როგორ შეცვალა ამერიკელმა ქალმა „ქართული ფილმის“ ახალი დირექტორის ცხოვრება და რა სკანდალში გაეხვია ის
„ქართულ ფილმს” ახალი დირექტორი ჰყავს. ახლახან ამ პოსტზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი, 54 წლის გელა ენდრიუ სული დაინიშნა, რასაც ქართული კინოსტუდიის ექსხელმძღვანელებთან დაპირისპირება მოჰყვა. თავად გელა ენდრიუ სული ამბობს, რომ, სკანდალის მიუხედავად, საქმეებს უკვე შეუდგა და, ქართულ რეალობასთან შეჩვევა, 22-წლიანი განშორების მიუხედავად, არ უჭირს.
– გელა ენდრიუ სული... გაგვეცანით, თუ შეიძლება. ასეთი ეგზოტიკური გვარ-სახელის ბევრი არ გვყავს.
– როგორ გავხდი გელა ენდრიუ სული? რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვხდებოდი ამერიკის მოქალაქე, გასაუბრებაზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა ქალბატონმა, რომელიც შეკითხვებს მისვამდა, ვერაფრით ვერ წარმოთქვა ჩემი გვარი – სულიკაშვილი. დაახლოებით 17 შეცდომა დაუშვა ამ ერთ სიტყვაში. მე ნახევრად ხუმრობით შევთავაზე: თუ გნებავთ, გვარი ხომ არ შევამოკლოთ-მეთქი. იმ ქალმა მითხრა: მე მაქვს აბსოლუტურად სრული უფლებამოსილება, რასაც მეტყვით, იმ გვარს ჩაგიწერთ პასპორტშიო. დაახლოებით ათი წელი ვსარგებლობდი „სულით” – ჩემი ელექტრონული ფოსტის „ნიკი“ იყო. ენდრიუ ავიღე მამაჩემის პატივსაცემად, მამას ანრი ერქვა, პასპორტში კი ეწერა – ანდრო. ასე გავხდი გელა ენდრიუ სული. აეროპორტში ყოველთვის ცნობენ ჩემს გვარს, რადგან, მგონი, მე ვარ ერთადერთი ქართული სული (იცინის).
– ამერიკაში 22 წელიწადი ცხოვრობდით. როდის და რატომ წახვედით ოკეანის გადაღმა?
– ჩემი მოხვედრა ამერიკაში უკავშირდება უცნაურ სიტუაციას: 1991 წლის აგვისტოში მომივიდა მოწვევა ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯიდან. სიმართლე გითხრათ, ამ მოწვევას ნამდვილად არ ველოდი. იმ დროს მე ვიყავი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თუმცა, ყოფილი კომაროველი ვარ და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებამდე მათემატიკის ფაკულტეტი და მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა მქონდა დამთავრებული. კომაროველები, საერთოდ, მაგრები არიან, რაღაცეებს აღწევენ (იცინის). იმ პერიოდში მე ვიყავი პირველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ღამით ვსწავლობდი, დღისით ვმუშაობდი და ნამდვილად არ ვფიქრობდი არსად წასვლაზე. ამას წინ უძღვოდა ერთი ისტორია: ჩემს ახლობელს სტუმრად ჰყავდა ამერიკელი ქალბატონი, რომელიც კოლეჯის პროფესორი იყო. სულ ორიოდე დღით მე და ჩემმა ახლობელმა ეს ქალბატონი მთაში წავიყვანეთ. მე, როგორც ყოფილი ალპინისტი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, მეგზური ვიყავი. ამერიკელი სტუმარი ჩვენს მთებზე გადაირია. კი მითხრა, კოლეჯიდან მოწვევას გამოგიგზავნიო, მაგრამ, თვეები გავიდა და აღარც ის ქალბატონი მახსოვდა, არც მისი დანაპირები. მაგრამ თურმე, მას არ დავვიწყებივარ (იცინის). ძლივს წავედი თბილისიდან – არ მქონდა ფული, მაგრამ, ცოტა მაინც ვიშოვე და გადავფრინდი მოსკოვში. აეროფლოტის რეისის პირველი კლასით და ორი გაჩერებით ჩავედი სიეტლში, ძლივს ჩავაღწიე იქამდე. ასე დაიწყო ჩემი ამერიკული ოდისეა 32 წლის ასაკში. ზრდასრული ადამიანი ვიყავი. როცა ამერიკაში ძალიან ახალგაზრდა ჩადიხარ – სხვაა, როცა მოზრდილ ასაკში – სულ სხვა.
– მაგ ასაკში ამერიკული ოცნების აღარ სჯერათ?
– მე უფრო ჩემი თავის მჯეროდა, ვიდრე ამერიკული ოცნების. ადამიანმა ბევრი უნდა იმუშაოს და ყველა ოცნება აუსრულდება. იქ სხვა ქვეყნებში მიღებული განათლება ნაკლებად აინტერესებთ. თუ რამე ამბიცია გაქვს, უნდა მიიღო იქაური განათლება. თავიდან იმ კოლეჯში ვსწავლობდი, მერე ორი წელი სპეციალური სტუდენტის სტატუსით ვისწავლე ჰარვარდის უნივერსიტეტში. პარალელურად ვმუშაობდი კიდეც – რამდენიმე სამსახური მქონდა. იქ ძალიან გამომადგა ჩემი მათემატიკური განათლება და ვმუშაობდი რამდენიმე პროფესორთან თანაშემწედ სხვადასხვა საკითხში. მერე გადავედი იელის უნივერსიტეტში. წასვლიდან ხუთი წელიწადი აქეთ არ წამოვსულვარ. ჯერ ერთი, სტუდენტი ვიყავი და არ მქონდა იმის შესაძლებლობა, წინ და უკან მევლო. ხუთი წლის წასული ვიყავი, როცა გარდამეცვალა მამა და თბილისში ამ სამწუხარო ფაქტის გამო ჩამოვედი. ჩემი ამერიკული ოდისეის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში მოვხვდი ნიუ-იორკში და ეს საკმაოდ ლოგიკური იყო. ნიუ-იორკი არის უზარმაზარი, კოსმოპოლიტური, დიდი ენერგიის ქალაქი. იქ ყველა ჩადის იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, გაიცნოს ადამიანები. ამ ქალაქს აქვს ერთი კარგი „თვისება” – მას არ აინტერესებს, ვინ ხარ, რამდენი წლის, საიდან მოდიხარ; ნიუ-იორკს არ აინტერესებს შენი ორიენტაცია, შენი კანის ფერი. აინტერესებს მხოლოდ ის, თუ რისი გაკეთება შეგიძლია და, თუ შეგიძლია, აკეთო საქმე კარგად, ნიუ-იორკი აუცილებლად მიგიღებს.
– რას საქმიანობდით ნიუ-იორკში?
– 15 წლის წინ აღმოვჩნდი ფილმისა და რეკლამების სფეროში – ჩემი პროფესიული განათლებიდან სულ სხვა მიმართულებით. ჩემი ახლობლები იყვნენ ჩართულები ამ სფეროში და მეც ჩავერთე. ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით ქართულ-ამერიკულ გადაცემას, რომელიც გადიოდა ერთ-ერთ საკაბელო არხზე. იქაური ქართველები უყურებდნენ ამ გადაცემას, რომელიც ქართულენოვანიც იყო და ინგლისურენოვანიც. ჩვენ ვყვებოდით ისტორიებს საქართველოზე, ხანდახან გვყავდა ხოლმე სტუმრებიც, მე, ჟურნალისტის როლში, ვიღებდი მათგან ინტერვიუებს (იცინის). ამ გადაცემას მოჰყვა გამოცდილების დაგროვება და მე და ჩემმა პარტნიორმა გავაკეთეთ პატარა კომპანია, რომელმაც საქმიანობა პატარა პროექტებით დაიწყო. მერე არეალიც გაიზარდა და კომპანიაც – დავიწყეთ მუშაობა სატელევიზიო რეკლამებზე, ვიღებდით ძვირად ღირებული მოდელების ფოტოსესიებს. გვქონდა მუსიკალური კლიპების შეკვეთებიც; დავიწყეთ რეალითი შოუებისა და პატარ-პატარა დამოუკიდებელი ფილმების გაკეთება. ჩვენი სპეციალობა გახდა უცხოური გადაღების ჯგუფების მომსახურება არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ, ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი დამკვეთები იყვნენ სარეკლამო სააგენტოები, ფოტოგრაფები, რეჟისორები. ვქირაობდით ჯგუფებს, ხანდახან, დიდ პროექტებში, 300-400 ადამიანი მონაწილეობდა.
– იმ წლებში საქართველოსთან გქონდათ კავშირი?
– საქართველოში დავტოვე დედა და და. აქ არ მქონდა საქმეები, წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი ხოლმე ოჯახის მოსანახულებლად და ისევ უკან გავრბოდი. ეს სიტუაცია ცოტა შეიცვალა 2007 წელს, როცა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან დავიწყე პროექტის განხორციელება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში უკვე ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში.
– ამერიკაში სად, როგორ და ვისთან ერთად ცხოვრობდით?
– ბოლო 17 წელი ვცხოვრობ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, იუნიონ სკვერთან. ძალიან კარგი ადგილია ჯორჯ ვაშინგტონის ქანდაკებით, ბევრი მტრედით – ცოტა ევროპულ მოედანს ჰგავს. იქ სულ რაღაც ხდება, ძალიან ბევრი ხალხია, განსაკუთრებით ზაფხულში „შემოესევიან” ხოლმე ამ ადგილს. ძირითადად მარტო ვცხოვრობდი, ხანდახან – ახლობლებთან ერთად; მოკლედ, თავისუფალ სტილში. ამერიკელი ცოლი არ მყოლია. ძალიან ბევრს დავდიოდი ევროპაში, საფრანგეთში გადავიღეთ რეკლამები; ხშირად ჩავდიოდი კანის ფესტივალსა და რეკლამის ფესტივალებზე.
– რა შეხება გაქვთ კინოსთან და „ქართულ ფილმში” როგორ მოხვდით?
– რამდენიმე თვის წინ თბილისიდან დამიკავშირდა ჩემი ახლობელი, რომელმაც მითხრა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი რეჟისორები. საბჭოს დაევალა იმ პრობლემების მოგვარება, რაც „ქართულ ფილმთან” იყო დაკავშირებული. სკაიპით დაველაპარაკე ამ საბჭოს რამდენიმე წევრს, რომლებმაც მითხრეს, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი კანდიდატი, ვინც განიხილებოდა „ქართული ფილმის” ხელმძღვანელად. ჩვენ შევთანხმდით, რომ მე ჩამოვიდოდი საქართველოში, შევხვდებოდი ყველას, გავიცნობდი მათ და, თუ ისინი ჩათვლიდნენ, რომ მე ვარ ამ საქმისთვის საჭირო ადამიანი, დავიწყებდი საქმიანობას. მე ჩამოვედი თბილისში, მაგრამ, ჩვენი პირველი შეხვედრა არ აღმოჩნდა შედეგიანი და ორჯერ მომიწია წასვლა და ჩამოსვლა. ბოლოს, სამი კვირის წინ, დასრულდა ჩვენი შეხვედრები, რომ მე ჩამებარებინა ეს საქმე.
– ის ახლობელი, ვინც ამერიკაში დაგიკავშირდათ, სოსო ჯაჭვლიანია? ამბობენ, რომ ის ლობირებს თქვენს დანიშვნას „ქართული ფილმის” ხელმძღვანელად.
– მე სოსო ჯაჭვლიანთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, ის პირველად მაშინ ვნახე, როცა საქართველოში ჩამოვედი. მე მას ვიცნობდი „ნატვრის ხიდან”, მეტი მისი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როგორც გავიგე, ეს არის ადამიანი პარლამენტიდან, ვისაც აინტერესებს ეს საქმე და ამიტომაც გამოხატავს ინტერესს. მას ჩარევის აქტიური მცდელობა არც ჰქონია და არც აქვს უფლება. ჩემი აქტიური უფროსი არის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ბატონი ბუბა ხოტივარი, რომელზეც, ცხადია, ბევრი რამ გამეგონა, მაგრამ, პირადად არ ვიცნობდი.
– ჩამოსვლისთანავე აღმოჩნდით სკანდალში – „.ქართული ფილმისა” და ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორები დახსენით.
– რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებულ სკანდალს, მესმის, რომ, როცა საქართველოში მოდის ვიღაც ამერიკელი და ხსნის აქ ადამიანებს, იქცეოდა სკანდალად. მე დამნიშნეს ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელად, რომელიც რეალურად არის კინოსტუდია „ქართული ფილმის” და კიდევ ბევრი სხვა სტრუქტურის მფლობელი და, შესაბამისად, აქ ადამიანთა ბევრი ინტერესი შეიძლება იყოს გადაჯაჭვული. გუშინ დაბადებული არ ვარ და მესმის, რა როგორაა. მე მოვხვდი იმ პირამიდის სათავეში, რომელშიც შიგნით სტრუქტურულად არაფერი ხდება. მე ხომ არ შემიძლია, სადღაც ზემოთ ვიჯდე და იქიდან ვმართო – „ამას გააკეთებ, იმას გააკეთებ“?! მე უნდა გავერკვიო, რა ხდება კინოსტუდიაში. ამიტომაც, გადავწყვიტე, მოვიდე, დავჯდე აქ, კინოსტუდიაში და ჩავატარო რეორგანიზაცია, რადგან, ბოლო 20 წელია, აქ რეალურად ფილმი არ გაკეთებულა.
– თქვენ რას გააკეთებთ ქართული ფილმისთვის? ჯადოსნური ჯოხი გაქვთ, აიქნევთ და პრობლემებიც გადაწყდება?
– არა, ასე არ იქნება, რა თქმა უნდა. საქართველოში რომ ნიჭიერი ხალხია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთი აქნევით არაფერი წყდება, მაგრამ, მეთოდური შრომით, ხედვითა და გეგმით შეგვიძლია, ნულოვანი წერტილამდე ჯერ ერთ სიმაღლეზე ავიდეთ, მერე კიდევ და ასე გავაგრძელოთ. ჩემი აზრით, მალე აქაურობას ვეღარ იცნობთ. აქ იქნება გამოცოცხლება, ისეთი, როგორიც ჰოლივუდის სტუდიებშია. ძალიან მომწონს შემოქმედ ხალხთან ურთიერთობა.
– თქვენ მაინცდამაინც ახლოს არ უნდა იყოთ ხელოვნებასთან, ისეთი პრაგმატული და რაციონალური სპეციალობიდან მოდიხართ.
– მუსიკალური განათლება მაქვს – „ნიჭიერთა ათწლედი” ერქვა. ჩემს ახლობლებს ახსოვთ, გიტარასა და ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მაგრამ, ამერიკაში რომ წავედი, სერიოზული ადამიანი გავხდი და შედარებით ჩამოვშორდი ამ სფეროს.
– რა იყო ყველაზე მაცდუნებელი და მომხიბვლელი ამ სამსახურში თქვენთვის, ამერიკიდან აქ „გადმობარგება” რამ გადაგაწყვეტინათ?
– ახალი ეტაპის დაწყება ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან საინტერესო პროცესია, მით უმეტეს, თუ ამოცანა, რომელიც შენ წინაშე დგას, რთულია. თუ შემიძლია, კარგი საქმეები გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, რატომაც არა?! ქართველი, რომელიც წლების განმავლობაში სხვაგან ცხოვრობს, თავის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განსხვავებულად აღიქვამს. როცა ამერიკაში ვცხოვრობდი, რა თქმა უნდა, გულგრილი არ ვიყავი აქ მიმდინარე მოვლენების მიმართ. წლების შემდეგ, საქართველო, ჩვენების მოქალაქეობრივი კულტურა, ბევრად შეცვლილი დამხვდა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კულტურული შოკი მივიღე – ეს ერთხელ მაქვს განცდილი, როცა ამერიკაში ჩავედი. აქ რთულია ანონიმურობის დაცვა. ნიუ-იორკში შეგიძლია, იცხოვრო ისე, რომ შენი ანონიმურობა დაცული იყოს. ნიუ-იორკში ბევრჯერ შევხვედრივარ ძალიან ცნობილ მსახიობებს – ალ პაჩინოს, რობერტ დე ნიროს. ისინი ჩვეულებრივ დადიან ქუჩაში, არავინ მისდევს უკან. მანჰეტენზე ჩემს მეზობლად ცხოვრობდა მსახიობი კრის ნოთსი. შევდიოდი სტარბაკში და ყოველდღე ვხვდებოდი მას (მისტერ ბიგი ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში”).
– აქაურ ყოფას როგორ ეჩვევით?
– მშვენივრად. სულ სამსახურში ვარ და ვხუმრობ, ერთი გასაშლელი საწოლი უნდა მოვიტანო-მეთქი. ჩემი ამერიკული ცხოვრების წესი აქაურისგან განსხვავებული იყო. თავისუფალ დროს ნიუ-იორკიდან გავდიოდით ულამაზეს ადგილებში, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. აქ ამის ფუფუნება არ მაქვს. პირველ დღეებში სახლში ისეთი დაღლილი მივედი, ისე დამეძინა, ძლივს გავიღვიძე. გადაბმულად მეძინა. ამას წინათ ერთი დღე ბაკურიანში ავედი – იქ პატარა სახლი მაქვს. სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, მაგრამ, ესეც საკმარისი იყო და მეყო ყოველდღიური საქმიანი რეჟიმის გასაგრძელებლად.