კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაშორდა თუ არა ქეთი მელუა საყვარელ ქმარს და რატომ ჰგონიათ ის ორსულად

– ქეთი, როგორ ხარ?

– ძალიან კარგად, ვმუშაობ, უკვე ახალ ალბომზე დავასრულე მუშაობა. ბევრი ტურნე მაქვს დაგეგმილი და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ახლახან მქონდა კონცერტი გერმანიაში, ბონში, ღია ცის ქვეშ არაჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა. კმაყოფილი დავრჩი. სხვათა შორის, ჩემი ფანკლუბის წევრებიც იყვნენ იქ ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც მითხრეს, იკრიბებიან, იციან ჩემი ტურების შესახებ ყველა ინფორმაცია და იქ ჩამოდიან, სადაც კონცერტი მაქვს. ამაზე დიდი დაფასება არ არსებობს მომღერლისთვის. გერმანიაში, კონცერტის შემდეგ, ისინი ჩემს საგრიმიოროში დავპატიჟე, გავუმასპინძლდი ჩაითა და ყავით და დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვესაუბრე. ყველაზე მეტად აღვფრთოვანდი ჰოლანდიელი ჰანსით, რომელიც ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ, ფანკლუბის წევრია და ჩემს ყველა გამოსვლას ესწრება სხვადასხვა ქვეყანაში. მომიყვნენ, როგორ ქმნიან საიტებს, სადაც ჩემ შესახებ ინფორმაციას დებენ, გადაღებულ სურათებს აქვეყნებენ და შემდეგ მიდის მიმოწერა. ყველას ვაჩუქე ჩემი დისკები ჩემი ხელმოწერით – ეს ჩემი მხრიდან მათ მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვა იყო. 

– ყოველ წელს ახერხებ საყვარელ ქალაქში – ბათუმში, ზღვისპირას დასვენებას. წელსაც ხომ არ გეგმავ?

– სამწუხაროდ, ვერ ჩამოვდივარ. ძალიან მინდოდა ორი კვირით ჩამოსვლა,  ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბათუმში, მაგრამ, ბევრი კონცერტია გაწერილი. 26 ივლისს საფრანგეთში ვარ მიპატიჟებული ფესტივალის გახსნაზე, 28 ივლისს – ბელგიაში,  10 აგვისტოს შვეიცარიაშია დაგეგმილი ათი კონცერტი, შემდეგ – ნორვეგიაში, სექტემბერში კი მინდა, ცოტა დავისვენო და 26 სექტემბერს ჩემი ახალი, რიგით მეექვსე ალბომის – „ქეთევანის” პრეზენტაცია მოვაწყო ლონდონში. 2 ოქტომბრიდან კი ტური დავგეგმეთ ევროპაში: ათი კონცერტი გერმანიაში, შვიდი – საფრანგეთში და ასე შემდეგ, წლის ბოლომდე. სხვათა შორის, საპატიო სტუმრად ვიყავი მიწვეული ბუკინგემის სასახლეში, ელიზაბეთ მეორის დედოფლად კურთხევის 60 წლისთავზე. ორდღიანი ფესტივალი ჩატარდა 11 ივლისს და იქ ძალიან დიდი პატივით მიმიღეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რამხელა რამ არის!

– საქართველოში არ გეგმავ კონცერტს?

– ვცდილობ, მომავალ წელს ტურნეში საქართველოც ჩავსვა. ვნახოთ, მე დიდი სურვილი მაქვს. ხომ იცით, როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო და, სადაც ჩავდივარ, ყველგან თამამად ვამბობ, რომ ქართველი ვარ, საქართველოში დაბადებული და, სადაც არ უნდა წავიდე, ვიცხოვრო და ვიმუშაო, ჩემი საქართველო არასდროს დამავიწყდება. სულ მენატრება მანდ, თბილისში ჩამოსვლა, ჩემი საყვარელი ბებიის და ბაბუის ნახვა, სანათესაოსთან ჩახუტება – ეს უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მავსებს და სასიამოვნოდ მტვირთავს.

– ხმა გავრცელდა, თითქოს მეუღლეს გაშორდი. ეს სიმართლეა?

– ეს სიმართლე არ არის, მე და ჯეიმსი ცოლ-ქმარი ვართ, დაქორწინების შემდეგ სულ ერთად ვართ და ძალიან მოსიყვარულე წყვილად ვითვლებით. ვიცი, ამაზე რატომაც დაიწყეს ჭორაობა. მოკლედ, ჯეიმსი, როგორც იცით, ავტომრბოლელი იყო, ტრავმა მიიღო და ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობა. დიდი გაცილებაც მოუწყვეს და გამოუშვეს. მისი ჰობი იყო მუსიკა და, რადგანაც სპორტის საყვარელ სახეობას იძულებით ჩამოშორდა, გადაწყვიტა, საკუთარი ბენდი შეექმნა, კონცერტებზე გამოსულიყო და ასეც მოიქცა. დღეს მას საკუთარი მუსიკალური ჯგუფი ჰყავს და ჩემი ძმაც, ზურიკოც, იქ უკრავს გიტარაზე. ერთ-ერთ კომპანიასთანაც გააფორმეს ხელშეკრულება და საკუთარი პროექტები აქვთ. მე ჩემი საკონცერტო გეგმა მაქვს, ჯეიმსს – თავისი და ამიტომ გვიწევს ხოლმე დროებით განშორება. რადგან საზოგადოებაში სულ ერთად გვხედავდნენ, ახლა კი ცალ-ცალკე ვართ, ალბათ, იფიქრეს, დაშორდნენო და გავრცელდა ჭორი, ეს არის და ეს. დამიჯერეთ, მართლა ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ვერ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე. სულ თვალებში ვუყურებთ, რა გვიხარია და გვწყინს. უნდა ნახოთ, სხვადასხვა ქვეყანაში თუ გვიწევს ყოფნა – სულ ტელეფონზე ვართ ჩამოკიდებული (იცინის). ამას წინათ, საჭესთან ვიჯექი და გვერდით ბიძაჩემი მეჯდა. მესიჯის მიწერა მინდოდა ჯეიმსისთვის და ვთხოვე, მე გიკარნახებ და შენ აკრიფე-მეთქი. დავიწყე კარნახი: „ჩემო ბეიბი, ჩემო სიხარულო, თბილო, ტკბილო, საყვარელო, საღამოს ამა და ამ რესტორანში გელოდები გულისფანცქალით”. უნდა გენახათ ბიძაჩემის სახე, გაოგნებული მიყურებდა, ეს რაებს წერსო (იცინის). მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. დღითი დღე უფრო და უფრო მიყვარს და წამითაც ვერ ვიტან მისგან შორს ყოფნას.

– იმასაც ამბობენ, რომ ბავშვს ელოდები, თუმცა შენი ოჯახის წევრები ამას უარყოფენ.

– (იცინის) ეს ჭორიც ვიცი, საიდან მოდის. ადრე მარტო ჩემი თავი მებარა და ჭამისთვისაც ვერ ვიცლიდი, სულ ვმუშაობდი და, გადაღლილი რომ მივდიოდი სახლში, ეგრევე ვიძინებდი. ახლა კი ჯეიმსი და მე ერთად ვსხდებით და გემრიელად მივირთმევთ საღამოობით. საწოლშიც მოაქვს სასუსნავები ჩემთვის. ამიტომ, ცოტა გავსუქდი და ღიპი დამედო (იცინის). განსაკუთრებით შესამჩნევია ჩემი მუცელი შემოტკეცილ შარვლებში და ამის გამო ბევრმა მკითხა, ბავშვს ხომ არ ელოდებიო. ნამდვილად არ ვარ ორსულად, თორემ, არ დაგიმალავდით. 

– ბოლო დროს სტილი შეიცვალე და სხვა ვარცხნილობა გაიკეთე. ესეც ქმრის დამსახურება ხომ არ არის?

– როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, უნდა ეცადო, სტილი ხშირად იცვალო. მეც მიყვარს მრავალფეროვნება და, გადავწყვიტე, „ჩოლკა” შემეჭრა. ლაკით ვიყენებ თმას და ყველას ჰგონია, შავად შევიღებე. მე ძალიან მომწონს და ჯეიმსიც მეუბნება, ეს სტილი ყველა ჩაცმულობაზე მიდის, სპორტულზეც და კლასიკურზეც, ძალიან მოგიხდაო. ასე რომ, მინდა, ყოველთვის ფორმაში ვიყო და მეუღლის გვერდით კარგად გამოვიყურებოდე; ბევრი ახალი სიმღერა დავწერო, ჩემი სასიყვარულო ემოცია მასში ჩავდო და მსმენელამდე სცენის საშუალებით მივიტანო.

скачать dle 11.3