომადგენლის, ავტორიტეტი, ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში რომ იზრდება, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თანამედროვე ხელოვნების კრიტიკოსები მას ენდი უორჰოლისა და ჯასპერ ჯონსის მემკვიდრედ ასახელებენ. დევიდ დათუნას შემოქმედების თაყვანისმცემელი და მისი პირადი მეგობარია ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი კარენ ბაისტედი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და ცნობილ ხელოვანებთან თანამშრომლობს, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსესია კი ენდი უორჰოლს უკავშირდება. „ზი ლოსტ უორჰოლ” – ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი მხატვრის სიცოცხლეში გადაღებული ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესია. კარენ ბაისტედი იზიარებს კრიტიკოსების აზრს დევიდ დათუნას, როგორც თანამედროვე ხელოვნების ახალი თაობის ვარსკვლავის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია სალვადორ დალისა და ენდი უორჰოლის მუზის, იზაბელ კოლინ დიუფრენის ხელოვნების სამყაროში „ულტრა ვაიოლეტის” სახელით ცნობილი პიროვნების მოსაზრება, რომლის თქმით, დევიდ დათუნა თანამედროვე არტის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხატვარია, რომლის ხედვა სრულიად ახალ მიმდინარეობას ქმნის მხატვრობაში. ულტრა ვაიოლეტი უორჰოლის ნამუშევრების ცნობილ კოლექციონერად ითვლება, ქარიზმატული ქალბატონის სიტყვას თანამედროვე ხელოვნებაში დიდი წონა აქვს და მისი აზრის მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, მათ შორის, დევიდ დათუნაზე, რომელიც მისი ფავორიტი მხატვრების რიცხვში ფიგურირებს.
ნატალია ვოდიანოვას პორტრეტის „ნატალია ვოდიანოვა – მილიონების სიყვარული” ავტორის (ნამუშევარი 790 ათას დოლარად გაიყიდა 2012 წელს), დევიდ დათუნას ავტორიტეტი მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების სამყაროში იზრდება და ჩვენთვის ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან, თბილისში დაბადებულმა მხატვარმა ახალი მწვერვალების დაპყრობა დაიწყო. მის შესახებ აქტიურად საუბრობენ ნიუ-იორკსა და მოსკოვში ოქტომბერში დაგეგმილი არტ-პროექტის გამო, რომლის დროსაც შედგება დევიდ დათუნას შვიდი ნამუშევრის გამოფენა-გაყიდვა, ხოლო შემოსული თანხა, ჟურნალისტების გათვლით – რამდენიმე მილიონი დოლარი, მთლიანად გადაირიცხება ნატალია ვოდიანოვას (რომელიც ახლო მომავალში ფრანგი მილიარდერის, ანტუან არნოს მეუღლე გახდება) საქველმოქმედო ფონდში. გარდა ამისა, 2014 წელს დევიდ დათუნა გრანდიოზული საქველმოქმედო პროექტის განხორციელებას გეგმავს საქართველოში და ამ ყველაფრის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალი „თბილისელების” ფურცლებიდან შეიტყობთ.