მკვდრად გამოცხადებული
რეინი ვერაფრით ვერ მიხვდა, რატომ გააკეთა ეს. კარგი მოქცევისთვის სასჯელი შეუმცირეს და ერთ თვეში ციხის კედლებს საერთოდ დატოვებდა. იმ დღეს სამზარეულოში იყო მორიგე და, ხორცით დატვირთული ფურგონი რომ მოვიდა, ბაგზს ეხმარებოდა გაყინული ძროხების გადმოტვირთვაში. სულ სამი ძროხა იყო გადმოსატვირთი. ბაგზი მაცივარში კაუჭზე კიდებდა მათ. რეინი კი იქამდე ეზიდებოდა ზურგით. უცებ, ბაგზმა რაღაც ანიშნა და რეინიც მექანიკურად მიჰყვა... გუშაგი სატვირთო ფურგონის მძღოლს რაღაცაზე ელაპარაკებოდა და ორივე იცინოდა. მათთვის არავის ეცალა და ბაგზმაც ისარგებლა – ფურგონში შევარდა და გაფატრული ძროხის მუცელში შეძვრა, რეინმაც მას მიჰბაძა. მხოლოდ მაშინ, როცა ფურგონი კარგა მანძილით გასცდა საპატიმროს ტერიტორიას, გააცნობიერა, რა გააკეთა – გამოუსწორებელი სისულელე. ერთ თვეში ისედაც ჩიტივით თავისუფალი იქნებოდა. ახლა კი, მკვლელობისთვის ორჯერ ნასამართლევი ყაჩაღი ბაგზის თანამონაწილედ გაიხადა თავი. ბაგზს რომ შეხედა, ამაში კიდევ უფრო დარწმუნდა. მას სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი ბოროტი განზრახვა. რეინმა ბაგზის თვალებში მკვლელის გაღვიძებული ჟინი დაინახა და შეაჟრჟოლა. ამიერიდან, რაც არ უნდა ჩაედინა ბაგზს, მასთან ერთად მოუწევდა პასუხისმგებლობის გაზიარება. ეს ლამის სასიკვდილო განაჩენი იყო. რეინი თვითონაც ვერ მიხვდა, ისე აღმოხდა გამაფრთხილებელი შეძახილი, მაგრამ, დააგვიანა. ბაგზი ელვის სისწრაფით გადაძვრა ფურგონის სალონში და მძღოლს ზურგიდან ყელზე შემოხვია მკლავი. მანქანამ რყევა დაიწყო.
– არ გინდა, ბაგზ, არ მოკლა... არ გინდა! – რეინი ბაგზს მოებღაუჭა და მისთვის ხელის შეშლა სცადა, მაგრამ, დაკუნთულ, თითქოს ფოლადისგან ჩამოსხმულ მკვლელს ძვრაც ვერ უყო. მძღოლმა რამდენჯერმე უმწეოდ გაიფართხალა და მოძრაობა შეწყვიტა. ბაგზმა რეინს დაუყვირა:
– საჭეს მიხედე!
რეინიც მონუსხულივით დაემორჩილა. სწორედ დროზე მიუსწრო. მანქანამ მიმართულება დაკარგა და ხევში ვარდებოდა. ბაგზმა სალონის კარი გააღო და მძღოლის უსულო გვამი ფეხის კვრით მოისროლა.
– ესეც ასე. აბა, რისი თქმა გინდოდა?
რეინმა შუბლზე მომდგარი ოფლი ხელის ზურგით მოიწმინდა.
– შეგეძლო, არ მოგეკლა-მეთქი.
– უნდა მომეკლა. უამრავი მიზეზი არსებობდა ამისთვის. ახსნის თავი არ მაქვს. თუ გული გერევა, გაგივლის. პირველად რომ კაცი გამოვფატრე, ზუსტად ასე ვიყავი... – და ბაგზმა ყვითელი კბილები გამოაჩინა.
რეინმა ინსტინქტურად გაიქნია მუშტი და ბაგზს ცხვირ-პირში მოარტყა. მერე კიდევ, კიდევ... თან, მანქანის მუხრუჭზე ფეხი ედგა... ბოლოს გაჩერდა, როცა ხელი დაეღალა... ბაგზის სახე სისხლიან ხორცის ნაჭერს უფრო ჰგავდა. რეინს უცებ შეეშინდა – ბაგზს ხომ ის არაფერში სჭირდებოდა. შეეძლო, მოეკლა.
– გადმოეთრიე და საჭესთან დამსვი! თუმცა, არა... ეგდე და ცოტა ჩქარა იარე, – ბაგზმა მანქანაში ჭუჭყიანი ჩვარი იპოვა და სისხლიანი სახე მოიწმინდა, – იდიოტო! ჩემ გარეშე ერთ საათში გაგბაწრავენ და უკან, ციხეში შეგაბრუნებენ. თან მძღოლის მკვლელობასაც შეგტენიან... სულელო... მშვიდად იჯექი და ჩემი მითითებები შეასრულე! შენი თავი ჩემი მგზავრი ხომ არ გგონია, კრეტინო ვირთხავ! არ გესმის, რას გელაპარაკები?
– ყრუ არ ვარ, ბაგზ... მესმის.
– ჰოდა, ეგრე, – ბაგზმა მანქანაში სიგარეტის კოლოფი და შოკოლადები იპოვა და მოულხინა.
– გეზი კალიფორნიისკენ აიღე! იმედია, მალე ვერ შეამჩნევენ ჩვენს გაქრობას. სიჩქარეს მოუმატე! წინ მსუბუქი მწვანე ავტომობილი მიდის და იმას მოუახლოვდი. მერე „ცხვირით“ უკანა ბამპერს მიეჯახე და აიძულე, გაჩერდეს...
რეინმა მორჩილი ბავშვივით შეასრულა დავალება. მწვანე მანქანის მძღოლი, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, რატომ მოხდა შეჯახება. სალონიდან გადმოხტა და თვალებგაფართოებული მიაშტერდა მის წინ აღმართულ ბაგზს, რომელსაც სახეზე ისევ სისხლი ეცხო, ტანზე კი სისხლში მოსვრილი, პატიმრის ტანსაცმელი ეცვა.
– შენი ტანსაცმელი გაიხადე და მომეცი! – უყვირა ბაგზმა. რეინი მიხვდა, რომ ამ უბედურსაც კისერს მოუგრეხდა ბაგზი... მანქანიდან ისკუპა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა, თან, მთელი ხმით ყვიროდა და ხელებს იქნევდა...
შორიდან პოლიციის საპატრულო მანქანის შუქი გამოჩნდა და თითქოს სირენის ხმაც მოესმა... მერე რაღაც მოხდა... ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და წყვდიადში ჩაინთქა. ძალიან გვიან გააცნობიერა, რომ საკანალიზაციო ჭაში აღმოჩნდა. ეს თითქმის სიკვდილს უდრიდა. მალე ჰაერი აღარ ეყოფოდა და გაიგუდებოდა. ამას ემატებოდა წყალი, რომელიც თანდათან მატულობდა.
რეინმა გადარჩენის იმედი დაკარგა... ძალა მოიკრიბა, დარჩენილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა დაღებული პირით და ტუჩები მაგრად მოკუმა... ერთბაშად წყლის უზარმაზარი ნაკადი დაეტაკა და ისეთი სისწრაფით წაიღო, ფაქტობრივად, ყველაფრის უნარი წაართვა. რეინმა იფიქრა, რომ ეს აღსასრული იყო... წყალი საკანალიზაციო მილის კედლებს ახეთქებდა. წყალმა აუვსო ყურები... ცხვირის ნესტოები და, როცა იფიქრა, მორჩა, ეს უკვე აღსასრულიაო, მაშინ მოხდა სასწაული – რეინმა იგრძნო, როგორ მოელამუნა სუფთა ჰაერი და წყალმა სადღაც ჩააგდო. ახლა ეს წყალი პირდაპირ თავზე ესხმებოდა, მაგრამ, საშიში აღარ იყო. გადარჩა... გონს მოეგო და აღმოაჩინა, რომ მდინარის პირას ეგდო. ზემოდან ღამის ქალაქის ლამპიონები დაჰნათოდნენ. ტრასაზე ამოფორთხდა და ძალ-ღონეგამოცლილი იქვე მიეგდო... თვალი რომ გაახილა, ვიღაც ახალგაზრდა ტიპი უღიმოდა.
– ყავას დაგალევინებ. ჩემი ცოლ-შვილი აგარაკზეა და აქ უსაფრთხოდ იქნები. მომისმინე... შენ ის პატიმარი ხარ, ციხიდან რომ გაიქცა, ხომ მართალია?! იცი, რომ უკვე მკვდარი ხარ? გაზეთებში დაწერეს, რომ პოლიციამ შენი თანამზრახველი მოკლა, შენ კი, დაჭრილი, კანალიზაციის მილში ჩავარდი და გვამი ვეღარ იპოვეს. შეგიძლია, ახალი ცხოვრება დაიწყო, მკვდრად გამოცხადებულო...
– მე არავინ მომიკლავს... – ამოიხრიალა რეინმა.
– ვიცი. წავიკითხე, ციხიდან გამოსვლამდე ერთი თვე გრჩებოდა, თურმე. შემთხვევით გაგიმართლა... კიდევ ერთი შანსი ცხოვრების დაწყებისა ყველას არ ეძლევა...