ნატა ღეჩუაშვილის წიგნის პრეზენტაცია
10 ოქტომბერს, სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში, ექიმისა და პოეტის, ნატა ღეჩუაშვილის ლექსების რიგით მესამე კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული, სახელწოდებით „ფოთლის აღსარება,“ გამომცემლობა „საუნჯემ“ გამოსცა.
პრეზენტაციამ ისეთივე ემოციურ და ამაღელვებელ ვითარებაში ჩაიარა, როგორიც ქალბატონი ნატას ლექსებია. ქალბატონი ნატა ნიჭიერი და ლამაზი ტელეწამყვანის, გვანცა დარასელიას დედაა, ამიტომ, გვანცა ამ დღეს განსაკუთრებით ღელავდა და დედას გვერდში ედგა. კრებულის წარდგენის შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელზეც ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა ნატა ღეჩუაშვილის ლექსებზე შექმნილი სიმღერები და საავტორო კომპოზიციები შეასრულეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: გია მაჭარაშვილმა, მიშა გელაშვილმა, ოთარ ტატიშვილმა, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, თიკა მახალდიანმა, ია ჩანტლაძემ, თაკო მელიქიშვილმა, ჯონი ჯანაშიამ, გვანცა დარასელიამ, ვანიკო დარასელიამ, თინათინ მოსულიშვილმა და ანსამბლმა „ერთამ.“ კონცერტზე რამდენიმე სიმღერის პრემიერაც შედგა, რომელიც პუბლიკამ ძალიან კარგად მიიღო.
დავით ტატიშვილის სამედიცილო ცენტრის ექიმ-რადიოლოგის, სიმღერების ავტორ-შემსრულებლის, ნატა ღეჩუაშვილის ორასგვერდიან კრებულში ახალ ლექსებთან ერთად შევიდა საუკეთესო ლექსები წინამორბედი ორი წიგნიდან - „ვაგროვებ ფერებს“ და „ნეტავ ისევ ვიყო პატარა“.
ნატა ღეჩუაშვილის ლექსების საოცარ სიმღერებად გარდაქმნაში ლომის წილი მიუძღვით უნიჭიერეს კომპოზიტორებს: გიორგი ცაბაძეს, გია მაჭარაშვილს, ჯემალ სეფიაშვილს, ზურა მანაგაძეს, მაია გოქსაძეს, ოთარ ტატიშვილსა და მიშა გელაშვილს.
საღამო ისეთივე პოეტური, რომანტიკული და ემოციური გამოვიდა, როგორიც თავად პოეტი და მისი ლექსებია.