რა დარტყმა და შოკი მიიღო ნინო თოლორდავამ პირდაპირ ეთერში და როდის გადის ის ბეწვის ხიდზე
მშვენიერმა ტელეწამყვანმა ნინო თოლორდავამ ამპლუა შეიცვალა – მას ტელეკომპანია „მაესტროს“ ღამის ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ „არგუმენტები“ მიჰყავს. ამბობს, რომ კონკურენციის არ ეშინია, თუმცა, ქართულ ტელესივრცეში თოქ-შოუების ნამდვილი ბუმი რომაა, ამაში მკითხველი ნამდვილად დამეთანხმება. ნინო, ამპლუასთან ერთად, იმიჯის შეცვლას არ აპირებს. ამბობს, რომ უკმაყოფილო არ არის საკუთარი გარეგნობით და ბოტოქსის ინიექციებს, შეიძლება, მხოლოდ წლების მერე მიმართოს.
– ნინო, ქართულ ტელესივრცეში თოქ-შოუების ნამდვილი პროფიციტია. არ გეშინია ამხელა კონკურენციის.
– კი, პროფიციტი ნამდვილად არის. ძალიან ბევრი თოქ-შოუა და მიმაჩნია, რომ კონკურენცია ძალიან კარგია – არ გეძლევა იმის საშუალება, ყური მოუყრუო, მოდუნდე, რაღაცაზე სრული დატვირთვით არ იმუშავო. მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ვარ და ვცდილობ, გავუძლო. რას იზამ, კონკურენციის გარეშე, როგორც პროფესიონალი, ვერ გაიზრდები. შიშით კი არ მეშინია, მაგრამ სულ დაჭიმული ვარ – ჩემთვის ეს დიდი აზარტი და „დრაივია“. თუ ეთერში უხერხულობა, მარცხი არ განიცადე, ხელიდან სადავეები არ გაგექცა, ისე არ გამოვა. რამდენიმე თემამ მასწავლა ეს, როცა ეთერში პირველი შოკი და დარტყმა მივიღე. მაგრამ, რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. ყველას საკუთარ ნიშა გვაქვს. ჩემი თოქ-შოუ იწყება თერთმეტ საათზე და ვიტყვი, რომ „მაესტროს“ ჰყავს ერთგული მაყურებელი, რომელიც უყურებს ჩვენს გადაცემებს და არ გადართავს მეგაპროექტებზეც კი – მან იცის, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ დაბალანსებული და ნეიტრალურები... ყოველ შემთხვევაში, მე პირადად, ინფორმაციას ძალიან ბევრჯერ ვამოწმებ, მაგრამ შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. ადამიანური რესურსია მაინც, კომპიუტერი ხომ არ არის... რაღაც ყველას ეშლება და ეპარება. დიდი ხანია, შევეგუე იმას, რომ სულ ზღვარზე, ბეწვის ხიდზე გადიხარ – ჩვენ ამას წლების განმავლობაში მივეჩვიეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ „არგუმენტები“ წარმატებული პროექტი იქნება. მართლა დილიდან საღამომდე ვშრომობთ გადაბმულად, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ...
– არ იყო თოქ-შოუს პირველი ეთერი დაძაბული და ძალიან სანერვიულო?
– რა თქმა უნდა... გამახსენდა 2008 წლის ჩემი პირველი ეთერი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. საინფორმაციოს ვგულისხმობ, თორემ, ისე, პირველად ცამეტი წლის ასაკში დავჯექი ეთერში. ანალოგიური განცდა მქონდა, რომ ვიყავი დაუცველი და უმწეო, მარტო – სირთულეების პირისპირ. ამ ხუთი წლის განმავლობაში, ალბათ, ათასობით ეთერი მქონია და ყოველთვის ისე საშინლად ვნერვიულობდი... მე არ მჯერა იმ წამყვანების, რომლებიც ამბობენ, რომ ეთერში არ ღელავენ. თუ ასეა, ძალიან ცუდია. სულმოუთქმელად ველოდები ეთერს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მივიღო, რაც მე მაწუხებს და საზოგადოებასაც. არ მინდა, იყოს ფორმალობა და ეთერი – ეთერისთვის.
– ბეწვის ხიდზე ცხოვრებაშიც მოგიწია გასვლა?
– რიტორიკული შეკითხვაა (იცინის). სულ... მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე სიარული არ არის? მით უმეტეს, ჩვენს პროფესიაში. სულ რისკზე და კომპრომისებზე წასვლა გიწევს ადამიანებთან ურთიერთობებში. არ იცი რადიკალური გადაწყვეტილებები გაამართლებს თუ არა. ფაქტობრივად, სულ ასეა... ძალიან რისკიანი ვარ...
– „საზმაუზე“ საკმაოდ დიდხანს მუშაობდი. როგორ ფიქრობ, სარედაქციო დამოუკიდებლობაში თუ არის სხვაობა „საზმაუსა“ და „მაესტროს“ შორის?
– არის და ძალიან დიდი. ხშირად მეკითხებიან და უკვე აღარ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ახლა არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ, იქ რომ ვმუშაობდი, იმდენად დიდი იყო ჩარევა სულ ვფიქრობდი: „ღმერთო, ნუთუ თავისუფალი მედია ამქვეყნად სადმე არსებობს-მეთქი.“ „მაესტრო“ ის სივრცეა, სადაც, ამ მხრივ, უდიდესი კომფორტი გაქვს – ნამდვილი ფუფუნებაა, რომ შეიძლება იყო დამოუკიდებელი და მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება. შენ არავინ გეუბნება – ეს სტუმარი მოიყვანე, ეს არ მოიყვანო...
– ესე იგი, ხელისუფლებას არ ვეფერებით...
– თუ უყურებთ, დაინახავთ, რომ ხელისუფლებას ნამდვილად არ ვეფერებით და ბალანსის თვალსაზრისით, მართლა ზღვარზე გავდივართ...
– ჟურნალისტი შეიძლება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური?
– მე ვემხრობი, რომ საკუთარ ეთერში პოზიციის გამჟღავნების უფლება არ გაქვს. თუ სტუმარი ხარ სხვაგან – მეორე საკითხია. როგორ შეიძლება, სამოქალაქო პოზიცია არ გქონდეს?! სულ ვცდილობ, რამე არ გამეპაროს ეთერში...
– ცოტა რთული ხასიათი არ გაგიხდა ბოლო დროს, სამსახურიდან გამომდინარე?
– კი. ხასიათში გადამივიდა უკვე (იცინის). ბოლო პერიოდში საქმის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობ, ასევე, ოჯახზეც, სულ ვაკონტროლებ – ბავშვი სად არის და რას აკეთებს. მაგრამ, მადლობა, ღმერთს, არჩევნის წინაშე არასოდეს დავმდგარვარ – ოჯახი თუ სამსახური. უბრალოდ, ზედმეტად დაძაბული ვარ და საქმეზე ორიენტირებული. რთული ხასიათის არ ვარ, მაგრამ ძალიან ხშირად მაქვს ემოციური აფეთქებები. ძალიან ვებრძვი თავს, რომ ემოციები დავთრგუნო მაქსიმალურად – ვცდილობ, ყველაფერი გულთან არ მივიტანო. არის რაღაცეები, რაც არ მომწონს საკუთარ თავში, მაგრამ პრეტენზიული და კონფლიქტური არ ვარ, თუ ადამიანი თვითონ არ გადმოდის შეტევაზე და არ მებრძვის. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, როცა არ გიცნობს ადამიანი და „ფეისბუქზე“ სულელურ კომენტარს გიწერს. ამ შემთხვევაშიც კი ვცდილობ, განზე გავდგე და ცივი გონებით ვიმოქმედო. ძირითადად, იმისგან უფრო მტკივა და მწყინს, ვინც მიყვარს. უსამართლობა ძალიან მიშლის ნერვებს, მაგრამ თავს არ ვიგდებ ისეთ მდგომარეობაში, რომ დავიზიანო, ვუფრთხილდები (იცინის).
– თოქ-შოუს წამყვანობა ბევრად უფრო რთულია...
– კი, რა თქმა უნდა და ხშირად რესპონდენტები მწვავე შეკითხვებს გაურბიან (იცინის). ისეთი დაცლილი და დაღლილი გამოვდივარ სტუდიიდან... თუ არ დაიღალე, ესე იგი, არ გიმუშავია. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ, ეთერი არ დამთავრდეს-მეთქი, ისეთ აზარტში შევსულვარ.
– ხშირად წარმატებულ ჟურნალისტებს არ აქვთ ხოლმე ოჯახი...
– მე – პირიქით, ზაზაც და ჩემი შვილიც, ამიკოც, ძალიან მიდგანან გვერდში. ზაზა სულ სტიმულს მაძლევს და მეუბნება: შენ ყველაფერს შეძლებ, მიდი, ეს ის არის, რაც გინდა და სადაც შენ უნდა იყოო. ამიკოც მწერს ხოლმე, როცა გვიანაა: დე, მაპატიე, გვიანაა ვიძინებ და ვერ გიყურებო (იცინის). ოჯახის წევრების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– ამიკოსაც ხომ არ უნდა ჟურნალისტობა?
– არა, არანაირიად. თუმცა, ძალიან კარგად სწავლობს, აქტიურად ემზადება ინგლისურსა და რუსულში. ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. მიუხედავად ამისა, ახერხებს, აქტიურად ითამაშოს კალათბურთი და ოცნებობს „მაიამიში“ თამაშზე (იცინის). არის საკალათბურთო კლუბი „აკადემია“ და იქ ვარჯიშობს. სულ ერთმანეთის დეფიციტი გვაქვს, უერთმანეთობას ვუჩივით. კვირა ჩვენთვის არის წმინდა და ხელშეუხებელი.
– ჰო, მაგრამ, ასეთი გრაფიკის პირობებში ბზარები არ ჩნდება ხოლმე ურთიერთობაში?
– არა. როდესაც ოჯახში ყველას თავისი საქმე აქვს, – არა. მე ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიმიღია, მეუღლე დამიდგა გვერდში. თოთხმეტი წელია, ერთად ვართ და ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ მისგან.
– იმიჯს არ იცვლი?
– არავითარი ცვლილება არ შემიტანია იმიჯში. ერთადერთი, თმა გამეზარდა და ვიკრავ – რადიკალურ ცვლილებებს არ მივმართავ. ვცდილობ, გადაცემაში ყურადღება არ მივიქციო გარეგნობით. შეიძლება, ადრე მსიამოვნებდა კომპლიმენტები, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. არ მინდა, ხალხმა ცუდად იფიქროს, მაგრამ არ მაქვს განსაკუთრებული პრეტენზიები საკუთარ გარეგნობასთან, მომწონს საკუთარი თავი. დროც არ მაქვს იმის, ამ ყველაფერზე ვიფიქრო. შეიძლება, 10 წლის მერე დამჭირდეს ბოტოქსი და გავიკეთო, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მჭირდება. გამომწვევად ჩაცმა მაინცდამაინც არ მიყვარს, მინიმალიზმის მომხრე ვარ. ვარ ასეთი, როგორიც ვარ.
– რესპონდენტებს წურავ?
– ვცდილობ ხოლმე. მინდა, რომ ძალიან გავწურო. თუმცა, ჯერ ისე კარგად ვერ ვახერხებ. ძალიან ბევრ მოთხოვნას ვუყენებ საკუთარ თავს – ვჩქარობ ნელა (იცინის). იცი, რა, დემაგოგიას ვერ ვიტან და ვცდილობ, ვებრძოლო და გავუძლო.
– მეგრული არ იცი?
– სამწუხაროდ, არა. ზაზაა მეგრელი და უფრო მისი მხრიდან მაქვს შეხება. ზაზა ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ესმის. დედამთილი მყავს მეგრელი და მეგრული გემრიელობებით მანებივრებს ხოლმე (იცინის).