რა გახდა სოფლის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის მიზეზი და რატომ დაახალა მამაკაცმა ბავშვობის მეგობარს ზურგში ექვსი ტყვია
36 წლის კახა ქ-შვილის გვამი სოფლის სასაფლაოს დარაჯმა აღმოაჩინა და ამის შესახებ სოფლის მოსახლეობას შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. ცხედარს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელთაგან ორი – თავის არეში, ორი კი ზურგში იყო მიყენებული. სამედიცინო ექსპერტიზითა და პირველადი მოკვლევით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილს ზურგიდან ესროლეს – შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს კიდევ ორი მასრა, ანუ, მკვლელმა მამაკაცს ზურგიდან ექვსი ტყვია დაახალა, რომელთაგან გარდაცვლილს ოთხი ტყვია მოხვდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დაიწყო გამოძიება. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, კახა ქ-შვილი ავტოკატასტროფაში დაღუპული მეგობრის საფლავზე იყო მისული, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. კახა ქ-შვილის მეგობრის ჩვენების მიხედვით, კახამ მას ტელეფონზე დაურეკა და უთხრა: თბილისში მომიწია საქმეებზე წასვლა, გვიან დავბრუნდები და, რა დროც არ უნდა იყოს საფლავზე, მაინც მოვალო. სასაფლაოზე შეკრებილი ახალგაზრდები ისე დაიშალნენ, რომ კახა ქ-შვილი მათ ვერ შეუერთდა, თუმცა, როგორც გამოძიებით დადგინდა, ის გვიან მაინც მივიდა სასაფლაოზე საკუთარი ავტომობილით, რომელიც მისი მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იპოვეს.
გარდაცვლილის მეგობრებისა და ოჯახის წევრების განცხადებით, კახა მცირე ბიზნესს ეწეოდა, მაგრამ, მკვლელობა ამასთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. გადამოწმდა გარდაცვლილის საახლობლო წრე, მისი საქმიანი პარტნიორები, მაგრამ, ამ მხრივ გამოძიებამ საეჭვოს ვერაფერს მიაგნო – კახა ქ-შვილი სოფელში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა; არც მტრები ჰყავდა და არც დაპირისპირებული ადამიანები. ვინ და რატომ მოკლა ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის სასაფლაოზე, ბურუსით იყო მოცული. სოფლის მოსახლეობას რამდენიმე ვერსია ჰქონდა, მაგრამ, სამართალდამცველების მიერ ამ ვერსიების გადამოწმებით დადგინდა, რომ მკვლელობის მოტივი სხვა, გამოძიებისთვის დაუდგენელი გარემოებები იყო.
დაიკითხა სოფლის სასაფლაოს დარაჯი, რომელმაც გარდაცვლილის გვამს მიაგნო. მამაკაცმა, რომელიც ბოლო ათი წელი სასაფლაოს დარაჯად მუშაობდა, გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით დაკითხვისას განუცხადა: „იმ დღეს, როცა ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილი, იქით რამდენჯერმე გავიარე. არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს. ახალგაზრდები რამდენიმე საათში დაიშალნენ. ერთი საათით სახლში წავედი, საჭმელი რომ მეჭამა. უკვე ბინდდებოდა, როცა სასაფლაოზე მივედი. ჩემი ჯიხური სასაფლაოს შესასვლელთან, ეკლესიის გვერდითაა. იქვე გაჩერებული მანქანა შევნიშნე. უკვე გვიან იყო და იქ უცხო მანქანის ყოფნა გამიკვირდა, მაგრამ, ვიფიქრე, რომ რომელიმე ნასვამი ახალგაზრდა გვიანობამდე დარჩა სასაფლაოზე და მეც იქით წავედი, სადაც რამდენიმე საათის წინ ისინი იყვნენ შეკრებილი. როცა იმ საფლავს მივუახლოვდი, პირდაპირ გადავაწყდი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს, რომელიც მიწაზე პირქვე იყო დამხობილი. სისხლის გუბე გვიან შევნიშნე, თავიდან მეგონა, ნასვამი იყო და ეძინა, მივუახლოვდი. ჯერ შევანჯღრიე, მერე კი გადმოვატრიალე და დავინახე, რომ სისხლით იყო მოსვრილი. ძალიან შემეშინდა და მაშინვე სოფლის საკრებულოს უფროსს დავურეკე, რომელიც სასაფლაოზე რამდენიმე ადამიანთან ერთად ამოვიდა. მათ იცნეს გარდაცვლილი და პოლიცია გამოიძახეს”.
სასაფლაოს დარაჯის დაკითხვამ გამოძებას ბევრი ვერაფერი შეჰმატა. ის ამტკიცებდა, რომ მკვლელობა მაშინ მოხდა, როცა ის სასაფლაოზე არ იყო, რადგან, მისი ნათქვამის მიხედვით, სასაფლაოზე რომ ყოფილიყო, სროლის ხმას აუცილებლად გაიგონებდა. მისივე განცხადებით, დარაჯის ჯიხური სასაფლაოს ისეთ ნაწილში იდგა, რამე საეჭვო რომ მომხდარიყო, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. იმის მიუხედავად, რომ დარაჯის ჩვენებით გამოძიებისთვის ახალი არაფერი გაცხადებულა, მოხუცი მამაკაცის დაკითხვამ ოპერატიული სამსახური ყველაზე მთავარ კვალზე გაიყვანა: მან განაცხადა, რომ, როდესაც სასაფლაოზე ბრუნდებოდა, შენიშნა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც, მისი ინფორმაციით, მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და ერთ-ერთი საფლავის მომვლელად ჰყავდათ დაქირავებული. ის დროდადრო მიდიოდა ხოლმე სასაფლაოზე, თუმცა, დარაჯის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მასთან საუბარში არ ერთვებოდა და, შესაბამისად, დარაჯს ქალზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. „იმ დროს, სანამ მე სახლიდან სასაფლაოზე დავბრუნდი, ის ქალი იქ უნდა ყოფილიყო და, თუ მისი იქ ყოფნის დროს მოხდა რამე, აუცილებლად დაინახავდაო,“ – განაცხდა დარაჯმა დაკითხვის დროს.
უცნობ ქალბატონს, რომელიც მკვლელობის თვითმხილველი უნდა ყოფილიყო, გამოძიებამ სამდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნო. ქალმა გამოძიებასთან თანამშრომლობის უცნაური ფორმა აირჩია: ჯერ საკუთარი ანონიმობის დაცვა მოითხოვა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ჩანდა, რომ ის ინფორმაციას ფლობდა, თუმცა, ამაზე საუბარს თავს არიდებდა. მომდევნო დაკითხვისას, ქალბატონმა გამოძიებას განუცხადა, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონა, მაგრამ, საიდან მოდიოდა ის ხმა, ვერ მიხვდა. ქალი აშკარად ტყუოდა. მკვლელობა იმ საფლავთან, რომელსაც ქალი უვლიდა, იმდენად ახლოს იყო მომხდარი, რომ, თუ ის იქ იმყოფებოდა, ყველაფერი თავისი თვალით უნდა დაენახა. მართლაც, მკვლელობიდან რამდენიმე დღეში თვითმხილველმა აღიარა, რომ ის მკვლელობას შეესწრო, მაგრამ ამის შესახებ გამოძიებას არაფერს ეუბნებოდა, რადგან, დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი მას უთვალთვალებდა.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „საფლავს ვასუფთავებდი, როდესაც დაახლოებით ას მეტრში მდებარე საფლავს ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა. ისე ახლოს ჩამიარა, დავინახე, რომ ხელში ორი ბოთლი შამპანური ეჭირა. ის ზრდილობიანად მომესალმა და მაშინვე გამშორდა. დაახლოებით ათი წუთი იქნებოდა გასული, როცა საფლავთან ახლოს მანქანა გაჩერდა და ორი ნასვამი მამაკაცი გადმოვიდა. ისინი საფლავს სხვა მხრიდან მიადგნენ და ჩემს დანახვას ვერ შეძლებდნენ. ისეთ ხმაზე საუბრობდნენ, მივხვდი, რომ მთვრალები იყვნენ. ის, რომელიც მთვრალებს საფლავთან დახვდა, მათაც მიესალმა. მივხვდი, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. მათი საუბრიდან გავიგე, რომ ის ახალგაზრდა საფლავის დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ისინი არ უშვებდნენ – უთხრეს – ჩვენთან ერთად დალევას არ კადრულობო? მე თითქმის უკვე დასრულებული მქონდა ჩემი საქმე, მაგრამ, შევყოვნდი, თუმცა, არ ვიცი, რატომ; ეტყობა, გულმა მიგრძნო, რომ იქ რაღაც მოხდებოდა. მართლაც, ალბათ, ათი წუთი იქნებოდა გასული, ხმამაღალი ჩხუბი დაიწყო, ის ორი მამაკაცი, რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ ახალგაზრდა კაცს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთმა ხელიც კი დაარტყა. მე იქვე მივიმალე. ჯერ ვიფიქრე, რომ გავსულიყავი, და მოჩხუბრები გამეშველებინა, მაგრამ, ერთ-ერთს ისეთი აგრესიული სახე ჰქონდა, შემეშინდა. ჩხუბი დაახლოებით სამი-ოთხი წუთი გაგრძელდა. მე საფლავის ქვას ამოფარებული, ყველაფერს ვხედავდი. დავინახე, როგორ შებრუნდა ზურგით ის ახალგაზრდა და წასვლა დააპირა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კიდეც. მაგრამ ამ დროს, იმ მამაკაცებიდან ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და მას ზურგში რამდენჯერმე ესროლა. ისე შემეშინდა, განძრევაც ვეღარ გავბედე. სანამ მკვლელებმა იქაურობა დატოვეს, ჩამალული ვიყავი. სანამ წავიდოდნენ მკვლელის თანმხლები მამაკაცი მიუახლოვდა ძირს დაგდებულ ბიჭს, გადმოატრიალა და მეორეს უთხრა – მკვდარიაო, მერე სასწრაფოდ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. რამდენიმე წუთი ვერ გამოვედი სამალავიდან, მერე მეც მივუახლოვდი გარდაცვლილს და მივხვდი, რომ უკვე მკვდარი იყო და ვერ დავეხმარებოდი. შიშისგან შოკში ჩავვარდი და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე. გზაში დავინახე სასაფლაოს დარაჯი და გზა ისე მოვჭერი, რომ ახლოს არ ჩამევლო. თავი ცოტა მაინც იმით დავიმშვიდე, რომ, თუ ის კაცი ცოცხალი იყო და მე ვერ დავეხმარე, ეს მაინც უშველის-მეთქი, – ვიფიქრე. მეორე დღეს გავიგე, რაც მომხდარა მეზობელ სოფელში. სიტყვა არსად დამიძრავს, ოჯახის წევრებთანაც კი, რადგან, მეორე დილას ჩემს სახლთან იმ ორი კაციდან ერთ-ერთი შევნიშნე – ის, რომელიც სასაფლაოზე მკვლელს ახლდა. მას იარაღი არ უსვრია, სწორედ მან უთხრა გარდაცვლილზე, უკვე მკვდარიაო. პოლიციაში გადავწყვიტე წასვლა, მაგრამ, ვერ გავბედე. ის მამაკაცი ხშირად მოდიოდა ჩემს სახლთან – ეტყობა, გამოლაპარაკებას ცდილობდა ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა ჩემზე. როდემდე დავმალავდი სიმართლეს? სინდისი მქენჯნიდა და, ბოლოს და ბოლოს, შიში დავძლიე.”
უცნაური და შემთხვევითი თვითმხილველის ჩვენებისა და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბიძაშვილები – რამაზ და მამუკა გ-ძეები დააკავეს. რამაზ გ-ძემ ჯერ დუმილის უფლება გამოიყენა, შემდეგ უარყო ჩადენილი დანაშაული. თუმცა, მოგვიანებით, ორივე ეჭვმიტანილმა დეტალურად აღწერა მკვლელობის დეტალები. როგორც რამაზ გ-ძემ გამოძიებას განუცხადა, სასაფლაოზე დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი ინციდენტი იყო. ის წლების წინ ყაჩაღობისთვის იყო გასამართლებული და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბავშვობის მეგობარს, კახა ქ-შვილს, ხშირად ადანაშაულებდა – ციხეში არ მომიარე და არც ჩემს ოჯახს დაეხმარეო. ამ თემაზე მათ შორის წარსულში რამდენჯერმე მომხდარა შელაპარაკება, თუმცა, მეგობრებმა ისინი საბოლოოდ მაინც შეარიგეს. მკვლელობის დღეს საერთო მეგობრის საფლავზე ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, ნასვამ რამაზ გ-ძეს ძველი წყენა გაახსენდა და ბავშვობის მეგობარს იმ „დანაშაულისთვის”, რაც წლების შემდეგაც არ აპატია ზურგში ექვსი ტყვია ესროლა. ბრალდებულმა თავად აღიარა, რომ პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და მძიმე დანაშაული ამ ნიადაგზე ჩაიდინა. მისი ჩვენების მიხედვით, მეორე დილით ბიძაშვილმა, მამუკა გ-ძემ უთხრა: მგონი, იქვე ახლოს, სასაფლაოზე, ქალი შეესწრო ამ ამბავს და ყველაფერი დაინახაო. რამაზმა მამუკას მისი მოძებნა და შეშინება დაავალა, თავად კი, სოფლის სხვა ახალგაზრდებთან ერთად, კახა ქ-შვილის ოჯახში მივიდა, როგორც ჭირისუფალი მეგობარი, რათა მასზე ეჭვი არავის აეღო.
სასამართლოზე რამაზ გ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო ბავშვობის მეგობრის მკვლელობაში. მას 12 წლით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა რამაზ გ-ძის ბიძაშვილს, მამუკა გ-ძესაც, რომელიც მკვლელობის დროს დამნაშავეს თან ახლდა. მას ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის დაფარვისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.