წელგადატეხილი სახელგატეხილები
მართალია, კრიმინალის წელში გადატეხა კვლავაც რჩება ბოლო 9 წლის მონაპოვრად, თუმცა, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ განვითარებული მოვლენები ნათელყოფს, რომ ქართულ კრიმინალურ სამყაროს წელში გადატეხისა არაფერი ეტყობა.
ან კი როგორ შეეტყობა, როდესაც, მაგალითად, გასულ კვირას კარაბინერების მიერ რომში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 37 ქართველი ქურდი დააკავეს.
ზედაც, ეს განა პირველი, მეორე ოპერაციაა: მარტში ჩატარებისას 14 ჩვენი ჩვენებური გასკვანჩეს. საერთო ჯამში, აწ უკვე 54 ჩვენი ხელმრუდი თანამემამულეა იტალიელი სამართალდამცველების მზრუნველ ხელებში (მათ შორის – 3 ქალი, რომლებსაც მოპარულის რეალიზაცია ევალებოდათ. გენდერული ბალანსი თითქმის ისეთივე პროცენტული შემადგენლობითაა დაცული, როგორც, მაგალითად, ჩვენს პარლამენტში).
კარაბინერები შენიშნავენ, რომ ქართველი მძარცველები საკეტის გაუტეხავად გაღების ტექნოლოგიას იყენებდნენ („ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!“), რაც მთავარია, მათ „ატმიჩკებით“, თურმე, საქართველოდან ამარაგებდნენ (აბა, მხარს ვერ ვუბამთ თანამედროვე ტექნოლოგიებსო?! თურმე ვუსწრებთ!).
ამის პარალელურად კი, რუსული მედიის ცნობით, ეკატერინბურგში შედარებით მსხვილფეხობა, კერძოდ, „დედ ჰასანის“ ძმისშვილი დაუკავებიათ რამდენიმე ჩვენს თანამემამულესთან ერთად.
ამ ორი ფაქტიდან გამომდინარეც კი, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჩვენს კრიმინალურ შესაძლებლობებზე ხმები შორსაა გავარდნილი (ნეტავ, ქართულ დემოკრატიასაც გადაესხას ეს წყალი!) და, საკითხავიც აი, ის არის: ვითომ გადატეხას ჩვენი სირცხვილის საკუთარ ტერიტორიაზევე შენახვა ხომ არ გვერჩივნა?!
ანუ, სახელის გატეხას წელგადაუტეხაობა ჯობდაო?!