პროცენტები – ძღომამდე
როგორ გავაკეთოთ მილიონი?!
ეს ჩვენი ბიუჯეტი ამ ჩვენს რომელიმე დონის არჩევნებში ერთხელ გამარჯვებულ პარტიებს კიდეც აფინანსებს და დამატებით წინასაარჩევნო ხარჯსაც უნაზღაურებს (არც მეტი, არც ნაკლები – მილიონ ლარამდე, საიდანაც 300 000 ლარი მხოლოდ სატელევიზიო რეკლამის ხარჯს გულისხმობს).
ბუნებრივია, აწ უკვე ყველაზე მეტ საბიუჯეტო დაფინანსებას (მილიონს ზემოთ) „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იღებენ (მანამდე ეს ბედნიერება მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, ვინაიდან, დანარჩენები საარჩევნო ბარიერს თუ გადალახავდნენ). თუმცა, დაფინანსების წესში ცვლილებები იგეგმება, რამაც წვრილ-წვრილი პროცენტების მქონე პარტიები შეაფუცხუნა (რა თქმა უნდა, შეაფუცხუნებდა: მუქთა იყოს, ტყვია იყოს, არათუ საბიუჯეტო დაფინანსება!) და ერთ მუშტადაც შეკრა. ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ (რომლის მშობელ „რესპუბლიკურ პარტიასაც“ დაფინანსება ჯიბეში აქვს) დაამშვიდა, ამ თემას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებითო (ანუ, დაფინანსებამიმღებ პარტიებს შემოდგომაზე დავითვლითო).
მანამდე კი შევიტყვეთ, რომ, თუკი აქამომდე წინასაარჩევნო ხარჯი მხოლოდ 5-პროცენტგადალახულ პარტიას უნაზღაურდებოდა, ცვლილებებით, ერთ მილიონ ლარს ის საპრეზიდენტო კანდიდატიც მიიღებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 10 პროცენტს მაინც დააგროვებს (ნეტავ, რა დამსახურებისთვის?!), მიუხედავად იმისა, რომ გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მიიღოს.
კანონპროექტს, მემორანდუმის სახით, 12 პოლიტიკური გაერთიანების ხელმოწერაც ერთვის (ვითომ რატომაც არ დაერთვება? როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: მილიონი „ნა ულიცე ნე ვალიაეტსია“).
ჩვენ არ ვიცით, რა სახით ჩამოყალიბდება, საბოლოოდ, ცვლილებები, მაგრამ, ის კი ვიცით, რომ, ახალთა ლოგიკით: ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება სპორტული პათოსით ვითარდება – მთავარი არა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, არამედ – მონაწილეობაა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სერიის სახელწოდებაა: „როგორ გავაკეთოთ მილიონი“!