კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს ნანი ბრეგვაძე მსმენელთან გამომშვიდობებას და როგორ მალავდა ის პირად ცხოვრებას პრესასთან

ნანი – ქალი, რომლის სახელთანაც ასოცირდება გრაციოზულობა, დახვეწილი მანერები და ქართული არისტოკრატიული ელიტის ნათელი სახე; ნანი – რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი და სიცოცხლეშივე ლეგენდად აღიარებული, რომლის შემოქმედება, სიმღერის მანერა, სცენური სახე და ჩაცმის სტილი განსაკუთრებული და ინდივიდუალურია; მომღერალი, რომელმაც ქართულ და საბჭოთა მუსიკალურ სამყაროში შექმნა ეპოქა და დაამკვიდრა საკუთარი, განუმეორებელი სტილი – ეს ნანია... საქართველოს სახალხო არტისტი დღეს იუბილარია. 

– მინდა‚ თქვენ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის‚ რომ გახსოვართ; იმისთვის, რომ მობრძანდით და ამ ულამაზესი თაიგულით მომილოცეთ დაბადების დღე. მინდა‚ სრულიად საქართველოს გადავუხადო მადლობა იმ უდიდესი სიყვარულისთვის‚ რომელსაც თქვენ ჩემ მიმართ ამდენი წლის განმავლობაში გამოხატავდით და მჩუქნიდით ბედნიერ წუთებს, მაგრამ, მე ჯერ კიდევ გეგმებს ვაწყობ და კიდევ დიდხანს ვაპირებ ცხოვრებას, თუმცა არავის გეტყვით‚ რამდენი წლის ვარ (იცინის). გაცილებით უკეთ გამოვიყურები ცხოვრებაში‚ ვიდრე ეკრანზე და, თუ ვინმეს გაინტერესებთ‚ რამდენი წლის ვარ, მობრძანდით, ცოცხლად მნახეთ და თქვენ მითხარით‚ რამდენი წლის ვარ (იცინის).

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– წინ არაფერი ახალი არ მაქვს, მაგრამ, ვარ ბედნიერი, რომ ხალხს ვახსოვარ და ამისთვის ღმერთს უდიდესი მადლობა, თუმცა‚ არ ვარ მიზანმიმართული იმისკენ‚ რომ ყველას ვახსოვდე. მოსკოვის პირველ არხზე გადის ასეთი პროექტი „ერთი – ერთში“‚ სადაც მსოფლიო ვარსკვლავებს ჰბაძავენ და გასულ კვირას მე მომბაძეს. სხვათა შორის‚ ძალიან ძნელია ჩემზე პაროდიის გაკეთება. უნდა აღინიშნოს‚ რომ გენიალურად ჰბაძავენ ალა პუგაჩოვას ან სხვა მომღერლებს, მაგრამ‚ როგორც ჩანს‚ მე ისეთი სტილი მაქვს, რომ ძალიან რთულია. ვერც ინტონაცია, ვერც ტემპი ვერ გაიმეორა, უბრალოდ‚ იმიჯი შექმნა ჩემი და ესეც საინტერესო იყო. კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად ვერ შეძლო საწი კაზანოვამ ჩემი განსახიერება, მიუხედავად იმისა‚ რომ ის უნიჭიერესი გოგოა და უაღრესად კარგი ოჯახიდან არის‚ რომელიც, შეიძლება‚ ქართულ ოჯახსაც შევადაროთ. მთლიანობაში‚ მაინც კმაყოფილი ვარ, ჟიურიმაც უმაღლესი შეფასება მისცა მასაც და ჩემს შემოქმედებასაც.

– როდესაც თქვენზე საუბრობენ‚ ზოგადად‚ ბევრი ეპითეტით გამკობენ‚ მათ შორის‚ გიხსენიებენ როგორც დედოფალს. დახვეწილი, არისტოკრატიული მანერები თქვენი დიდგვაროვანი ოჯახიდან მოდის?

– ყველაფერი‚ უდავოდ‚ ოჯახიდან მოდის. ბაბუა‚ რომელიც ყოველთვის  ჩემთან იყო‚ ნამდვილი ქართველი არისტოკრატი, ინტელექტუალი და დახვეწილი მამაკაცი იყო. თავის დროზე თვითონ ერთადერთი შვილი იყო ოჯახში და მშობლებმა ძალიან კარგი განათლება მისცეს. ბაბუა გიმნაზიაში კი არ დადიოდა‚ არამედ, მასთან სახლში მოდიოდნენ პედაგოგები. მას ფანტასტიკური მეხსიერება ჰქონდა, ახსოვდა ყველა და ყველაფერი; ისეთ დეტალებს იხსენებდა‚ არავის რომ აღარ გვახსოვდა დედამიწის ზურგზე. სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა  იურიდიული და მათემატიკური ფაკულტეტები და, ასევე, ფანტასტიკურად წერდა... ვიყავით 13 შვილიშვილი და ბაბუა ძალიან გვეხმარებოდა სწავლაში. ის ჩვენთვის წერდა თემებს რუსულად და ქართულად, მაგრამ, რადგან მე საშუალო დონის მოსწავლე ვიყავი‚ უბრალოდ‚ არ მაინტერესებდა სკოლის საგნები. უფრო მუსიკა მიზიდავდა და ამიტომ ბაბუას მშვენიერ თემას ვჩეხავდი – ამოვიღებდი ხოლმე‚ რაც ყველაზე კარგი იყო და ვტოვებდი მხოლოდ იმას‚ რაც ჩემთვის იყო მისაღები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საშინელება გამოდიოდა (იცინის). შვილიშვილები სკოლიდან რომ ვბრუნდებოდით‚ ბაბუა სავარძელში წელგამართული მოკალათდებოდა, მარჯვენა ხელს ხელჯოხს დააყრდნობდა, მარცხენას მარჯვენაზე გადააჯვარედინებდა და ყველას სათითაოდ გვეკითხებოდა‚ დღეს ვინ რა ნიშანი მივიღეთ. ის ჩემგან ყოველთვის ხუთიანს ელოდებოდა მისსავე დაწერილ თემაში, მაგრამ, ამაოდ‚ მხოლოდ სამიანებს ვიღებდი. მერე მასწავლებლებზე ბრაზდებოდა, ჩხუბს იწყებდა‚ რადგან, ვერ წარმოედგინა‚ მის დაწერილ თემაში სამიანი როგორ უნდა მიმეღო. მეორე დღეს გამოეწყობოდა, ჩაიცვამდა კიტელს და ხელჯოხით მიდიოდა სკოლაში. სკოლის დირექცია დიდ პატივს სცემდა, როგორც გითხარით‚ ძალიან ინტელიგენტი და ღრმად პატივსაცემი‚ ძველი თაობის არისტოკრატი იყო‚ მაგრამ‚ როდესაც ნახულობდა თავის დაწერილ და ჩემ მიერ დამახინჯებულ თემას‚ ხმას ვეღარ იღებდა. აი, ეს არის მცირე ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან.

– დღევანდელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ სატრენაჟორო დარბაზებში, ათასნაირ დიეტას იცავენ‚ რომ ფორმაში იყვნენ... როგორია ნანი ბრეგვაძის დიეტა, როგორ ახერხებთ მუდამ იდეალურ ფორმაში ყოფნას?

– არ ვიცი. ცხოვრებაში არ დამიცავს დიეტა და არც ვიცი‚ ეს რა არის. ბოლო პერიოდში ცოტა მოვიმატე, მაგრამ, ეს მხოლოდ მე ვიცოდი‚ რომ მოვიმატე, რადგან, შესამჩნევი არ იყო და მერე ისევ თავისით გავხდი, თუმცა‚ ამისთვის არაფერი მომიმოქმედებია. თავის დროზე იოგათი ვიყავი დაკავებული, რომელიც საინტერესო მეცადინეობებს მოიცავდა და დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ბოლო წლებია‚ უბრალოდ, მეზარება – ეს ძალიან საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი გაკვეთილებია და ამიტომ აღარ ვვარჯიშობ, თუმცა, ილეთები ვიცი და დღემდე ვიყენებ. მაგალითად‚ როდესაც მე  სადმე სუფთა ჰაერზე ვსეირნობ‚ ვიწყებ სუნთქვას ამ იოგური ილეთებით‚ რომლითაც ვიღებ სრულ ენერგიას და სუფთა ჰაერს. რაც შეეხება საკვებს‚ ეს არის კიტრი. ზაფხულში მიყვარს ჩვენი, ქართული, ცოცხალი კიტრი და ზამთარში – კიტრის მარინადი. სხვათა შორის, აზერბაიჯანელებს აქვთ ძალიან გემრიელი კიტრის მწნილი და ზამთარში ეს არის არაჩვეულებრივი რაღაც.

– ყვითელი პრესა ყოველთვის წერს ჭორებს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებზე, მაგრამ თქვენზე არასდროს გავრცელებულა ჭორები. როგორ ახერხებთ იმას‚ რომ ყვითელ პრესას არასდროს აძლევთ ჭორაობის საბაბს?

– ეს არის არასასიამოვნო მომენტი და ძალიან მთრგუნავს სხვისი პირადი ცხოვრების საჯაროდ განხილვა. სხვათა შორის‚ ეს ახლაა ასეთი ტენდენცია, თორემ, ადრე ვარსკვლავების ან ცნობილი ადამიანების მიმართ ყოველთვის პატივისცემას გამოხატავდნენ და მაშინდელი პრესა მხოლოდ შენს შემოქმედებაზე წერდა – გაკრიტიკებდა ან გაქებდა, მაგრამ დღეს სულ სხვა ტენდენციაა. ეს‚ ერთგვარად‚ თვითრეკლამაა იმისთვის‚ რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყვნენ. თუმცა‚ ჩემთვის ეს საშინელებაა. მე ანგელოზი არ ვარ, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობდი‚ რომ არავის არაფერი სცოდნოდა და, თანაც‚ ზღვარს იქით არასოდეს გადავდიოდი. ყოველთვის ვაკეთებ და ვაკეთებდი იმას‚ რაც მე მინდოდა, მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი – მე ასე ვარ გაზრდილი. ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი და არც არასდროს მიჭორავია სხვაზე; ის კი არა‚ ვცდილობ‚ ნებისმიერი ადამიანის საქციელს გამართლება მოვუძებნო და დადებითი ვიპოვო მის ქმედებაში‚ რადგან, ეს არის მათი პირადი ცხოვრება. შეიძლება‚ ის‚ რაც ჩემთვის მიუღებელია, სხვისთვის მისაღები და ცხოვრების წესი იყოს. უბრალოდ‚ ჩვენ არ გვაქვს უფლება‚ სხვის ცხოვრებაში ჩავერიოთ და განვიკითხოთ ან გავკიცხოთ‚ მით უმეტეს‚ ისეთი ქმედებისთვის‚ რომელსაც სხვისთვის ზიანი არ მოაქვს.

– 70-90-იანი წლების თბილისში ყოველთვის ინტერესდებოდნენ ნანი ბრეგვაძის ჩაცმულობით. როგორ ახერხებდით‚ რომ  ყოველთვის თვალშისაცემი და გამოკვეთილად დასამახსოვრებელი ჩაცმულობა გქონოდათ?

– ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი იყო‚ როდესაც გამოვიდა ჩემი კლიპი „სნეგოპად“‚ სადაც მე მეცვა ქურქი. ყველას აინტერესებდა‚ რისი ბეწვი იყო. თუ არ ვცდები‚ ენოტის ქურქი იყო‚ რომელიც სპეციალურად ამ კლიპისთვის შემიკერეს. ვიდეორგოლი 70-იანი წლების ბოლოს გამოვიდა‚ სადაც ნანი ბრეგვაძე მღერის „სნეგოპადს“‚ აცვია ქურქი თოვლიანი მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში და კადრში ჩანს საბჭოთა ლაინერები... ამის შემდეგ მთელი საბჭოთა კავშირი შეიმოსა ასეთი ქურქით.

– ქალბატონო ნანი‚ იქნებ ბრეჟნევთან დაკავშირებული კურიოზული შემთხვევა გაიხსენოთ.

– როდესაც თბილისში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ბრეჟნევი‚ მეც დამპატიჟეს. მე და ჩემმა დებმა ვიმღერეთ საოცარი რომანსები. თვითონ ბრჟნევი ძალიან კარგ განწყობაზე იყო: მღეროდა რომანსებს, კითხულობდა ლექსებს და ბევრს ხუმრობდა. მკითხა‚ ამ რომანსს თუ იმღერებო. მე დავიბენი, თვალები გამიფართოვდა და მხრები ავიჩეჩე, მაგრამ უცბად შევარდნაძემ დაიძახა‚ ნანის ყველაფერი შეუძლია, იმღეროსო. რა თქმა უნდა‚ მე ის რომანსი ვიმღერე და, მახსოვს‚ როგორი აღფრთოვანებით მისმენდა. მერე სახელი მკითხა და, რომ ვუთხარი, ნანი მქვია-მეთქი‚ მან თქვა: ესე იგი‚ შენ ხარ ნიონაო და მერე თბილისში ხუმრობით ნიონას მეძახდნენ. სოფიკო ჭიაურელი რომ მირეკავდა‚ ნიონათი მიკითხავდა და მომმართავდა... ამაზე ყველა ხალისობდა.

– დღესაც აქტიურ შემოქმედებით პროცესში ხართ?

– ვერ გეტყვით‚ რომ ადრინდელივით წინასწარ გაწერილი გრაფიკი მაქვს, თუმცა‚ ნამდვილად არ ვუჩივი, რადგან‚ გარდა დაგეგმილი კონცერტებისა‚ მე ხშირად მეპატიჟებიან ამა თუ იმ ღონისძიებაზე და ეს სავსებით საკმარისია. ერთ კვირაში ესპანეთში მივდივარ ჩემს ქალიშვილთან და შვილიშვილთან – ნატალიასთან ერთად‚ სადაც საკმაოდ საინტერესო დღეები გველოდება. ახლა ერთი სურვილი მაქვს: სანამ დავემშვიდობები ჩემს მსმენელს‚ ჩავატარო დიდი საკონცერტო ტურნე მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით‚ სადაც კიდევ ერთხელ შევკრებ ჩემს საყვარელ მსმენელს და ყველას ერთად გადავუხდი მადლობას ამ წლებისთვის. მინდა‚ ყველას ერთად მოვეფერო და ვუთხრა‚ რომ ისინი ჩემთვის დღემდე საჭირო ხალხია, რომ მე ისინი მიყვარს და მენატრებიან. 

скачать dle 11.3